თბილისის მერია პოლიტიკურ პარტიებს და მათ აქტივისტებს პერსონალური შეურაცხყოფისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

თბილისის მერია პოლიტიკურ პარტიებს და მათ აქტივისტებს პერსონალური შეურაცხყოფისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

„ქართული ოცნების“ აქტივისტსა და თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილეს შორის გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს. როგორც მერია აცხადებს, პარტიის აქტივისტმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გამგებლის მოადგილეს, რის შედეგადაც ინციდენტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა:

„გუშინ პოლიტიკური მოძრაობა „ქართული ოცნების“ აქტივისტსა და თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის  მოადგილეს შორის კონფლიქტი მოხდა. პარტიის აქტივისტმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გამგებლის მოადგილეს, რის შედეგადაც ინციდენტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილე ბესიკ გაზდელიანი თბილისში სტიქიის დაწყების პირველივე წუთიდან პირადად მონაწილეობდა სამაშველო სამუშაოებში.  მან არაერთ ადამიანს აღმოუჩინა დახმარება.

ამ ინციდენტის დროს იგი სწორედ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, სტიქიური უბედურების შედეგად წარმოშობილი პრობლემების გადასაჭრელად. მიუხედავად ამისა, თბილისის მერია გაუმართლებლად მიიჩნევს მის რეაქციას პირად შეურაცხყოფაზე და მკაცრად აფრთხილებს მერიის თითოეულ თანამშრომელს, მაქსიმალურად თავი აარიდონ მსგავს ვითარებებს და ასეთი  შეურაცხყოფის პირობებშიც კი გამოიჩინონ თავშეკავება. ამასთან, ერთად მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს და მათ აქტივისტებს, თავი შეიკავონ პერსონალური შეურაცხყოფისაგან.  პოლიტიკურ პარტიებს, ისე როგორც ნებისმიერ მოქალაქეს, ბუნებრივია, აქვთ უფლება გააკრიტიკონ მერიის საქმიანობა, დაუსვან კითხვები ნებისმიერ თემაზე, მაგრამ მათ თავი უნდა შეიკავონ პირისპირ შეურაცხყოფისა და ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირებისგან.

გვინდა, შევახსენოთ ყველას, სიტყვის თავისუფლება დაცულია კანონით, პირისპირ შეურაცხყოფა კი - არა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

თბილისის მერია პოლიტიკურ პარტიებს და მათ აქტივისტებს პერსონალური შეურაცხყოფისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.