რეფორმა საქართველოში

რეფორმა საქართველოში

საქართველოს 2012-2013 წელს გადასვლისა და არჩევნების უმნიშვნელოვანესი პერიოდი ელის. თომას დე ვაალი საქართველოს ეკონომიკისა და დემოკრატიის პერსპექტივებს აანალიზებს. მისი მტკიცებით, მიუხედავად საქართველოს მიერ რეფორმებისკენ გადადგმული ნაბიჯებისა, მმართველმა ელიტამ ჯერ-ჯერობით ბევრი არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მდგრადი მოდელი შეექმნა. იმაზე რომ საქართველოს მთავრობა თავის ქმედებებთან დაკავშირებით ანგარიშვალდებული იყოს, პასუხისმგებლობა ვაშინგტონსა და ბრიუსელს ეკისრება


რამდენად სტაბილური და დემოკრატიულია საქართველო?

საქართველო პოსტ-საბჭოთა სივრცეში საინტერესო შემთხვევას წარმოადგენს. ის ნონკონფორმისტია და ყოველთვის იყო განსხვავებული. ერთის მხრივ მას პლურალიზმის ძლიერი ტრადიცია აქვს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს არ არის იგივე, რაც სრული დემოკრატია. ამას უფრო ცოცხალი პარლამენტისა და თავისუფალი პრესის ტრადიციას ვუწოდებდი.

ამიტომ პარადოქსულია, მაგრამ ამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შემდეგი ვითარების მოწმენი გავხდით – მისი ახალგაზრდა, მოდერნიზატორი, დინამიკური მთავრობა, რომელმაც უამრავი რეფორმა წამოიწყო, როგორც სჩანს, ამავე დროს ერთპარტიულ ქვეყანას ქმნის. ოპოზიციური პარტიები საქართველოში სუსტია, ხოლო პარლამენტი ნაკლებად გავლენიანი. მთავრობა აკონტროლებს რეგიონალურ მთავრობებს და მთავარ სატელევიზიო არხებს, რომლებიც მას მხარს უჭერენ.

თუმცა საქართველო ისეთ ქვეყნებთან შედარებით როგორიცაა სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი, მაინც პლურალისტურია, მაგრამ ახლა 2012 და 2013 წლებში გარდამავალი ეტაპი იწყება და მმართველმა ელიტამ უნდა გაარკვიოს, როგორ განიახლოს საკუთარი თავი, ანარადა იქმნება რისკი იმისა, რომ საქართველო კონსერვატიულ ერთპარტიულ ქვეყნად იქცევა.

საქართველოში ყალიბდება უფრო დემოკრატიული სისტემა?

მთავრობამ ბევრი თანამედროვე რეფორმა წამოიწყო, მაგრამ გამოჩნდა გადაჭარბების ნიშნები. მაგალითად მთავრობამ 2003-2004 წ.წ. მემკვიდრეობით კორუფციისა და დანაშაულის უფრო მაღალი დონე მიიღო. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური რეფორმა იყო ის, რომელიც წვრილმან კორუფციას დაუპისრიპირდა. თუ დღეს მართვის მოწმობის აღებას ან შვილის უნივერსიტეტში მოწყობას მოისურვებთ, საქართველოში ქრთამის გადახდა აღარ დაგჭირდებათ და ეს პოსტ-საბჭოთა სივრცეში ძალიან დიდი მიღწევაა.

მეორეს მხრივ, პოლიცია ახლა უკიდურესად ძლიერია. ის საზოგადოებაში ყველაზე ძლევამოსილ ინსტიტუტად იქცა. ციხეები სავსეა, საქართველო პატიმართა რაოდენობით (ერთ სულ მოსახლეზე გათვლით) მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა შეერთებული შტატების, რუსეთისა და ორიოდე პატარა ქვეყნის შემდეგ. საქართველოს სასამართლოებში, სისხლის სამართლის საქმეებიდან მხოლოდ 0.04% სრულდება გამამართლებელი განაჩენით, ანუ მაჩვენებელი პრაქტიკულად ნულს უტოლდება. კორუფციისა და კრიმინალის დამარცხების პროცესში, რაც თავისთავად პოზიტიური მოვლენაა, საქართველომ გრძელი გზა განვლო იქითკენ, რაც მსუბუქად წააგავს პოლიციურ ქვეყანას.

რას გვეუბნება ბოლოდროინდელი საპროტესტო გამოსვლები მთავრობის პოპულარობის შესახებ?

25-26 მაისს, თბილისის ქუჩებში ოპოზიციის ერთი რადიკალური ჯგუფი აშკარად ეძებდა პრობლემებს. მთავრობას მეორე დღეს დამოუკიდებლობის დღის აღლუმის გამართვა უნდოდა და დილისთვის ქუჩები თავისუფალი უნდა ყოფილიყო. ამ თვალსაზრისით გასაგებია, რატომ უნდოდა მთავრობას გამთენიისთვის ქუჩების გათავისუფლება, მაგრამ ის რაც მათ გააკეთეს უკიდურესად სასტიკი აღმოჩნდა. ვიდეოჩანაწერზე ჩანს, როგორ მიიწევს წინ მძიმედ შენიღბული სპეცრაზმი, როგორ უღობავს გზას დემონსტრანტებს და სასტიკად სცემს. შედეგად იმ ღამეს დაიღუპა ოთხი ადამიანი, ორიოდე მათგანს, პოლიციელს, ოპოზიციის მანქანებმა გადაუარეს.

ეს საქართველოს მცდელობებს, უფრო მეტად ევროპული და ტოლერანტული იმიჯი შეიძინოს, კარგს არაფერს მოუტანდა. ეს იმის სიმპტომიც იყო, რომ ჯგუფი რომელიც დიდი ხანია ხელისუფლებაშია, კონტროლის მთავარ ინსტრუმენტად პოლოციურ ძალას იყენებს.

რა გვითხრა ამ მოვლენებმა მთავრობის პოპულარობის შესახებ? რეალურად ცხადი გახდა, რომ ოპოზიცია ძლიერი არ არის. პრეზიდენტი სააკაშვილი და ”გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობა” ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ისევ დომინანტური ძალაა. მატულობს აპათია და შფოთი ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც სამომავლოდ კარგს არაფერს მოასწავებს.

რატომაა მნიშვნელოვანი მომავალი არჩევნები?

საქართველო გარდამავალ პერიოდში შედის. მომავალ 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებია, ხოლო 2013 წლის დასაწყისში – საპრეზიდენტო. სწორედ 2013 წელს დაასრულებს სააკაშვილი თავის მეორე და ბოლო საპრეზიდენტო ვადას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია პერიოდია, რადგან ამ დროს პოსტ-რევოლუციური თაობა უნდა განახლდეს.

რა გაკეთდა? მათ შეცვალეს კონსტიტუცია ისე, რომ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის დასრულებასთან ერთად ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობაც დასრულდება და ბევრ ადამიანს ეს უბრალო დამთხვევად არ მიაჩნია. გაჩნდება ახალი, ძლიერი პრემიერ-მინისტრი, რომელიც გადაიბარებს პრეზიდენტის ბევრ უფლებამოსილებას, ხოლო პრეზიდენტს უფრო სუსტი როლი დაეკისრება, ის უფრო საგარეო პოლიტიკით დაკავდება.

ეს რაღა თქმა უნდა უამრავ კითხვას ბადებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, როგორ მუშაობს საარჩევნო სისტემა, ”გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობა”, როგორც სჩანს საპარლამენტო არჩევნებზე წარმატებას მიაღწევს, უმრავლესობას მოიპოვებს და მერე ახალ პრემიერ-მინისტრსაც აირჩევს. შედეგად კი შეიძლება ნაცნობი სურათი მივიღოთ. საქმე ისაა, გაბედავს კი მიხეილ სააკაშვილი ახალ პრემიერ-მინისტრად გახდომას. ტექნიკურად მას ეს შეუძლია, მაგრამ ამას ნამდვილად ექნება ცუდი გამოხმაურება და უცხოეთში მის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვებს გააჩენს.

რამდენად ძლიერია საქართველოს ეკონომიკა?

საქართველოს უყვარს საკუთარი თავის წარმოჩენა, როგორც დიდი, წარმატებული ეკონომიკის მქონე ქვეყნისა. შესაძლოა გინახავთ კიდეც რეკლამა Financial Times-ში, Economist-ში ან CNN-ზე, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორია, მაგრამ ყველამ ვინც საქართველოში ყოფილა და რეალობა უნახავს, იცის რომ ეს ძირითადად ჭკვიანური PR კამპანიაა. არსებობს ორიოდე კარგი მაჩვენებელი, მაგალითად ადვილია ბიზნესის დაწყება და გატარდა ანტი-კორუფციული ზომები.

საქართველოს ეკონომიკას დიდი პრობლემები აქვს. მთავრობამ ჩაატარა რამდენიმე საჭირო რეფორმა, მაგრამ საქართველო ჯერ კიდევ ძალიან შორსაა პროცესის დასასრულისგან. არსებობს პრობლემათა ჩამონათვალი. ინფლაცია ახლა დაახლოებით 14%-ია, ხოლო ინფლაცია საკვებ პროდუქტებზე – 30%. მთავრობამ რეალურად უყურადღებოდ დატოვა სოფლის მეურნეობა. შედეგად კი დღეს საქართველოში, რომელიც ოდესღაც მდიდარი სასოფლო-სამეურნეო ქვეყანა იყო, საკვები პროდუქტის 80% იმპორტირებულია. გარდა ამისა, უმუშევრობა ძალიან მაღალია – დაახლოებით 30% თბილისში. საქმე ისაა, რომ მიუხედავად გარკვეული ეკონომიკური ბუმისა საქართველოში, ეს ეკონომიკის იმ სექტორებს შეეხო, რომლებიც ბევრ სამუშაო ადგილს ვერ ქმნიან.

აქედან გამომდინარე, იმისთვის რომ საქართველომ ვითარება გამოასწოროს - შექმნას საექსპორტო სექტორი, გამოაცოცხლოს სოფლის მეურნეობა, რათა ქვეყანამ საკუთარი თავის გამოკვება შესძლოს – დიდი პრობლემები უნდა გადალახოს. ამავე დროს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეცემა, ამიტომ რეალურად ჩნდება კითხვა, საიდან შემოვა ფული და აქვს თუ არა საქართველოს გრძელვადიანი, მდგრადი მოდელი.

როგორია საქართველოს ეკონომიკის განვითარების ვარიანეტები?

ამ ბოლო დროს ქვეყანასთან დაკავშირებით დაწერილ ანგარიშში, მე საქართველოს განვითარების შესაძლებლობების განსამარტად მაგალითად სამკუთხედი მოვიყვანე. პირველ კუთხეს „ძველი საქართველო“ ვუწოდე. როდესაც საქმე კულტურას ეხება, ყველას ვინც საქართველოში ჩადის, ძველი საქართველო ურჩევნია: საზოგადოება, ადამიანებთან შეხვედრა, არაჩვეულებრივი ძველი ტრადიციები და გასაოცარი ძველებური მართლმადიდებლური ტაძრები, მაგრამ როდესაც საქმე არა კულტურას, არამედ სოციალურ მოდელს ეხება, ყველაფერი ოჯახის გარშემო ტრიალებს, ეს კი ნიშნავს ნეპოტიზმს, იმისკენ მოწოდებას რომ ადამიანებმა უცხოეთში წასვლისგან თავი შეიკავონ (მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა ილაპარაკა ასე), აბსოლუტურად არატრანსპარენტულ ბიზნეს-პრაქტიკას – აი ამ ტიპის ქცევას ბევრი დღესაც მისდევს საქართველოში.

ჩემი სამკუთხედის მეორე კუთხეს „სინგაპური“ დავარქვი. ამაზე პრეზიდენტიც ლაპარაკობდა. მან ის სთქვა, რომ „კავკასიაში სინგაპურის“ შექმნა სურს. აქ კიდევ არსებობს ულტრა-ლიბერალური ჯგუფი, რომელიც ისე ფიქრობს, როგორც ბევრი შეერთებულ შტატებში – მასიური დერეგულაცია, ყველაფრის პრივატიზაცია და თავისუფალი ინვესტიციები მთელი მსოფლიოდან. ეს ის მოდელია, რომელმაც ევროპისა და საქართველოს ეკონომიკის ზოგიერთ სექტორში წარმატებას მიაღწია, მაგრამ სხვა სექტორებში იგივე ვერ შესძლო, მაგრამ ჯგუფი ჯერ კიდევ საკმაოდ გავლენიანია.

ჩემი მესამე კუთხე იყო „ევროპის კავშირი“. ეს ხანგრძლივი პროცესია – ინსტიტუტების მშენებლობა, რეგულაციების შემოღება, სტანდარტების დაცვა და დემოკრატიული ანგარიშვალდებულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ნელა მიუახლოვდება ევროკავშირს. მსგავსი მოდელით განვითარდნენ ბალტიისპირეთის ქვეყნები.

საქართველოს მთავრობას თითქოს სამივე კუთხესთან აქვს ფლირტი – განსაკუთრებით სინგაპურსა და ევროკავშირთან, თუმცა რეალურად ვერ ჩამოყალიბებულა. სინგაპურისა და ევროკავშირის მოდელები საკმაოდ შეუთავსებელია. ერთი გულისხმობს მასიურ დერეგულაციას, მეორე – რეგულაციასა და ინსტიტუტების მშენებლობას. როგორც თბილისში ერთმა დიპლომატმა მითხრა, ის ამ ვითარებას “იოგა ბერას” (პოპულარული ამერიკელი სპორსტმენი) სტრატეგიებს უწოდებს – როდესაც გზაჯვარედინზე მისული, სამივე მხარეს აპირებს წასვლას. საქართველოს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, რომელ გზას დაადგეს.

რომელი გზა უნდა აირჩიოს საქართველომ?

ჩემი დასკვნით, მიუხედავად იმისა, რომ „სინგაპურიზაცია“ მიმზიდველად ჟღერს, საქართველო მაინც ძალიან აგრარული ქვეყანაა. ის არც ერთი თვალსაზრისით არ არის დიდი ცენტრი და სწრაფი მოდერნიზაციის შესაძლებლობებიც საკმაოდ მცირე აქვს. გეოგრაფიულად ეს ევროპული ქვეყანაა, მისი მეზობლები ევროპისკენ იხედებიან, მას დასაყრდენი სჭირდება, განსაკუთრებით რუსეთთან მისი პრობლემების გამო და ამიტომ ევროკავშირი მისთვის საუკეთესო მოდელი უნდა იყოს, მაგრამ ეს ნამდვილად გულისხმობს ძალაუფლების მონოპოლიის ნაწილის დათმობას და არა მართვის იმ არაფორმალურ სტილს, რომელიც მმართველ ელიტას მოსწონს, თუმცა მაინც მიმაჩნია, რომ ეს არის გეზი, რომელიც მათ უნდა აიღონ.

ამიტომ საქართველოს ამ მიმართულებით წასასვლელად ბრიუსელისგან და შეერთებული შტატებისგან მეტი დახმარება და მხარდაჭერა სჭირდება, კომუნიკაციის უკეთესი სტრატეგია. ეს მიდგომა, ცხადია ბევრ მტკივნეულ რეფორმას მოითხოვს, რეფორმებს რომლებიც საჭიროებს ფულს და რთულია მოსახლეობისთვის, მაგრამ მოსახლეობამ გვირაბის ბოლოს სინათლე უნდა დაინახოს და ამ გზას უნდა გაუყვეს.

რა უნდა გააკეთონ შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ საქართველოს რეფორმირების დასახმარებლად?

საქართველო ძალიან უცნაური შემთხვევაა: მოსახლეობა აქ 5 მილიონზე ნაკლებია, საკმაოდ ღარიბი ქვეყანაა და უმეტესი სტანდარტებით დიდ ინტერესს არ უნდა იწვევდეს, მაგრამ ის იწვევს დიდ ინტერესს, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ახალგაზრდა დასავლური განათლების მქონე ელიტამ ვაშინგტონში ბევრი მეგობარი შეიძინა. ეს განსაკუთრებით აშშ-ს წარსული ადმინისტრაციის მმართველობისას მოხდა, რადგან პრეზიდენტ ბუშსა და სააკაშვილს პირადი სიახლოვე აკავშირებდათ.

2008 წლის ომის კატასტროფის შემდეგ, ურთიერთობა გარდაუვლად გაცივდა, მაგრამ ვაშინგტონში დღემდე ბევრია ადამიანი, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ საქართველოს დახმარება სჭირდება და რომლებიც საქართველოს ერთგვარ ანტი-რუსეთად განიხილავენ. ეს განწყობები ჯერ კიდევ აღანთებს ენთუზიაზმს. დროა დავტოვოთ ეს ნარატივი და განვაცხადოთ, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომელმაც ზოგიერთი კარგი რამ გააკეთა, მაგრამ ჯერ კიდევ აქვს უზარმაზარი პრობლემები. ის არავითარ შემთხვევაში არ არის მოდელი და არც დემოკრატიის შუქურა. საქართველოს აქვს პოზიტიური მომენტები, მაგრამ მას პირობებზე დაფუძნებული სიყვარული სჭირდება.

ასეთი სიყვარული კი ნიშნავს მკაცრ ბიძგებს სწორი მიმართულებით. ეს ხალხი სასწაულმოქმედი არ არის და შინ მათ არა აქვთ კონტროლისა და ბალანსის მწყობრი სისტემა, ასე რომ კონტროლი და ბალანსი გარეგანია და ეს მართლა აკისრებს პასუხისმგებლობას ვაშინგტონსა და ბრიუსელს, რათა ქართულ ელიტას დემოკრატიისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით უბიძგონ.

  [foreignpress ge]