სომხების პატრიარქის ისტორიულ ვიზიტს „უშედეგოდ“ მიიჩნევენ

სომხების პატრიარქის ისტორიულ ვიზიტს „უშედეგოდ“ მიიჩნევენ

[მერაბ ბრეგაძე] 

გარეგინ მეორის ვიზიტი ისე დასრულდა, რომ  საქართველოსა და სომხეთის ეკლესიებს შორის ერთობლივი კომუნიკე არ გაფორმებულა. როგორც „პირWელს“ საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარემ, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) განუცხადა: „ამ მიმართულებით მუშაობა და პოზიციების შეჯერება გაგრძელდება“.

ამასთან, საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე უარყოფს, რომ კომიუნიკეს ხელმოწერაზე უარი სომხურმა მხარემ განაცხადა და აღნიშნავს, რომ პოზიციები ორივე მხარემ უნდა შეაჯეროს.

ეკლესიების მეთაურების მიერ ერთობლივი კომიუნიკეს მიღება გარეგინ მეორეს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში იგეგმებოდა.

სომხური მედიის ინფორმაციით, მისაღები კომუნიკეს ტექსტში აღნიშნული იყო, რომ „ორ ეკლესიას შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის, რაც საქართველოში სომხეთის სამოციქულო ეკლესიისა და სომხეთში საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თანასწორ იურიდიულ სტატუსს განსაზღვრას, ასევე პარიტეტულ საფუძვლებზე საქართველოში სომხური (გრიგორიანული) და სომხეთში ქართული (დიოფიზეტური) ეკლესიების გახსნის ხელშეწყობას გულისხმობს და ამ საკითხების გადაწყვეტის მიზნით საჭიროა, ორმხრივი ეკლესიათაშორისი კომისია შეიქმნას“.

აღსანიშნავია, რომ გარეგინ მეორემ საქართველოს პატრიარქთან შეხვედრაზე ვააგნ ჩახალიანის პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი დააყენა. ამის შესახებ გარეგინ მეორემ ახალქალაქში ჩახალიანის მშობლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, იგი უკვე ინფორმირებულია პრობლემის შესახებ და ჩახალიანის გათავისუფლების საკითხი ილია მეორესთან შეხვედრაზეც დააყენა. ვააგნ ჩახალიანი 3 წლის წინ დააკავეს, მას თავისუფლების ათი წლით აღკვეთა აქვს მისჯილი.

საქართველოში ვიზიტის წინ გარეგინ მეორეს 1200-ზე მეტმა ჯავახელმა სომეხმა პეტიციით მიმართა, რომელიც საქართველოს სასულიერო და საერო ხელმძღვანელებთან შეხვედრებზე ვააგნ ჩახალიანის საკითხის შესახებ თხოვნას შეიცავდა.

საქართველოში დაურეგისტრირებული სომხური პარტია „ვირქის“ ლიდერ დავით რსტაკიანის განცხადებით, „სრულიად სომხეთის კათოლიკოსს გარეგინ მეორეს წარმოდგენა არ აქვს იმაზე, რა ხდება ჯავახეთში.

როგორც რსტაკიანმა NEWS.am-თან საუბარში განაცხადა, ადამიანები, რომლებიც კათოლიკოსს საქართველოში ვიზიტის დროს ახლდნენ, გარეგინ მეორეს არანაირ ინფორმაციას არ აწვდიან და ალბათ, სწორედ ამის გამო არიან ამ დრომდე მის გვერდით.

„14 ივნისს ახალქალაში გარეგინ მეორეს ვიზიტთან დაკავშირებულ ღონისძიებებში პირადად ვმონაწილეობდი. იგი დაცვის სამი კორდონით იყო გარშემორტყმული, ისე, რომ კათოლიკოსამდე უბრალოდ ვერ მიაღწევდი. თავად გარეგინ მეორე ჯავახეთის მოსახლეობა არ გასაუბრებია, მისი თანამგზავრები კი როგორც ჩანს, მხოლოდ იმას უყვებიან, როგორი კარგი და კეთილია საქართველოს ხელისუფლება...

ქართველებმა ეს მდგომარეობა კარგად გამოიყენეს და ძალიან დიპლომატიურად აუარეს გვერდი მაგალითად, ეკლესიის სტატუსის საკითხს", - განაცხადა რსტაკიანმა და აქვე დასძინა - „აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჯავახკის ხალხი კატეგორიულად უკმაყოფილოა რეგიონში ხელისუფლებისა და პირადად მიხეილ სააკაშვილის პოზიციით. მათ, ვისაც დასაკარგი უკვე აღარაფერი აქვთ და კათოლიკოსისთვის სიმართლის თქმას მოინდომებს, მასთან უბრალოდ არ მიუშვებენ, დანარჩენებს კი საკუთარი ტყავი ძვირად უღირთ“.

გარეგინ მეორის ვიზიტს მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რადიო „ამერიკის ხმა“ სრულიად სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ მეორეს ისტორიულ ვიზიტს საქართველოში უშედეგოდ მიიჩნევს.

როგორც „ამერიკის ხმის“ ქართული სამსახური იუწყება, „ვიზიტისას სომეხთა კათოლიკოსმა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე ტაძრის გადაცემის საკითხი დააყენა, რომლებსაც სომხეთის გრიგორიანული ეკლესია მის საკუთრებად მიიჩნევს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კი საპასუხოდ განაცხადა, რომ არსებული უთანხმოება მეცნიერებით დაკომპლექტებულმა კომისიამ უნდა შეისწავლოს“.

„ამერიკის ხმა“ აღნიშნავს, რომ „გარეგინ მეორემ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას საქართველოში სომხეთის ეკლესიისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭების საკითხიც დააყენა, რის საპასუხოდაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სომეხთა კათოლიკოსს ზუსტად ანალოგიური მოთხოვნები წაუყენა“.

აღსანიშნავია, რომ იმ ექვსი ეკლესიიდან, რომელთა დაბრუნებასაც სომხური ეკლესია ითხოვს, ხუთი - „სურბ-ასტვაცაცინი“, „სურბ-მინასი“, „სურბ-ნშანი“, „ნორაშენი“ და „სურბ-გევორქი“ თბილისში მდებარეობს, ერთი - „სურბ-ნშანი“ კი - ახალციხეში.

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია, თავის მხრივ, პრეტენზიას სომხეთის ტერიტორიაზე არსებულ ახტალის, ხუჯაბის და ქობაირის ტაძრებზე, ასევე ლორეში მდებარე რამდენიმე ეკლესიაზე აცხადებს.

სწორედ ამის გამო 2003 წელს საქართველოს წმიდა სინოდის განჩინებით, ბოლნისისა და დმანისის ეპარქია ბოლნისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიად გარდაიქმნა, რასაც სომხეთში დიდი ხმაური მოჰყვა.

ეჩმიაძინი სომხეთის ტერიტორიაზე ქართული ტაძრების არსებობას დღემდე კატეგორიულად უარყოფს და მათ სომხურ-ქალკედონურ ტაძრებს უწოდებს. 2008 წელს სომხურმა ეკლესიამ ქართულ-სომხური ერთობლივი კომისიის შექმნის მცდელობა ერთხელ უკვე ჩაშალა.

აღსანიშნავია ასევე, რომ გარეგინ მეორემ თბილისში ყოფნისას ერთ-ერთი სადავო ეკლესია მოინახულა, თუმცა ჯავახეთში არსებული სეპარატისტული ჯგუფების „ვირქისა“ და „ჯავახკის“ არაერთი მიმართვის მიუხედავად, სადავო ეკლესია ახალციხეში მდებარე „სურბ-ნშანი“ არ მოინახულა და საქართველო უკვე დატოვა.

სრულიად სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ მეორე საქართველოს 10-15 ივნისს სტუმრობდა.