გიგი უგულავა – „გასაუმჯობესებელი მიშა“

გიგი უგულავა – „გასაუმჯობესებელი მიშა“

[მერაბ ბრეგაძე]    

საქართველოში პოსტსააკაშვილისეული ეპოქისთვის მზადება უკვე დაწყებულია. პოლიტიკური ოპოზიცია ჯერ საპარლამენტო და შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებზე მმართელი გუნდის სახლში გაშვებას გეგმავს. თუმცა, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ საკითხავია რა შედეგებს მიაღწევს ოპოზიცია.

გულხელდაკრეფილნი, არც ერთი შეხედვით, მონოლითურ სახელისუფლებო გუნდში არიან:

„ქართული ოპოზიცია ანტიმიშას წარმოადგენს, ხალხს კი გაუმჯობესებული მიშა სურს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, გიგი უგულავამ ლატვიაში ვიზიტისას, ადგილობრივ გაზეთ „ტელეგრაფისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ლატვიელი ჟურნალისტი ინტერესდება, როგორ აფასებს გიგი უგულავა საკუთარ შანსებს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რადგან თბილისის მერი საქართველოს პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატად სახელდება.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ამ საკითხზე სხვადასხვა სპეკულაციები არსებობს, ვის წამოაყენებს „ნაციონალური მოძრაობა“ თავის კანდიდატად საპრეზიდენტო არჩევნებზე. თუმცა, როგორც უგულავა აცხადებს, ამ საკითხზე პროგნოზების გაკეთება ჯერ ადრეა:

„ჩვენთვის, ჩემთვის, მიხეილ სააკაშვილისა და პარტიის სხვა ლიდერებისთვის მნიშვნელოვანი ის კი არ არის, სად ვიქნებით ჩვენ 2013-2014 წლებში, არამედ ის, სად იქნება სახელმწიფო. ჩვენი პარტიის საქმიანობას ახლა მოსახლეობის 75-78% მხარს უჭერს მხარს. ადამიანებს აუცილებლად უნდათ იმ კურსის გაგრძელება, რაც მიხეილ სააკაშვილმა აიღო - მიშამ, როგორც მას უწოდებენ. სწორედ ამაშია ჩვენი ოპოზიციის შეცდომა. ის ანტიმიშას წარმოადგენს, ხალხს კი გაუმჯობესებული მიშა სურს“.

უგულავას თქმით, ყველაზე მეტს ქართულ ოპოზიციაში ის „ხმაურობს“, ვისაც საზოგადოებაში ნულოვანი მხარდაჭერა აქვს:

„მთელი ხუთი დღის განმავლობაში, როცა თბილისში აქციები მიმდინარეობდა, საზოგადოებრივი მაუწყებელი ამას პირდაპირ ეთერში გადასცემდა. ჩვენ მომიტინგეებს ქუჩების ბლოკირების საშუალებაც კი მივეცით. თბილისის მერიამ გააკეთა ყველაფერი, რომ ადამიანებს საკუთარი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა ჰქონოდათ. მაგრამ, როცა ეს მოქმედებები ანტიკონსტიტუციური გახდა და ძალადობრივი ხასიათი შეიძინა, მოხდა ის, რაც მოხდა“.

ამ კონტექსტში, შეგახსენებთ უგულავას მიერ 26 მაისის შემდეგ გაკეთებულ „ორპლანიან შეფასებას“, რომ ამ დღეს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი ჰქონდა, თუმცა აქციის დაშლა ლეგიტიმური იყო.

ონლაინ-კონფერენციაზე დედაქალაქის მერმა განმარტა, რომ სამართალდამცველების მხრიდან მომიტინგეების მიმართ ძალის გადამეტება მას შემდეგ მოხდა, რაც მანქანების კოლონა პოლიციელთა ჯგუფში შევარდა და რამდენიმე მათგანი იმსხვერპლა:

„როცა სამართლადამცველებმა დაშლის გადაწყვეტილება მიიღეს, ეს იყო ლეგიტიმური. მაგრამ რა თქმა უნდა, იყო მთელ რიგ შემთხვევებში ძალის გადამეტებაც. ეს განპირობებული იყო იმით, რომ მოხდა ავადსახსენებელი მომენტი, როცა მანქანების კოლონა შევარდა და 10 პოლიციელი წაიქცა. მაშინვე გავრცელდა ერთმანეთში ინფორმაცია, რომ მასობრივად დაიღუპნენ პოლიციელები. მთელ მსოფლიოში ასეა - პოლიცია ყველაზე მძიმედ რეაგირებს პოლიციელის გარდაცვალებაზე. ძალის გადამეტების შემთხვევებიც, დაახლოებით 5-7 წუთი, სწორედ ამის შემდეგ დაფიქსირდა. მინისტრის ჩარევაც კი გახდა საჭირო, რათა ეს ემოციური მუხტი გაჩერებულიყო“.

ამასთან, უგულავამ, მომხდარის თაობაზე სპეციალური კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ თუ აქციის დარბევის ლეგიტიმურობის შემსწავლელი კომისია შეიქმნება, პირველ რიგში, ისიც უნდა შეფასდეს, „თუ რა იყო დაგეგმილი „სახალხო კრების“ მიერ და რა ვერ შესრულდა“.

უგულავას ამ განცხადებას „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე გამოეხმაურა და უგულავა „ბინძურ ტყუილში“ დაადანაშაულა:

„მესმის, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების წინ გიგი უგულავას ქულების ჩაწერა სურს და სწორედ ამიტომ საუბრობს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე. უგულავა ცდილობს, ერთის მხრივ, საპრზიდენტო არჩევნებისთვის ქულები ჩაიწეროს და აცხადებს, რომ ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი, მეორე მხრივ კი არ უნდა, ოპერაციის დამკვეთებთან ურთიერთობა გაიფუჭოს, თუმცა მისი განცხადება, თითქოს პოლიციამ ძალას გადაამეტა მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც გაიგო, რომ ესკორტმა ერთ-ერთი სამართალდამცველი გაიტანა, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან სპეცოპერაცია მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში ვრცელდებოდა.

საინტერესოა, ამ მცირე დროის განმავლობაში როგორ გავრცელდა ინფორმაცია პოლიციელის დაღუპვასთან დაკავშირებით, როგორ მოხდა სხვა სამართალდამცველების და სპეცრაზმის წარმომადგენლების აღშფოთება და როგორ მოესწრო ვითარების განმუხტვაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ჩარევა. ცხადია, ეს ყველაფერი 10 წუთის განმავლობაში ვერ მოხდებოდა.

ინფორმაცია პოლიციელის დაღუპვასთან დაკავშირებით მხოლოდ სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ გავრცელდებოდა. ნათლად ჩანს, რომ უგულავას ეს განცხადება ისეთივე ბინძური ტყუილია, როგორსაც გიგი უგულავა მიჩვეულია“.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე კი, „პრესაგე.ტვ–სთან“ საუბრისას მხოლოდ მიესალმა დედაქალაქის მერის „კრიტიკულ შენიშვნებს“ 26 მაისის დარბევასთან დაკავშირებით:

„მივესალმები, რომ უშუალოდ ხელისუფლების მონაწილე გიგი უგულავამ გარკვეული კრიტიკული შენიშვნები გამოთქვა 26 მაისს ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით. ის, რომ უგულავამ ხელისუფლების იმღამინდელ მოქმედებაში რაღაც ხარვეზი შენიშნა, უკვე პოზიტივია. სავარაუდოა, მომავლისთვის ხელისუფლება შეეცდება, რომ ასეთი ტიპის შეცდომები არ დაუშვას“.

„ნაციონალური მოძრაობის“ ბაზაზე „გაუმჯობესებული მიშას“ შექმნის რესურსი არ არსებობს“, - ასე გამოეხმაურა სააგენტო „პირველთან“ საუბრისას სოსო ცისკარიშვილი გიგი უგულავას განცხადებას: „ოპოზიცია ხალხს „ანტი-მიშას“ სთავაზობს, ხალხს კი „გაუმჯობესებული მიშა“ სჭირდება“.

„თუ, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის უარყოფით ქმედებებს ვიქონიებთ მხედველობაში, ამ შემთხვევაში „ანტი-მიშა“ ოპოზიციისთვის კომპლიმენტად ჟღერს. უგულავას ეს განცხადება მისთვის მმართველი გუნდის მიერ არის ნაკარნახები, სხვა შემთხვევაში მას „ნაციონალური მოძრაობა“ და პირველ რიგში, თავად სააკაშვილი ჩაქოლავდნენ. უგულავას პოლიტიკური გააქტიურება, როგორც წესი, წინასაარჩევნო გააქტიურებად აღიქმება ხოლმე, თუმცა იმის თქმა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საპრეზიდენტო არჩევნებზე უგულავას კანდიდატურას დააყენებს, ჯერ-ჯერობით, ნაადრევია. გააჩნია, რა ხასიათზე გაიღვიძებს მიხეილ სააკაშვილი კანდიდატურის დასახელების დღეს.“