ნონა გაფრინდაშვილმა ინტელიგენციასთან შეხვედრა ღია ცის ქვეშ გამართა

ნონა გაფრინდაშვილმა ინტელიგენციასთან შეხვედრა ღია ცის ქვეშ გამართა

[მანანა ნოზაძე]

„სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ნონა გაფრინდაშვილის ინტელიგენციასთან შეხვედრა მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში“ უნდა გამართულიყო. თუმცა ნონა გაფრინდაშვილი და მასთან შესახვედრად მისული ადამიანები დარბაზში არ შეუშვეს. ამდენად, ინტელიგენციასა და თანამოაზრეებთან შეხვედრა კუს ტბის გზის დასაწყისში, ღია ცის ქვეშ გაიმართა.

გაფრინდაშვილის თქმით, მართალია, დარბაზის დასაქირავებლად ფული გადახდილი იყო, მაგრამ „მუზაში“ შეხვედრის ჩატარებაზე მას იმ მოტივით უთხრეს უარი, რომ შეხვედრა პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა და კულტურის ცენტრ „მუზაში“ ალაყაფის კარიც დაკეტეს და დაცვაც დააყენეს.

თუმცა ნონა გაფრინდაშვილი მიიჩნევს, რომ შეხვედრა არა პოლიტიკური, არამედ  შემეცნებითი და საინფორმაციო ხასიათის გახლდათ, სადაც დამსწრე საზოგადოება 26 მაისის შესახებ გადაღებულ ფილმს იხილავდა.

„შემდგომში, თუ ვერ ვიშოვით დიდ დარბაზს, მაინც ყველას მივცემთ ამ ფილმის ნახვის საშუალებას. ეს დღე 2010 წლის 25 ნოემბერს მაგონებს, როცა სპორტის სასახლის დარბაზი „სახალხო კრებას“ არ დაუთმეს და აიძულეს, ქუჩაში გასულიყო.

გაფრინდაშვილის თქმით, დასამალი არაა, რომ „სახალხო კრების“ წევრებს დარბაზებს არ უთმობენ. კერძოდ, შეკრების ჩატარებაზე მათ ბევრმა სასტუმრომ უარი უთხრა.

„სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს“ წევრებმა 26 მაისთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა გააცნეს საზოგადოებას, რასაც ისინი საერთაშორისო ორგანიზაციებს გაუგზავნიან. „სახალხო კრების“ წევრები  საერთაშორისი თანამეგობრობას მოუწოდებენ, შეიქმნას მაისის მოვლენების შემსწავლელი კომისია.

მიმართვის თანახმად, 26 მაისს საქართველოს ავტორიტარულმა რეჟიმმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა აბსოლუტური დიქტატურისკენ, მშვიდობიანი დემონსტანტების წინააღმდეგ.

„რეჟიმის სადამსჯელო ოპერაციას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ასობით ადამიანი დაზიანდა. პარალელურად ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო, უკანონოდ შეთითხნილი ბრალდების საფუძველზე ასეულობით ადამიანი დააკავა. მათ მიმართ ფიზიკური და მორალური ძალადობა გაგრძელდა დაკავების შემდეგაც, რაც ასევე აღნიშნულია უფლებადამცველი ორგანიზაციების დასკვნებში. 26 მაისის ძირითადი მიზანი ქვეყანაში საპროტესტო მუხტის ჩაკვლა იყო“ -ნათქვამია მიმართვაში, სადაც 26 მაისს მომხდარია გადმოცემული. 

„კონტროლირებადი მედიის საშუალებით ტყუილი და სიყალბე სახელმწიფო პოლიტიკის რანგშია აყვანილი, რაც გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 2011 წლის გადაწყვეტილებასა და არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნებში დაფიქსირდა. ქვეყანაში გათელილია მოქალაქის ყველა კონსტიტუციური უფლება, დაკარგულია ჩვენი ტერიტორიის 20%, რეალურად არსებობს საფრთხე, ქვეყანა კვლავ იქნეს ჩათრეული პროვოკაციაში, რითაც საფრთხე შეექმნება არა მარტო საქართველოს, არამედ რეგიონალურ სტაბილურობას“, - ასეთია მიმართვის ტექსტის ნაწილი.

პრესაგე.ტვ ესაუბრა კულტურის ცენტრ „მუზის“ წინ შეკრებილ ადამიანებს.  

ნონა გაფრინდაშვილის თქმით, 21 მაისს 30 ათასზე მეტი ადამიანი გავიდა აქციაზე და სამჯერ მეტი იქნებოდა, რომ არა სამდღიანი ტერორი, რაც 18-დან 21 მაისამდე მოაწყო ხელისუფლებამ. გაფრინდაშვილი იხსენებს, რომ მასობრივად აპატიმრებდნენ მათ მომხრეებს და საყვედურსაც არ მალავს, სად იყო მაშინ ოპოზიცია?

„ახლა ადვილია საუბარი და ყველაფრის ჩვენზე გადმობრალება. ყველამ ხმა გაიკმინდა მაშინ და ნურც ახლა იქნებიან დიდ გულზე. მე ვერავის ვაპატიებ 26 მაისის ღამეს ჩადენილ ბარბაროსობასა და სადამსჯელო ოპერაციას.  ახლა ირკვევა, რომ ბევრი აგენტი იყო შემოგზავნილი ჩვენთან. ჩვენ რომ სუფთა ხელებით არ გვემუშავა, ყველა მათგანზე საქმეს დადებდნენ. კონსტიტუციით პროტესტის გამოხატვის უფლება გვქონდა. ამას ვაკეთებდით ძალიან მშვიდობიანად. სადმე შეჭრა რომ გვდომოდა, ასე არ მოვიქცეოდით: ვიყავით მოედანზე, შემდეგ წავედით ტელევიზიისკენ და შევჩერდით სამი დღის განმავლობაში. ჩვენი ყველა მცდელობა ის იყო, რომ მოვუწოდებდით ადამიანებს, პროვოკაციას არ აჰყოლოდნენ, რასაც კარგად გავართვით თავი“, - აცხადებს გაფრინდაშვილი.

ამასთან, „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე „ქართული პარტიის“ ერთ ფრთასაც გადასწვდა და ამთ საეჭვო თამაშზე ალაპარაკდა.

„ქართული პარტიის“ იმ ლიდერებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, ამ პარტიის  ნახევარი ფრთა მაქვს მხედველობაში - კიწმარიშვილ-ოქრუაშვილის, შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო მომენტამდე სულ გვიტევდნენ. ორი დღე რომ რჩებოდათ, მაშინ გადმოდგეს ჩვენსკენ ნაბიჯი, რათა გავერთიანებულიყავით. კიდევ კარგი, ჩვენს ბედად, შორს დავიჭირეთ თავი, რადგან არ ვიცოდით, რას წარმოადგენს ოქრუაშვილი, რა თამაშს თამაშობს. ახლა მაინც უნდათ, ზღაპრულად შეაკოწიწონ რაღაც საქმე, მაგრამ არანაირი მტკიცებულება არ აქვთ და მათ მიერ გადაღებულ ფილმში ძალიან კარგად ჩანს ყველაფერი“.

ნონა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ მომხდარის მიუხედავად „სახალხო კრება“ გაჩერებას არ აპირებს, თუმცა ამ ეტაპზე არ დაკონკრეტდება. მისთვის ამჯერად მთავარია დაჭერილების ბედი.

„ძალიან ბევრი ადამიანი კიდევ დაჭერილია. ორი დღის წინ ისევ დაიჭირეს ერთი ადამიანი, უფრო ადრე სხვები დაიჭირეს. ახლა ზოგი ციხიდან გამოდის, ზოგი ჯერ კიდევ ციხეშია, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ ეს დასრულდება. ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, მორალურად თუ სამართლებრივად ამ ოჯახებს გვერდში ვედექით. მეტი ჩვენ არაფერი შეგვეძლო“, - აცხადებს გაფრინდაშვილი.

ამასთან, „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კმაყოფილია ნინო ბურჯანაძის ფარგლებს გარეთ გამართული შეხვედრებით. გაფრინდაშვილის თქმით, მათი აქცენტი ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაზე არის  გადატანილი.

„ქალბატონი ნინო ბრიუსელში სერიოზულ შეხვედრებს მართავს. მან მოახერხა და სერიოზული პრესკონფერენცია ჩაატარა კიევში. ჩერნობილის შემდეგ მსგავსი დაინტერესება არცერთ პრესკონფერენციას არ ჰქონია და ორსაათნახევარს გასტანა“.

ნონა გაფრინდაშვილის თქმით, ნინო ბურჯანაძის მიერ მიწოდებული ინფორმაცია უკრაინელებისთის მოულოდნელი იყო, რადგან მათ არ სჯეროდათ, რომ 26 მაისს სასაკლაო მოეწყო.

„იმ დღეს არ იყო დატოვებული გასასვლელი ადგილი და ყველა ჩვენგანი, ვინც იქ იმყოფებოდა, ნელ-ნელა გამოდის იმ მდგომარეობიდან და ფეხზე დგება. თუმცა მორალურად მოშუშებას ალბათ, ძალიან დიდი დრო დასჭირდება“. 

რეჟისორი რეზო ესაძე მიიჩნევს, რომ ქართველი ერი არასდროს ასე დაბეჩავებული არ ყოფილა, როგორც ახლა.

„მრცხვენია, რომ იმ ღამის შემდეგ ცოცხალი ვარ. ჩემი ხალხის უბედურებას ვუყურე, რაც დამამცირებელი და სულისშემძვრელი იყო. არ მეგონა, ამ შემაძრწუნებელ დღეებს თუ მოვესწრებოდი. დავდივარ ქუჩებში, როგორც მოღალატედ შერაცხილი“, - ამბობს რეზო ესაძე.

ფილოლოგი ლევან ღვინჯილია მერაბ ბერძენიშვილის მისამართით აცხადებს, რომ ადამიანებს ეჭვი უჩნდებათ, რომ მერაბ ბერძენიშვილი ხელისუფლებამ მოისყიდა.

„თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი გამოეხმაურა მერაბ ბერძენიშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განაცხადს. მან აღნიშნა, რომ დღვანდელი შეხვედრის ღია ცის ქვეშ ჩატარება არ შეიძლება მხოლოდ ერთ ადამიანს დაბრალდეს.

„ვერ დავიყვანთ ყველაფერს ერთ რომელიმე პიროვნებასთან: შიში მძვინვარებს ქვეყანაში. ხელისუფლებას უნდა, ხალხის გათითოკაცება, მწერალი მწერალს ეჭვის თვალით უყურებდეს, პედაგოგი - პედაგოგს და სხვა. ესაა „ჩაშვების ინსტიტუტი“, რომელიც დავით აღმაშნებელმა, ვახტანგ მეექვსემ  თავიანთი კანონებით აკრძალეს. სამწუხაროდ, დღეს არაკაცების პარპაშის დრო დადგა. ვერ წარმოვიდგენდი, რომ  ადამიანი, რომელიც „სახალხო კრებაში“ აქტიურად ტრიალებდა, ხელისუფლების ინფორმატორი აღმოჩნდებოდა“.

 ისტორიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე აღნიშნავს, რომ რუსეთის შემოჭრის შემდეგ, მართალია, ქართველებმა სახელმწიფოებრიობა დაკარგეს, მაგრამ  ხალხის საქმიანობამ ხელოვნებაში გადაინაცვლა.

„ჩვენი წინაპრები ათასწლეულები იბრძოდნენ, შეენარჩუნებინათ ტრადიცია, ებრძოდნენ ბევრად უფრო მრავალრიცხოვან, ძლიერ ხალხებს. საბოლოოდ, ამ ბრძოლაში ისინი დამარცხდნენ და დავკარგეთ დამოუკიდებლობა, მაგრამ დამარცხებულმა ქართველმა ერმა ყურადღება მიაპყრო ხელოვნებას -კინოს, მუსიკას, ქორეოგრაფიას და აქ გამოიჩინა თავი. ამდენად, ბედნიერი ვარ, რომ ნონა გაფრინდაშვილის თანამედროვე ვარ, რომელმაც მრავალრიცხოვანი ერის წარმომადგენელს სძლია და გვირგვინი დაიდგა. არიან პიროვნებანი, რომლებიც იმსახურებენ, მათ წინაშე ყველამ თავი დახაროს, ერის წინაშე მათი დამსახურების გამო“, - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

შემდეგ, „სახალხო კრების“ წევრებს ბოდიში მოუხადა და შეკრება ნაადრევად დატოვა უნივერსიტეტში სამეცნიერო საბჭოზე დასწრების გამო.