აიის პატრული, აიიმ ყოფილ ბაღთან

აიის პატრული, აიიმ ყოფილ ბაღთან

დღეს პატრულთან მცირე შეკამათება მომივიდა. კამათიც არ იყო, ალბათ, უფრო, ურთიერთკეთილმოსურნე აკადემიურ დისკუსიას დავარქმევდი, რომ არა ბოლოს, მის მიერ მუქარანარევი, ირონიული ღიმილით წარმოთქმული სიტყვები: "დაგაჯარიმებ". არც მის მუქარანარევ, ირონიულ ღიმილს უმოქმედია, არც მუქარას, მით უმეტეს, რომ ვერ დამარწმუნა, რომ ის იყო მართალი და მე ვცდებოდი, მაგრამ ხილიანიდან წრე დავარტყი და მანქანა მაინც გადავაყენე იქვე, ახლოს, სადაც ბალანჩივაძის ქუჩა 26 მაისის მოედანს უერთდება. მერე, იმ ადგილის ფოტო გადავიღე, სადაც უკვე 30 წელია რეგულარულად ვაჩერებ ავტომობილს. უფრო ქართულად და გასაგებად რომ ვთქვა - ვახდენ პარკირებას.

სულ 20 მეტრიანი მონაკვეთია სტუ-ს პირველი კორპუსიდან დაბლა, გმირთა მოედნის მიმართულებით. 20 მეტრი და შემდეგ ამკრძალავი ნიშანი - "დგომა აკრძალულია". ამ ოცმეტრიან მონაკვეთზე არანაირი ნიშანი არ დგას, სიტიპარკი რომ სიტიპარკია, იმასაც კი არაფერი ესაქმება. ხოლო იმან, პატრულმა - "ფორდი, ნუ გააჩერებთ"!!!

ვერ გევიგე, პატრული?

გადმოვდივარ მანქანიდან, მინდა, რომ გავერკვე, ვიცოდე, რატომ არ შეიძლება. ვუახლოვდები და ვეკითხები:

- რატომ?

- არ შეიძლება, - მპასუხობს თავაზიანად, - ვდგავართ და ვაფრთხილებთ, რომ არ გაჩერდნენ.

- კი, მაგრამ ასე აქ დგომას, იქნებ ამკრძალავი ნიშანი დაგეკიდათ, თუნდაც იმიტომ, რომ რაც აკრძალული არ არის, ის დაშვებულია. დაკიდეთ ნიშანი და გაუგებრობაც აღარ იქნება.

- პარკირების ნიშანს თუ ხედავ სადმე, - იღიმება ირონიულად, ხმაშიც ირონია შეეპარა, ამ დებილს ვის გადავეყარეო.

- ამკრძალავ ნიშანს თუ ხედავ სადმე? მოხსენით ქვევით რომ ნიშანია და გადმოიტანეთ 20 მეტრით მაღლა. რთულია? კიდევ გიმეორებთ: რაც აკრძალული არ არის, დაშვებულია.

ჰოდა, სწორედ ამ დროს წარმოთქვა ის თავზარდამცემი სიტყვა - "დაგაჯარიმებ".

არ გრცხვენია, ოპელი, ჟიგულივით რომ იქცევი?

წრე დავარტყი, ხილიანიდან მოვუარე, ისევ ბალანჩივაძეზე ჩამოვედი და იქ გავჩერდი, რასაც ადრე "დოლიძის ბაღი" ერქვა, გეპეის სტუდენტების უსაყვარლესი სკვერი, აწ კი, ხეებისგან უჩუმრად განძარცვული და ფხაკაძის დონატებით სავსე... მოკლედ, გავჩერდი, ტერიტორიას ფოტო გადავუღე, პატრულიც მინდოდა აღმებეჭდა, მაგრამ უკვე წასულიყვნენ. არადა, აქა ვდგავართ და სხვაგვარად არ ძალგვიძს, ხალხს ვაფრთხილებთო.

ზუსტად 10 წუთში ის ადგილი ავტომობილებით შეივსო. არანაირი ამკრძალავი ნიშანი, არც ჰორიზონტალური მონიშვნა, ამიტომ მძღოლებმა მშვიდად გააჩერეს, გადმოვიდნენ, ჩაკეტეს მანქანები და ყველამ თავის საქმეს მიაშურა. და როცა დაბრუნდნენ, ალბათ, დაიბნეოდნენ, საქარე მინაზე კოხტად მიმაგრებული საჯარიმო ქვითრები რომ დახვდებოდათ, საიდანაც შეიტყობდნენ, რომ დაჯარიმებული არიან არასწორი პარკირების გამო და უნდა გადაიხადონ ამდენი და ამდენი ლარი, რომელიც, თუმცა ქვითარზე აღნიშნული არ არის, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ შევა ბიუჯეტში, ბიუჯეტიდან კი პედაგოგებთან, ჯარისკაცებთან, კომუნალურ მუშაკებთან, იგივე პოლიციელებთან და სხვა შესანიშნავ ადამიანებთან ერთად, ფინანსდება უამრავი გაბერილი უსაქამურის ხელფასი, პრემია, დამანატი, ვოიაჟი, პირადი მძღოლი და პირადი ავტომანქანა, ასევე - ერეკლე დეისაძისა და დავით ტურაშვილის მოგზაურობა, რაჭა-ლეჩხუმსა და ჩეხეთ-სლოვაკეთში.

არ ვიცი, დააყენებენ თუ არა დგომის ამკრძალავ ნიშანს იქ, სადაც თურმე დგომა აკრძალულია, სანამ ნახევარი თბილისი ჯარიმას არ გადაიხდის. და როცა ყველა გაიგებს, რომ იქ ავტომობილის დგომა იკრძალება, როცა ყველა ნერვი დაწყვეტილი იქნება და ყველა ჯარიმა გადახდილი, კეთილს ინებებენ მიიყვანენ ვინმე მადლიანს, დაბალხელფასიანს, უდანამატოს, სახრახნისით, ბოლტ-გაიკით, ბალგარკით... ერთი იმუშავებს, ხუთი დააკვირდება, გასაკეთებელს გააკეთებენ და სამშობლოს უპატაკებენ, რომ...

იმ პატრულის ის ირონიული ღიმილი და მუქარანარევი ტონი არ მავიწყდება. იმიტომ კი არა, რომ ასეთი ღიმილი უცხოა, ან პირველად მოხდა, რომ მემუქრებიან... უბრალოდ, ვერ ვხვდები, ჩვეულებრივი ტუტუცი იყო თუ დახვეწილი არამზადა, რომელიც ერთ დღეს იქნებ შს მინისტრად, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარედ, უშიშროების საბჭოს მდივნად, უფლებადამცველად ან „სხვა რამედ“ მოგვევლინის. ის კონკრეტული თუ არა, რომელიმე სხვა ეგეთი, ასევე სრულიად კონკრეტული. ასეთებით ხომ სავსეა სახელმწიფო სტრუქტურები, პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული მოძრაობები და, რა თქმა უნდა, ე.წ. სამოქალაქო სექტორი.

ეს მოხდა 16 ივნისს, პარასკევს, მორიელის დღეს.

რამდენიმე თვის წინაც მქონდა საუბარი პატრულის თანამშრომლებთან, კიდევ უფრო საინტერესო და ნიშანდობლივი, რომელსაც ამ დღეებში მოგიყვებით, მაგრამ არ გავრეპავ. გარეპვის უფლებას არც აღზრდა მაძლევს და არც გემოვნება.