„ვანო მერაბიშვილი სად იქნება, ეს დამოკიდებულია ზურაბ ადეიშვილზე“

„ვანო მერაბიშვილი სად იქნება, ეს დამოკიდებულია ზურაბ ადეიშვილზე“

[ნანა მაისაშვილი]

ივანე (იგივე ვანო) მერაბიშვილი საქართველოს ხერხემალია, - ბრძანა სააკაშვილმა, მეოცნებეები კი ხერხემლის „სქოლიოზზე“ ალაპარაკდნენ და მის გამრუდებას დაელოდნენ. ხერხემალი არ გაიღუნა, შესაბამისად სქოლიოზსაც გადაურჩა და რეანიმაციასაც, პირიქით უფრო გაძლიერდა და დღეს შეიძლება ითქვას, როცა  პოლიციურ სახელმწიფოზე საუბრობენ, ეს ივანე-ვანოს დამსახურებაა.

წლების წინ, ვერავინ წარმოიდგენდა ვანო მერაბიშვილისაგან ძლევამოსილი ადამიანი, მით უფრო, შიშით ზარდამცემი შინაგან საქმეთა მინისტრი დადგებოდა. იგი იყო ერთი ჩუმი, მოკრძალებული ახალგაზრდა, რომელმაც არასამთავრობო სექტორში, მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციაში აიდგა ფეხი.

პირველი და წარმატებული გამოცდა ვანო მერაბიშვილმა სწორედ ამ ასოციაციაში ჩააბარა. სწორედ აქ შედგა პირველი სკანდალი, რომელიც ვანო მერაბიშვილის სახელს და გრანტის სახით გამოყოფილ მილიონებს უკავშირდება. საქმე ისაა, რომ ამერიკული გრანტი მიწის მესაკუთრეთა ასოციაციამ მიიღო, რამაც გააღიზიანა ამ სფეროში მოღვაწე მეცნიერთა დიდი ნაწილი და ისინი გრანტის არამიზნობრივ ხარჯვაზე ალაპარაკდნენ. მეცნიერები მაშინ იმასაც ამბობდნენ რომ მიწის მესაკუთრეთა დაცვის ასოციაციას ეს გრანტი „ჩაწყობით“ გამოუყვეს. დავა საპარლამენტო კომისიის განხილვის საგნად იქცა. მეცნიერებმა პარლამენტს და პროკურატურას მიმართეს. პროკურატურამ გამოძიების დაწყება იმ მოტოვით გადადო, რომ ჯერ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნა უნდა დადებულიყო. ჩაინიშნა კომისიის სხდომა.

პროკურატურაში დღემდე დევს ოფიციალური მასალა, რაც პარლამენტში ჩატარებული კომისიის ჩაშლის საკითხს ეხება. ამ დასკვნით ირკვევა, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ვანო მერაბიშვილი და გიგა ბოკერია შეიჭრნენ,  ბოკერიამ კომისიის წევრებს უცენზურო სიტყვებით აგინა, რასაც დიდი გაწევ-გამოწევა მოყვა. მიუხედავად მომხდარისა პროკურატურამ თავი შეიკავა ხულიგნობის მუხლით საქმის აღძვრაზე და ასე დარჩა ქაღალდზე ფიქსირებული ეს დავა.

დეკლარირებული შემოსავლები

ვანო მერაბიშვილის ქონებრივ დეკლარაციას თუ გადავხედავთ, იგი დაბალანაზღაურებადი დაქირავებული თანამშრომელი არასდროს ყოფილა. მინისტრის რანგში შევსებული მისი პირველი დეკლარაცია 2005 წელს შეივსო. 2005 წლის პირველ სამ თვეში ვანო მერაბიშვილმა როგორც მინისტრმა ხელფასის სახით დაქვითვით ხელზე აიღო 7867 ლარი და 20 თეთრი. ანუ თვეში 2 622 ლარი და 40 თეთრი. ვანო მერაბიშვილის ყველაზე დაბალი ხელფასი უშიშროების საბჭოში ქონდა მდივნის პოსტზე - თვეში 823 ლარი და 75 თეთრი, ხოლო როგორც სახელმწიფო უშიშროების მინისტრს, ხელფასის სახით 2365 ლარს უხდიდნენ. ამ დროს აქვს მას აღებული გრანტი 23 733.

არასამთავრობო სექტორიში მერაბიშვილს წელიწადში 11 340 ლარი აუღია. 2006 წელს მერაბიშვილის ხელფასია 31 468 ლარი, მინისტრის სამივლინებო ხარჯები 2006 წელს 20 132 ლარს შეადგენს. 2007 წელს მერაბიშვილი გამდიდრებას იწყებს და თუ წინა წლებში ხელფასი, შემდეგ ხელფასი და მივლინება ფიქსირდება მის ქონებრივ დეკლარაციაში, 2007 წელს მას სახელმწიფო ხელფასის სახით, 31 662 ლარს, პრემიის სახით კი - 14 080 ლარს უხდის.

ძნელი სათქმელია უკავშირდება თუ არა მიტინგების აგორებას, ან დარბევას მერაბიშვილის პრემია, მაგრამ ფაქტია 2007 წლამდე მინისტრის დეკლარაციაში პრემია არ ფიქსირდება. ამ პერიოდში, შესაბამისად, იზრდება სამივლინებო ხარჯებიც და საქართველოდან გასვლის სიხშირეც. 2007 წელს მერაბიშვილი ქვეყნიდან სულ რვაჯერ გავიდა და საერთო ჯამში 24 699 ლარი მიიღო. დეკლარაციაში არაა მითითებული რომელ ქვეყანაში იქნა მინისტრი მივლინებული.

2005 წლიდან 2006 წლამდე მერაბიშვილს შპს „ბარბთან“ გაფორმებული ქონდა ბინის ქირავნობის 6 ათას დოლარიანი ხელშეკრულება. 2008 წელს ხელფასის სახით მან 40909 ლარი, პრემიის სახით კი - 7955 ლარი მიიღო. ამჯერადაც, საქართელოს საზღვარი რვაჯერ გადაკვეთა და სამივლინებო ხარჯებმა 31 304 ლარი შეადგინა. ბინის ქირავნობის ხელშეკრულება კი იგივე ფირმასთან 4500 დოლარამდე შემცირდა.

2009 წელს მერაბიშვილს პრემია არ აუღია, ხელფასმა კი 49 480 ლარი შეადგინა. მერაბიშვილს მეტ-ნაკლები რაოდენობით ანგარიში გახსნილი აქვს თი-ბი-სი ბანკში, რესპუბლიკა ბანკში, ქართუ ბანკში, საქართველოს ბანკსა და ტაო ბანკში. თანხა სხვადასხვა ანგარიშზე 200 ლარიდან 7 000-მდე მერყეობს. რაც შეეხება უძრავ ქონებას, ყველა დეკლარაციაში ორად ორი სახლია ფიქსირებული თბილისსა და ახალციხეში, მერაბიშვილს აქვს ასევე მიწის ნაკვეთი.

მერაბიშვილმა 2006 წელს საპატრულო პოლიციისაგან 1800 ლარად ღირებული ავტომობილინი „ნივა“ შეიძინა, რაც მომავალ წელს „მერსედეს ბენცით“ შეცვალა.  2009 წლის დეკლარაციის მიხედვით, მერაბიშვილს მანქანა საკუთრებაში აღარ ყავს.

მერაბიშვილის ცოლი, თამარ მერაბიშვილი (ქალიშვილობაში სალაყაია) შეხვედრების კოორდინატორად მუშაობს იმ არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელიც თავის დროზე, ვანო მერაბიშვილმა ჩამოაყალიბა და ხელფასის სახით, სხვადასხვა წელს 10-12 ათასი აქვს წლიურად. ესაა ოფიციალური მონაცემები.

ვანო მერაბიშვილს არაოფიციალურად საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ მინისტრად ასახელებენ და მის ანგარიშზე ბიზნეს ინტერესებსაც ითვლიან. არაოფიციალური ვერსიის გადამოწმება ვარდყვავილოვანი საქართელოს პირობებში ჭირს იმ „უბრალო მიზეზით“, რომ კომენტარს როგორც წესი არავინ აკეთებს. მითუმეტეს, თუ საკითხი ეხება ვანო მერაბიშვილს, უხერხემლო საქართველოს ხერხემალს და, როგორც ოპოზიცია ამბობს სააკაშვილის „სამეფო კარზე, ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურას“. 

ინტერესები

რა წილებს ფლობს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელ ბიზნესს ლობირებს და რატომ შეაქვს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები? ამ თემაზე პრესაგე.ტვ-ს ესაუბრება „ქართული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი სოფიო ხორგუანი:

– ვანო მერაბიშვილს არ სჭირდება დეკლარაციაში ოფიციალურად ქონების შეტანა, იგი ნებისმიერ სურვილს ისრულებს და რას შეიტანს დეკლარაციაში ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. მარტივ მაგალითს გეტყვით: მადნეულის ყოფილი დირექტორის ლობჟანიძის სახლი კვარიათში, რომელიც მისი სიდედრის სახელზე იყო გაფორმებული, იყიდა ფეხბურთელმა ყაველაშვილმა. ადგილზე მისულ ყაველაშვილს სახლი დალუქული დახვდა, რის გამოც მან გააუქმა ხელშეკრულება. უკან დასაბრუნებელი ფული გადაიხადა იმ ავსტრიულმა კომპანიამ, სადაც ლობჟანიძე მუშაობდა. ლობჟანიძე იმ პერიოდში უკვე შვეიცარიის მოქალაქე იყო. საინტერესოა ის ფაქტი, რომ კვარიათის სადაო სახლში და, რომელშიც ავსტრიულმა კომპანიამ გადაიხადა თანხა, ვანო მერაბიშვილი ისვენებს ხოლმე, ოჯახთან ერთად. ხაზგასმით ვამბობ, ეს ხდებოდა იმ დროს, როცა სახლზე დავა მიმდინარეობდა და წესით, დალუქული უნდა ყოფილიყო.

სხვათაშორის ეს ფაქტი პრესაგე.ტვ-სთან ერთ-ერთმა კვარიათელმა ჩვენმა რესპოდენტმა ღიად დაადასტურა, რაც გამოვაქვეყნეთ კიდეც (ქალბატონის გვარი სამწუხაროდ აღარ მახსოვს), ქალბატონი ამბობდა, რომ ადგილობრივებს, როცა შუქი გაუთიშეს, მათ კვარიათში მყოფი ვანო მერაბიშვილი დაეხმარათ.

– წავიკითხე ეს სტატია. ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში არაოფიციალური ქონების და ბიზნესის შესახებ ინფორმაციის მოპოვება ძალიან რთულია. მეტსაც გეტყვით, მეზობლებმა ვინც კი იციან, რომელი ჩინოსანია ამა თუ იმ სახლის მფლობელი, ხმამაღლა ამის თქმას ერიდებიან. მე მესმის მათი, შიშის სინდრომი მოქმედებს. მაგრამ  ვიცი, რომ აბასთუმნის ცენტრში უზარმაზარი სახლის მფლობელი არის ვანო მერაბიშვილი და  ამ სახლის მშენებლობას ვანო მერაბიშვილის სიმამრი აკონტროლებდა. მთელმა აბასთუმანმა იცის, რომ სახლი მერაბიშვილის კუთვნილებაა, თუმცა რთულია იმ დოკუმენტის მოპოვება, ვის სახელზე აქვს მერაბიშვილს ეს სახლი გაფორმებული.

თქვენ გინდათ თქვათ რომ ვინმე ამ დოკუმენტებს მოგცემთ? ეს შეუძლია გააკეთოს მხოლოდ ერთ ჩინოვნიკს - ზურაბ ადეიშვილს! გაბედოს ადეიშვილმა და შეისწავლოს ვანო მერაბიშვილის ფინანსური ინტერესები. გაარკვიოს ვის ურეკავს მერაბიშვილი, რა თემებზე ვის ელაპარაკება. ხომ უსმენენ ყველას? მოუსმინონ ვანო მერაბიშვილს და მის მაღალჩინოსნებს. მოუსმინონ მესხელს, მერაბიშვილს და გაარკვიოს რა ინტერესები აქვს მას „ბათოილში“, რა კონტაქტები აქვს „დილასთან“. 

სამცხე-ჯავახეთი ვანო მერაბიშვილის კონტროლის ქვეშ არის, საკვები პროდუქტების ბიზნესი, ენერგეტიკა. მტკიცებულებები კი, ზურაბ ადეიშვილმა წარმოადგინოს, ეს მისი საქმეა. გაბედოს და დაინტერესდეს ვანო მერაბიშვილის ფინანსური ინტერესებით სხვადასხვა ბიზნესში.

როგორც ჩანს, ადეიშვილს მერაბიშვილისათვის „არ სცალია“, რადგან უმთავრესია ის „კონტრაბანდისტი“ ქალები ჩასვან ციხეში, ვისაც საზღვარზე „ჩულქები“ გადმოაქვს განუბაჟებლად – ვანო მათთან შედარებით „მეწვრილმანეა“...

– ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს რეჟიმი, რომლისთვისაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა ვანო მერაბიშვილია. ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთთან კრიმინალური საქმეებით არიან გადაბმულები. გირგვლიანის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში, პირდაპირ წერია, რომ გამოძიებისათვის ხელი რომ შეეშალათ, სახელმწიფო უწყებები შეხმატკბილებულად მოქმედებდნენ. ამ საქმეში პრეზიდენტის ხელმოწერილი დოკუმეტიც დევს, შეწყალების აქტი, რომლითაც მან გირგვლიანის მკვლელები გაათავისუფლა.

ამ სიებს ვანო მერაბიშვილი, ან ზურაბ ადეიშვილი რომ ადგენს, ეს არა ერთხელ განაცხადა ელენე თევდორაძემ.

– დიახ, ადამიანები, რომლებიც ამ მკვლელობაში მონაწილეობდნენ ყველანი სახელმწიფო უწყებებში მუშაობენ. ეს იყო ყველაზე ნათელი მაგალითი იმისა, რომ დანაშაულის დასაფარად მთელი სახელმწიფო აპატარი მუშაობდა, იმიტომ, რომ ამ საქმეში ფიგურირებდა ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია. რაც შეეხება საკუთრების ხელყოფის შემთხვევებს, მახსენდება სიღნაღის თემა. იმ პერიოდში მე ვიყავი სახალხო დამცველის მოადგილე და შეხება მქონდა იმ მოქალაქეებთან, რომლებიც აიძულეს საკუთარი ქონება ეჩუქებინათ სახელმწიფოსათვის. გაფორმება ხდებოდა პროკურატურაში ნოტარიუსთან ერთად, მაგრამ მოქალაქეებზე ზეწოლას ახორციელებდა - პოლიცია!

ვანო მერაბიშვილის დავალებით?

– საკუთარი ინიციატივით პოლიცია ასეთ „ოპერაციებზე“ არ მიდის და თან არ ამბობენ“ - „შენს ჯიბეში, ან შენი შვილის ჯიბეში ნარკოტიკი აღმოჩნდება, ახლობლებს შეექმნებათ პრობლემები“. გახსოვთ, ალბათ, 7 ნოემბრის აქციის დარბევის წინა დღეებში, კერძოდ, 4 ნოემბერს ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, ახალაიები, გოკა გაბაშვილი და სხვები იყვნენ იმ შეხვედრაზე, სადაც დაიგეგმა აქციის დარბევა, მოქალაქეების დაშინება, ტერორი. ამის შესახებ მაშინ სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა გააკეთა განცხადება, მაგრამ პარლამენტმა არ შეიმჩნია. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ჩინოსნები გადაბმულები არიან ერთმანეთზე, აუცილებლად მოვა დრო, როდესაც ამ ადამიანების პოლიტიკური ინტერესები მსხვერპლს მოითხოვს და რომელიმე მათგანს გაწირავენ. მთავარია, ვინ დაასწრებს. 

ვანო მერაბიშვილის გაწირვასაც გაბედავენ?

– მერაბიშვილი თავის თამაშს ითამაშებს, მას რომ პოლიტიკური ამბიციები გაუჩნდა, ეს უცხო არაა. ზურაბ ადეიშვილიც კი გამოჩნდა, რომელიც მუდმივად ჩრდილში იყო. გახსოვთ როგორი პომპეზურობით ხსნიდა გამჭვირვალე პოლიციის შენობებს ვანო მერაბიშვილი, ამ ბოლო დროს ადეიშვილმა მას მიბაძა და ახლა ყველა ერთად ვართ იმის შემსწრე, თუ როგორ ხსნის ადეიშვილი იუსტიციის სახლებს. ეს არის ერთგვარი მცდელობა ხალხში, მათ მეხსიერებაში დაფიქსირდნენ, როგორც „აღმშენებლები“. თქვენ ეჭვი გეპარებათ, რომ ხელისუფლების გადანაწილებისათვის ბრძოლა მიმდინარეობს? ეს ბრძოლა აუცილებლად მოითხოვს მსხვერპლს.

დღეს არ ვფიქრობ, რომ ადეიშვილს ეყოფა გამბედაობა, პოლიტიკური განაცხადი გააკეთოს, რაც შეეხება მერაბიშვილს, მე ძალიან კარგად მახსოვს მისი ერთი წლის წინანდელი ინტერვიუ, რომელიც რუსულ პრესას მისცა და სადაც პირდაპირ განაცხადა, რომ ქართველები ჩეჩნებს ეხმარებოდნენ და, რომ ევროპელ ჩინოვნიკებს არ უნდა დაუჯერო. ეს იყო მისი პირველი ინტერვიუ როცა საუბრობდა, არა როგორც შს მინისტრი, არამედ როგორც პოლიტიკოსი. ის შეიძლება არ იყოს პრეზიდენტობის კანდიდატი, მაგრამ რატომ არა – პრემიერობის კანდიდატი? და მისი მცდელობები ამ მიმართულებით იქნება.

გიგი უგულავამ ფეისბუქით ჩატარებული პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ პოლიციამ 26 მაისს გადამეტებით გამოიყენა ძალა. არ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ გიგი უგულავა წინასაარჩევნო კამპანიაშია ჩართული? ერთი შეხედვით ეს არის მონოლითური ძალა, როცა საფრთხე არსებობს, მაგრამ, როცა უჩნდებათ განცდა, რომ საფრთხე არ არსებობს, ისინი საკუთარი ძალაუფლებისთვის და საკუთარი პოზიციების გამყარებისთვის იბრძვიან. ინფორმაცია  მაინც ჟონავს, მიუხედავად იმისა, რომ მღერიან „ჩვენ ერთი გუნდი ვართ“. სააკაშვილი ამ დროს ამბობს, რომ იგი არ იქნება „კოჭლი იხვი“, ანუ არ დათმობს პოზიციებს. ასე რომ ვანო მერაბიშვილი სად იქნება, ეს უკვე დამოკიდებულია ზურაბ ადეიშვილზე, თუ ის ჭკვიანია, ექნება მასალები მერაბიშვილის წინააღმდეგ, ისე როგორც მერაბიშვილს ადეიშვილის წინააღმდეგ.

საკუთრების წართმევის ფაქტებს გულისხმობთ?

– თქვენ რომ ამოიღოთ რეესტრიდან შესაბამისი დოკუმენტაცია, ნახავთ, როგორ იცვლება დიდი კომპანიების მფლობელების სახელები და გვარები,  ხელისუფლებაში იმ დროისთვის ყველაზე გავლენიანი ჩინოვნიკის შესაბამისად. „შინხოფერით“ დაწყებული ებრაელების საქმით დამთავრებული, არა ერთი საქმის გახსენება შეიძლება, სადაც ეს ადამიანები საერთაშორისო სკანდალსაც კი არ მოერიდნენ.

სხვათა შორის, სამშენებლო ბიზნესებსაც მერაბიშვილს უკავშირებენ.

– ფაქტია, სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ვანო მერაბიშვილს დაავალა დევნილებისთვის სახლების აშენება. მშენებლობის კურირება შს მინისტრს დაავალო, ამაში ლოგიკა მითხარით.

ფული...

– დიახ, ორი წლის შემდეგ, 25 მილიონია საჭირო ამ სახლების რეაბილიტაციისათვის.

ენერგეტიკის სფეროც მერაბიშვილის ინტერესების სფეროში შედის?

– ნიკა გილაური ვანო მერაბიშვილის კადრია, ამით ყველაფერი ვთქვი ალბათ, ხომ? ის, რომ ვანო მერაბიშვილი საკუთარი ინტერესების დაცვას ცდილობს, ეს ფაქტია. ნახეთ, სისხლის სამართლის კოდექსში რა ცვლილება შედის, პოლიციელები და მათი ოჯახის წევრები ჩვეულებრივ მოქალაქეებთან შედარებით, პრივილეგირებულ მდგომარეობაში უკვე კანონის ძალით აღმოჩნდებიან. ჩვენ გვაქვს ბელგიური კანონები და რეალობა თურქმენული. დღეს ჩვენ მივდივართ იმ გზაზე, კანონებიც თურქმენული გვექნება.  ამ ცვლილებებით, პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივი საქმიანობასთან დაკავშირებით, აგრეთვე მათი ოჯახის წევრების სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ან საკუთრების ხელყოფა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7 დან 20 წლამდე, ან უვადოდ. ეს რას ნიშნავს იცით? თქვენ თუ ვინმეს შეედავებით, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდება პოლიციელის ახლობელი, თქვენ ყველაზე ცოტა, 7 წლით დაგაპატიმრებენ. ესაა გამოძახილი 26 მაისის აქციებისა, ისე როგორც წინა აქციების გამოძახილი იყო 90 დღიანი პატიმრობა.

ანუ ჩვენ რეალურად უკვე კანონის დონეზეც ვხდებით პოლიციური სახელმწიფო, სხვა ცვლილებებზე არ ვლაპარაკობ... ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ ერთი ნიშნით - ვანო მერაბიშვილი ცდილობს კანონებით გაიმყაროს პოზიციები. ის ამბობს - დიახ, რაც მინდა იმას ჩავდებ კანონში და ვერც ვერავინ შემაჩერებს. მხოლოდ სახალხო დამცველის ანგარიში იქნებოდა საკმარისი შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დასაყენებლად, ის რომ უკანონო რეზინის ტყვიები აღმოჩნდა შსს-ს არსენალში, როგორ გგონიათ ეს არ არის საკმარისი მერაბიშვილის პასუხისმგებლობისთვის.

გამოდის მისი დრო არასდროს დადგება და საქართველოს ხერხემალს „სქოლიოზი“ არ ემუქრება.

– ვერ დაგეთანხმებით, ყველა რეჟიმს აქვს საერთო - ის აუცილებლად მთავრდება. და მითიც მერაბიშვილის უძლეველობის შესახებ, ძალიან ადვილად დაიმსხვრევა.