პაატა ზაქარეიშვილი:

პაატა ზაქარეიშვილი: "აფხაზეთი ვერასდროს გახდება დამოუკიდებელი სახელმწიფო"

[მანანა ნოზაძე]

მამუკა არეშიძის წინადადებამ, რაც აფხაზების გენოფონდისა და იდენტობის გადარჩენის მიზნით საქართველოსგან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას გულისხმობს, საზოგადოების მკვეთრი რეაქცია გამოიწვია. მართალია, ექსპერტი ამტკიცებს, რომ მისი ნათქვამი კონტექსტიდან ამოგლეჯილად გაიგეს, მაგრამ სათქმელი უკვე ითქვა და ქართული საზოგადოებაც აღშფოთდა. არეშიძემ გარკვევით განაცხადა, რომ პროცესი ჩიხშია შესული და სხვა გამოსავალს ვერ ხედავს. არეშიძესთან დაკავშირება ჩვენ ვერ მოვახერხეთ, რადგან ექსპერტი მობილურს არ პასუხობდა.

ქართულ ფორუმებზე მკვეთრი რეაქციაც გაისმა: „ბარემ, მიშას ჯიბრზე აფხაზეთის აღიარების შემდეგ ოსებს მივცეთ ბორჯომი და ქსანი მცხეთამდე და ოსების დემოგრაფიული სიტუაციაც გამოსწორდება“.

ზოგმა კი ასეთი შეფასება გამოხატა: „არსებობს ერთი ძველი ამერიკული ანდაზა - „ზანგს ერთი ინჩი მიეცი და მთელ იარდს წაგგლიჯავს“ - სწორედ ასეა რუსეთის საქმე“.

ზოგიერთებს კი სულაც არ ანაღვლებთ აფხაზების გენოფონდის გაქრობა: „რაც უფრო მალე ჩაბარდება ისტორიას ველური, ქართველებისადმი ფანატიკური სიძულვილით გამსჭვალული მიკრო ერი, მით უკეთესი ჩვენთვის. მეგრელ-აფხაზობასთან ასიმილირებული კანონმორჩილი რუსი უფრო მეტად იქნება დაინტერესებული საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებით, ვიდრე რქიანი აფსუები“.

„აფხაზეთი არც ჩვენი მიზეზით „დაგვიკარგავს“ და ვერც ჩვენ ვერ „დავიბრუნებთ“.  
ამ საკითხის ნებისმიერი სახით შემომგდები ან წმინდა წყლის იდიოტია, ან კარგად ჩამოყალიბებული მავნებელ-მოღალატე, ანდა უიმედო გულუბრყვილო მეოცნებე“, -ასეთია საზოგადოების რეაქცია.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება მისთვის კიდევ უფრო დამღუპველი იქნება და აფხაზეთი მთლიანად რუსეთის ხახაში ჩავარდება. 

რას ემყარება თქვენი შეფასება, რომ აფხაზეთის აღიარება თვით აფხაზებისთვის იქნება დამღუპველი?

- ეს მამუკა არეშიძის პოზიციაა და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მისი გაჟღერებისთვის. კარგია, რომ საზოგადოებაში ამაზე საუბარი დაიწყო, რადგან რაღაცნაირად ტაბუირებული იყო ეს თემა და ხალხს რცხვენოდა ამაზე საუბარი. რატომღაც მიიჩნეოდა, რომ არ შეიძლებოდა ამაზე ლაპარაკი. არადა, ნორმალურ საზოგადოებაში აკრძალული თემები არ უნდა არსებობდეს. უცნაურია, უბრალოდ, რომ აფხაზეთში არჩევნების წინ მოხდა ამის გაჟღერება. ჩემი აზრით, არასწორი დროა შერჩეული, რადგან აფხაზებს ახლა არ აქვთ ამის დრო, გვიპასუხონ.

მამუკა არეშიძის შეთავაზებაზე აფხაზების პასუხი ალბათ დადებითი იქნება?

- მათი პასუხი ასეთი იქნება, რომ მამუკა არეშიძე ერთ-ერთი ექსპერტია და მის აზრს არც იქით აქვს მნიშვნელობა, არც-აქეთ, რადგან, თუ ეს მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ უნდა გაიზიაროს. მამუკა არეშიძე ხომ არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ ეკუთვნის, პოლიტიკური პარტიაც არ აქვს, არჩევნებში არ მონაწილეობს.  ამდენად, აფხაზების თვალში ეს არის მისი, როგორც   კერძო ექსპერტისა და მოქალაქის მოსაზრება, რაც თავისთავად საინტერესოა. მაგრამ შემდეგი ნაბიჯი რა იქნება? მიიღებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ამ წინადადებას განხილვისთვის მაინც? არეშიძე ჭკვიანი კაცი და კარგი ექსპერტია. ვფიქრობ, შეგნებულად გადაწყვიტა ამ ინფორმაციის გაჟონვა იქაური არჩევნების წინ და ცოტა არივ-დარია სიტუაცია აფხაზეთში.

აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში, სხვა კონფლიქტური რეგიონებიც წამოყოფენ თავს და ისინიც მოგვთხოვენ დამოუკიდებლობის აღირებას.

- რა თქმა უნდა. ამიტომ ეს მიუღებელია. მართლაცდა, არ შეიძლება აღიარო ტერიტორია, რომელიც ძალით, იარაღით გამოგეყო. ეს შეიძლება იყოს შეთანხმების საფუძველი, ანუ შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთი დაუბრუნდება საქართველოს ტერიტორიას, დაბრუნდებიან დევნილები და ჩატარდება რეფერენდუმი. დაე, რეფერენდუმმა გადაწყვიტოს და, თუ ის მიიღებს გადაწყვეტყილებას, რომ აფხაზეთი უნდა გამოეყოს, მაშინ პრობლემა არ მაქვს. ხოლო, თუ ჩვენ დავუშვებთ პრცენდენტს, რომ შეიარაღებული ძალის შედეგად სახელმწიფოს შეიძლება ტერიტორია გამოეყოს, ეს რა თქმა უნდა, არასასურველ პროცესს გამოიწვევს, როგორც სხვა ქვეყნებისთვის, ისე საქართველოსთვის. ჩემთვის ეს ერთ-ერთი პრინციპული არგუმენტია, თუმცა - არა გადამწყვეტი.

ამ თემასთან მიმართებით არსებობს კი გადამწყვეტი არგუმენტი? 

- გადამწყვეტი არგუმენტია, რომ აფხაზები მცირერცხოვანი ხალხია და ისინი ბოლომდე ათვისებული ჰყავთ რუსებს. ოკუპირებულია მათი ტერიტორია. შესაბამისად, თუ ჩვენ  მათ დამოუკიდებლობას ვაღიარებთ, ამით კიდევ უფრო მეტად ჩავაბარებთ რუსეთს. მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო საქართველოს მიბაძავს და მის მსგავსად აღიარებს ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობას, აფხაზებს ეყოლებათ მხოლოდ და მხოლოდ ორი მეზობელი - საქართველო და რუსეთი. სხვა მეზობლები არ ეყოლებათ. აფხაზეთი ვერასდროს გახდება დამოუკიდებელი სახელმწიფო, რადგან იქ არის რუსეთის ჯარი, რუსეთის სამხედრო ბაზა, რუსული რუბლი ტრიალებს, რუსული ეკონომიკაა შექმნილი. მსოფლიოსთვის აფხაზეთი აბსოლუტურად უინტერესო ტერიტორიაა. ის აინტერესებს მხოლოდ საქართველოსა და რუსეთს.

აფხაზეთის აღიარების გასამართლებლად მამუკა არეშიძეს მოჰყავს ჩინეთის მაგალითი, რომელმაც აღიარა იაპონიის მიერ შექმნილი სახელმწიფო მანჯურია, რომელიც დღეს აღარ არებობს. ცნობილია, რომ იაპონიამ ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში ვასალი ქვეყანა მანჯურია სწორედ ჩინეთ-იაპონიის ომის დროს შექმნა.

- ეს არასერიოზულია, რადგან მანჯურია მარიონეტული იყო და ებრძოდა ჩინეთს, ჩინეთმა დაიპყრო ის, იარაღი გამოიყენა. ეს ჩემთვის არაა დამაჯერებელი. უფრო აჯობებდა, ბატონმა მამუკამ  სხვა მაგალითი მოიყვანოს, თანაც უფრო თანამედროვე ისტორიიდან, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდიდან.

მაგრამ ასეთი პრეცენდენტი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ არსებობს?

- სწორედაც არ არსებობს ასეთი მაგალითები. პირიქით, არსებობს მაგალითები, რომ წასული სახელმწიფო უკან აღარ ბრუნდება. ამის მაგალითია კოსოვო.

არეშიძის განაცხადმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ზოგიერთმა ეს ღალატად აღიქვა. რატომ გააკეთა ასეთი განაცხადი არეშიძემ?

- ვისაც ენაზე ღალატი აკერია, ეს ნიშნავს, რომ მას სხვა არგუმენტი არ გააჩნია. რას ნიშნავს ღალატი? ადამიანს აქვს საკუთარი პოზიციის გამოხატვის უფლება. რა პრობლემაა? პოლიტიკური პარტია რომ ჰქონდეს, კიდევ შეიძლებოდა კენჭი ეყარა და საინტერესო იქნებოდა, საზოგადოების რა ნაწილი მისცემდა მის პოზიციას ხმას.  მიმაჩნია, რომ პირველ რიგში, ეს დამღუპველი იქნება აფხაზებისთვის, რადგან მცირერიცხოვანი ხალხია და რუსეთი არავის მიუშვებს. უფრო სწორად, არავის შეუშვებს იქ. შესაბამისად, რუსეთის შემადგენლობაში აფხაზეთის სრული ინტეგრაცია მოხდება. ეს აღიარება არაფერს მოუტანს. ჩვენ უნდა დავაყენოთ დევნილების დაბრუნების პირობა, აფხაზებს კი ცეცხლივით ეშინიათ დევნილების დაბრუნების. თუ ჩვენ დევნილებს ვაბრუნებთ იმ პირობით, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა ვაღიაროთ, მათ ეს არ უნდათ. ისინი თვლიან, რომ დევნილების დაბრუნება მათი იდენტობის დაკარგვას გამოიწვევს.

უფრო ადრე „რესპუბლიკელები“ კონფედერაციის მომხრენი იყავით და  ამანაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი პოზიცია გამოიწვია.

- კონფედერაციის მომხრენი არასდროს ვყოფილვართ. ყოველთვის ფედერაციის მომხრე გახლდით. კონფედერაცია არის ორ სახელმწიფოს შორის, ორ საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეს შორის დადებული ხელშეკრულება სახელმწიფოს შესახებ. ხოლო ფედერაცია არის, როცა სახელმწიფო თავის შიგნით, თავის ტერიტორიასთან დებს ხელშეკრულებას. ამით ტერიტორიალური მთლიანობა არ ირღვევა და  ხელშეკრულების შესაბამისად, სახელმწიფო მას უფლებამოსილებებს გადასცემს.

ფედერაცია თუ მივეცით, ხომ შეიძლება მომავალში ისევ დამოუკიდებლობა მოითხოვონ?

- არა, რასაც ჩადებ ხელშეკრულებაში, ის იქნება.

ჩვენ გვინახავს ხელშეკრულებები, რომლებიც დარღვეულა.

- ეს იქნება ხელშეკრულება დადებული ცენტრსა და თავის ტერიტორიას შორის.

ასეთი აზრიც არსებობს, რომ მამუკა არეშიძე ამას თავისით არ გააჟღერებდა და ეს რუსეთის პოზიციაა, რადგან ფაქტობრივად, არავინ აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა.

- არ ვიცი, ეს უკვე მამუკა არეშიძეს ჰკითხეთ. ეჭვი მეპარება, არა მგონია, რომ მამუკა არეშიძე ამას რუსეთის კარნახით გააკეთებდა. მე მგონი, მან ასეთი აზრი გარკვეული შიდაპოლიტიკური კონიუქტურიდან გამომდინარე გამოხატა. ჩემი აზრით, მას სურს, აფხაზები უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენოს. არჩევნების წინ აიძულოს, რომ მათ  უარყოფითად უპასუხონ. შესაბამისად, სამომავლოდ, ქართულმა საზოგადოებამ და ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადონ, რომ, აი, ჩვენ შემოგთავაზეთ ამ თემაზე საუბარი, თქვენ კი ხელი აგვიკარით. მე მგონი, ამაზეა გათვლილი. 

არის კი საქართველოს სახელმწიფო, ან თუნდაც აფხაზეთი მზად იმისთვის, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა თუნდაც სიტყვიერ დონეზე განვიხილოთ?

- არ არის მზად. მე მგონი, საქართველომ უამრავი ნაბიჯი უნდა გადადგას აფხაზების სასარგებლოდ, მათკენ დათმობების მიმართულებით, მათი დამოუკიდებლობის გარდა. ოღონდ არავითარ შემთხვევაში, დამოუკიდებლობის აღიარება არ უნდა დაიშვას, რადგან ამით გავწირავთ აფხაზებს. ვიდრე ჩვენ არ ვაღიარებთ აფხაზეთის დამოუკიდებლობას, მანამდე მათი გადარჩენის შანსები არსებობს. სულ სააკაშვილი ხომ არ იქნება ხელისუფლებაში? დადგება დრო, ქვეყანაში მოვა ნორმალური ხელისუფლება, რომელიც დააინტერესებს აფხაზებს ღირსეული ცხოვრებით.

აფხაზეთის გენოფონდის გადარჩენა ღირს იმისთვის, რომ მამუკა არეშიძის შეთავაზებით, საქართველომ ასეთი ნაბიჯი გადადგას?

- ღირს, მაგრამ მაინც არ გადარჩება. არასწორი მეთოდია. განა ღირს ქერტლის მოშორების გამო თავი მოიჭრას ადამიანმა? როგორ შეიძლება, ჩვენ აფხაზეთის გადარჩენა გვინდოდეს, და ამ დროს კი ბოლომდე ვაგდებდეთ აფხაზეთს რუსეთის ხახაში?! რუსეთი მათ საერთოდ წალეკავს, აითვისებს. ვიდრე მსოფლიოს მიერ აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიად ითვლება, მანამდე რუსეთს არ აქვს თავხედობის ისეთი დონე, როგორც ამის მერე გათავხედდება. ახლა ხომ საშინლად უტიფრად იქცევა რუსეთი, მერე ნახეთ, უფრო უარესად მოიქცევა. რაც მთავარია, არეშიძე მუდმივად აყენებს დევნილების საკითხს, რაც თავისთავად მიუღებელია აფხაზებისთვის. მათ ურჩევნიათ, არავინ აღიაროს, ოღონდ დევნილები არ დაბრუნდნენ.

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიისა და  ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა ნაყოფია „პრესაგე.ტვ“-სთან კომენტირებისას მამუკა არეშიძის წინადადებას დაუშვებლად მიიჩნევს.

„აფხაზეთის დამოიუკიდებლობის აღიარება ყოვლად დაუშვებლად მიმაჩნია. აფხაზეთი იყო, არის და ყოველთვის იქნება საქართველოს ტერიტორია“.

ამას არც განიხილავენ მთავრობაში?

- მე არ ვიცი, ვინ რას განიხილავს. ჩემი პოზიციით, ეს აბსოლუტურად მიუღებელია.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ხათუნა ოჩიაური აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას არასერიოზულად მიიჩნევს.

„ეს  სრულიად არასერიოზული განაცხადია და, რასკვირველია, არ ვეთანხმები. მეტიც, საერთოდ, უპასუხსმგებლოც მგონია ეს განაცხადი. რასთან დაკავშირებით ამბობს მამუკა არეშიძე ასეთ რამეს, წარმოდგენაც არ მაქვს“, - აცხადებს ხათუნა ოჩიაური პრესაგე.ტვ“-სთან საუბრისას.

ასეთი განცხადება რუსეთის ინტერესშია?

- კომენტარის ღირსიც არაა ეს განცხადება.

ნაცმოძრაობის სხვა წევრებმა ამ აქტუალურ თემაზე საუბარი მოუცლელობის  მომიზეზებით არ ისურვეს. მაგალითად, ვახტანგ ბალავაძემ გვითხრა - „აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღარება რა სისულელეა“ და მობილური გათიშა.