„ფსიქიატრებო, მთელი ქვეყნისა შეერთდით“

„ფსიქიატრებო, მთელი ქვეყნისა შეერთდით“

[მანანა ნოზაძე]

26 მაისის შემდეგ როგორი იქნება „რვიანის“ პერსპექტივა, რაც საზოგადოებასთან დაახლოებასა და საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლაში ხალხის ჩართვას გულისხმობს? ამის შესახებ პრესაგე.ტვ. ექსპერტებსა და პოლიტიკურ ლიდერებს ესაუბრა.     

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე „რვიანის“ მოლაპარაკებებში გამოსავალს ვერ ხედავს. როგორც მან პრესაგე.ტვ-სთან აღნიშნა, „რვიანის“ გზა ამაო მცდელობაა.

ოპოზიციური „რვიანი“ ხელისუფლებასთან ბრძოლას მარტო არ აპირებს და საარჩევნო გარემოს შეცვლაში საზოგადოების ჩართვის წინადადებით გამოდის. მათი ეს მცდელობა შედეგის მომტანი იქნება?
– უკაცრავად, რომელი საზოგადოების ჩართვას აპირებენ? ხარისხიანი საზოგადოების? ჩვენ, უხარისხო საზოგადოება, ამ ბრძოლაში უკვე დიდი ხანია, ჩართული ვართ.

„რვიანის“ მოლაპარაკებებში აზრს ვერ ხედავთ?

– ეს ხელისუფლება საარჩევნო გარემოს არ გააუმჯობესებს. „რვიანის“ წევრებმა მითხრან, წელიწადნახევარში რას მიაღწიეს? ხელისუფლების მიერ დათმობილი ერთი ნაბიჯი მაინც დამისახელონ?

 „რვიანი“ აცხადებს, რომ დასავლეთი მათ გზას თანაუგრძნობს.

– არ მაინტერესებს, „რვიანი“ რას აცხადებს. დასავლეთი ბურჯანაძეს რომ თანაუგრძნობდა, ის თანაგრძნობა არ დაესიზმრება მთელ „რვიანს“, ერთად აღებულს, მაგრამ უნდა იდგე შენი ხალხის გვერდით.

კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი მიიჩნევს, რომ ქართული საზოგადოება ჩიხშია შესული. ამდენად, ხალხს ხელისუფლების ჩამოშორების არცერთი გზის იმედი არ აქვს.

„რვიანში“ შემავალი ცალკეული პარტიები ქუჩის აქციებს არ გამორიცხავენ. ამართლებთ ამ გზას? ესეც  საზოგადოებასთან კიდევ უფრო დაახლოების მიზნით კეთდება?

– მშვიდობიანი ქუჩის აქცია ადამიანთა უფლებაა. „რვიანის“ ხაზი, რომელიც მათ აირჩიეს, გარკვეული გაბათილებაა იმ სიტუაციის, როცა ხელისუფლება ეუბნებოდა მთელ მსოფლიოს, რომ მას საქმე ჰქონდა არაკონსტრუქციულ ოპოზიციასთან, რომელსაც არანაირი საყრდენი, პლატფორმა არ გააჩნდა და სწორედ ამიტომ გაურბოდა დიალოგს. რადიკალური ოპოზიციის აქციები შეიძლება იყოს იმისკენ მიმართული, რომ მაპროვოცირებელი ხასიათი მოიპოვოს. შესაძლოა, ხალხთა ჯგუფი შეგნებულად წავიდეს იმაზე, რომ დაარბევინონ თავი, მაგრამ ყველა შემთხვევაში, სახელმწიფოს რეაქცია ძალზე გამოზომილი უნდა იყოს. ჩვენ კი პირიქით ვნახეთ, 26-ში მოაწყეს ვანდალური სადამსჯელო აქცია. 

ხშირად საზოგადოებისთვის გაუგებარია, ასეთი დარბევის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოება რატომ არ არის მეტად კრიტიკული?

– ჯერჯერობით, გარკვეული პრობლემა არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა კლიშეების საფუძველზე მოქმედებს. ერთ-ერთი კლიშე მდგომარებს იმაში, რომ ეს გახლავთ რეფორმატორი დემოკრატი ხელისუფლება, რომელიც რეფორმებს რთულ ვითარებაში ატარებს, ჩამოუყალიბებელი, ჩამორჩენილი საზოგადოებისა და ხელმოცარული, სუსტი ოპოზიციის პირობებში. ამიტომ ამ ხელისუფლებას ჩვენ უნდა ვაცალოთ საქმის კეთება. სინამდვილეში, საქმე სულ სხვაგვარადაა. კერძოდ, ოპოზიცია ხელოვნურად მარგინალიზებულია. აქ ყველანაირი ოპოზიცია იგულისხმება, მათ შორის, კონსტრუქციულიც. თქვენ თუ გგონიათ, კონსტრუქციულ ოპოზიციას ხელისუფლება სხვანაირად აჩვენებს მსოფლიოს წინაშე, შემცდარხართ. ეს არის ყველანაირი ოპოზიციის მარგინალიზაცია. მეტსაც ვიტყოდი, ყოველგვარი განსხვავებული აზრის მარგინალიზაცია. 26 მაისის გამოსვლებთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან ასეთი მკაცრი რეაქცია ქულების ჩამწერი არ ყოფილა, მაგრამ ის იყო  მთლიანად შიდა აუდიტორიისთვის გამიზნული. სურდათ, საზოგადოებაში დამაშინებელი ფონის შექმნა და ამას გარკვეულწილად, მიაღწიეს.

მაგრამ ხალხი საპროტესტოდ მესამე დღესაც ხომ გავიდა?

– კი ბატონო, მაგრამ ერთია პოლიციის ქმედების გამო პროტესტის გამოსახატად გამოსვლა, და მეორეა, პოლიტიკური ცვლილებებისთვის ოპოზიციური ძალის მხარდაჭერა. ამის უფრო შეეშინდება ხალხს, ვიდრე პროტესტის გამოხატვის.  პროტესტის გამოხატვა არის მინიმუმი, რომელიც ნორმალურ საზოგადოებაში უნდა ხდებოდეს.

ბოლო დროს ნინო ბურჯანაძემ არაერთგზის უსაყვედურა ოპოზიციურ პარტიებს, რომ მათ 26 მაისს ქართველი ხალხი მიატოვეს, თორემ შედეგი ტრაგიკული არ იქნებოდა. რეალურად, პოლიტიკური პარტიები რომ დაჰყოლოდნენ ნინო ბურჯანაძის მოწოდებას და შეერთებოდნენ, შედეგზე აისახებოდა?

- ასე არ მოხდებოდა და, იცით, რატომ? საერთოდ, მე ვთვლი, რომ ბურჯანაძის მოწოდებებს ხალხის მასობრივი მხარდაჭერა არ ექნებოდა. შესაბამისად, ვერ გაიმარჯვებდნენ. ყველას გვესმის, რომ ამ ვითარებაში ქუჩიდან ძალაუფლების შეცვლა და მოპოვება შეუძლებელია.

თუ არც მრგვალი მაგიდის ირგვლივ არაფერი გამოდის და არც რევოლუციაშია ხსნა, გამოსავალი ხომ უნდა არსებობდეს?

– გამოსავალი იმაში მდგომარეობს, რომ ძალა უნდა მოიკრიბონ მათ, რომლებიც თვლიან, რომ ცვლილება უნდა მოხდეს და მათ შეუძლიათ ამ ცვლილებების მშვიდობიანად მიღწევა. ამავე დროს, მოსახლეობა უნდა გააქტიურდეს იმ მოთხოვნებით, რომ, როცა ადამიანი თავის პოზიციას გამოხატავს, სახელმწიფო აღარ იყოს გამოყენებული, როგორც დამთრგუნველი, შემაშინებელი. ხალხს უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ ის დაცულია იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოფიციალურ ხაზს არ ეთანხმება. არჩევნების წინ ცოტა დრო კიდევაა დარჩენილი და ამის მოგვარება შეიძლება.

როგორ გგონიათ, მაისის ცხელ დღეებში ნინო ბურჯანაძეს რისი მცდელობა ჰქონდა?
– ეს იყო კატალიზატორის როლის თამაშის მცდელობა. ანუ ის, რომ დაარბევდნენ და გამოჩნდებოდა, როგორ ტოტალური და ვანდალურია ეს ხელისუფლება. ან კიდევ, თუ არ დაარბევდნენ, მაშინ მომდევნო მიტინგზე უფრო მეტი ხალხი გამოვიდოდა.

სწორედ ეს იყო პოლიტიკური აქტივობა, როცა პოლიტიკოსი თვლის, რომ რაღაცაში უნდა გამოხატოს საკუთარი თავი, მაგრამ, ამავე დროს, ეს არის ადამიანების საფრთხეში ჩაგდება. ჯერჯერობით, ჩვენი ხალხი ნებისმიერი ცვლილების მიღწევის მიმართულებით ძალიან უარყოფითად არის განწყობილი. ეს ერთნაირად ეხება არა მხოლოდ ქუჩიდან რაღაცის მიღწევის, არამედ არჩევნების გზით მიღწევასაც. ანუ ეს არის ჩიხში შესული ხალხი.

თუ ჩიხში შესული ხალხი „რვიანის“ მომხრეც არაა, მაინც ხედავთ გამოსავალს?

– რჩება ის, რომ უნდა ჩამოყალიბდეს საზოგადოება და ოპოზიცია, რაც დროში გაწელვადია, მაგრამ დავით უსუფაშვილის ბოლოდროინდელი პოზიცია გაცილებით აქტიური ჩანდა, ვიდრე წინა პერიოდში. ნელ-ნელა აქტიურდებიან, ამ გზით თუ ვიარეთ, შეიძლება, კიდევ ველოდოთ საზოგადოებრივ ცვლილებებს.

26 მაისის შემდეგ ხელისუფლება ადამიანების გაღიზიანებას ხომ არ ცდილობს? კინოთეატრ „რუსთაველში“, სადაც ტრაგიკული ფაქტები ხდებოდა, ძველი  ვარკვლავების მონაწილეობით კინოჩვენება საზეიმოდ გამართეს.

– რა თქმა უნდა. იმ ფონზე, რაც ხდება ქვეყანაში, ხელისუფლება აჩვენებს საზოგადოებას, რომ მას არ აინტერსებს, ხალხი რას ფიქრობს. ჰოლივუდის ვარსკვლავების ჩამოყვანა, რაც ვიცით, რომ უფასოდ არ ხდება, ძალიან სოლიდური ფული დაჯდა.

ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის აზრით, გაძვალტყავებულ, მშიერ მოსახლეობას სწრაფი ცვლილებები ურჩევნია, ისე, რომ არ აინტერესებს, რა არის რეალისტური ცვლილებები.   

საარჩევნო ბრძოლაში საზოგადოების ჩართვის მხრივ ოპოზიციური „რვიანის“ გადაწყვეტილება შედეგიანი იქნება?

– თუ იქიდან გამოვალთ, რომ „არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს“, ვფიქრობ, საარჩევნო გარემოს დახვეწის გზით ხელისუფლების შეცვლის იდეა მეტ მხარდამჭერს მიიზიდავს.

პერიოდულად ოპოზიციურ სპექტრში  გაერთიანების მოწოდებები გაისმის. სულ ბოლოს, ლევან გაჩეჩილაძემ სრულიად ოპოზიციურ სპექტრს გაერთიანება შესთავაზა. რადიკალებისა და კონსტრუქციული ოპოზიციის გაერთიანება ეფექტურად მიგაჩნიათ?

– ვთვლი, რომ ამ ეტაპზე უფრო ეფექტური იქნებოდა, სხვადასხვა საკითხებზე რამდენიმე სქემატური გაერთიანება და  საერთო მიზნისთვის ამ გაერთიანებათა კოორდინირებული საქმიანობა. წარმოუდგენელია, პოლიტიკური პარტიების სახით ასობით სუბიექტი ერთ ქმედებაზე შეთანხმდეს. ეს ბევრად უფრო ხანგრძლივი და ძნელადმისაღწევი იქნება, ვიდრე რამდენიმე პარტიის თემატური გაერთიანება. ამასთან, ერთი და იგივე პარტია შეიძლება რამდენიმე თემატურ გაერთიანებაში აღმოჩნდეს. ეს უფრო მოქნილი სისტემა იქნება. მაშინ, როდესაც საზოგადოებას აქვს არჩევანი რევოლუციურ და არარევოლუციურ ფორმებს შორის, გაძვალტყავებულ-გაღატაკებულ, მშიერ მოსახლეობას, საკუთარი აგრესიულობიდან გამომდინარე, ყოველთვის ურჩევნია სწრაფი და რევოლუციური ცვლილებები.

ხალხი აღარ აანალიზებს, რამდენად რეალისტურია ასეთი ცვლილება. ჩვენში დაეცა სამოქალაქო კულტურა, პარტიული კულტურა, მაგრამ ყველაზე ცუდია, რომ მეობის სტანდარტი დაეცა ჩვენს საზოგადოებაში. ის, რაც ადრე იყო სირცხვილი, დღეს აღარ ითვლება სირცხვილად. ის კი არა, ტერმინი „უხერხულია“ აღარ არის ქართულ ლექსიკაში და იგი „მინდამ“ შეცვალა. როცა ზეობს პრინციპი „სხვისი ჭირი – ღობეს ჩხირი“, უსამართლობასთან შეჯახებული ადამიანის პირველი რეაქცია თვითიზოლაცია გახლავთ. როდესაც დარწმუნდება საზოგადოება, რომ თვითიზოლაცია არ არის სანდო თავშესაფარი და სწორედაც ძალა ერთობაშია, მაშინ მივაღწევთ მიზანს. სხვადასხვა ბრძნული გამონათქვამის შინაარსი ეშლებათ ხოლმე. რადგან რუსთაველმა ბრძანა – შიში შეიქმს სიყვარულსაო, ზოგიერთებს ჰგონიათ, ვანოს დაშინებული ხალხიც ვანოს სიყვარულისგან გაგიჟდება. ვერ ხვდებიან, რომ  ხელისუფლების მიერ დანერგილ შიშს ზიზღისა და სიძულვილის მოტანა შეუძლია. ხოლო სიძულვილის მორევს, არაერთი ისტორიული ფაქტის თანახმად, ბევრად უფრო ძლიერი ტოტალური სისტემის შთანთქმა ძალუძს.

26 მაისის შეფასებებში ხელისუფლება თუ ოპოზიცია საკუთარ სიმართლეს ამტკიცებს.

– ყველაფერი, რაც მათ ხელისუფლებაში დარჩენას დასჭირდება, მათთვის მისაღებია. ასეთი იდეოლოგია დიამეტრიულად ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს. უზნეობაა ის, რასაც 26 მაისის ღამის ფაქტების შეფასებისას ვისმენთ. უმრავლესობა ჰქვიათ იმ ადამიანებს, რომლებიც უტიფრად ლაპარაკობენ. როდესაც ქართული ეგზიტპოლოგიის დოქტორი გია ნოდია ბრძანებს, რომ 26 მაისს მომხდარი თურმე სახელმწიფოში პერიოდულად საჭიროა, როდესაც სპეცნაზის „ომბუდსმენი“ ლაშა თორდია პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს, რასაკვირველია, ესეც სახელმწიფო უზნეობის გამოხატულებაა. ამაზეა დაფუძნებული საკადრო პოლიტიკაც. 

სააკაშვილი და ბენდუქიძე ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში აქციების დრო დასრულდა.

– რასაკვირველია, ქუჩის აქციების დასრულება ხელეწიფება ხელისუფლებას, ოღონდ საკუთარი გონიერი ნაბიჯების შემთხვევაში და არა იმ უმსგავსო სადისტური ქმედებით, რომელიც მან გამოამჟღავნა მაისის განმავლობაში. ამიტომ საკუთარი თავის დამშვიდებას ნურავინ შეეცდება. ინფორმაციის უფრო სანდო წყაროებს მიხედონ, ვიდრე გარს შემოკრებილ მაამებლებს, რომლებსაც სურთ, ბროლის კოშკში, საკუთარი ქვეყნისგან იზოლირებულად, აცხოვრონ პრეზიდენტი. რომელიმე მხარის მიერ 26 მაისის გამარჯვებად ჩათვლა, ჩემი აზრით, საჭიროებს მათ დიაგნოზს და არა – ანალიზს. ამიტომ მთელი ჩვენი სამედიცინო სამყაროსთვის არაერთხელ მიმიმართავს ლოზუნგით – „ფსიქიატრებო, მთელი ქვეყნისა შეერთდით“.