დავით ბაქრაძე:  გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში მნიშვნელოვანია

დავით ბაქრაძე: გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში მნიშვნელოვანია

ბუნდესტაგში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე  საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესა და კომიტეტის წევრებს შეხვდა. დავით ბაქრაძისა და რუპრეხტ პოლენცის საუბრის ძირითადი თემა საქართველოში მიმდინარე პროცესები, განხორციელებული საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმები, ასევე რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება იყო.

დავით ბაქრაძემ გერმანიის პარლამენტის წევრს რუპრეხ პოლენცს საქართველოში  საპარლამენტო არჩევნების მზადებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩევნებისთვის დამკვირვებლებად გერმანელი კანონმდებლები ოფიციალურად მოიწვია. დავით ბაქრაძისა და რუპრეხტ პოლენცის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების პერსპექტივებზე ისაუბრეს და ყურადღება   ჩიკაგოს დაგეგმილ სამიტზეც გაამახვილეს.

“ერთ-ერთი მთავარი თემა, რაზეც ვისაუბრეთ, იყო  ქვეყანაში მიმდინარე შიდა რეფორმები, მათ შორის არჩევნებისთვის მზადება. მე ვისარგებლე შემთხვევით და ჩვენი გერმანელი კოლეგებიც მოვიპატიჟე არჩევნებზე, დამატებით, ყველა იმ უცხოელი  დამკვირვებლისა და საერთაშორისო ორგანიზაციისა, რომელიც,  იმედი მაქვს მრავლად იქნებიან წარმოდგენილნი.

გარდა ამისა, ბუნებრივია ვისაუბრეთ საგარეო პოლიტიკაზე. ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში. ყურაღება გავამახვილეთ  ნატოზე, სულ ცოტა ხანში ჩიკაგოს სამიტი იმართება და გერმანია ერთ-ერთ გადამწყვეტ სახელმწიფოს წარმოადგენს”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.