„ქართული აკადემიის“ განცხადება

„ქართული აკადემიის“ განცხადება

ხელისუფლების მიერ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებული და ულტიმატუმის ფორმით „რვიანისათვის“ შეთავაზებული წინადადებები სხვა არაფერია, თუ არა ნაციონალებისათვის დამახასიათებელი თვალთმაქცობის, უპასუხისმგებლობის, ცინიზმის, მოსყიდვის, შანტაჟის ნაზავი.  მაგალითისათვის შეიძლება აღინიშნოს პარლამენტის 150 დეპუტატით დაკომპლექტების შესახებ ხალხის მიერ რეფერენდუმის გზით გამოხატული პოლიტიკური ნების იგნორირება, საარჩევნო ბარიერის გადალახვის შემთხვევაში მილიონის შეთავაზება არა ნებისმიერი, არამედ მაინცდამაინც შეთანხმებაზე ხელმომწერი პარტიისათვის, რაც მოსყიდვის აშკარა მცდელობაა და ა. შ.

თავისი უკანონო, უზნეო და, ამდენად, მიუღებელი წინადადებებით ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, ჩაშალა მოლაპარაკებათა მრავალთვიანი პროცესი.

სამწუხარო და დასანანია, რომ „რვიანის“ ორმა სუბიექტმა, „ახალმა მემარჯვენეებმა“ და „ქრისტიან-დემოკრატებმა“, ვერ გაუძლეს ბრძოლის სიმძიმეს, ვერ შეძლეს სათანადო პასუხისმგებლობისა და სიმტკიცის გამოჩენა და მიიღეს ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ფასადური, ზნეობისა და კანონისაგან შორს მდგომი წინადადებები, რომლებიც გამორიცხავს საქართველოში მეტ-ნაკლებად სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.

მივიჩნევთ, რომ იმ პარტიების გადაწყვეტილება, რომლებმაც არ დათმეს პრინციპები, არ დაუშვეს ზნეობრივი კომპრომისი, არ მიიღეს ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული წინადადებები და ყველა კონსტიტუციური მეთოდით აგრძელებენ პრინციპულ და მიზანდასახულ ბრძოლას სამართლიანი საარჩევნო გარემოს მოსაპოვებლად, არის სწორი გადაწყვეტილება და, ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი მხარდაჭერის შემთხვევაში, შეიცავს წარმატების მაღალ ალბათობას.

თანადგომას ვუცხადებთ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც აგრძელებენ ბრძოლას საარჩევნო გარემოს პრინციპული გაუმჯობესებისათვის.

„ქართული აკადემია“, თავის მხრივ, გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს სამართლიანი არჩევნებისათვის ბრძოლის წარმატებით დასასრულებლად.

ამასთან, აუცილებლობად მიგვაჩნია ხელისუფლების მიერ პროცესის ფაქტობრივი ჩაშლის შესახებ სრულფასოვანი და ობიექტური ინფორმაცია სამართლებრივი ექსპერტიზისა და პოლიტიკური შეფასებისათვის ოპერატიულად მიეწოდოს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიცაზიებსა და პარტნიორი ქვეყნების მთავრობებს.