„ახლა ძალიან კრიტიკულ მიჯნაზე ვართ და ჩვენ ამ რყევებს უნდა გავუძლოთ“

„ახლა ძალიან კრიტიკულ მიჯნაზე ვართ და ჩვენ ამ რყევებს უნდა გავუძლოთ“

[თეონა ხარაბაძე]

„თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი, პარლამენტარი გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ „რვიანის“ შიგნით არანაირი დაპირისპირება არ არის და მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა გაეკეთებინა ლევან ვეფხვაძეს „რვიანის“ შესაძლო დატოვების შესახებ განცხადება.

რა ცვლილებებია მოსალოდნელი „რვიანის“ შიგნით და როგორ შეიძლება გაგრძელდეს მოლაპარაკებები საარჩევნო თემაზე, ამ საკითხებთან დაკავშირებით პრესაჯე.ტვ გია ცაგარეიშვილს ესაუბრა. 

- ერთი რამ უნდა გაიგოს საზოგადოებამ, რომ ეს გაერთიანება არის თემატური გაერთიანება, ერთი მიზნის გარშემო შეკრებილი პოლიტიკური პარტიების გაერთიანება. ეს ერთი მიზანი კი არის ამ ქვეყანაში საარჩევნო გარემოს შეცვლა. ეს მიღწევადია, ნაკლებად მიღწევადია თუ არა, ეს სხვა საკითხია.

ჩვენ არასდროს გამოგვიცხადებია, რომ არჩევნებისთვის ერთმანეთთან დაბლოკებას ვაპირებდით. არასდროს არ შეგვიქმნია საერთო სტრუქტურები და ამის თავში არ ჩაგვიყენებია ჩვენს შორის შეჯერებული კანდიდატები. ჩვენ ვართ თავისუფალნი ჩვენს გადაწყვეტილებებში და „რვიანში“ შემავალ არც ერთ პარტიას თავისი პარტიული საქმიანობა არ შეუჩერებია.

ხომ აკვირდებით, რომ ქვეყანაში გამართულ ღონისძიებებს ზოგი მეტად ესწრება, ზოგი ნაკლებად. მაგალითად გუშინ პარლამენტთან გამართულ თავყრილობას ზოგი ესწრებოდა და ზოგი არა და ეს რას ნიშნავს, რომ ჩვენ დავიშალეთ?

მაგალითად, დღეს არის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჩამოსული და ხვდება „რვიანს“. ანუ, შეხვდნენ იმ პარტიებს, რომლებიც სხედან ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მაგიდასთან. არ ვიქნებით „რვიანი“ და ვიქნებით, მაგალითად, „შვიდიანი“, მაშინ შვიდნი შევხვდებით. თუ გავმრავლდებით, მაშინ ცხრანი, ათნი და მეტნი შევხვდებით.

სამწუხაროდ, ეს რიცხვი არ გაიზარდა ჩემთვის აბსოლუტურად გაურკვეველი მიზეზების გამო და ეს კიდევ სხვა საკითხია. ამ შემთხვევაში პრობლემა ის არის, რომ „რვიანი“ რაღაც საკრალურლ რიცხვად გადავაქციეთ. მე გამოვდივარ წინადადებით, რომ მოდით, საერთოდ ციფრთა სისტემიდან ამოვიღოთ „რვიანი“ და იყოს „შვიდიანი“ და „ცხრიანი“. ამით, იქნებ, „რვიანთან“ დაკავშირებით არსებული ვნებებიც დაცხრეს.

ჩვენ ერთმანეთთან სიკვდილამდე ყოფნის ფიცი არ დაგვიდია. ბლოკებიც დაშლილა და ეს არ გამხდარა ასეთი აჟიოტაჟის საგანი და რა გახდა ეს „რვიანი“?

დაიწყება მოლაპარაკებების პროცესი, ჩვენ ისევ შემოვუსხდებით მოლაპარაკებების მაგიდას და ყველა ნახავს, რომ ყველანი ვიქნებით და, მგონი, რვამდე თვლა ყველას ეხერხება.

 დარწმუნებული ხართ, რომ მოლაპარაკებები განახლდება?

- რა თქმა უნდა, განახლდება. სხვა გზა არ არის. ხელისუფლების მხრიდან არსებობს პირობა, რომ ოქტომბრის დასაწყისში კოდექსს დადებენ. ეს არაერთხელ ითქვა და ამით ვადები შემოსაზღვრულია. ჩვენს გარეშე კი ვერანაირი შეთანხმება ვერ მოხდება. ჩვენ კი მოლაპარაკებების პროცესს განახლებისთანავე შევუერთდებით. თუ იქნება სურვილი, შესაძლოა, „რვიანში“ კიდევ ვინმე ჩაერთოს.

რაც შეეხება „რვიანის“ ფორმატის გაფართოებას, ეს საკითხი არც დღის წესრიგში დამდგარა და ამის სურვილი არც არის. იგივე ბატონმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ ასეთი რამ არ უნდა და არც ამაში არ არის პრობლემა იმიტომ, რომ ჩვენ ერთმანეთისთვის არანაირი შეზღუდვები არ დაგვიწესებია.

ვეფხვაძემ თქვა, რომ რვიანში არსებული უთანხმოების გამო, შესაძლოა, ალკე გააგრძელოს მოლაპარაკებები საარჩევნო საკითხებზე. ეს არ ნიშნავს რვიანის დაშლას?

- ჩვენ ძალიან დაძაბულ ფონზე გვიწევს მუშაობა. არის საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის დაკვეთა და ამას ანგარიში პოლიტიკურმა პარტიებმაც უნდა გაუწიონ.

რა დაკვეთაა საზოგადოებიდან?

- გაერთიანების. თქვენ იცით, რომ საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს უხარია, როდესაც ჩვენ ერთად ვდგავართ. და მე ვფიქრობ, რომ ასეთ შეხედულებებს შეიძლება ანგარიში გაეწიოს. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ და აქვე აღვნიშნავ, რომ ეს არის ჩემი პირადი შეხედულება და არა პარტიის.

პარტიას სხვა შეხედულება აქვს?

- არა, მე ამას არ ვამბობ. ამაზე პარტიაში არც ყოფილა ლაპარაკი. მე ვთქვი ჩემი შეხედულბა და, შესაძლოა, სხვები ასე არ ფიქრობდნენ. მაგრამ დაძაბულობის ფონი ამ თემაზე აშკარად შექმნილია და ეს აწყობს ხელისუფლებას, რომ ჩვენ დავიშალოთ, ერთმანეთს გავექცეთ და შემდეგ ცალკ-ცალკე დავიწყოთ ხელისუფლების კარზე სიარული.

რვიანისშიგნით უთანხმოება არის?

- თუ ჩვენ შეგვიძლია, უთანხმოება დავარქვათ იმას, რომ „ახალი მემარჯვენეები“ ამბობენ, რომ მათ მეტი კოორდინაცია არ უნდათ და ქუჩის აქციებში მონაწილეობას არ მიიღებენ, დანარჩენი პარტიები კი ამბობენ, რომ ჩვენს საბრძოლო არსენალში ეს მეთოდებიც მოიპოვება, მაშინ კი ბატონო, დავარქვათ ამას უთანხმოება. მაგრამ, მე არ ვფიქრობ, რომ საბოლოო მიზნის მიღწევისთვის, ანუ ნორმალური საარჩევნო კოდექსის შექმნისთვის ეს იყოს გადაულახავი უთანხმოება.

ჩვენი მიზანი არის ნორმალური საარჩევნო კოდექსის მიღება და მოდით, ამაზე ვიყოთ კონცენტრირებულნი და ეს რომ გაკეთდება, მერე გადავწყვეტთ, თითოეულმა პარტიამ რა ქნას. თუ გაიმართება კონსულტაციები, ეს დაფარული არ იქნება და ყველა გაიგებს.

ახლა ძალიან კრიტიკულ მიჯნაზე ვართ და ჩვენ ამ რყევებს უნდა გავუძლოთ. თქვენს ტრიბუნას გამოვიყენებ და ჩემს კოლეგებს მოვუწოდებ, გონებას მოუხმონ, რათა ამ რყევებს გავუძლოთ და დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. საზოგადოება ელოდება რეალურ შედეგებს, მით უმეტეს 26 მაისის შემდეგ და ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ საზოგადოების წინაშე. მე მესმის, რომ ემოციური ხალხი ვართ, ძალიან დაძაბული ფონია  და ყველა ვნერვიულობთ, მაგრამ ამ ყველაფერს უნდა გავუძლოთ ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის.