ხელისუფლების ქუთაისური ვნებანი, ანუ, ბორბლებიანი პარლამენტის აუცილებლობა

ხელისუფლების ქუთაისური ვნებანი, ანუ, ბორბლებიანი პარლამენტის აუცილებლობა

[თეონა ხარაბაძე]

პალამენტი 2012 წლიდან ქუთაისში მთლიანად გადავა. ამის შესახებ გადაწყვეტილება პირველი მოსმენით უკვე მიღებულია და ოპოზიციისა თუ საზოგადოების პროტესტი ვეღარაფერს შეცვლის. პარლამენტმა, უფრო სწორედ, საპარლამენტო უმრავლესობამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც პარლამენტის ადგილმდებარეობად მხოლოდ ქუთაისს განსაზღვრავს.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ შარშან, შემოდგომით დამტკიცებული საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად პარლამენტის ადგილმდებარეობად განისაზღვრა თბილისი და ქუთაისი.

მაშინ ხელისუფლების მხრიდან კეთდებოდა განმარტებები, რომ ქუთაისში გაიმართებოდა მხოლოდ პლენარული სხდომები და საკომიტეტო მუშაობა ისევ თბილისში წარიმართებოდა. გარკვეულწილად ასეთი გადაწყვეტილება იმითაც იყო განპირობებული, რომ საკომიტეტო მუშაობას სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურებთან თუ არასამთავრობო სექტორთან სჭირდება ურთიერთობა.

მართალია, ამ გადაწყვეტილებით საზოგადოების დიდი ნაწილი არც მაშინ იყო აღფრთოვანებული, მაგრამ ახლა ხელისუფლებამ პარლამენტის მთლიანად ქუთაისში გადატანა გადაწყვიტა. არგუმენტად კი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დასავლეთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების აუცილებლობა სახელდება.

ყოველ შემთხვევაში, საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან სწორედ ასეთი არგუმენტები დასახელდა.

გამოდის, რომ პარლამენტის თბილისში ყოფნის გამო აღმოსავლეთ საქართველოში ეკონომიკა ყვავის და დასავლეთ საქართველო მკვეთრად განსხვავდება. თუ ეს ასეა და პარლამენტი მდებარეობაა ეკონომიკური წინსვლის გარანტორი, თანაც იმ დონეზე, რომ მისი ჩანაცვლება სხვა არც ერთი გადაწყვეტილებით არ არის შესაძლებელი, მაშინ აღმოსვლეთ საქართველოში მცხოვრებმა მოსახლეობამ მომავალი წლიდან რა უნდა ქნას? რამდენიმე წელში პარლამენტს ისევ თბილისში გადმოვიტანთ?

ცხადია, ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს. სამაგიეროდ, ხელისუფლება ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით საზოგადოების მენტალიტეტის ცვლა უნდა მოხდეს.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა, ხელისუფლება ამბობს, რომ საქართველოს ყველა რეგიონი უნდა განვითარდეს და თუ საჭიროა ამისთვის პოლიტიკურ დეცენტრალიზაციას განახორციელებენ.

მისი თქმით, აქამდე ადამიანს თუ რამის მიღწევა უნდოდა, აუცილებლად თბილისში უნდა ჩასულიყო.

„ჩვენ პარლამენტარები თბილისის ძვირადღირებულ ადგილას, ყველაზე ძვირადღირებულ შენობას ვთმობთ“, - განაცხადა მელიქიშვილმა და დასძინა, რომ ეს არა მხოლოდ ქუთაისელებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის არის კარგი გადაწყვეტილება.

„ჩვენ ვამბობთ, რომ სადაც არ უნდა დაიბადო, წარმატებული უნდა იყო“, - დასძინა მელიქიშვილმა.

მისი ნათქვამიდან კი გამოდის, რომ ქუთაისში პარლამენტის გადატანა არა მარტო ეკონომიკური განვითარების გარანტი ყოფილა, არამედ შანსი ადამიანური რესურსის განვითარებისთვის. მაგრამ გაურკვეველი ის არის, სხვა რეგიონში მცხოვრებლებისთვის რა მნიშვნელობა აქვს, ქუთაისში მოუწევთ წასვლა თუ თბილისში?

მაგრამ ამას ვინ ჩივის, როგორც აღმოჩნდა, სხვაც ძალიან ბევრი საკითხია გაურკვეველი, რაზეც თუ პასუხს ითხოვ, უმრავლესობა მოღალატედ და პოლიტიკურად ანგაჟირებულად გაცხადებს.

იგივე პარლამენტის ახალი შენობისთვის საჭირო თანხების საკითხი.

„ჯერ ბორბლებზე შემდგარ პარლამენტზე დაგცინოდნენ და ახლა გამოასწორეთ და მთლიანად გადაგაქვთ. ახლა მაინც გვითხარით, რა ჯდება ეს მშენებლობა. კანონპროექტში წერია, რომ საკონსტიტუციო ცვლილება დამატებთ ხარჯებს არ იწვევს”, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

პარლამენტის შენობის დაფინანსების თანხების მოძიებისთვის უმრავლესობამ ოპოზიცია ბიუჯეტისკენ გადაამისამართა. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, პავლე კუბლაშვილის განცხადებით,პროექტში ვერ გაკეთდებოდა ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ პროექტი ბიუჯეტზე გავლენას მოახდეს, რადგან ბიუჯეტში თანხები უკვე გაწერილია. მიმდინარე წლის ბიუჯეტში არ არსებობს მითითება, კონკრეტულად ქუთაისში პარლამენტის მშენებლობის ხარჯებთან დაკავშირებით.

ზურაბ მელიქიშვილი კი აცხადებს, რომ ქუთაისში პარლამენტის ასაშენებლად 57 მილიონი ლარი ყოფილა საჭირო. თუმცა, არ დააკონკრეტა, ბიუჯეტის რომელ მუხლშია ეს თანხა გაწერილი.

მის ამ ნათქვამს კი საპარლამენტო ოპოზიცია არ იზიარებს. როგორც ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, პარლამენტის შენობის გარდა ასევე უნდა აშენდეს შენობა საპარლამენტო მდივნებისთვის, რაც ჯამში 100 მილიონი დაჯდება.

საბოლოოდ კი, პარლამენტის ქუთაისში მშენებლობისთვის საჭირო თანხა, კვლავ უცნობი დარჩა.

ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ქრისტიან-დემოკრატები საპარლამენტო უმრავლესობას ქუთაისში პარლამენტის გადატანით „ისედაც ბურუსით მოცულ პოლიტიკურ სივრცეში დაბნეულობის დამატებითი ელემენტების შემოტანაში“ ადანაშაულებენ.

„ეს ის ნაციონალური მოძრაობაა, რომელიც ვერაფრით დავიყოლიეთ, რომ თვითმმართველ ქალაქებში მაინც მერი იყოს არჩევით, თვითმმართველობის ფინანსური უფლებამოსილებები უფრო გაიზარდოს, მეტი გადასახადი დარჩეს ადგილზე მოსახლეობას და საკრებულოებში გადაწყვიტონ, რას მოახმარონ ეს თანხები.

ეს ის ნაციონალური მოძრაობაა, რომელმაც ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, პირველი, რაც გაკეთა, კონსტიტუცია მიჭრა-მოჭრა. აჭარაში გვაქვს ავტონომიური რესპუბლიკა, რომელიც ყველა ლოგიკით უნდა აღემატებოდეს რიგით უფლებაშელახულ თვითმმართველობას, მაგრამ ისინიც კი საქართველოში გაცილებით მაღალი უფლებებით არიან აღჭურვილები, ვიდრე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანო, ან მისი აღმასრულებელი ხელისუფალი“, - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

მისი თქმით, პარლამენტის გადატანის საკითხთან დაკავშირებით არც რეგიონალიზმის განვითარებაზეა საუბარი და არც დეცენტრალიზაციის. აქ საუბარია, რომ ისედაც ბურუსით მოცულ, არეულ და დაბნეულ პოლიტიკურ სივრცეში დამატებით შემოიტანონ დაბნეულობის ელემენტები.

„ხალხს იმის გადაწყვეტაც კი გაუჭირდება, სად ჩაატაროს ესა თუ ის პოლიტიკური აქცია. თორემ ჩვენ არ გვეზარება რეგიონებში სიარული და ხალხის პრობლემების პარლამენტში მოტანა“, - განაცხადა თარგამაძემ.

ქრისტიან-დემოკრატები შიშობენ, რომ ქუთაისში პარლამენტის გადატანა „საკანონმდებლო ორგანოს კასტრაციას გამოიწვევს“.

„ჯერ მიიღეთ გადაწყვეტილება და ბორბლებზე გინდოდათ პარლამენტის დაყენება, მიუხედავად იმისა, რომ ყველა დაგცინოდათ, მანც ამტკიცებდით, რომ ორ ქალაქში შესაძლებელი იყო პარლამენტი ყოფილიყო. მერე მიხვდით და ახლა მარტო ქუთაისში იქნებაო - ამბობთ. მაინტერესებს, რა ჯდება შენობის მშენებლობა და საიდან მოგაქვთ ეს ფული?“, - მიმართა იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, დიმიტრი ძაგნიძეს ვეფხვაძემ.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი და მთავრობა სხვადასხვა ქალაქში იქნება, მაშინ, ეს საბოლოოდ გამოიწვევს საკანონმდებლო ორგანოს კასტრაციასა და აღმასრულებელ ხელისუფლებზე კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას.

„გადახედეთ პარლამენტის სხდომათა დარბაზს - რამდენი დეპუტატია და წარმოიდგინეთ ქუთაისში რა იქნება. ახალი მოწვევის პარლამენტი იმაზე უარეს დღეში ჩავარდება, ვიდრე დღეს არის“, - დასძინა ვიცე-სპიკერმა.

ამიტომ ისინი საპარლამენტო უმრავლესობას ქუთაისის სრულ პოლიტიკურ ცენტრად ქცევას სთავაზობენ. 

როგორც ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, „გაუგებარია, რატომ უნდა გადავიდეს პარლამენტი ქუთაისში და პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, როგორც პრეზიდენტს უყვარს ხოლმე თქმა, რატომ უნდა იყოს „წამოკოტრიალებული“ თბილისის ცენტრში. 

ქუთაისი სრულად პოლიტიკურ ცენტრად ჩამოყალიბდეს და პარლამენტთან ერთად ქუთაისში მთავრობაც გადავიდეს“. 

გარდა ამისა, ქრისტიან-დემოკრატები კიდევ ერთ ალტერნატივად ხელისუფლებას ორპალატიანი პარლამენტის ჩამოყალიბებას სთავაზობენ, სადაც ზედა პალატა იქნება ქუთაისში, ხოლო ქვედა პალატა თბილისში დარჩება მთავრობაზე კონტროლოს განსახორციელებლად. 

ლევან ვეფხვაძის ეს მოსაზრებები საპარლამენტო უმრავლესობამ ილუზიად აღიქვა და მისი დავიწყება ურჩია. 

ჯონდი ბაღათურია კი იმაზე წუხს, არის თუ არა ქვეყანში ის მდგომარეობა, რომ ასი მილიონი ახალი შენობის ასაშენებლად დაიხარჯოს.

„რატომ უნდა გავიღოთ 100 მილიონი ამისთვის? დავაფინასოთ დასაქმების პროგრამა და, ან, გავზარდოთ პენსიები. არ ჯობაი ეს ფული ეკონომიკის განვითარებაში და ან ჯანდაცვის პროგრამებში ჩავდოთ, რომ დედამ შვილის დაუფინანსებლობის გამო აღარ იტიროს?“ - იკითხა ბაღათურიამ. 

ამაზე კი ხელისუფლებამ უპასუხა, რომ პარლამენტი ქუთაისში უნდა გადავიდეს და მორჩა.

ამიტომაც, ცხადია, ოპოზიციის შეთავაზება, რომ ეს საკითხი ქართველ ხალხს თავად გადაეწყვიტა, მიუღებელი აღმოჩნდა.

„სადაც არის ქვეყნის პოლიტიკური ხელისუფლება, ის არის ქვეყნის პოლიტიკური დედაქალაქი, ამიტომ გადაწყვეტილება - საქართველოს დედაქალაქი თბილისი იქნება თუ ბათუმი - ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს და არა ბატონმა პავლემ, პეტრემ, ნუგზარმა, ან მე“, - კიდევ ერთხელ სცადა შეწინააღმდეგება თარგამაძემ.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე გადაწვეტილება დიდი ხანია ქართველ ხალხს მიღებული აქვს, მაგრამ თუ მმართველ ძალას სურს, საკითხი საზოგადების პოლიტიკურ დღის წესრიგში დააყენოს, ეს არ უნდა მოხდეს ხელოვნურად.

„რეფერენდუმზე გავიტანოთ და ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს, საქართველოს პოლიტიკური დედაქალაქი უნდა იყოს თბილისი თუ სხვა ქალაქი. ეს იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება, რაიმე პოლიტიკურ ლოგიკას რომ მივდევდეთ და არ ვდემაგოგობდეთ. დემაგოგიის „ბრწყინვალე“ მაგალითები დღეს უმრავლესობის ტრიბუნიდან მივიღეთ, რომლებიც მთელ საქართველოს ლექციას უკითხავდნენ, როგორ უჭერენ მხარს რეგიონალიზმისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას“, - აღნიშნა დეპუტატმა.

მაგრამ უმრავლესობისთვის ეს შეთავაზება ისეთივე მიუღებელი აღმოჩნდა, როგორც ყველა დანარჩენი კითხვა თუ შენიშვნა.

პრინციპში, თუკი დავით აღმაშენებლის ისტორიას გავიხსენებთ, როდესაც მან საქართველოც გააერთიანა და დედაქალაქსაც ადგილი შეუცვალა, მაშინ ეს გადაწყვეტილებაც აღარ იქნება გასაკვირი. ბოლოს და ბოლოს პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ საქართველოს გააერთიანებდა და, რადგან ამას ვერ ასრულებს, დედაქალაქის გადატანა მაინც ხომ არის შესაძლებელი?