ხელისუფლებას ყველაზე მეტად საარჩევნო ბიულეტენით შეიარაღებული მოქალაქე აშინებს

ხელისუფლებას ყველაზე მეტად საარჩევნო ბიულეტენით შეიარაღებული მოქალაქე აშინებს

მილიონი ლარი იმ საარჩევნო სუბიექტს, რომელიც ხუთპროცენტიან საარჩევნო ბარიერს გადალახავს – ეს არის მთავარი დამაინტრიგებელი პუნქტი, „რვიანისთვის“ შეთავაზებული სახელისუფლებო წინადადებებიდან. მსგავსი ტიპის პირობები, „მხოლოდ შეთანხმების მონაწილე სუბიექტებზე“ ვრცელდება. თუმცა, გაუგებარია, ქართული პოლიტიკური სპექტრის ასეთი „ბუნებრივი გადარჩევა“ ქვეყნის კანონმდებლობაში როგორ უნდა აისახოს.  

პრესაგე.ტვ–მ ანალიტიკოსებს ერთადერთი კითხვით მიმართა – რამდენად მისაღებია „რვიანისთის“ სახელისუფლებო წინადადებები, თავად მთავრობა რამდენად მზად არის კომპრომისებისთვის და საარჩევნო გარემოს რეალური გაუმჯობესებისთვის.

ექსპერტებთა უმრავლესობის შეფასებით, ხელისუფლების მიერ, წარმოდგენილ საბოლოო საარჩევნო ინიციატივებში ფაქტობრივად არც ერთი ის საკითხი არ ასახულა, რომელიც სამართლიან არჩევნებს უზრუნველყოფს.

ვახტანგ ხმალაზე, კონსტიტუციონალისტი: „საქართველოში არჩევნების შესაძლებლობის გაჩენის დღიდან, ანუ 1989 წლიდან მოყოლებული დღემდე, ამ საკითხებზე მუშაობა მიწევს. ყალბი თავმდაბლობის გარეშე ვამბობ, რომ  საარჩევნო სამართალი ძალიან კარგად ვიცი. ამის გათვალისწინებით, შემიძლია, ვთქვა, რომ ხელისუფლების წინადადებების მიღმა ისევ რჩება ამომრჩეველთა სიების პრობლემა, საარჩევნო სისტემის სამართლიანობის საკითხი, დავების განხილვის პრობლემა, ყბადაღებული „კარუსელების“ საკითხი და ასე შემდეგ“.

ალეკო შალამბერიძე, პოლიტიკოსი: „ხელისუფლებამ რაც ადრე წარმოადგინა, იგივე წინადადებებთან გვაქვს საქმე. ეს ეხება პარლამენტის წევრთა, მათ შორის, მაჟორიტარების რაოდენობის გაზრდას და საუბარია იმაზე, რის გამოც მარტის თვეში მოლაპარაკების მაგიდა დავტოვეთ.

ხელისუფლებისთვის ეს სამკვდრო–სასიცოცხლო საკითხია. ამიტომ, ყველანაირად ცდილობს ამ პასუხისმგებლობას გაექცეს. ოპოზიციის ამოცანაა, ჩიხში შეიყვანოს და ხელისუფლებას არ მისცეს საშუალება, თავისი გაიტანოს. „რვიანის“ პასუხი ამ დღეებში გვეცოდინება. ვფიქრობ, უკან არ უნდა დაიხიონ და გააგრძელონ ბრძოლა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის. საქართველოში ხელისუფლების შეცვლა, ერთხელ და სამუდამოდ არჩევნების გზით უნდა გახდეს შესაძლებელი“.

სოსო ცინცაძე, პოლიტოლოგი: „პირველი, რაც ამ წინადადებებში მიმზიდველია, ეს არის სამმხრივი კომისიის შექმნა ოპოზიციის, ენჯეოს და ხელისუფლების მონაწილეობით. არასამთავრობოებს ამ თვალსაზრისით, ობიექტურობის დაცვის მეტი რეპუტაცია აქვთ და ეს სქემა უფრო მისაღებია. 

რაც შეეხება ხუთპროცენტიან ზღვარს და მილიონ ლარს, საიდანაც 300 ათასი ტელერეკლამებზე იქნება მიმართული, ამას მხოლოდ მივესალები. ყოველ შემთხვევაში, სადღეისოდ რაც არის, ამას გაცილებით სჯობია. თანაც, ეს არ არის მხარეების ბოლო სიტყვა.  შეთავაზებაზე მოლაპარაკებათა ახალი ტურის დაწყება არის შესაძლებელი. ამით პოზიციების შემდგომი შეჯერება მოხდება.

ვფიქრობ, საბაზისო პოზიცია საკმაოდ მისაღები უნდა იყოს პოლიტიკური ოპოზიციისთვის. მაჟორიტარების და პროპორციულების თანაფარდობა, შეიძლება შემდგომი მოლაპარაკებების საგნად იქცეს. ხელისუფლება კომპრომისებით დაინტერესებულია. ის არ გამოდის ხისტ, უალტერნატივო პოზიციაზე მდგომ მხარედ, უფრო ელასტიურად, მოქნილად მოქმედებს და მზად არის მოლაპარაკებისთვის და გარკვეულ კომპრომისებზე წასვლისთვის“.    

რამაზ საყვარელიძე, ფსიქოლოგი: „წინადადებების მიღება თავად „რვიანის“ სუბიექტების საქმეა. გააჩნია ისინი რა ტიპის ბრძოლისთვის გამოხატავენ მზადყოფნას. არის პუნქტები, სადაც ბრძოლის შედეგად გაუმჯობესების მიღწევა არის შესაძლებელი.

ისიც საგრძნობია, რომ ხელისუფლება ამ ცვლილებებს შეეწინააღმდეგება, გაყალბების წინააღმდეგ მიმართული ყველაზე თვალსაჩინო წინადადება, ბიომეტრიული კონტროლი, ხელისუფლებამ განხილვის თემებიდან საერთოდ მოხსნა. ამდენად, სავარაუდოა, ხელისუფლება იმისთვის იბრძოლებს, რომ საარჩევნო კლიმატი მას ეხმარებოდეს და არა ოპოზიციას.

საბრძოლო ველი კი არსებობს. ოღონდ, ძნელია ცალსახად თქმა, რომ პარიტეტული კომისიის შექმნა ხელისუფლებისთვის წამგებიანი იქნება. კომისია იმისთანა რამეა, თუ მოახერხებ შენი მხრიდან ყურის მიბმას, სრულ კონტროლქვეშ აღმოჩნდება. ხელისუფლებამ უკანდახევისთვის და კომპრომისისთვის ერთგვარი საფუძველი შექმნა, თუმცა, ეს არ არის ის კომპრომისი, სადაც ის რაიმეს დაკარგავდა.

ამ პირობებში, ხელისუფლება შანსს იტოვებს,  რომ პრაქტიკულად მთლიანად აკონტროლოს საარჩევნო პროცესი. ასევე შანსი მიეცა, რაღაც დამატებითი მექანიზმები შექმნას. თუმცა, საეჭვოა, ამ პირობებში რაიმე კარდინალური ცვლილებებო მოხდეს.

რა თქმა უნდა, ყველა მოთამაშეს საკუთარ მოედანზე სურს თამაში. გასაკვირი იქნებოდა, ხელისუფლებას „რვიანი“ უფრო უყვარდეს, ვიდრე საკუთარი თავი. მაგრამ თუნდაც, საერთაშორისო საზოგადოებისთვის ანგარიშის გაწევის გამო, ხელისუფლებას ეტყობა უღირს, რომ რაღაც ნაბიჯების გადადგმის სურათი შეიქმნას“.

სოსო ცისკარიშვილი, პოლიტოლოგი: „ხელისუფლების შეთავაზებებთან დაკავშირებით პასუხი მარტივია. მარცხნივ უნდა ჩამოიწეროს „რვიანის“ წინადადებები, რომლებიც ცხრა თვის მანძილზე ხელისუფლებას მაგიდაზე უდევს და მარჯვნივ - მთავრობის მიერ წარმოდგენილი რეაქცია. თუ ნახევარი მაინც ადექვატური წინადადებებია, მაშინ ჩავთალოთ, რომ ასე თუ ისე, პროცესი შედგა. თუ არაფერი ადექვატური არ არის, ყველა ძირითადი მოთხოვნა იგნორირებულია და მსჯელობის საგნადაც კი არ უქცევია ხელისუფლებას, მაშინ თავსლაფდასხმულმა „რვიანმა“ უნდა იფიქროს ტექნოლოგიებზე, თავად ამ ხელისუფლებას თავსლაფი რომ დაასხას.

საქართველოს ხელისუფლებას ყველაზე მეტად აშინებს არა ავტომატი, ან უცხო, სამოყვარულო სპეცდანიშნულების რაზმი, არამედ საკუთარი მოქალაქე, რომელიც შეიარაღებულია საარჩევნო ბიულეტენით. ეს არის ძირითადი და ფუნდამენტური საფრთხე დღევანდელი ხელისუფლებისთვის. ცხადია, არასოდეს დათანხმდებიან იმაზე, რომ საარჩევნო გარემო დღევანდელ დემოკრატიულ სტანდარტებთან ადეკვატური იყოს.

სამწუხაროდ, პოლიტიკური „რვიანიც“ მას აჰყვა იმ ტერმინებით თამაშში, რასაც საარჩევნო გარემო ჰქვია. არცერთი წინადადება, საარჩევნო გარემოს ცვლილებისა, „რვიანს“ არ შეუთავაზებია, გარდა საარჩევნო კანონმდებლობის საკითხებისა. საარჩევნო კანონმდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არასაკმარისი ინსტრუმენტი გარემოს გაუმჯობესებისთვის.

ამ მხრივ, არასოდეს ყოფილა გარჩევა „რვიანსა“ და ხელისუფლებას შორის, არავის უნახავს ქაღალდზე წარმოდგენილი წინადადება მედიასივრციის დემოკრატიზაციისა, სასამართლოს სამართლიანობისა, პოლიციის მიუმხრომლობისა და ნაციონალური მმართველობის სხვა ველური გამოვლინებებისა, რომლის გამოსწორების გარეშე, იდეალური საარჩევნო კანონმდებლობა რომც გქონდეს, ვერასოდეს მივიღებთ რაიმე ადეკვატურ შედეგს.

მოლაპარაკების ორივე მხარეს მჯდომმა პოლიტიკოსებმა ეს შესანიშნავად იციან და დროა საზოგადოებაც გამოფხიზლდეს, თვალში ნაცარი არავის უნდა შეაყრევინოს. თუ საუბარია გარემოზე, ქვეყანაში სამართალდამცავი ორგანოების როლით უნდა დაწყებულიყო.

ერთმმართველობის რეალობიდან დემოკრატიულ რელსებზე შედგომის სურვილს თუ  შეამჩნევდნენ ხელისუფლებას, მაშინ შეიძლებოდა ამ წინადადებებისთვის ცხრა თვეს დალოდებაც და ოცდაორი თვეც. ბატონი კაციტაძე კი ბრძანებს, რომ ნამდვილად ღირს ეს წინადადებები განსახილველად. ალბათ, „რვიანში“ ამასთან დაკავშირებით აზრი გაიყოფა, ყველა საკუთარ გზაას დაადგება და თავისას მოიმკის“.

ზაზა შათირიშვილი, ფილოსოფოსი: „რვიანის“ პრინციპული მოთხოვნები ხელისუფლების მხრიდან გათვალისწინებული არ არის. ყოველ შემთხვევაში, ამ ბოლო წინადადებებში ეს არ არის ასახული. ხელისუფლება კომპრომისის მიღწევაში და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაში აბსოლუტურად არ არის დაინტერესებული. მისი აზრით, ახლა ისე ძლიერია, როგორც არასდროს. ოპოზიცია ქვეყანაში, ფაქტობრივად არ არსებობს. რაც შეეხება „რვიანს“, ხელისუფლება თავისი ნაბიჯებით მის სრულ დისკრედიტაციას ახდენს.

რა თქმა უნდა, საბოლოო ანგარიშით, „რვიანის“ დისკრედიტაცია ძალიან ცუდი მოვლენაა. ხელისუფლებას რაღაც მომენტში სრული გამარჯვების განცდა უჩნდება და ჰგონია, რომ სულ ასეთი მდგომარეობა იქნება. ასე არ იქნება და ამ თვალსაზრისით, ხელისუფლება ძალიან ცუდ ნაბიჯს დგამს“.