მორიგი სისულელე ჟურნალ Economist-სგან

მორიგი სისულელე ჟურნალ Economist-სგან

[antigeopolitics]

ახლახანს ჩემი ყურადღება EuropeanVoice.com-ზე გამოქვეყნებულმა ერთმა სტატიამ მიიპყრო, რომელიც ევროპისა და საქართველოს ურთიერთობებს ეხება. სტატიის ავტორი აცხადებს, რომ ჟურნალ Economist-ში ცენტრალური და აღმოსავლეთ-ევროპის საკითხების კორესპონდენტია, თუმცა საკუთარ ვინაობას არ ამხელს. მიუხედავად ამისა, სინამდვილეში სტატია ძალიან ჰგავს ბოლო დროს ჟურნალ Economist-ში საქართველოზე გამოქვეყნებულ ტიპურ სტატიებს. ამ გამოცემამ როგორც სჩანს უარი სთქვა ობიექტურობის ილუზიის შექმნაზეც კი და დაიწყო სააკაშვილის რეჟიმის სადიდებელი ოდების გამოქვეყნება, რომლებიც თითქოს დაკვეთითაა დაწერილი. ასეთი სტატიის ტიპური მაგალითის ნახვა აქ შეგიძლიათ .


ზემოთხსენებული სტატიის მთავარი გზავნილი ის არის, რომ ევროპამ არ უნდა შეიმჩნიოს ადამიანის უფლებების მრავალრიცხოვანი დარღვევები, დემოკრატიის დეფიციტი და საქართველოს არაპროგნოზირებადი საგარეო პოლიტიკა და ამის ნაცვლად კვლავ მჭიდრო კავშირები უნდა გააბას ამ გზააბნეულ კავკასიელ „მოკავშირესთან“. ჩვენ გვეუბნებიან, რომ თუკი ევროპა საქართველოს მხარდაჭერისგან თავს შეიკავებს, ეს რუსეთს „წააქეზებს“, რაც ამ სტატიის თანახმად „სახიფათო პრეცედენტს“ შექმნის. თუ არ ჩავთვლით ცივი ომის სულისკვეთებით გამსჭვალულ მარტივ თხრობას და თამაშს ნულოვანი საწყისით, თავად სტატია საქართველოს მიმდინარე სიტუაციაზე იმდენად სავსეა ნახევართქმებით, ფაქტების დამახინჯებებით და აშკარა ტყუილებით, რომ არც კი ვიცი რით დავიწყო.

მაგალითად ავტორი იმით იწყებს, რომ საქართველოს მთავრობის რეაქციას ოპოზიციის ბოლოდროინდელ საპროტესტო აქციებზე, რისი კულმინაციაც 26 მაისს დემონსტრაციის სასტიკი დარბევა და რამდენიმე ადამიანის დაღუპვა გახდა, „სამაგალითოს“ უწოდებს და იმეორებს რა მთავრობის ვერსიას, აცხადებს რომ მსხვერპლი უშუალოდ ოპოზიციის ქმედებებს მოჰყვა, მიუხედავად იმისა რომ არსებობს საპირისპირო მტკიცებულებები. მიუხედავად იმისა, რომ ავტორი მართალია, როდესაც უარყოფს ქართული ოპოზიციის სულელურ განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ქვეყანას დიქტატურა მართავს, ის არ იმჩნევს საქართველოს რეიტინგების ვარდნას დემოკრატიულ ღიაობასთან, სიტყვის თავისუფლებასთან და კორუფციასთან მიმართებაში, არადა ამ ვარდნას ბოლო რამდენიმე წელია აღიარებენ ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა Freedom House, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ და Transparency International.

მეტიც, ავტორი აქებს საქართველოს „დიპლომატიას“ გამოყოფილ რეგიონებთან – აფხაზეთთან და სამხრეთ-ოსეთთან მიმართებაში და არაფერს ამბობს იმაზე, რომ ის შეწყდა ამ ტერიტორიების გამო გაჩაღებული 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამო, ომის რომლის ინიცირებაც სააკაშვილის რეჟიმმა მოახდინა და რაც ევროკავშირის დამოუკიდებელმა კომისიამაც კი აღიარა, რომელიც ამ მოვლენებს იძიებდა. გარდა იმისა, რომ ამ ომს რუსეთის და დასავლეთის ურთიერთობებში აბსოლუტური კრიზისი მოჰყვა, მან მოსპო ის მცირედი ნდობა, რომელიც საქართველოს და გამოყოფილი ტერიტორიების მოსახლეობას შორის არსებობდა, რაც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის თვალსაწიერ მომავალში საქართველოსადმი ამ ტერიტორიების „ლოიალურობის“ აღდგენას. საქართველოს ბოლოდროინდელმა ძალისხმევამ, ცხვირი ჩაყოს იქ, სადაც მისი ადგილი არ არის, კერძოდ ფეთქებადსაშიშ ჩრდილოეთ-კავკასიაში, ასევე შეაშფოთა საქართველოს დასავლელი პარტნიორები, აღარაფერს ვამბობ თავად ჩრდილოეთ-კავკასიაში არსებულ შეშფოთებაზე თბილისის რეალურ განზრახვებთან დაკავშირებით.

მეტიც, არასერიოზულია ავტორის დაჟინებული განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველო „საბაზრო, მრავალპარტიული, სამართლებრივი წარმატების ისტორიაა, შემდეგი გაჩერება [...] სამხრეთ-კორეის შემდეგ“. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მთავრობა ცნობილია მისი ძალისმიერი მიდგომებით ეკონომიკური განვითარებისადმი, რაც მოიცავს ზეწოლას კერძო ინვესტორებზე წარმოუდგენელი საგადასახადო პრეტენზიებისა და პოლიტიკურად მოტივირებული ანტი-კორუფციული ხაფანგების დახმარებით. საქართველოში სასამართლო თავისუფალი არ არის და გამამტყუნებელი განაჩენების 99%-ს იწონებს, რაც უბრალოდ წარმოუდგენელია ნებისმიერი განვითარებული დემოკრატიის ქვეყანაში. სიცოცხლით სავსე მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემის ნაცვლად, საქართველოს პარლამენტში დომინირებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, რაც ქვეყანას რეალურად ერთპარტიულ სახელმწიფოდ აყალიბებს. სულ უფრო გახშირდა ცილისმწამებლური კამპანიები პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ, ხოლო აფეთქებების სერია საქართველოს დედაქალაქ თბილისში და სხვა ქალაქებში, რაშიც რუსეთის სპეცსამსახურებს ადანაშაულებენ, რომლებიც თითქოს გამოყოფილი აფხაზეთის ტერიტორიიდან მოქმედებენ, აბსოლუტურად შესაძლებელია იყოს „ოპერაცია სხვისი დროშის ქვეშ“ საქართველოს მთავრობის მონაწილეობით, თუკი ეს მართლაც ასეა ეს პირველი შემთხვევა არ არის.

და ბოლო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი: ავტორი აზვიადებს საქართველოს ეკონომიკის ფისკალურ სიჯანსაღეს და არაფერს ამბობს იმ ფაქტზე, რომ ფინანსური კრიზისის პირობებში საქართველოს ეკონომიკის შედარებითი სიჯანსაღე დიდწილად ფართომასშტაბიან საგარეო სესხებს და დასავლეთის ქვეყნების სერიოზულ ეკონომიკურ დახმარებას ეფუძნება. ამ დამხარებამ მოიცვა 4.6 მილიარდი დოლარის ერთჯერადი ტრანში უმალ 2008 წლის ომის შემდეგ იმ რამდენიმე ასეულ მილიონ დოლართან ერთად, რომელსაც ქვეყანა ყოველწლიურად იღებს. ამ დახმარებამ მახინჯი გავლენა მოახდინა შიდა პოლიტიკურ სიტუაციაზე, გაუხანგრძლივა რა სააკაშვილის რეჟიმს სიცოცხლე იმ ვადის მიღმა, როდესაც მას თავისი პოლიტიკური შეცდომების გამო კრახი უნდა განეცადა, თუმცა შესაძლოა განკითხვის ჟამი ახლოვდებოდეს, რადგან დასავლეთის ფინანსური დახმარება იწურება, ხოლო საქართველოს სუვერენული ვალის მომსახურება, რომელიც დღეს ცხრა მილიარდ დოლარს აჭარბებს და მშპ-ს დაახლოებით 25-30%-ს შეადგენს, რთული იქნება უხალოეს მომავალში პირდაპირი ინვესტიციების დაბალი დონისა და იმპორტის და ექსპორტის მზარდი დისბალანსის გამო.

მთლიანობაში საქართველოსადმი, ან უფრო ზუსტად, სააკაშვილის რეჟიმისადმი ახალი უპირობო მხარდაჭერა, რომლისკენაც ავტორი ევროპას მოუწოდებს, ძალიან არადროული იქნება და საბოლოო ჯამში ქვეყანაში გააძლიერებს მთელ რიგ ნეგატიურ ტენდენციებს. ეს ტენდენციები მოიცავს პრობლემათა ისეთ სპექტრს, როგორიცაა დემოკრატიასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მდგომარეობის გაუარესება, უცხოურ დახმარებაზე გახანგრძლივებული დამოკიდებულება და არაპროგნოზირებად პოლიტიკურ თავგადასავლებსა და სახიფათო კონფრონტაციაზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა. ეს დაძაბულობის ატმოსფერო, გრძელვადიან პერსპექტივაში არაფერ კარგს არ მოუტანს არც ევროპას და არც საქართველოს მოსახლეობას.

[foreignpress]