ასოცის ჭექა-ქუხილი და თვითმმართველობა

ასოცის ჭექა-ქუხილი და თვითმმართველობა

დაიქუხა, მაგრამ რა დაიქუხა! 120-მა ენ-ჯე-ომ - არიქა, მთავრობა შვიდ ქალაქში თვითმმართველობასა სპობს და დემოკრატია საფრთხეშიაო, დაიქუხა! კიდევ კარგი, მადლობა ღმერთს - როგორც ქუხს, ისე არა წვიმს ხოლმე!

მოგეხსენებათ, NGO ჩვენებურად, ე.ი. ქართულად - ასო - ს.ე.ი. არასამთავრობო ორგანიზაციას ნიშნავს. ასო კარგი ქართული სიტყვაა და ერთი ტანის შემადგენელ ნაწილსა ნიშნავს; ამიტომაც, სამოქალაქო საზოგადოების შემადგენლები, აზრობრივადაც სწორედ რომ ასოები არიან; ოღონდ იმასაც გააჩნია, ვინ რომელი ასოა და რის როლს თამაშობს;

ჩვენებურ „სამოქალაქო საზოგადოებაში“ ხომ წესად არის მიღებული, რომ თუკი „ცნობადი“ ასოა, უნდა ქუხდეს და გვრგვინავდეს - მთავრობის კრიტიკა ხელობად და მოწოდებად უნდა ჰქონდეს. რაც მთავარია - ეს კრიტიკა ხომ ყოველთვის საართლიანად აღიქმება! რატომ? იმიტომ რომ, ჯერ ერთი, რადგან ამას ასო დაურქმევია, მაშასადამე, „ჩვენიანია“ და უთოდ კეთილი ზრახვები ექნება! და მეორეც: რახან იმას მთავრობა ჰქვია, მაშ, რა ძნელი გასარკვევია, კრიტიკის ობიექტიც ხომ ეგ უნდა იყოს... ჰოდა, მთვრობასთან პაექრობაში ერთი ასოც რომ დასჭექს, იმისთანა ამბავი ატყდება ხოლმე, მთელ ქვეყანას აალაპარაკებს და ერთბაშად 120 (!) რომ ასო-ცირდება და დაიქუხებს, მათ წინ რაღა მთავრობა დაუდგება?!

მთავრობა იქით იყოს, თავისი გაჭირება და ცოდვებიც ეყოფა და მის დამცველად მე არ გამოვდგები! თუმცა, ამ შემთხვევაში გინდა ასონი ასოცნი იყვნენ და სულაც ასჯერ ასოცნი, საკითხი კვლავ ნათელია, ანუ: როგორ უმეტესწილად ხდება ხოლმე - ისევ ჩვენებური, ოდენ ლოზუნგური დემოკრატიის მორიგი გაფურჩქვნასთან გვაქვს საქმე და სხვა არაფერი!

ამ „ჭექა-ქუხილის“ ტექსტი მკითხველმა აუცილებლად უნდა იხილოს (იხ:http://primetime.ge/საზოგადოებრივი-და-მედია/) და მისი შემაზანზარებელი ეფექტით დატკბეს!

აი, დასკვნად რა დაუწერიათ: „ამ და სხვა არგუმენტებიდან (ხაზგასმა ჩემია) გამომდინარე, ვთვლით, რომ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირება ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც თვითმმართველობის რეფორმის, ისე, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის. რაც მთავარია, ეს ნაბიჯი დააშორებს მოსახლეობასა და ხელისუფლებას, შეაჩერებს მიმდინარე პროექტებს და შეამცირებს ადგილობრივი დემოკრატიის სტანდარტს.“

რაღა გვეთქმის? „ამ და სხვა არგუმენტებით“ დაუმტკიცებიათ, დემოკრატიის სტანდარტი თურმე თვითმმართველი ქალაქების რაოდენობით გამოიხატება. რაც მეტი თვითმმართველი ქალაქი იქნება, დემოკრატიისათვის მით უკეთესიაო! მართალია, სულ ორად-ორ „არგუმენტს“ეყრდნობიან, მაგრამ მერე რა? როგორც თავად გულისხმობენ, სხვა „არგუმენტებიცა“ აქვთ, ოღონდ აქ არ მოუყვანიათ. ეტყობა, მიუჩნევიათ, რომ ეს ორი „არგუმენტი“ ისეთია, პირდაპირ ქვას გახეთქავს!

არადა, სინამდვილეში ამ „ჭექა-ქუხილის“ აღმძრავი მართლაც რაიმე მყარი არგუმენტები კი არ არის, არამედ ოდენ ცარიელი ლოზუნგებია! სწორედაც რომ ლოზუნგები, თანაც იმ „დალოცვილი“ კომკავშირული ტრადიციით შედგენილი. აი, შეხედეთ:

ლოზუნგი პირველი, მთავარ არგუმენტად მოხმობილი: თვითმმართველი ქალაქების განვითარებაეს არის თანამედროვე სამყაროს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ძირითადი ტენდენცია“.

არც მეტი, არც ნაკლები: სამყაროს ძირითადი ტენდენციააო!!!

ლოზუნგი მეორე: ქალაქი, რომელსაც არ ჰყავს მოსახლეობის მიერ არჩეული და მის წინაშე ანგარიშვალდებული ადგილობრივი ხელისუფლება, არ აქვს საკუთარი შემოსავლები, ქონება და ბიუჯეტი, კარგავს განვითარების სამომავლო პერსპექტივებსაც.

ამ ლოზუნგის წამკითხველს, მსმენელსა თუ მაყურებელს ეგონება - ვაიმე, ამ საცოდავ 7 ქალაქს ადგილობრივი ხელისუფლებას და განვითარების ყოველგვარ პერსპექტივას უსპობენ და არიქა, სასწრაფოდ ვუშველოთ და ასო-ცს გვერდში ამოვუდგეთო!

რა ვუყოთ, რომ ეს მტკნარი სიცრუეა? ადგილობრივი ხელისუფლების გაუქმება ხომ თავში არც არავის მოსვლია! სინამდვილეში ორის - სასოფლოსა და საქალაქოს ნაცვლად, ისევ ერთი, საერთო მუნიციპალური ხელისუფლება იყოსო - ესა თქვა მთავრობამ.

თუმცა ვის აინტერესებს რა არის სინამდვილეში? მთავარი ხომ ლოზუნგია და სწორედ ეს, მქუხარე ლოზუნგების გამოცხობა არის ლოზუნგური დემოკრატიის მთავარი ადეპტების - ჩვენებური ასოების ნამდვილი ხელობაცა და ჭეშმარიტი მოწოდებაც!

ამ ლოზუნგური დემოკრატიის საპირისპიროდ, მოდით ვცადოთ და მართლაც არგუმენტებზე დამყარებული მსჯელობა გავმართოთ არა მხოლოდ ქალაქების, არამედ მთლიანად ადგილობრივი თვითმმართველობის ამ „ტერიტორიულ“ პრობლემებში გასარკვევად.

თავიდანვე ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა საზოგადოების უფლებაა, რომელიც აღიარებულია კონსტიტუციით და იგი ერთნაირად არის გარანტირებული როგორც სოფლელების, ისე ქალაქელებისათვისაც. თვითმმართველობის განხორციელებაში ქალაქელობა არავითარ პრივილეგიას არ წარმოშობს, ისევე, როგორც სასოფლო თვითმმართველობა საქალაქოზე ნაკლებ მნიშვნელოვანი ოდნავადაც არ არის. ამიტომ, ძირშივე მცდარია და მხოლოდ ყალბ ლოზუნგად გამოიყურება დასკვნა, რომ „თვითმმართველ ქალაქთა რაოდენობის შემცირება შეამცირებს ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხს“.

თვითმმართველ ქალაქთა რაოდენობა დემოკრატიის ხარისხზე პირდაპირ დამოკიდებული რომ იყოს, მაშინ შევარდნაძის დრო იდეალურ დემოკრატიად უნდა მივიჩნიოთ, რადგან მაშინ არა მხოლოდ 12 ქალაქს, არამედ ყველა მაშინდელ რაიონულ ცენტრს ფორმალურად საქალაქო თვითმმართველობაც გააჩნდა, საკრებულებსაც თავად ირჩევდა და თქვენ წარმოიდგინეთ, მერებსაც! მაგრამ საქმე არჩევითი მერების რაოდენობაში ხომ არ არის, საქმე, მართლაც ხარისხშია!

ქალაქი და სოფელი, რასაკვირველია, ერთი მეორისგან განსხვავდება. მაგრამ ეს არამც და არამც არ ნიშნავს, რომ უფლებრივი თვალსაზრისით (თვითმმართველობა კი სწორედ უფლებრივი კატეგორია გახლავთ) შესაძლებელია საქალაქო და სასოფლო თვითმმართველობის დიფერენცირება. ადგილობრივი თვითმმართველობა ზუსტად ერთი და იმავე შინაარსის მქონე უფლება გახლავთ როგორც ქალაქად, ასევე სოფლად. ამ უფლების განხორციელება, შესაძლებლობების განვითარება ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც საქალაქო ასევე სასოფლო ტერიტორიებისთვისაც. ცხადია - საუბარი შეიძლება არა მხოლოდ საქალაქო, არამედ მთლიანობაში - ადგილობრივი თვითმმართველობის, როგორც მოქალაქეთა თვითორგანიზების ფორმისა და ეფექტიანი, მოქალაქეთა წინაშე ანგარიშვალდებული მმართველობითი სისტემების, და არა მხოლოდ ე.წ. საქალაქო თვითმმართველობის განვითარებაზე!

ამიტომ ლოზუნგი - „საქალაქო თვითმმართველობის განვითარება სამყაროს ძირითადი ტენდენციაა“, ერთობ უცნაურ და სასაცილო ახირებად (თუ ბოდვად არა) გამოიყურება, სინამდვილესთან საერთო არაფერი აქვს და მხოლოდ ფუჭი ჭექა-ქუხილის გამოსაწვევად არის მოგონილი!

ჩვენი კანონმდებლობა მხოლოდ ტერმინების დონეზე განასხვავებს ერთი მეორისაგან სათემო (რომელიც, თუ ამ ცალკე გამოყოფილ ქალაქებს და ასევე მანამდეც არსებულ 5 ქალაქს არ ჩავთვლით, მოიცავს როგორც სასოფლო, ისე საქალაქო თემებსაც) და საქალაქო თვითმმართველობებს. თვითმმართველი ქალაქები მერებს ირჩევენ, სათემო მუნიციპალიტეტები - გამგებლებს. ამასთან, მერიცა და გამგებელიც ზუსტად ერთი და იგივე უფლებამოსილებების ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების მქონე პირია. უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამინდელი განხილვებისას ეს წმინდა ტერმინოლოგიური განსხვავებაც, ქალაქების გარკვეულ უსაფუძვლო პრივილეგიად, მაშასადამე, კანონმდებლობის ხარვეზად არის მიჩნეული და მისი გასწორებაც იგეგმება - ე.ი. სათანადო საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად თვითმმართველი ერთეულის, მიუხედავად იმისა, სათემოა თუ საქალქო ეს თვითმმართველობა, ხელმძღვანელ პირს არა განსხვავებული, არამედ ერთი და იგივე სახელი - მერი დაერქმევა.

ერთი მეორესგან განსხვავდება და არსებითად განირჩევა არა საქალაქო და სასოფლო თვითმმართველობა, არამედ საქალაქო და სასოფლო ტერიტორიები. ისინი განსხვავდება უწინარესად განსახლების სტრუქტურით, მოსახლეობის სიმჭიდროვით, სოციალურ - ეკონომიკური ინფრასტრუქტურით, ზოგიერთ შემთხვევაში - ეკონომიკური წყობითაც (თუმცა თანამედროვე, პოსტ-ინდუსტრიულ ეპოქაში ეს განსხვავება სულ უფრო მეტად ნიველირდება) და ა.შ.

განსხვავება რომ კარგად დავინახოთ, სასოფლო და საქალაქო დასახლებათა სპეციფიკაციის ევროპულ (ვინაიდან განვითარების გეზი სწორედ ევროპისკენ გვაქვს აღებული) კრიტერიუმებს მოვუხმოთ (ამის შესახებ დაწვრილებით შეგიძლიათ იხ. „Две концепции городских и сельских территорий в Европе“ http://www.demoscope.ru/weekly/2006/0253/barom04.php).

ევროპულ პრქატიკაში სასოფლო და საქალაქო ტერიტორიების სპეციფიკაციისათვის ძირითადად ორი, ეუთოსა და ევროკავშირის მეთოდოლოგია გამოიყენება.

ეუთო-ს მიხედვით: ლოკალური ადმინისტრაციული ერთეული მიიჩნევა სასოფლო დასახლებად (თემად), თუკი მასში მოსახლეობის სიმჭიდროვე კვ.კილომეტრზე150 მცხოვრებს არ აღემატება; სასოფლო და საქალაქო ტერიტორიები კი ასე იმიჯნება:

- უმეტესწილად სასაოფლო რეგიონად მიიჩნევა ტერიტორია, სადაც მთლიანი მოსახლეობის 50% ცხოვრობს სასოფლო თემებში;

- მნიშვნელოვანწილად სასოფლო რეგიონად მიიჩნევა ტერიტორია, სადაც სასოფლო თემებში ცხოვრებს მთლიანი მოსახლეობის 15-დან - 50%-მდე;

- უმეტესწილად საქალაქო რეგიონებად მიიჩნევა ტერიტორია, სადაც სასოფლო თემებში ცხოვრობს მთლიანი მოსახლეობის 15%.

ევროკავშირს განსხვავებული მეთოდოლოგია გააჩნია, რომელსაც ევროსტატი იყენებს სხვადასხვა კვლევებში. ევროსტატის მიერ აღიარებული ამ მეთოდოლოგიის თანახმად ურბანიზაციის ხარისხი ამგვარად ფასდება:

- მჭიდროდ დასახლებული (ურბანიზებული) ტერიტორიები: ერთმანეთთან დაკავშირებულ დასახლებთა ერთობლიობა, რომელთაგან თითოეულში მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს არა ნაკლებ 500 მცხოვრებს კვ. კილომეტრზე, ხოლო მოსახლეობის საერთო რაოდენობა 50 ათასს აღემატება;

- საშუალოდ დასახლებული (ნახევრად ღია ტიპის) ტერიტორიები: ერთმანეთთან დაკავშირებულ დასახლებთა ერთობლიობა, რომელთაგან თითოეულში მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს არა ნაკლებ 100 და არა უმეტეს 500 მცხოვრებს კვ. კილომეტრზე, მოსახლეობის საერთო რაოდენობა 50 ათასს აღემატება, ან ეს ტერიტორია ახლოსაა მჭიდროდ დასახლებულ (ურბანიზებულ) ტერიტორიასთან;

- მცირედ დასახლებული (ღია ტიპის) ტერიტორიები, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე კვ.კილომეტრზე100 მცხოვრებზე ნაკლებია, ან მოსახლეობის საერთო რაოდენობა 50 ათასს არ აღემატება.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონე პირდაპირ არ არის დაკავშირებული ტერიტორიის ურბანიზაციის ხარისხთან. ასე მაგალითად, ფინეთი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალგანვითარებული ქვეყანაა, ძირითადადსწორედ ღია ტიპის ტერიტორიებისგან, ანუ სასოფლო დასახლებებისგან შედგება და იგი ბოლო ადგილს იკავებს მოსახლეობის სიმჭიდროვით (17 მცხოვრები კვ. კილომეტრზე) მთელს ევროპაში (მთლიანად ევროპის მასშტაბით საშუალო სიმჭიდროვე შეადგენს 117 კაცს კვ. კილომეტრეზე). ჩვენ ასო-ცს რომ დაუჯეროთ, ფინეთი უიმედოდ არის ჩამორჩენელი „საქალაქო თვითმმართველობების განვითარების“ მოწინავე სამყაროში გაბატონებულ ტენდენციას!

რაც შეეხება ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრებს, ამ თვალსაზრისით სტატისტიკური მონაცემების საწარმოებლად ევროკავშირს გააჩნია ლოკალური ადმინისტრაციული ერთეულების (LAU) ნომენკლატურა, სადაც გამოიყოფა პირველი და მეორე დონეები - LAU -1 და LAU -2; ამ ნომენკალტურის ქვედა დონე დასახლებებს (კომუნებს, თემებს), ხოლო ზედა დონე - სხვადასხვა დასახლებათა გაერთიანებებს (ბევრგან და ჩვენშიც ამ გაერთიანებას მუნიციპალიტეტს უწოდებენ) შეესაბამება; ხაზგასასმელია, რომ ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზომის რაიმე ნორმატიული სტანდარტი დაწესებული არ არის, თუმცა სარეკომენდაციოდ მიიჩნევა, რომ ზედა დონის (ჩვენს რეალობაში - მუნიციპალიტეტის) ადმინისტრაციული ერთეულის ოპტიმალურ ზომად მიჩნეულია ტერიტორია, რომლის პერიფერიიდან ადმინისტრაციულ ცენტრამდე მანძილი არ უნდა აღემატებოდეს მექანიზირებული ტრანსპორტით 40 წუთის განმავლობაში დასაფარ გზას. თუ ამ თვალსაზრისით შევაფასებთ, ჩვენი მუნიციპალიტეტების უდიდესი უმრავლესობა ოპტიმალური ზომისად უნდა მივიჩნიოთ.

რა მდგომარეობა გვაქვს სასოფლო და საქალაო ტერიტორიების ევროპული სპეციფიკაციისა თვალსაზრისით საქართველოში? პირდაპირ ვთქვათ - არც თუ სახარბიელო.

ადგილობრივი თვითმმართველობის მოქმედი კოდექსის მიხედვით (იხ. ამ კოდექსის მე-4 მუხლის 1-ელი ნაწ.) ქალაქი ასე განიმარტება: „ქალაქი − დასახლება, რომლის ტერიტორიაზედაც განლაგებულია სამრეწველო საწარმოები და ტურისტულ, სამკურნალო და სოციალურ-კულტურულ დაწესებულებათა ქსელი და რომელიც ასრულებს ადგილობრივი ეკონომიკურ-კულტურული ცენტრის ფუნქციებს. ქალაქის ინფრასტრუქტურა ორიენტირებული არ არის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებაზე. ქალაქის კატეგორიას შეიძლება მიეკუთვნოს დასახლება, რომლის რეგისტრირებულ მოსახლეთა რაოდენობა 5000-ზე მეტია. დასახლებას, რომლის რეგისტრირებულ მოსახლეთა რაოდენობა 5000-ზე ნაკლებია, ქალაქის კატეგორია შეიძლება მიენიჭოს, თუ იგი თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრია ან მას აქვს შემდგომი ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის ზრდის პერსპექტივა, ანდა ის ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულია, როგორც თვითმმართველი ქალაქი.“

როგორ ვხედავთ, ევროპული გამოცდილებით ქალაქი, რბილად რომ ვთქვათ, გაცილებით მასშტაბური დასახლებაა, ვიდრე ჩვენში. მოსახლეობის საერთო რაოდენობით ევროპული ქალაქი არა ნაკლებ 50 ათასი მოქალაქისგან უნდა შედგებოდეს, ჩვენში ათჯერ ნაკლები - 5000-იც კი საკმარისია! მეტიც, ეს 5000-იც კი არ არის ქვედა ზღვარი, არამედ კანონმდებელს თურმე ისიც კი შეუძლია, რომ ისეთ მიკრო-დასახლებას, როგორიც. მაგ. აბროლაურია (სადაც მოსახლეობა 3000-ს არ აღემატება) ქალაქი დაარქვას. მერე რა, რომ ქალაქი მხოლოდ ფირნიშზე და კანონში დარქმეული სახელი არ აშეიძლება რომ იყოს?

თუკი ევროპული კრიტერიუმებით მიუდგებით, ამ 7 ახალი თვითმმართველი ქალაქიდან საქალაქო ტერიტორიების ევროპულ კრიტერიუმებთან მეტ-ნაკლებად ახლოს მხოლოდ ორი - ზუგდიდი და გორია, რადგან ამ ქალაქებში მართალია, მოსახლეობა 50000-ს კი აღემატება, მაგრამ სიმჭიდროვე ბევრად ნაკლებია 500 (ევროსტატის მიხედვით) და თუნდაც 150 (ეუთოს მიხედვით) კაცზე.

ევროპული კრიტერიუმებით საქალაქო ტერიტორიებს საქართველოში მხოლოდ თბილისი, ქუთაისი, რუსთავი და ბათუმი უახლოვდება, ფოთიც კი შორს დგას ამ კრიტერიუმებისგან. თვით ჩვენს დედაქალაქშიც კი, მრავლად გვაქვს სასოფლო ტერიტორიები და მათ არა მხოლოდ ახლად შემოერთებული (2006 წელს) სოფლები, არამედ თავად ქალაქშივე, განსაკუთრებით მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, მეჩხერად დასახლებული, ევროსტატის მიხედვით - ე.წ. ღია ტიპის ტერიტორიები მიეკუთვნება. სამაგიეროდ, გვაქვს ადგილები, სადაც სიმჭიდროვე 500 კაცზე მეტია, მოსახლეობა უკვე აღარ ეტევა და ახლ კორპუსებს მაინც „წიხლითა ვტენით“ (მაგ. სპორტის სახახლის მიმდებარე, ურბანული კოლაფსის, ე.ი. ავის მომასწავებელი ტერიტორია). თუმცა ეს ქალაქგეგმარების დანაშაულებრივი პოლიტიკის (უფრო სწორედ ასეთი პოლიტიკის არ არსენობის) შედეგია და არა საქალაქო ტერიტორიების კრიტერიუმების არასწორი გააზრებისა...

რა გამოდის? ჯერ ხელოვნურად დასახლებას ქალაქს ვარქმევთ და მერე ვაცხადებთ, რომ საქალაქო თვითმმართველობის განვითარება სამყაროს ძირითადი ტენდენციააო? სწორედ ამას ქვია ლოზუნგური განვითარება და მჭექარე დემოკრატია! სხვა უარესიც შეიძლება დავარქვათ - კოკობზიკობა და კუდის ყავარზე გადება - შეხედეთთ, ეს რამდენი ქალაქები აგვიშენებიაო! რასაკვირველია, ევროპელს (მაგ. სოფლელ ფინელს) მხოლოდ გულიანად გაეცინება, როცა აბროლაურს ქალაქს დააარქმევ და იქ საქალაქო თვითმმართველობის განვითარებაზე, როგორც სამყაროს ძირითად ტენდენციაზე, აქაოდა მეც ნახირ-ნახირო, თავმომწონედ ილაპარაკებ!

მკითხველს შეუძლია მთლიანად ამბროლაურისა და ე.წ. ქალაქის მართლაც „შთამბეჭდავ“ სოციალურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს გაეცნოს (იხ.http://ambrolauri.ge/index.php?article_id=59&clang=0), სადაც შავით თეთრზე ამოიკითხავთ: „2009 წლის ნოემბრის მდგომარეობით რაიონში მოქმედებდა 13 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და 86 ინდივიდუალური მეწარმე. ყველაზე წარმატებული ადგილობრივი კომპანიები, რომელთაც ყველაზე მეტი საგადასახადო შენატანები შეაქვთ სხვადასხვა დონეების ბიუჯეტში, არიან შპს “ამბროლაურის ავტოგზა-10”, შპს “ამბროლაურის ავტოგზა-7”, შპს “ალექსანდროული”, შპს “ხვანჭკარა”.“

აქ, როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია!

მიაქციეთ ყურადღება, რომ აქ მთლიანად რაიონის (ნუ მიიღებთ მხედველობაში, რომ რაიონს 2006 წლიდან მუნიციპალიტეტი ეწოდება) მასშტაბის ეკონომიკიურ პოტენციალზეა საუბარი - 13 შპს და 86 ინდმეწარმე!ამ შპს-ებიდან ორი ყველაზე მძლავრი ბიუჯეტის ხარჯზე გზის დაგებით არის დაკავებული, ხოლო დანარჩენი მოსახლეობა, თუკი დასაქმებულია - ძირითადად ადმინისტრაციულ ორგანოებში, ე.ი. მუნიციპალურ სამსახურშია; მერი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ნატურალურ სოფლის მეურნეობას ეწევა და უარესიც: სულაც შემგროვებლობითა და მოწყალებით ირჩენს თავს!

იქნებ ვითარება შეიცვალა, როცა ქალაქი ამბროლაური „საქალაქო თვითმმართველობის განვითარების სამყაროსეულ ძირითად ტენდენციას“ მიუერთდა? ქალაქ ამბროლაურის საიტზე (იხ.http://ambrolauri.gov. ge)მისი ეკონომიკური პოტენციალისშესახებინფორმაცია ვერ ამოვიკითხე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დიდად არაფერი შეიცვლებოდა! ან იქნებ იმას გვიმტკიცებენ ასო-ცნი, რომ ქ. ამროლაურში დემოკრატიის უფრო მაღალი სტანდარტია, ვიდრე თუნდაც მეზობელ ონში?!

ევროპული სტანდარტები იქით იყოს და თვალის ერთი გადავლებაც საკმარისია, რომ დავინახოთ: მთლიანად ამბროლაურის (ქალაქის ჩათვლით) ტერიტორია სუსტად განვითარებული, უარესიც - დეპრესიული, არა მხოლოდ მეჩხერად დასახლებული, არამედ მწვავე დემოგრაფიული კრიზისის წინაშე მყოფი სასოფლო ტერიტორიაა; ხოლო ქალაქის დარქმევა და მისი მუნიციპალიტეტისგან ხელოვნური გამოცალკევება ნამდვილად არაფერს შეცვლის!ასე მხოლოდ დიდ დავით აღმაშენებელს შეეძლო: „დავით, სთქვი: იქმნენ ქალაქნი! და აღმოცენდნენ ქალაქნი!“ სამწუხაროდ (თუ საბედნიეროდ), დღეს არც ასო-ცს და ათასჯერ ასო-ცსაც მსგავსი სასაწულის მოხდენა არ შეუძლია! არც არის საჭირო, რადგან თუნდაც იგივე ფინეთის მაგალითი ნათლად ცხადყოფს,რომ თანამედროვე პოსტ-ინდუსტრიულ ეპოქაში,მაღალგანვითარებულობა სულაც აღარ არის დაკავშირებული ქალაქების (მითუმეტეს - ხელოვნურად) აღმოცენებასთან!

მაშ რა უნდა ვქნათ? ცხადია, ველოსიპედის თავიდან გამოგონება საჭირო არ არის და ჩვენც ტერიტორიების კლასიფიკაციის იგივე მოდელი უნდა ავირჩიოთ, რაც ურბანული მეცნიერებებიდან გამომდინარე, მოწინავე ევროპულ აზრს აურჩევია! საჭიროა შევიმუშავოთ და დავნერგოთ საქალაქო და სასოფლო ტერიტორიის კლასიფიკაციის ობიექტური (და არა ახირებული) კრიტერიუმები, ისევე როგორც უნდა შევადგინოთ ლოკალური და შესაძლოა, რეგიონული ტერიტორიული ერთეულების ევროპულთან მიახლოებული ნომენკლატურა!

ურბანული განვითარების დაგეგმვა სწორედ ასეთ ობიექტურ კრიტერიუმებს, მიწათმოწყობისა და ქალაქგეგმარების აღიარებულ სტანდარტებსა და არა ყურით მოთრეულ და აზრს მოკლებულ ლოზუნგებს უნდა დაემყაროს!

უნდა აღინიშნოს, რომ იმთავითვე, ე.ი. 2013 წლიდანვე, როცა საქართველოს მთავრობამ სწორედ იმ ჯგუფის, რომელიც ახლა ასო-ცთა ერთ-ერთი თაოსანია, ინიციატივითა და მე ვიტყოდი, ჯიუტი დაჟინებით, მიიღო მუნიციპალიტეტების ე.წ. ტერიტორიული ოპტიმიზაციის გადაწყვეტილება, დიდად არ უნაღვლია ამ ოპტიმიზაციის ევროპულ პრაქტიკასთან და ობიექტურ საჭიროებებთან შესაბამისობაზე. საბოლოო ჯამში ეს „ოპტიმიზაციის იდეა“ კრახით დასრულდა, რადგან სათანადო კრიტერიუმები, მიუხედავად ბევრი ფუჭი თავის მტვრევისა, მაინც ვერ იქნა შერჩეული; ხოლო ამ 7 ე.წ. რეგიონული ცენტრის ცალკე გამოყოფა ერთგვარ პოლიტიკურ კომპრომისს წააგავდა - ტერიტორიული ოპტიმიზაცია, რომელსაც დაჟინებით ითხოვდა კოლაიციაში შემავალი რესპუბლიკური პარტია და მასთან აფილირებული ჯგუფი, მიუხედავად დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობისა, მაინც არ იქნა მთლიანად უკუგდებული, არამედ ახირებულთა ჟინის დასაცხრობად 7 მუნიციპალიტეტში ნაწილობრივ მაინც გატარდა; რასაკვირველია, ამ არაფრის მომტანი ტერიტორიული ცვლილების რეფორმად მონათვლა, ერთობ გადაწარბებული შეფასება გახლავთ! რეფორმა შეიძლება ნამდვილად იყო თვითმმართველი ერთეულების ხელმძღვანელთა - მერებისა და გამგებლების პირდაპირ არჩევა, მაგრამ არამც და არამც მერების რაოდენობის ხელოვნური გაზრდა!

სწორედ ამიტომ, ძალზე უცნაურად გამოიყურება მაშინდელი მინისტრის მოადგილის - ღრმადპატივცემული ბატონ თენგიზ შერგელაშვილის დღევანდელი საპროტესტოდ მქუხარე პოზიცია, ვინაიდან სწორედ იგია უმთავრესი პასუხისმგებელი პირი მაშინ ფართოდ რეკლამირებული ამ ე.წ. რეფორმის, ანუ 2013 წელს მთავრობის დადგენილებით მიღებული პოლიტიკის ჩავარდნაზე. თუ მას მართლაც ასე სურდა ეს ყბადაღებული „ტერიტორიული ოპტიმიზაცია“, ვინ უშლიდა, განა ყველა ბერკეტი არ ეპყრა ხელთ, რომ სათანადო კრიტერიუმები მოემზადებინა? მაგრამ ეს კრიტერიუმები ხომ ობიექტურ მონაცემებთან და ანალიზთან არის დაკავშირებული და არა საქართველოს რუკის წითელი მარკერით გადახაზვ-გადმოხაზვასთან, მუნიციპალიტეტის „საშუალო“ ზომის „გამოყვანით““ ტერიტორიების ჭრა-კერვასთან და მსგავს აბდა-უბდასთან, რითიც ეს ბატონი იყო წლების განმავლობაში დაკავებული?!

„რეფორმა“ ხომ სწორედ იმიტომ ჩავარდა, რომ მუნიციპალიტეტების ზომის ხელოვნური შემცირება, როცა არც სხვა ქვეყნების (უწინარესად ევროპულის) გამოცდილებას არ იზიარებ, არც საკუთარი კრიტერიუმების შემუშავების თავი არ გაქვს, მხოლოდ ახირებულობაა და სხვა არაფერი! (მაშინდელი დისკუსიის გასახსენებლად დაინტერესებულმა მკითხველმა იხ. ჩემი ადრინდელი ბლოგები ფორ. გე-ზე, მაგ. ეს წერილი: „საქართველოს დაშლა-დაქუცმაცების კოდიფიკაცია“ http://www.for.ge/view.php?for_id=26882&bloger_id=6&cat=12)

თუკი მართლაც განვითარება გვსურს და არა ოდენ ლოზუნგური დემოკრატიის ჭექა-ქუხილით თავის შექცევა, ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიული ფარგლების ცვლილებები მხოლოდ რეფორმის ერთიან კონტექსტში უნდა განიხილებოდეს და შეფასდეს.

რეფორმის მთავარი სტრატეგია კი მონაწილეობითი დემოკრატიიის, რომელიც უკვე არა იერარქიულ, არამედ ქსელურ ურთიერთობებს ემყარება, განვითარება და ამ გზით სწრაფი სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის უზრუნველყოფა უნდა იყოს!სწორედ ეს და არა „საქალაქო თვითმმართველობების განვითარებაა“ დღევანდელობის ძირითადი ტენდენცია!

მონაწილეობითი დემოკრატია კი უწინარესად ნიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის(როგორც უფლების) უმთავრესი სუბიექტის - თემის დაბრუნებას ქართულ სამართალში, ოღონდ ამჯერად არა პრე-ინდუსტრიული, ან თუნდაც ინდუსტრიული, არამედ უკვე პოსტ-ინდუსტრიული, ე.ი. საინფორმაციო, ანუ უახლესი ტექნოლოგიური ეპოქისათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებებითა და ფორმით. ამიტომაც: მუნიციპალიტეტი, როგორც სასოფლო და საქალაქო თემთა გაერთიანება კი არ უნდა დაიშალოს, როგორც ეს ასოც ან თუნდაც ასჯერ ასოც მელოზუნგეს წარმოუდგენია, არამედ უნდა იქცეს ადგილობრივი თემების ეფექტიან, ქსელურ თანასაზოგადოებად. როგორ? მუნიციპალური უფლებების, პასუხისმგებლობების, ფუნქციებისა და რესურსების ქსელური გადანაწილების გზით და ამგვარ ქსელურ ურთიერობებში თანამედროვე ტექნოლოგიების, უწინარესად - საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტენსიფიკაციით!

ქსელურ მუნიციპალურ თანასზოგადოებაში არა მხოლოდ გაგონილი, არამედ მმართველობითი გადაწყვეტილელების მიღებისას შესმენილი უნდა იქნეს თითოეული, როგორც საქალაქო, ასევე სასოფლო თემის ხმა,ისევე, როგორც თავად თემში - თითოეული მოქალაქისა თუ აქტიური ჯგუფისა! იგივეს თქმა შეიძლება საერთო ეროვნულ "ქსელურ"" განვითარებაზეც! ქვეყანა თვითორგანიზებული მოქალაქეებით, მათი საზოგადოებებითა და თანასაზოგადოებებით უნდა"დაიქსელოს" - სწორედ ასეთია დღევანდელი ანტი-უტოპია, რომელიც რეალობად უნდა ვაქციოთ, თუკი მართლაც სწრაფი განვითარება გვსურს!

თუ არა და, თანამედროვე მსოფლიოს განვითარების ულმობელი ლოგიკა მოგვისვრის ისტორიული პროცესის პერიფერიაზე - ე.ი. საბოლოოდ გაგვწირავს და გადაგვაქცევს სხვის საპატრონებელ და შესანახ დე-ინდუსტრიულ, ყოფილ საზოგადოებად და ერად, სადაც ყალბი ლოზუნგები და მელოზუნგენი (აგერ, სააკაშვილისა არ იყოს! ჯვარი აქაურობას!) ბატონობენ...