საქართველოში წუხელ 15-მდე მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა

საქართველოში წუხელ 15-მდე მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა

მთელი ღამის განმავლობაში საქართველოში 15-მდე ეგრეთ წოდებული „ავთერ შოკი“ დაფიქსირდა.

საქართველოს სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, ბოლო „ავთერ შოკი“ დილის 8 საათსა და ხუთ წუთზე დაფიქსირდა, მისი სიმძლავრე 3 მთელი ერთი მეათედი მაგნიტუდა იყო.

„ეს არის ძლიერი მიწისძვრის მომდევნო ბიძგები, რომელიც ნებისმიერ ძლიერ მიწისძვრას თან ახლავს. ეს ჩვეულებრივი სეისმური პროცესია და ბიძგები სავარაუდოდ კლებისკენ წავა“- აცხადებს  სეისმოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი  ზურაბ ჯავახიშვილი.

მისივე თქმით, იშვიათად ხდება, რომ ბიძგების სიმძლავრემ მოიმატოს, პირიქით, ის იკლებს. „ბიძგების სიმძლავრე, როგორც წესი იკლებს, თუმცა სუსტი ბიძგები კარგა ხანს გაგრძელდება. მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ზაქათალადან 15-20 კმ-ში, იგივე ადგილას სადაც დილით ძლიერი მიწისძვრა მოხდა“- განაცხადა ჯავახიშვილმა.

შეგახსენებთ 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა პირველდა გუშინ, თბილისის დროით, 08.40 საათზე დაფიქსირდა. სეისმოლოგებმა ამ მომენტამდე მიწისძვრის ეპიცენტრში რამდენიმე ათეული სხვადასხვა სიმძლავრის ბიძგი დააფიქსირეს.