ბადრი ბიწაძეზე ძებნა გამოცხადდა

ბადრი ბიწაძეზე ძებნა გამოცხადდა

[ინგა კუხიანიძე]
მთავარი პროკურორის მოადგილემ, დავით საყვარელიძემ დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გაახმაურა, რომ პროკურატურა ბადრი ბიწაძის დაკავებას ითხოვდა. ამის მიზეზი 2011 წლის 1 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობა გახდა.

შეგახსენებთ, ბადრი ბიწაძის წინააღმდეგ  საქმე პროკურატურამ 26 მაისის სისხლიანი მოვლენების შემდეგ აღძრა 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით, (პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლა, მისი საქმიანობის შეწყვეტის და შეცვლის მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ძალადობითა და ძალადობის მუქარით.) აღნიშნული ბრალდება 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.   

ამ ფაქტის ირგვლივ გავრცელებული ფარული ჩანაწერები საზოგადოებამ ბევრჯერ მოისმინა და ამიტომ ამაზე არ შევჩერდებით. პროკურატურა ბრალს ამყარებს ბრალდებულ გია უჩავას და მასთან ერთად დაკავებული პირების აღიარებითი ჩვენებებით. ისინი აცხადებდნენ, რომ შეიარაღებული გზით აპირებდნენ ხელისუფლების შეცვლას. მაშინ ყველასათვის მოულოდნელად, პროკურატურამ ბადრი ბიწაძის მიმართ გამონაკლისი დაუშვა - სხვა დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ, ხოლო ბიწაძისთვის გირაოს, 100 000 ლარის შეფარდების მოთხოვნით თავად პროკურატურამ მიმართა სასამართლოს. სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. 

„აღკვეთი ღონისძიების შერჩევისას გათვალისწინებულია, რომ ბიწაძეს ბრალად ედება განზრახ, მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, ამასთან, მხედველობაშია მიღებული, რომ იგი არ არის ნასამართლევი, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, გააჩნია ქონება გირაოს უზრუნველსაყოფად, ასევე გათვალისწინებულია ბრალდებულის პიროვნება, მისი ასაკი და საქმიანობა. ბრალდებულს გირაოს შეტანის ვადად განესაზღვრა შვიდი დღე“ - ასეთი იყო სასამართლოს ვერდიქტი.

ნინო ბურჯანაძემ ეს გადაწყვეტილება თავიდანვე გააპროტესტა. განაცხადა, რომ არც ერთ თეთრის გადახდას არ აპირებდა. თავად ბრალდებულ ბადრი ბიწაძის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია. როგორც ამბობენ, მან საქართველო დატოვა. სასამართლოს მიერ მიცემული ვადა გავიდა, გირაო არავის გადაუხდია და როგორც მოსალოდნელი იყო, პროკურატურამ ადრე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების (გირაოს) პირობების დარღვევის გამო, ბადრი ბიწაძისთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.  

„ვინაიდან ადრე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პირობები დაირღვა, ამიტომ გახდა აუცილებელი უფრო მძიმე აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეფარდება. კანონით დადგენილ ვადებში სასამართლო იმსჯელებს აღნიშნული შუამდგომლობაზე. ამასთან გაცნობებთ, რომ 2011 წლის 26 მაისს ძალოვანი სტრუქტურების ცალკეული წარმომადგენლების მიერ ძალის გადამეტების შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს“, - განაცხადა დავით საყვარელიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომაც ოპერატიულად განიხილა პროკურატურის ახალი შუამდგომლობა და ბადრი ბიწაძეს პატიმრობა უკვე შეეფარდა. როგორც წესი, ასეთ დროს ავტომატურად პირი ძებნილად ცხადდება. ბიწაძის ინტერესს ადვოკატი ლევან სამუშია იცავს. ის მისი კლიენტის უდანაშაულობაში დარწმუნებულია და ბრძოლას აპირებს.

ლევან სამუშია, ადვოკატი:
- არასაპატიმრო აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას რომ მოითხოვდნენ, ამას ბუნებრივია ველოდით. ეს კანონის მოთხოვნაც იყო, მაგრამ თავად ეს საქმე არის აბსურდული და უამრავი პროცესუალური დარღვევაა. საქმის აღძვრის პირველივე დღიდანვე დაირღვა ბატონი ბადრის უფლებები, როცა მას სახაზინო წესით დაუნიშნეს ადვოკატი. არადა,  ოჯახმა თავიდანვე მომმართა და ორდერი გამოწერილი მქონდა, იმ წუთიდანვე ჩავერთე საქმეში.

რა მტკიცებულელები აქვს პროკურატურას ბიწაძის წინააღმდეგ?
- ეს მტკიცებულებები საქმეში ჩართვიდან მესამე დღეს მოვიპოვე.  მერწმუნეთ, არანაირი ვიდეო და ოპერატიული მასალა საქმეში არ მოიპოვება, გარდა გია უჩავას  და მისი რამდენიმე დაკავებული მეგობრის ჩვენებისა. ეს მასალა მთელმა საქართველომ მოისმინა. აცხადებენ, რომ თითქოს ორგანიზებულ ჯგუფში იყვნენ და, რომ უნდა გაეწიათ წინააღმდეგობა პოლიციისთვის ე.წ მოლოტოვის კოქტეილებით, რაგატკებით და აშ.

ხომ არ გასაუბრებიხართ თავად ბადრი ბიწაძეს, როგორია მისი პოზიცია?
- მასთან გასაუბრების საშუალება არ მქონია და არანაირი კონტაქტი არ მაქვს. ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ ამიყვანა ადვოკატად და სწორედ მას ვეკონტაქტები. ოჯახმა თავისი პოზიცია ცალსახად დააფიქსირა. ისინი არანაირი თანხის გადახდას არ აპირებენ და ეს პოზიცია უცვლელია.

როგორც ვიცით, თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე განიხილა ბიწაძის საქმე, რაიმე ალტერნატიული გზა ხომ არ შეთავაზეთ პროკურატურას?
- მე მოვითხოვე ყოველგვარი აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დარჩენილიყო ბადრი ბიწაძე, რადგან არანაირი გარემოებები არ არსებობდა იმისთვის, რომ პატიმრობა შეეფარდებინათ. პატიმრობა უკვე შეეფარდა და ავტომატურად მასზე ძებნა გამოცხადდება. ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ. წინა სასამართლო სხდომა 18 ივლისს არის ჩანიშნული. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენ შევეცდებით ბატონი ბადრი ბიწაძის უდანაშაულობა დამავტკიცოთ, რაც ისედაც ნათელია.

ნინო ბურჯანაძე ესწრებოდა სასამართლო სხდომას?  
- არა, ქალბატონი ნინო პროცესზე არ ყოფილა. მერწმუნეთ, იმ ჩვენების გარდა, სხვა  რაიმე მტკიცებულება საქმეში არ არის.

ბადრი ბიწაძემ საქართველო დატოვა? ან ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ ის ნებაყოფლობით ჩაბარდეს ძალოვნებს?
- არანაირი კონტაქტი მასთან არ მაქვს და ამაზე რაიმე კომენტარს ვერ გავაკეთებ. რაც შეეხება პროკურატურაში გამოცხადებას, ოჯახის წევრების მხრიდან ამაზე საუბარი არ ყოფილა.