ამ თვითმმართველი ქალაქების ისევ მუნიციპალიტეტში გაერთიანების შესახებ იმდენი უცნაური და საერთოდაც აბდა-უბდა კომენტარი მოვისმინე, რომ სიცხადის შესატანად აუცილებელია ისტორია გავიხსენოთ:
1997- 2006 წლებში საქართველოში ორდონიანი ადგილობრივი ხელისუფლება არსებობდა, ზედა დონეზე, ე.ი. ყოფილ რაიონში (2001 წლიდან) სახელმწიფო მმართველობა იყო - პრეზიდენტის მიერ დანიშნული გამგებელი და ასოცირებული საკრებულო; ხოლო ქვედა დონეზე (რაიონში შემავალი ქალაქი, დაბა, საფელი და სოფელთა გაერთიანება - თემი) ადგილობრივი თვითმმართველობა - სადაც პირდაპირ ირჩეოდნენ სოფლის გამგებლებიც (გარდა პატარა სოფლებისა, სადაც გამგებელს თავისი შემადგენლობიდან საკრებულო ირჩევდა), ქალაქების მერებიც (ორი ქალაქის - თბილისისა და ფოთის გარდა) და ბუნებრივია, საკრებულოებიც;
2005 წლის კანონით საერთოდ გაუქმდა ადგილობრივი სახელმწიფო მმართველობა და მოხდა ორ დონიანის ნაცვლად ერთ დონიანი ადგილობრივი თვითმმართველობის შექმნა; თვითმმართველი ერთეულები გახდნენ ყოფილი რაიონები, რომელთაც მუნიციპალიტეტები ეწოდათ და თვითმმართველი ქალაქები, ე.ი. ის მსხვილი ქალაქები, რომელთა თანამოსახელე რაიონები არ არსებობდა,კერძოდ: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი და ბათუმი. საბოლოო ჯამში მივიღეთ 67 მუნიციპალიტეტი და 5 თვითმმართველი ქალაქი;
აქ გასახსენებელია, რომ 2005 წელს რესპუბლიკელებმა და "ახალმა მემარჯვენეებმა" ტერიტორიული რეფორმის ალტერნატიულ წინადადებად დააყენეს რაიონების დაშლა და საქართველოს დაყოფა 298 თვითმმართველ ერთეულად; ეს იდეა სრული კრახით დასრულდა და დასაცინიც კი გახდა, რადგან სამ-ოთხ "თანაბარ" ნაწილად რაიონების დაყოფა სრულიად ხელოვნური და დაუსაბუთებელი იყო, არც მოსახლეობის ინტერესებტან და არც ადმინისტრაციული სისტემის ობიექტურ საჭიროებებთან არავითარი საერთო არ ჰქონდა;
2013 წელს იმავე ადამიანებმა, ვინც 2005 წელს კრახი განიცადეს, მუნიციპალიტეტების (ყოფილი რაიონების) ხელოვნურად დაშლის ეს აკვიატება ქართულ ოცნებად აიხდინეს და გამოაქვეყნეს კონცეფცია (მას შეცდომით უწოდეს „დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ძირითადი პრინციპები 2013-14 წლებისათვის“), რომლის ძირითად მიზანს კვლავაც სრულიად ხელოვნური დაშლა-დანაწევრება და უარესიც - ცარიელ ადგილას ე.წ. სამხარეო თვითმმართველობის შეკოწიწება წარმოადგენდა; ბუნებრივია, არც ერთი პასუხისმგებლიანი მთავრობა ამას ვერ გააკეთებდა, ამიტომ კოალიციაში შედგა პოლიტიკური კომპრომისი - შვიდი "საგუბერნატორო" ქალაქი გამოეყო მუნიციპალიტეტს;
რასაკვირველია, ესეც სრულიად ხელოვნური და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება იყო, რადგან ერთი და იმავე მომსახურეობის განსახორციელებლად ორი ხელისუფლება და ორი ადმინისტრაციული სისტემა შეიქმნა; კურიოზული იყო ის გარემოება, რომ სასოფლო თემის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრს სხვა მუნიციპალიტეტი - ქალაქი, წარმოადგენდა, ე.ი. სწორედ ეს სხვა მუნიციპალიტეტი უწევდა რეალურად ადმინისტრაციულ მომსახურეობას მიმდებარე სოფლებს, და არა მარტო ადმინისტრაციულ მომსახურეობას!
რა მოხდა, კარგად რომ დავინახოთ, წარმოვიდგინოთ ვითარება, როცა მაგ, თბილისი ცალკე ერთეულად გამოყოფა თავისი ცალკე თვითმმართველობითა და ადმინისტრაციით, ხოლო, თბილისის გარშემო არსებული სოფლებისათვის იმავე სახელწოდებით (ანუ თბილისის თემის მუნიციპალიტეტი) დუბლირებული თვითმმართველობა და ადმინისტრაცია შეიქმნება! (აქ ისიც დასანახია, რომ სინამდვილეში თბილისი თვითმმართველი ქალაქი, ე.ი. ცალკე დასახლება კი არ არის, როგორც ეს კოდექსში გვიწერია, არამედ იგი სათემო მუნიციპალიტეტია, რადგან მის შემადგენლობაში შედიან სხვა კატეგორიის დასახლებებიც - დაბა წყნეთი და სოფლები!)
ახლა, 2017 წელს, ხდება იმ შვიდი ხელოვნურად გაყოფილი მუნიციპალიტეტის აღდგენა და სხვა არაფერი.
რა არის ნამდვილი პრობლემა? ნამდვილი პრობლემა ის არის, რომ მუნიციპალიტეტში შემავალ თემებს (როგორც სასოფლოს, ასევე საქალაქოს) თვითმმართველობა არა აქვთ და ეს არა მხოლოდ ამ 7, არამედ ყველა დანარჩენი მუნიციპალიტეტის საერთო პრობლემაა!
რა იქნება პრობლემის მოგვარების ყველაზე უფრო რაციონალური გზა?
ცხადია, არა მუნიციპალიტეტების აკვიატებული დაშლა-დანაწევრება, არამედ ორდონიანი ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბება - როცა თვითმმართველობა იქნება მუნიციპალურ დონეზეც და იგი მსხვილ ამოცანებს გადაწყვეტს, ასევე თვითმმართველობა იქნება, ქვედა - ე.ი. მუნიციპალიტეტში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულების თემების დონეზეც, რომელიც სუბსიადიარობიდან გამომდინარე, იმ ამოცანებს გაუმკლავდება, რაც ადგილზევე, თემში შეიძლება გადაწყდეს!
აი, ამ საკითხზე უნდა შევთანხმდეთ და ვიპოვით კონსენსუსი!