აშშ–ს საელჩო ხაინდრავას ბრალდებებზე კომენტარისგან თავს იკავებს

აშშ–ს საელჩო ხაინდრავას ბრალდებებზე კომენტარისგან თავს იკავებს

[მერაბ ბრეგაძე]

გოგა ხაინდრავა აშშ–ს ელჩ ჯონ ბასს „საქართველოს დატოვებისკენ“ მოუწოდებს. ელჩის მისამართით გავრცელებულ მიმართვაში ნათქვამია, რომ „26 მაისის შემდეგ, ელჩს ამ ქვეყანაში ყოფნის მორალური უფლება არ აქვს“:

„ბატონო ბას! თქვენ უნდა დატოვოთ ეს ქვეყანა! უნდა დატოვოთ თუნდაც იმიტომ, რომ თქვენი მხარდაჭერით გაგულისებულმა ავაზაკების კრებულმა, სისხლში ჩაახშო პატიოსანი ქართველი კაცების და ქალების წადილი, იცხოვრონ სამართლიან სახელმწიფოში.

ჩვენ ბევრი რამის პატიება შეგვიძლია სტუმრისთვის, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს. ამ აღვირახსნილ ძალადობას, უსამართლობას, უკანონობას საქართველოში თქვენი ფავორიტი სააკაშვილი განასახიერებს. თქვენ პირადად, უკვე დაკარგეთ ღირსება და ნუღარ დაუკარგავთ მას თქვენ ქვეყანას“.

გოგა ხაინდრავა აღნიშნავს, რომ ამერიკას „ცხვრის ტყავში გამოწყობილი მგლის როლი აქვს“: „ცხვრებივით მიერეკებით ათასობით გაჭირვებაში მყოფ ქართველს სასაკლაოზე, რომელსაც დემოკრატიისთვის ბრძოლის ასპარეზად ასაღებთ, უფრო სწორად, ცდილობთ გაასაღოთ. მოწმენი ვართ თქვენებური „დემოკრატიის“, მისი ნაყოფის საქართველოში!

ორივე ქვეყნის ხელისუფალთ გაწყობთ ამ ტერიტორიაზე უპრინციპო, უმორალო, გარყვნილი, პირად ვნებებსა და კეთილდღეობას დახარბებული გუნდის ძალაუფლებაში ყოფნა! იმიტომაც იცავთ ასე გულმოდგინედ. ისინი ხომ ნებისმიერ თქვენს სურვილს აღასრულებენ! 26 მაისის შემდეგ, თქვენ ამ ქვეყანაში ყოფნის მორალური უფლება არ გაქვთ! ამას ჩვენ გეუბნებით, მასპინძლები. კეთილი ინებეთ, მოიქეცით ისე, როგორც ეს სტუმარს შეჰფერის“.

ჯონ ბასის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით ამერიკის საელჩო კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს. როგორც „პირWელს“ საელჩოში განუცხადეს, „ამ ეტაპზე საელჩო რაიმე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს“.

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჯონ ბასს ქვეყნის დატოვება ერთდროულად რამდენიმე ოპოზიციონერმა მოსთხოვა. ამასთან, მსგავსი მოთხოვნით მას მერაბ ბერძენიშვილმა და „ლეიბორისტულმა პარტიამ“ მიმართეს.

თავის მხრივ, ელჩმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ „შეერთებული შტატები გამოხატვის უფლებას მხარს უჭერს, მაგრამ ხელისუფლებას წესრიგის შენარჩუნების პასუხისმგებლობა აქვს“.

ამავდროულად ბასმა ხელისუფლებას პოლიციელთა მიერ 26 მაისს რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლისას ძალის გადამეტების ფაქტების გამოძიებისკენ მოუწოდა. ამერიკის ელჩმა ოპოზიციის ბრალდებებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ მისი სიტყვები ოპოზიციამ დაამახინჯა.

ბასის განცხადებით, მისი „პირველი რეაქცია 26 მაისის პროტესტთან დაკავშირებით - დაბალანსებული, ხოლო ბრალდებები უსაფუძვლო იყო“: 

„მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ პროტესტის გამომხატველთა ჯგუფებში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც კონფრონტაციასა და ძალადობის გამოწვევით არიან დაინტერესებულნი“.

აშშ–ს ელჩისადმი ხმაურიან მიმართვას, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში სუსტი გამოხმაურება მოჰყვა. „მემარჯვენე“ მამუკა კაციტაძე გოგა ხაინდრავას „თავისუფალ ფორვარდად“ აფასებს, „რომელსაც პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს“:

„პოლიტიკოსი პოლიტიკურ პარტიაში მყოფი ვიცი, პოლიტიკის ასპარეზის თავისუფალი ფორვარდები კი მსგავს განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ, რადგან ეს ღიმილისმომგვრელია“.

ბასის მიმართ პოლიტიკურ ბრალდებებს, ავტორიტეტული ამერიკული მედია უკვე გამოეხმაურა: 

„საქართველოში გადახურებული პოლიტიკური ოპოზიცია ქვეყნიდან აშშ-ს ელჩის ჯონ ბასის გაძევებას ითხოვს“, – ასე იწყებს სტატიას გამოცემა The Washington Times .

 ჟურნალისტი ჯეიმს მორისონი წერს, რომ ოპოზიციის ნაწილი ბასს იმ ხელისუფლების მხარდაჭერაში ადანაშაულებს, რომელმაც რადიკალური ოპოზიციის პროტესტი გასულ თვეში ჩაახშო.

„ბატონო ბას, თქვენ უნდა დატოვოთ ჩვენი ქვეყანა, თქვენ უნდა წახვიდეთ საქართველოდან იმიტომ, რომ თქვენს მიერ შეგულიანებულმა დამნაშავეთა ჯგუფმა ქვეყნის მოსახლეობის ნაწილის სურვილი ჩაახშო, ეცხოვრათ სამართლიან ქვეყანაში. თქვენ ღირსება უკვე დაკარგეთ და გთხოვთ, არც თქვენ ქვეყანას დაუკარგოთ ის“, – გამოცემა გოგა ხაინდრავას განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც The Washington Times  რატომღაც „გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერად“ მოიხსენიებს.

ჯეიმს მორისონი წერს, რომ ბასმა მრავალჯერ განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას, ამასთან, ხელისუფლება პასუხისმგებელია დაიცვას კანონი. მან ასევე მოუწოდა, გამოძიებულ იქნას საქმეები იმ ბრალდებების საფუძველზე, რომ პოლიციამ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის დროს ძალას გადაამეტა.

„ბატონმა ხაინდრავამ ბრალი პრეზიდენტ სააკაშვილსაც დადო და „ძალადობაში, უსამართლობასა და უკანონობაში დაადანაშაულა, ბატონმა სააკაშვილმა კი ბრალდებებს ბრალდებებით უპასუხა, რომ ოპოზიცია მის ჩამოგდებას და ქვეყანაში პრორუსული რეჟიმის დამყარებას ცდილობდა“, – წერს The Washington Times.