ხელისუფლების მიერ შეთავაზებული წინადადებები „რვიანს“

ხელისუფლების მიერ შეთავაზებული წინადადებები „რვიანს“

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით განხორციელების  შემდეგი საკანონმდებლო ცვლილებები და ღონისძიებები

1. საქართველოს კონსტიტუციით განისაზღვრება, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა არის 190. აქედან 83 დეპუტატი აირჩევა მაჟორიტარული სისტემით ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქებიდან, ხოლო 107 აირჩევა პროპორციული სისტემის საფუძველზე.

2.ამომრჩეველთა სიების დაზუსტებისა და მონიტორინგის მიზნით, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობა დაკომპლექტდება ხელისუფლების, ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომდგენლებისგან პარიტეტულ საწყისებზე.

კომისიამ 2011 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს ამომრჩეველთა სიების გადამოწმება.

პარტიების, არასამთავრობო სექტორის და დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი სამართლებრივად დასაბუთებული წინადადებების საფუძველზე, ცესკომ უზრუნველყოს ცვლილებების შეტანა ამომრჩეველთა სიებში. კომისიის საქმიანობას უზრუნველყოფს აპარატი და კომისიის წევრების და აპარატის დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

3. საარჩევნო კოდექსში გათვალისწინებული იქნება შემდეგი საკითხები: 

3.1 საარჩევნო სუბიექტის შემოწირულობათა ზღვარი განისაზღვრება 60 ათასი ლარის ოდენობით - ფიზიკური პირებისთვის და 200 ათასი ლარი - იურიდიული პირებისთვის.

3.2 საარჩევნო სუბიექტი, რომელიც გადალახავს საარჩევნო ბარიერს (5%) მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად 1 მლნ ლარს საარჩევნო კამპანიის ხარჯების დასაფარად. მათ შორის, 300 ათას ლარს - მიზნობრივად, წინასაარჩევნო სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარად. აღნიშნულის შესახებ საარჩევნო სუბიექტმა წინასწარ, წერილობით უნდა აცნობოს ცესკოს.

3.3. კანონის საფუძველზე შეიქმნება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომლის მიზნადაც განისაზღვრება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მონიტორინგი და რეაგირება საარჩევნო კამპანიის წარმართვის წესების დარღვევაზე.

3.4 კანონის საფუძველზე განხორციელდება მედიამონიტორინგი, რომლის მიზანიც იქნება საარჩევნო კამპანიის გაშუქების შეფასება. მედიამონიტორინგის განხორციელების მიზნით, ცესკო უზრუნველყოფს კომპეტენტური უცხოური, ან საერთაშორისო კომპანიის შერჩევას.

3.5 არჩევნების დღეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ცესკოსთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან, თითო წარმომადგენელზე 50 ლარის ოდენობით.

3.6 დადგინდება ზედა ზღვარი გადასატანი ყუთის მეშვეობით, ხმის მიცემის უფლების მქონე პირთა რაოდენობაზე.

3.7 გადაიხედება დავების განხილვისთვის დადგენილი ვადები, მაქსიმალურად გაიზრდება საარჩევნო სუბიექტისთვის დადგენილი ვადა, რომლის განმავლობაში შესაძლებელია სარჩელის შეტანა პირველი ინსტანციის სასამართლოში.

ამ შეთანხმების მე-2, მე-3.2, მე-3.5 პუნქტების პირობები ვრცელდება მხოლოდ შეთანხმების მონაწილე სუბიექტებზე. აღნიშნული შეთანხმებისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდეს არა უგვიანეს 2011 წლის ოქტომბრისა.