„ავღანეთში მთელი ქართული არმია რომ გავაგზავნოთ, ეს ნატოში გაწევრიანების პროცესს არ დააჩქარებას“

„ავღანეთში მთელი ქართული არმია რომ გავაგზავნოთ, ეს ნატოში გაწევრიანების პროცესს არ დააჩქარებას“

[გერა მამულაშვილი]

აშშ ავღანეთიდან ჯარების გამოყვანას იწყებს. ეტაპობრივად, იგივეს გაკეთებას გეგმავს საფრანგეთი. საქართველოს ხელისუფლება პირიქით, ავღანეთში ქართული კონტინგენტის გაზრდას აპირებს.  

„შეერთებული შტატები ავღანეთიდან 10 000 სამხედროს გაიყვანს“, - აცხადებს პრეზიდენტი ობამა მოსახლეობისადმი მიმართვისას. მისივე თქმით, სულ 2012 წლის ზაფხულისთვის ავღანეთს 33 000 ამერიკელი სამხედრო დატოვებს, ხოლო ამერიკელი სამხედრობის ავღანეთიდან გაწვევის შემდგომ გეგმებზე საუბარი ნატო-ს 2012 წლის სამიტზეც გაგრძელდება, რომელიც ჩიკაგოში გაიმართება.

ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების სრულად გამოყვანა 2014 წლისთვის დასრულდება.  ავღანეთის პრობლემის პოლიტიკურ მოწესრიგებაში მონაწილეობა კი ავღანელი ხალხის ყველა წარმომადგენელს შეეძლება, მათ შორის - თალიბებს.

„ქვეყნის ომის შემდგომ ცხოვრებაში თალიბების მონაწილეობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, თუ ისინი უარს იტყვიან ძალადობაზე, ალ-ქაიდასთან კავშირზე და დაექვემდებარებიან ქვეყნის კონსტიტუციას“, - განმარტავს ობამა და დასძენს, რომ ამ მხრივ, აშშ-ის ძალისხმევით, პროგრესის საფუძველი არსებობს.

თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზიც ირწმუნება, რომ „საფრანგეთი აშშ-სთან ერთად, ავღანეთიდან ჯარების გაყვანას ეტაპობრივად დაიწყებს“. ინფორმაციას The Morning News ავრცელებს.

სარკოზის განცხადებით, ფრანგული არმიის გაყვანა შეთანხმებული იქნება ამერიკული ჯარების გაყვანის გრაფიკთან. ამასთან, საფრანგეთის ჯარების რაოდენობის შემცირება ავღანეთში შეთანხმებული იქნება კოალიციის სხვა მოკავშირეებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან.

ამ დროისთვის, ავღანეთში საფრანგეთის 4 ათასამდე ჯარისკაცია. 2001 წლის შემდეგ ავღანეთში 62 ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა.

ავღანეთიდან კოალიციის ჯარების გაყვანაზე და მოსალოდნელ შედეგებზე „პრესაგე.ტვ“ სამხედრო მიმომხილველ ირაკლი ალადაშვილს ესაუბრება.

ირაკლი ალადაშვილი: აშშ–მ ავღანეთის სამხედრო ოპერაცია 2001 წლის დეკემბრისთვის მას შემდეგ დაიწყო, რაც ტერორისტებმა ცნობილი თავდასხმები განახორციელეს. შემდეგ ეს სერიოზულ პარტიზანული ომში გადაიზარდა. დღეს მარტო შეერთებულ შტატებს იქ 100 ათასამდე კაცი ჰყავს. აისაფის ძალებში კოალიციის სხვა ქვეყნებიც მონაწილეობენ, მათი საერთო რაოდენობა 150 ათასამდე ადის.

ავღანეთის ომით თავად აშშ–ს მოსახლეობაც დაიღალა. ამას ბიუჯეტიდან უზარმაზარი სახსრები მიაქვს. დაღუპული ამერიკელების რაოდენობა უკვე ათასხუთასს ასცდა. დაჭრილი 12 ათასზე მეტია. დღეს ამერიკელებში ისეთივე უარყოფითი განწყობაა, როგორც ეს თავის დროზე ვიეტნამის ომის მიმართ იყო.

გარდა ამისა, შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები იწყება და ობამას მეორე ვადით დარჩენა სურს. პოპულარობის გაზრდის მიზნით, მოქმედი პრეზიდენტი ჯარების გაყვანის ეტაპს იწყებს.

საკითხის პოლიტიკურ შემადგენელს რომ თავი დავანებოთ, წმინდა სამხედრო თვალსაზრისით, რა შედეგები მიიღო კოალიციამ ავღანურ ფრონტზე?

- ავღანეთში ომის მოგება პრაქტიკულად შეუძლებელია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. თავის დროზე ამ მიზანს ვერც ბრიტანეთმა და ვერც საბჭოთა კავშირმა მიაღწია. დაახლოებით ასე იქნება ახლაც. ადრე თუ გვიან, კოალიციის ჯარები დატოვებენ იქაურობას და ისევ ადგილობრივი თალიბები ან სხვა ძალები მმართველობას ხელში აიღებენ.

ავღანეთში ერთიანი სახელმწიფოს ფაქტორი, უკვე საუკუნეების მანძილზე არ მოქმედებდა. ქვეყნის სხვადასხვა მხარეს, განსხვავებული ტომები და დაჯგუფებები დათარეშობენ. მათი ამბიცების მართვა კი საკმაოდ რთულ საქმეს წარმოადგენს.

ამ თვალსაზრისით, საინტერესოა პრეზიდენტ ობამას მინიშნება, რომ სამომავლოდ ავღანეთის მართვაში თალიბებიც მიიღებენ მონაწილეობას, თუ ალ–ქაიდასთან კავშირებს შეწყვეტენ...

– ობამას თქმით, თუ თალიბები ალ–ქაიდასთან ან სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებთან აღარ ითანამშრომლებენ, სხვებთან ერთად არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება ექნებათ. პრეზიდენტს რომც არ ეთქვა, ეს მაინც მოხდებოდა. თალიბები არსად გაქრებიან და მათი ტანკებით, ბომბდამშენებით განადგურება შეუძლებელია. ერთს თუ მოკლავ, მის ადგილზე ორი და მეტი ჩნდება, ახალი შურისძიების მოტივებით. ასე რომ, თალიბები ადრე თუ გვიან ამ ქვეყნის მართვაში მაინც ჩაერთვებიან, გამომდინარე შედეგებით.

მაგრამ თალიბების ნორმალურ პოლიტიკურ კალაპოტში მოქცევა, რამდენად წარმოსადგენი სცენარია?

– ამის გარანტიას, ვერავინ ვერავის მისცემს. არ იქნება ალ–ქაიდა, იქნება სხვა ორგანიზაცია. უნდა ვიცოდეთ, რომ ავღანეთში ძირითადი შემოსავალი ნარკოტიკების წარმოებაა. ეს ბუნებრივად გადაჯაჭვულია, როგორც იარაღით უკანონო ვაჭრობასთან, ასევე სხვა დანაშაულებრივ პროცესებთან. ნარკოტიკების გასაღების პროცესი გაგრძელდება და მისი გაჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია.

უფრო მეტიც, სანამ იქ თალიბები და ალ–ქაიდა იყვნენ, მგონი ნარკოტიკების წარმოება უფრო ნაკლები იყო, ვიდრე დღესაა. ასე რომ, პრობლემები ავღანეთში არ დასრულდება, მთელი მსოფლიოც რომ შევიდეს საბრძოლველად.

ამ პროცესებში საქართველოს როლი შევაფასოთ, საუბარია ავღანეთში ქართული კონტინგენტის კიდევ უფრო გაზრდაზე...

– ხელისუფლებას ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის გაზრდის კურსი აქვს არჩეული. იგივე კურსი იყო არჩეული ერაყის შემთხვევაში. ამან, სტრატეგიული შეცდომის სახით, მეტად სერიოზული პრობლემები შეგვიქმნა, რომლის აღიარებაც დღეს არავის სურს. 2008 წლის 8 აგვისტოსთვის ჩვენ ერაყში მთელი ბრიგადა გვყავდა გაგზავნილი, ორი ათასი კაცის შემადგენლობით. ბრიგადა ამ დროისთვის გორის სამხედრო ბაზაზე უნდა მდგარიყო. ამას სენაკის ბაზის დასავლეთის მიმართულებიდან მოხსნა და ცხინვალისკენ გადმოყვანა დასჭირდა. ამით დასავლეთის მიმართულება სრულიად გაშიშვლდა და რუსეთის საოკუპაციო ჯარები შემოვიდნენ, ზუგდიდი–სენაკი უბრძოლველად დაიკავეს. ამავე დროს, პრობლემები შეექმნა ქართულ დაჯგუფებას, რომელიც კოდორის ხეობაში იყო გამაგრებული. იგი ფაქტობრივად ალყაში აღმოჩნდა.

რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელობას, ახლა ავღანეთში 925–ამდე სამხედრო გვყავს. ხელისუფლებამ უკვე ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომ 2012 წლის ბოლოსთვის კონტინგენტის კიდევ ერთი ბატალიონით გაზრდა იგეგმება. ეს ნიშნავს, რომ საქართველო გახდება პირველი კონტრიბუტორი აისაფში, ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან. დღეისთვის პირველი ადგილი ავსტრალიას უკავია.

რამდენად შედის ავღანეთში ნომერ პირველი კონტრიბუტორობა საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებში?

- მიმაჩნია, რომ ეს არასწორი მიდგომაა. ნატოს, დასავლეთის წინაშე ანტიტერორისტულ ოპერაციებში მონაწილეობა რომ დავადასტუროთ, სრულიად საკმარისი იყო თუნდაც ერთი გაძლიერებული ასეულის გაგზავნა, როგორც ეს თავიდან დაიწყო, როდესაც ქართველები ფრანგული დანაყოფის შემადგენლობაში ქაბულთან იდგნენ.

რამდენადაც მეტს გავგზავნით, სამწუხაროდ მსხვერპლის ალბათობაც გაიზრდება. ამის გარდა, ჩვენი დანაყოფის სწრაფი უკან დაბრუნებაც გაძნლდება, თუ ღმერთმა არ ქნას და საქართველოში რუსული სამხედრო აგრესია განახლდა.

მაშინ რა მოსაზრებებით ხელმძღვანელობს ხელისუფლება, როდესაც კონტინგენტს ზრდის?

– რაც შეეხება ნატოში გაწევრიანების დაჩქარებას, მთელი ქართული არმიაც რომ გავაგზავნოთ, ეს ამ პროცესზე არანაირად იმოქმედებს, რადგან აქ უფრო სერიოზული პოლიტიკური ფაქტორია, რუსეთის სახით. ასეთია დღევანდელი, სამწუხარო რეალობა. ნატოს წევრების უმეტესობა, მათ შორის, გავლენიანი ევროპული ქვეყნები, რუსული ფაქტორის გავლენით, საქართველოს ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგი იქნებიან. მიზეზი ერთია, მოსკოვი არ უნდა გაღიზიანდეს.