ხელისუფლების პასუხი და მოლოდინი პასუხის პასუხზე

ხელისუფლების პასუხი და მოლოდინი პასუხის პასუხზე

[თეონა ხარაბაძე]

როგორც იქნა, ხელისუფლებამ ოპოზიციურ „რვიანს“ საკუთარი ხედვები წარუდგინა. პირობითად, შეიძლება ამას ხედვები უწოდო, თორემ იმ ფონზე, რაც ბოლო პერიოდში ხდება ხელისუფლებას, „ახლებსა“ და ქრისტიან დემოკრატებს შორის, ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ ხედვას „გარიგება“ უფრო მიესადაგება. „საარჩევნო სუბიექტი, რომელიც გადალახავს საარჩევნო ბარიერს (5%) მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად 1 მლნ ლარს საარჩევნო კამპანიის ხარჯების დასაფარად. მათ შორის, 300 ათას ლარს - მიზნობრივად, წინასაარჩევნო სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარად. აღნიშნულის შესახებ საარჩევნო სუბიექტმა წინასწარ, წერილობით უნდა აცნობოს ცესკოს“, – ხელისუფლების მიერ შეთავაზებული ეს სიახლე, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში შესაძლოა მისასალმებელიც კი ყოფილიყო, მაგრამ ქართულ რეალობაში ამას "დაკანონებული და ქაღალდზე გაწერილი მოსყიდვა" ჰქვია. 

რა პასუხი ექნება „რვიანს“ ხელისუფლების შეთავაზებაზე - ეს მოგვიანებით გაირკვევა და ამის შემდეგ, თამამად შეიძლება ყველას და ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. თუმცა, იმ მცირეოდენი დეტალების გათვალისწინებით, რომელიც დაფარული არ ყოფილა, აქედანვე შეიძლება გარკვეული ვარაუდები გამოითქვას. პირველ რიგში, საინტერესოა, როდის შემდეგ დადო ხელისუფებამ პატივი ოპოზიციას და „მისი უმაღლესობა“ ისე რგორ დამდაბლდა, რომ კუბლაშვილი საკუთარი ფეხით ესტუმრა „ახლებს“ ოფისში? 

თავად „ახლებს“ კი, აშკარად გაუჭირდებათ იმის მტკიცება, რომ ხელისუფლების ამ წინადადებების შესახებ მხოლოდ ამ შეხვედრის შემდეგ შეიტყვეს. რამდენადაც ჩვენთვის იყო ცნობილი, ხელისუფლებამ „ახლებთან“ გარიგებას დიდი ხნის წინ მიაღწია და ეს მოლაპარაკებები „ეროვნული ფორუმის“, „თავისუფალი დემოკრატების“ და კიდევ რამდენიმე პარტიის ზურგს უკან მიმდინარეობდა, რა თქმა უნდა, მათში არ იგულისხმებიან ქრისტიან-დემოკრატები.

ერთი სიტყვით, ოპოზიციაში გარიგება–გადალაგების პროცესი დაიწყო - თორთლაძეს, დავითაიას, გამსახურდიას და კიდევ რამდენიმე უსახურ დეპუტატს პარლამენტში ახალი–ძველი უსახური სახეები ჩაანაცვლებენ, თუმცა ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენებს მას შემდეგ შევეხებით, რაც „რვიანში“ შემავალი პარტიები მკაფიოდ დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას.

მანამდე კი, კუბლაშვილი–კაციტაძის შეხვედრას დავუბრუნდეთ, რომელმაც საზოგადოებას უამრავი თავსატეხი გაუჩინა .  

კუბლაშვილის წასვლის შემდეგ „ახლების“ ოფისში „რვიანის“ წარმომადგენლები საკმაოდ გვიან შეიკრიბნენ. თანაც, შეხვედრაზე არც „ქრისტიან-დემოკრატებიდან“ გამოჩენილა ვინმე და „თავისუფალი დემოკრატებიდანაც“ მხოლოდ ლევან იზორია მოვიდა. არადა, აქამდე საარჩევნო შეხვედრაზე იზორია არასოდეს ყოფილა.

შეხვედრას მხოლოდ „რესპუბლიკელი“ დავით უსუფაშვილი, „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენლები კახა შარტავა და გუბაზ სანიკიძე, ასევე - „ეროვნული საბჭოს“ წევრი ბიძინა გუჯაბიძე დაესწრნენ. 

ამიტომაც, გასაკვირი აღარ არის, რომ შეხვედრის შემდეგ „რვიანმა“ იმაზე მეტი ვერაფერი თქვა, რომ ამ წინადადებებს საკუთარი პარტიების შიგნით გაეცნობიან და საკუთარ პოზიციას ისე დააფიქსირებენ.  

თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ შეხვედრის მონაწილეები იმის ხაზგასმას ცდილობდნენ, რომ „რვიანი“ ერთიანია და არაფერი არ მომხდარა.

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის თქმით, „ბოლო დღეების აჟიოტაჟის მიუხედავად, „რვიანი“ შეთანხმებული სქემით მოქმედებს.

„ახალმა მემარჯვენეებმა“ იკისრეს მისია, რომ მოეტანათ ხელისუფლების ხედვები ჩვენს მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე და დღეს ეს წინადადებები ჩვენამდე მოტანილია“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

მისივე განცხადებით, „რვიანი“ ხელისუფლების წინადადებებზე იმსჯელებს და თავის პოზიციას საზოგადოებას რამდენიმე დღეში გააცნობს. მანამდე კი, ეს წინადადებები „რვიანში“ შემავალი პოლიტიკური სუბიექტების ვებ-გვერდებზე განთავსდება, ასევე მედიასაშუალებებით გავრცელდება, რათა მათ ფართო საზოგადოება გაეცნოს და ხალხს მათი განსჯის საშუალება მიეცეს.

ამის მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ გარკვეული პოზიციები მაინც დაფიქსირდა. 

მამუკა კაციტაძე აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემოთავაზებული წინადადებები მსჯელობად ღირს“.

„არის ისეთი საკითხებიც, რომლებიც შეიძლება „რვიანის“ წინადადებებზე დადებით პასუხებად ჩაითვალოს. არის ისეთებიც, რომლებიც სრულფასოვან და ამომწურავ პასუხებად ვერ ჩაითვლება, თუმცა, შემოთავაზებები, ერთმნიშვნელოვნად, მსჯელობად ღირს“, - აღნიშნა კაციტაძემ.

მისივე თქმით, საზოგადოებისთვის „საინტერესოა „რვიანის“ ერთიანი პოზიცია და არა - რომელიმე კონკრეტული სუბიექტის“.

უფრო მეტად კატეგორიული კი ბიძინა გუჯაბიძე აღმოჩნდა, რომელმაც განაცხადა, რომ „ხელისუფლების საბოლოო საარჩევნო ინიციატივებზე ოპოზიციური „რვიანის“ საბოლოო პასუხი ან „ჰო“ იქნება, ან „არა“.

აღსანიშნავია, რომ ხელისუფლება პასუხის პასუხს ორშაბათისთვის ელოდება. „რვიანისთვის“ ორშაბათამდე მიცემული ვადის შესახებ განცხადება პავლე კუბლაშვილმა კაციტაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ „რვიანის“ შიგნით ხელისუფლების მიერ დაწესებულ ვადასთან დაკავშირებითაც გარკვეულწილად განსხვავებული პოზიციებია. 

„სუნთქვის რეჟიმს პალიკო კუბლაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ არ აწესებენ. როდის დავაფიქსირებთ ჩვენ პასუხს, იმის მიხედვით გადავწყვეტთ, როგორც საქმეს დაჭირდება“, - განაცხადა ბიძინა გუჯაბიძემ.

„ეროვნული ფორუმის“ ლიდერის, კახა შარტავას განცხადებით კი, „ეს „რვიანის“ გადასაწყვეტია“.

„არავითარი ვადა არ არსებობს! როდის გავცემთ პასუხებს - ჩვენი გადასაწყვეტია. ხელისუფლების მიერ დღეს წარმოდგენილ საარჩევნო ინიციატივებს „რვიანის“ სუბიექტები ჯერ ჩვენს პარტიებში განვიხილავთ და უახლოეს დღეებში საზოგადოებას გავაცნობთ. ათი თვეა, პასუხებს ხელისუფლებისგან ველით და ახლა ჩვენი გადასაწყვეტია, როდის დავაფიქსირებთ პოზიციას ხელისუფლების წინადადებებზე,“ - განაცხადა შარტავამ. 

მამუკა კაციტაძეს კი მიაჩნია, რომ „ეს ვადა საკმარისია თუნდაც იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის ხელისუფლების წინადადებები და ჩვენი პოზიცია ცნობილი გახდეს“.  

ხელისუფლების შეთავაზებები უკვე ცნობილია და, წესით, ზოგადი შეფასება მაინც არ უნდა გაჭირვებოდა ოპოზიციას. ყოველ შემთხვევაში, იმის თქმა მაინც შეიძლებოდა, ან პარლამენტართა რაოდენობის გაზრდაზე რას ფიქრობენ, ან საარჩევნო სიების გადამოწმების ხელისუფლებისეული ვარიანტი როგორ მოწონთ. მით უმეტეს, რომ ეს ორი საკითხი თვეების განმავლობაში „რვიანის“ მიერ მოლაპარაკებების განახლებისთვის სასტარტო საკითხებად სახელდებოდა. 

მაგრამ „რვიანი“ შეფასებებისგან თავს იკავებს. არადა, ეს ახალი შეთავაზებები რეალურად ბევრით არაფრით განსხვავდება ხელისუფლების იმ წინადადებებისგან, რომლის გამოც მარტში მოლაპარაკების პროცესი ჩაიშალა.

ამიტომაც, „რვიანის“ ასეთი დუმილი კიდევ უფრო საეჭვო ხდება. ალბათ, ნიშანდობლივია პავლე კუბლაშვილის გუშინდელი ნათქვამიც, რომ  წინადადებები, რომელიც მან „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით მამუკა კაციტაძეს წარუდგინა, „საბოლოოა და არსებით ცვლილებებს არ საჭიროებს“.

როგორც ჩანს, ინდივიდუალური მოლაპარაკების მიზანი სწორედ ეს იყო - რომ აქამდე მიუღებელი წინადადებები მისაღები გამხდარიყო.