გოგა ხაჩიძე: როდემდე უნდა იყოს ამინდის პროგნოზი, კომპიუტერული გრაფიკით, ან უბრალოდ „ლამაზი წამყვანით“ მოსამზადებელი ნახევარფაბრიკატი რუბრიკა?

გოგა ხაჩიძე: როდემდე უნდა იყოს ამინდის პროგნოზი, კომპიუტერული გრაფიკით, ან უბრალოდ „ლამაზი წამყვანით“ მოსამზადებელი ნახევარფაბრიკატი რუბრიკა?

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, გოგა ხაჩიძე  Facebook-ის საკუთარ გვერდზე  ტელეარხებს  მიმართავს და კომპეტენტური ტელე-პროგნოზის გაკეთების აუცილებლობაზე მიუთითებს.

ხაჩიძე აღნიშნავს, რომ თანამედროვე ტექნიკური საშუალებით აღჭურვილმა შესაბამისმა ტელე-სტუდიამ შესაძლოა, საგანგებო სიტუაციების დროს ძალიან სასარგებლოდ იმუშაოს.

მინისტრი საკუთარ გვერდზე წერს, რომ მაღალი დონის კომპეტენტური ტელე-პროგნოზი, რეიტინგულიც იქნება და შესაბამისად ფინანსურად მდგრადიც, ასევე მისი თქმით, „ეს გამოიწვევს სფეროს განვითარებას და საზოგადოების მიმართ უფრო მეტ პასუხისმგებლობას“.

ხაჩიძე სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ  „გარემოს ეროვნული სააგენტო“ ნამდვილად ამზადებს მსგავსი პროგნოზისთვის საჭირო ინფორმაციას.

 „იმის გამო, რომ ტრაგედიები გარკვეულწილად თავიდან ავიცილოთ,  იმის გამო, რომ ეს საკითხი აქტუალურია და მომავალში უფრო აქტუალური გახდება, იმის გამო, რომ ძალიან რთული და მრავალფეროვანი გარემო გვაქვს; იმის გამო, რომ ტურიზმს ვანვითარებთ და ჩვენც ვითარდებით; იმის გამო, რომ ეს საჭიროა, სრულიად შესაძლებელია და ყველასთვის სასარგებლოა და კიდევ უამრავი მიზეზის გამო... მინდა, როგორც მოქალაქემ, მივმართო რუსთავი 2-ის, იმედი-ს და საზოგადოებრივი მაუწყებლის მმართველებს, ან მმართველ ორგანოებს (ანუ ტელეარხებს, რომელთაც მაუწყებლობა აქვთ მთელ საქართველოზე) როდემდე უნდა იყოს ამინდის პროგნოზი, კომპიუტერული გრაფიკით, ან უბრალოდ „ლამაზი წამყვანით“ მოსამზადებელი ნახევარფაბრიკატი რუბრიკა?... ხომ შეიძლება გაკეთდეს ამინდის პროგნოზი, რომელსაც მინიმუმ კომპეტენტური წამყვანი ეყოლება, რომელიც თანამედროვე ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, დღეში რამოდენიმეჯერ, დეტალურად მიაწვდის ინფორმაციას მაყურებელს. გარდა ამისა, ასეთმა სტუდიამ ძალიან სასარგებლოდ და საინტერესოდ შეიძლება იმუშაოს საგანგებო სიტუაციების დროს (ისე, როგორც ეს ხდება მაგალითად BBC-ზე, CNN-ზე)”, - წერს მინისტრი და დასძენს, რომ მაღალი დონის კომპეტენტური ტელე-პროგნოზი, რეიტინგულიც იქნება და შესაბამისად ფინანსურად მდგრადიც“,-წერს ხაჩიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.