თეა წულუკიანი: კონსტიტუციის ამ ცვლილებით სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული სახე  ნათლად წარმოაჩინეს

თეა წულუკიანი: კონსტიტუციის ამ ცვლილებით სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული სახე ნათლად წარმოაჩინეს

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი და „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, თეა წულუკიანი საკონსტიტუციო ინიციატივის დამტკიცებას, რომლითაც  „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს  არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ეძლევა  კონსტიტუციაზე მორიგ ძალადობად აფასებს.

წულუკიანის განცხადებით,  ეს ცვლილება მორგებულია არა „ქართულ ოცნებაზე“ არამედ, მიხეილ სააკაშვილის შიშზე, რომელმაც  მისი თქმით, ვერ გადალახა ფსიქოლოგიური ბარიერი ხელი მოეწერა ერთადერთი სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილებისთვის, ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე.

„ნაციონალურ მოძრაობას,  რომელიც მარტო ბატონობს პარლამენტში გაუჩნდა თავსატეხი და დაიწყო გამოსავლის ძიება სხვა მეთოდით.  ეს მეთოდი სამწუხაროდ,   კონსტიტუციის მორიგი ცვლილება აღმოჩნდა. ეს სააკაშვილის ინტერესზე მორგებულია,  რადგან  თავიანთი გადასახედიდან ცდილობენ  შეინარჩუნონ სახე,  მაგრამ ჩვენი მივიჩნევთ, რომ ამ ცვლილებით სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ სახეს კი არ ინარჩუნებს არამედ,  თავიანთ ანტიდასავლურ და ანტიდემოკრატიულ სახეს კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენენ.  იმ გაგებით რომ არცერთ ქვეყანაში არასოდეს  კონკრეტული პრობლემების მოგვარება კონსტიტუციის ცვლილების გზით არ ხდება“,- განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანის განცხადებითვე, ბიძინა ივანიშვილი კონკრეტული პრობლემიდან გამომდინარე კონსტიტუციის კი არა უბრალო კანონქვემდებარე აქტის ცვლილებასაც  არ ითხოვდა.

„ეს „ნაციონალური მოძრაობის“  უბრალო მცდელობაა, რომ გამოასწორონ ის დიდი შეცდომა, რაც სააკაშვილმა დაუშა“,- განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანისთვის გამაოგნებელია ასევე საკონსტიტუციო ცვლილების ასეთი სისწრაფით მიღება და აღნიშნავს, რომ ძირითადი კანონის  ცვლილება ქვეყნის საზოგადო ინტერესიდანაა გამოწვეული  და როცა საზოგადოებას  ერთ ტექსტს გააჩნობ, საჯარო განხილვისას მიღებული ტექსტის  სამჯერ  ცვლილება მიუღებელია.

მისი მტკიცებით,  ეს იმის მანიშნებელია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“  სააკაშვილის ტყვეობაშია მოქცეული.

„მართალია, ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობაზე არასდროს ვიდარდებთ, თუმცა კონსტიტუციაზე ვდარდობთ“,- განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანი კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშავს, რომ რისი და ვისი პრომლებითაც არ უნდა იცვლებოდეს კონსტიტუცია ეს მიუღებელი,  ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული მიდგომაა.

შეგახსენებთ, პარლამენტმა II მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს საარჩევნო უფლებება აქვთ და რომლის საფუძველზეც, ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში კენჭისყრის შესაძლებლობა ეძლევა. მმართველმა გუნდმა საქართველოში ცხოვრების 10 წლიანი ცენზი 5-წლამდე დასწია და ასევე  ბიძინა ივანიშვილის მიერ უმაღლესი თანამდებობების დასაკავებლად, საკონსტიტუციო ცვლილებებს გარდამავალი დებულება დაემატება, რაც მას პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დაკავების საშუალებას მისცემს.