მამუკა კაციტაძე: „რვიანი“ ან მართლა ერთი ბრენდი უნდა იყოს, ან შეწყვიტოს არარსებული პროდუქციის რეკლამირება!“

მამუკა კაციტაძე: „რვიანი“ ან მართლა ერთი ბრენდი უნდა იყოს, ან შეწყვიტოს არარსებული პროდუქციის რეკლამირება!“

[ნინო კომახიძე]  

„რვიანში“ შექმნილ საგანგებო მდგომარეობაზე, რომლის უარყოფასაც დღეს არც მედიის და არც თვით „რვიანის“ მხრიდან, უბრალოდ, აზრი არ აქვს, „ვერსია“ ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ სახესა და მოლაპარაკებების პროცესში ჩაბმულ ლიდერს, მამუკა კაციტაძეს ესაუბრება.

რა ხდება რეალურად „რვიანში“, რა პერსპექტივები აქვს ერთობას, რომლის სიმყიფეზეც მშრალი ფაქტები მეტყველებს და არა ჟურნალისტური ეპითეტები, რა რაოდენობის ფინანსებია საჭირო კონკრეტული პროექტების განსახორციელებლად და შეიძლება თუ არა, „რვიანი“ ახალი ძალით, გნებავთ,  ფენიქსივით აღდგენილი, თანაც უკვე მძლავრ, ერთპარტიულ ვერტიკალში მოგვევლინოს, არის თუ არა შესაძლებელი, ვისაუბროთ გონივრულ ვადებსა და შედეგზე ორიენტირებულ რეალურ გზებზე - ამ და სხვა აქტუალურ კითხვებზე პასუხს მამუკა კაციტაძესთან ინტერვიუში ამოკითხავთ:        

გახსოვთ, ერთმა პოლიტიკოსმა რვიანი დაასამარა და ზედ თაიგულიც დაადო. უკვე ღიად საუბრობენ, რომ მისი სიტყვები აგიცხადდათ და რაც უნდა ამტკიცოთ, ასე არააო, ამის ნიშნებიც სახეზეა. რა ფაზაშია ახლა რვიანი

- თავიდანვე ვიცოდით, რომ ბევრი იყო ჩასაფრებული და ჩვენი ეს შრომა, ასე ვთქვათ, უმადური საქმე იყო. მორალურად, გამაურთლებლად მიმაჩნია ის პარტნიორები და პროცესი აკრიტიკო, რომლის ნაწილიც თავად იყავი. ეს კონკრეტულად „რვიანის“ კუბოში ლურსმნის ჩამჭედებელსა და ზედ გვირგვინის დამდებს ეხება. რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას, მოლაპარაკების დასრულებასა და წერტილის დასმაზე არც ხელისუფლება საუბრობს, არც - „რვიანი“. წერტილის დასმის შემთხვევაში, შედეგი ვერ დადგება, რაც არ გვინდა. მზად ვართ, მოლაპარაკება ნებისმიერ დროს განვაახლოთ, როცა ხელისუფლება მზად იქნება. ზედმეტი ქილიკი და წინმსწრები პროგნოზები იმასთან დაკავშირებით, რომ „რვიანი“ აღარ არსებობს და იგი დაშლილია, მთლად ასე არაა, რადგან ჯერ არც მოლაპარაკებები დასრულებულა.

მთლად დაშლილი არ არის, რას ნიშნავს?

- ნაწილობრივ, დაშლილიც არ არის, „რვიანს“ ამ წუთში არაფერი სჭირს, რადგან ჯერ მოლაპარაკებებია დასასრულებული და, საერთოდაც, გავიხსენოთ, რომ ეს ერთობა ერთ კონკრეტულ თემაზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკების საწარმოებლად შეიქმნა. ამიტომ, სასურველია, მოლაპარაკების დასრულებამდე ეს ერთობა შენარჩუნდეს. რაც შეეხება მითქმა-მოთქმას „რვიანში“ არეულობასთან დაკავშირებით, დაახლოებით, 10 თვის განმავლობაში, რაც „რვიანი“ მუშაობს, თითქმის არ ყოფილა სერიოზული თემა, რაზეც აზრთა სხვადასხვაობა არ გვქონია.

შექმნილმა პოლიტიკურმა სიტუაციამ და ავბედითმა მაისმა, გარკვეულწილად, ახალი ინიციატივებისა და პროცესის ახალ სიბრტყეში გადაყვანის სურვილი გააჩინა. მათ შორის, „რვიანის“ გარკვეულ სუბიექტებშიც. გაჩნდა მოლოდინი, თუ „რვიანი“ მოლაპარაკებებში ვერ აღწევს შედეგს, მაშინ ერთგვარი პოლიტიკური შედეგი მაინც მიიღოს, ანუ, რაღაცნაირად, საფუძველი ჩაუყაროს პოლიტიკურ ბლოკად ქცევასო.

ეს არის ახალი სიბრტყე - „რვიანი ბლოკად უნდა იქცეს? კონკრეტულად, ვის გაუჩნდა ამის სურვილი

- დაკონკრეტების გარეშე ვსაუბრობ, მაგრამ ვადასტურებ - „რვიანის“ გარკვეულ სუბიექტებს ეს მოსაზრება აქვთ. „რვიანში“ და უფრო მეტად ხალხში, გაჩნდა სურვილი, ჩვენი მოქმედების არეალი გავაფართოოთ. „ახლები“ ამაზე არათუ ვსაუბრობდით, არამედ კონკრეტული ნაბიჯები გვაქვს გადადგმული, გაერთიანებული ოპოზიციიდან დაწყებული, ალიანსით დასრულებული და დიდი გამოცდილებაც მივიღეთ. ამიტომ გარკვევით ვამბობთ - ან მარტონი ვიწყებთ საკუთარი საარჩევნო მანქანის მშენებლობას, ან ვისაუბრებთ მხოლოდ მაღალი ტიპის ინტეგრაციაზე, რაც ბლოკსაც აღემატება. თუ „ახლები“ თავს ამ ტიპის ინტეგრაციაში დავინახავთ, მაშინ ეს ძალიან მაღალი ხარისხისა და რანგის ერთობა უნდა იყოს.

ინტეგრაციის მაინც რა ხარისხს გულისხმობთ?

- პარტიას! როცა მე ჩემი პარტიის ბეჭედი მიდევს უჯრაში, სხვას - თავისი და ასეთი უჯრა კიდევ რამდენიმეა, თუნდაც ბლოკურ რეჟიმში, მაინც ხდება შედეგის საკუთარი თავისკენ გადაქაჩვა, აბა, მე რას მოვიგებო, შენ - რასო. ეს პოლიტიკური არითმეტიკა რომ მოიშალოს, ვამბობთ, მოდით, ერთნი ვიყოთ!

ანუ, კონკრეტულად, რას სთავაზობთ რვიანს?

- 2012 წლის არჩევნებისთვის ვემზადებით, როგორც ცალკე პარტია. თუკი არსებობს რაიმე ტიპის შემოთავაზება, რომელიც ღირებულია, ფასეული და ჩვენს პოლიტიკურ ხედვებს ემთხვევა, მზად ვართ, ამ თემაზე მაღალი ინტეგრაციის პირობებში ვისაუბროთ. საუბარია, ან დროებით ერთობაზე, რომელიც ყველამ იცის, რომ მერე იშლება, ან ერთ ვერტიკალზე, სადაც არავინ უყურებს საკუთარ უჯრებში ჩაწყობილ ბეჭდებსა და იმას, პარტიიდან რამდენი წევრი გავიდა საკრებულოში, პარლამენტში და ა.შ. „რვიანში“ ამ რანგის ერთობის საკითხი არ დამდგარა. სამაგიეროდ, დგება კიდევ უფრო დაბალი რანგის გაფართოების პერსპექტივა. საუბარია თემატიკის გაფართოებაზე.

ის მაინც დამიკონკრეტეთ, ამას ვინ გთავაზობთ?

- ვერ დაგიკონკრეტებთ, ეს შიდასამზარეულოა, მაგრამ ასეთი ინიციატივები არსებობს. თუმცა ეს გაფართოება ერთი ვერტიკალისა და მკაცრი დისციპლინის გარეშე ახალი ნიჰილიზმის დათესვის წყარო იქნება. წარმოიდგინეთ, რა მოხდება თემატიკა რომ გაფართოვდეს და სასამართლოზე, პატიმრებზე, მედიასა და სხვა თემებზე ვისაუბროთ. ერთ მშვენიერ დღეს, შემოდგომაზე ამომრჩეველი ადგება და საარჩევნო ყუთთან ძებნას დაგვიწყებს - სად არის „რვიანიო“. ეს მარტო ჩვენთვის კი არა, „რვიანში“ შემავალი ყველა პარტიისთვის მარკეტინგულად წამგებიანია, ამიტომ ან უნდა ვიფიქროთ მართლა ერთი ბრენდის შექმნაზე, ერთი ვერტიკალის ქვეშ მოქცეულ პარტიაზე, ან შევწყვიტოთ არარსებული პროდუქციის რეკლამირება.

„რვიანში“ და საზოგადოებაში კი ნელ-ნელა გაფართოების პროცესის სურვილი ჩნდება და ვფიქრობ, ეს ისეთი ჩათრევა იქნება, სადაც ბოლოს ყველამ შეიძლება თქვას, რა ცუდ ადგილზე აღმოვჩნდიო. ახლა დღის წესრიგში ერთი ვერტიკალის შექმნის საკითხი არ დგას, ეს ფიზიკურად შეუძლებელია. ამიტომ ვამბობ, ყველა სხვა თემა, გარემოს გარდა, ამოვშალოთ, „რვიანი“ დავკეტოთ იმ ჩარჩოში, რასაც მოლაპარაკების განახლების შემთხვევაში ერთ მხარედ ჯდომა ჰქვია და ყველაფერ დანარჩენზე ცალკე პარტიებმა, რაც უნდათ, ის ისაუბრონ.

არადა, იქნებ, სწორედ ეგ ერთი ვერტიკალი იყოს თქვენთვის მომგებიანი?

- მაპატიეთ, მაგრამ ეგ ყველაფერი ჯოხის ერთი აქნევით არ ხდება. როცა პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არსებობს, ე.ი. ბევრია მიზეზი, იგი არ არსებობდეს. „რვიანსაც“ არ გავაფეტიშებდი ზედმეტად საზოგადოებაში.

მთელი ინტერვიუ იმაზე ვსაუბრობთ, რომ რვიანი თემატური ერთობა მხოლოდ არჩევნების გარშემოა, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ სწორედ აქ არ ხართ ერთიანნი. ერთი აქციებს ეწინააღმდეგება, მეორე ერთიანი სამოქალაქო ფრონტის გაშლას, ზოგი თან კრებაშია, თან - არა და ახლა სადარბაზო-სადარბაზო სიარულს აპირებს.   

- აი, ამას გეუბნებით სწორედ. „რვიანმა“ რაშიც სრული თანხვედრა მოახერხა და რაც მისი ერთიანი პოზიციაა, ის მაგიდაზე შეთავაზებების პაკეტის სახით უკვე დაიდო. ყველაფერი დანარჩენი - ქუჩის აქცია, ერთიანი სამოქალაქო ფრონტის გაშლა, სახალხო კრება და სხვა, ის პოზიციებია, რომლებიც „რვიანში“ კონსესუსს არ დაექვემდებარა და ამიტომ გაკეთდა განცხადებები ცალკეული პარტიების მიერ.

ბოდიში, ქუჩაში გამოსვლა გარემოს გაუმჯობესების მოთხოვნითრვიანისთემატიკასთან პირდაპირ კავშირში არაა?

- ჯერ ერთი, თუ ვინმე მეტყვის, დღეს, მაისის შემდეგ, საარჩევნო კოდექსის მეხუთე თავის, 18-ე პუნქტის მესამე მუხლის გამო, ხალხს ქუჩაში დავუძახოთო, ვუპასუხებ, რომ ეს არაპრაგმატული, არამომგებიანი და მოუმზადებელი გადაწყვეტილებაა. ზუსტად ამიტომ ცდება ქუჩის აქციები საარჩევნო თემატიკას.

ბოლო რამდენიმე პასუხის ლოგიკა ისაა, რომ თქვენ და დანარჩენი 7 პარტია რვიანში უკვე იმდენად ჩათრეულები ხართ, ახლა ცდილობთ, ინდივიდუალური მოლაპარაკებებითა და ხალხთანაც პარტიული გასვლით თქვენ-თქვენი ძალები  წამოწიოთ?

- ეგ მომენტი სწორედ დაგიჭერიათ, რადგან როცა ერთი ბრენდი არ არსებობს, იქვეა დაშლის საფრთხეც და მერე ყველა ცდილობს, საკუთარ ბოსტანში რაც შეიძლება მეტი მონაგები შეზიდოს. ამის გამო ვამბობ, დავკეტოთ სხვა თემები, რაც „რვიანის“ მთავარ თემას ხელს უშლის. აქვე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - „რვიანის“ პოზიცია მხოლოდ კონკრეტულ თარიღებში გაკეთებული კონკრეტული განცხადებებია. მეტი რა ვქნა, მოუწოდებ საზოგადოებას, გამიჯნოს „რვიანი“ და მასში შემავალი პარტიები. ოფიციალურად ვაცხადებ, „რვიანის“ ერთიან პოზიციად ჩათვალეთ მხოლოდ ოთხი განცხადება არჩევნებთან და ერთიც - 26 მაისთან დაკავშირებით. დანარჩენი არც ერთი კომენტარი, მათ შორის, არც მამუკა კაციტაძის, არ არის „რვიანის“ პოზიცია. მხოლოდ 23 მარტის, 5 აპრილის, 12 მაისისა და 7 ივნისის გადაწვეტილებები გაკეთდა „რვიანთან“ შეთანხმებულ ფორმატში. 26 მაისს კი ისეთი რამ მოხდა, რომ ამაზე ერთიანი პოზიციის ქონის გამო ვერავინ გაგვაქილიკებს, უთქმელობა გაცილებით საქილიკო იქნებოდა!

მოდით, რვიანის გეგმებზე გადავიდეთ, რაზეც ჯერ არაა კონსესუსი, მაგრამ არის მსჯელობა - 200 000-ტირაჟიანი გაზეთის, ბუკლეტების ბეჭდვა, კარდაკარ სიარული, რეგიონებში გასვლა და ..

- „რვიანის“ პოზიცია ისაა, რაც 7 ივნისის განცხადებაში წერია. შედეგის მიღწევას საერთო-სახალხო გამოკითხვით ვფიქრობთ. იმ განცხადებაში არანაირი „კარდაკარი“ და სადარბაზოები არ წერია. მაგრამ იმას, რასაც ჩვენ ვაპირებთ, ასევე სერიოზული ფინანსები სჭირდება.

რამდენადაც ვიცი, ახლა რვიანის ფინანსური ბაზა ნულის ტოლია.

- სანამ პარტია სუნთქავს, მით უმეტეს - რვა, მაშინ ფინანსური ბაზა ნულის ტოლი ვერ იქნება, მაგრამ სხვა საქმეა, რამდენად საკმარისია ეს ბაზა ჩვენი გეგმების განსახორციელებლად. რაც შეეხება გაზეთებს, ბუკლეტებს, კლიპებსა და ა.შ. ეს იმდენად დიდი ფუფუნებაა, ელემენტარულად, ოფიციალურ განცხადებაშიც კი ვერ ჩავწერეთ.

ეგ თუ ფუფუნებაა, მაშინ მითხარით, რა ღირს საერთო-სახალხო გამოკითხვა, იმის დასამტკიცებლად, რომ თქვენი მხარდაჭერა მხოლოდ 7% არ არის?

- 100 ათასობით ლარი და საამისო ფული ნამდვილად არ გვაქვს. ახლა სწორედ ამ ფინანსების მოძიებაზე ვმუშაობთ, რათა ეს ერთი პროექტი მაინც განხორციელდეს. თუ ამ ფულს ვერ ვიშოვით, მაშინ ვერაფერსაც ვერ ჩავატარებთ. პირდაპირ გეუბნებით, თუ ქართულ ბიზნესსა და საერთაშორისო საზოგადოებას არ დასჭირდება ამ ტიპის პროექტი, მაშინ ყველაფერი მხოლოდ „რვიანის“ სურვილად დარჩება.

დღევანდელი მოცემულობის გათვალისწინებით, არსებული რეალობა სწორედ ესაა. ალტერნატიული გეგმა არ არსებობს?

- ე.ი. ხელისუფლებისთვის ეს იქნება კიდევ უკეთესი დეკლარირება - თუ არ გაქვთ საკმარისი საყრდენი ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებაში, ხელოვნურად ვერაფერს დაეპატრონებით, მათ შორის, ვერც ხელისუფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალადობრივი გზით უნდა წახვიდეთო. არ მინდა!

მაშინ, როგორც სამართლიანმა საქართველომ შემოგთავაზათ, დაიფიცეთ, რომ არ მიიღებთ ამ პირობებში არჩევნებში მონაწილეობას.

- ასე დაწერეთ - მამუკა კაციტაძემ გაიღიმა, როცა ნოღაიდელის პარტიის ნარჩენებისგან ეს შემოთავაზება მიიღო.

მაშინ გაჩეჩილაძის შემოთავაზება მიიღეთ - ციტატას გიკითხავთ: უნდა შედგეს ოპოზიციური ერთობის ნაკრები. ოღონდ, კარში ნუ ჩააყენებთ, შეიძლება, გოლი გაუშვას, ნახტომი არ უვარგა...

- ვერც წარმომიდგენია, რას ნიშნავს პოლიტიკური ნაკრები. ეს არის ერთ სუფრასთან მდოგვი და ტორტი, რაც ერთად, უბრალოდ, არ იჭმევა. ეს დაკვეთა საზოგადოების მხრიდან, გინდა თუ არა, ყველანი ერთად იყავითო, მხოლოდ პოლიტიკური უმწიფრობის დემონსტრირებაა. ასეთ, რბილად რომ ვთქვა, ეკლექტიკურ ნაკრებში, გინდა კარში ჩადექი, გინდა თავდასხმაში და გინდა სათადარიგოთა სკამზე იჯექი. ეს ჩემი და „ახალი მემარჯვენების“ საქმე არ არის. ჩვენ აქ ვერ და არ მოვხვდებით! „რვიანს“ რაც შეეხება, ის პოლიტიკურად დაკეტილია, იგი არ გაფართოვდება, რადგან მიმაჩნია, რომ „გაფართოების მატარებელმა“ კარგა ხანია, ჩაიარა და ეს ჩვენივე შიდაწესის მიხედვითაა ასე.

მოკლე რეზიუმე - რვიანს არ აქვს რესურსი, არ არის შეთანხმებული შედეგის მიღწევის გზებში და არ იშლება?

- დღეს და უახლოესი თვეების განმავლობაში ქუჩის აქციებზე საუბარი მოკლებულია პრაგმატიზმსაც, ნარევია ავანტურიზმთან და უპასუხისმგებლობასთან. თუმცა აქციებს, საბოლოოდ არ ვიღებთ ჩვენი პოლიტიკური არსენალიდან, მაგრამ არც იმას ვამბობ, რომ აგვისტოს 31-მდე ფინანსების ძიებაში ვიქნებით. არადა, ვერც კონკრეტულ ვადებს გისახელებთ. რომ ვიცოდე, ზეგ ვიღაც ქეისით ჩამოვა და „რვიანს“ ფულს ჩამოუტანს-მეთქი, გეტყოდით, მაგრამ ასე არაა. ცხადია, არც ეს ლოდინი გაგრძელდება უკიდეგანოდ. თუ „რვიანს“ საჭირო თანხას მოუტანენ, ერთი თვის განმავლობაში მილიონი ხელმოწერა დაიდება.

სიტყვაზე ვამბობ, ლეგალურ ფულს ხვალვე თუ მოგვიტანს მერაბიშვილი, ამ ფულს „რვიანს“ წარვუდგენ და პროექტს განვახორციელებთ. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, უპირატესობას ვანიჭებთ შედეგის მიღწევას და ამისთვის გამოვიყენებთ ყველა რესურსსა და, განსაკუთრებით, ინდივიდუალურ საშუალებას.