სიტყვის თავისუფლებაზე, და არა მხოლოდ...

სიტყვის თავისუფლებაზე, და არა მხოლოდ...

ბევრს უთქვამს და მეც ვეთანხმები, რომ საქართველო საოცრებათა ქვეყანაა, მაგრამ პოლიტიკურ კონტექსტში ზემოთ აღნიშნული მოსაზრება კვადრატში კი არა, ნამდვილად კუბშია ასაყვანი. ამის ნათელი მაგალითია დღევანდელი ის პოლიტიკური ისტერია, „რუსთავი 2“ - ის ხელმძღვანელობასა და ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიებს რომ აქვთ გაჩაღებული.

ღიმილის მომგვრელია დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების სიმბოლოდ სააკაშვილის მიერ მართული და ჟურნალისტური ობიექტურობისაგან ძალზე შორს მყოფი ტელეკომპანიის გამოცხადება. ოდიოზურ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშთან  „რუსთავი 2“-ის   საფინანსო-სამეურნეო ხასიათის სამართლო დავის  სიტყვის თავისუფლებაზე ხელყოფად წარმოდგენის მცდელობა კი, ქართული დემოკრატიის მომავალთან მის დაკავშირებასთან ერთად, ცინიზმის მწვერვალად მეჩვენება.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რა ვუყოთ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ერთობ „უცნაურ“ დამოკიდებულებას ჩვენი საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესებისადმი? თუნდაც იმ ცუდად დაფარულ სიხარულს, „რუსთავი 2-ის ჟურნალისტები რომ გამოხატავენ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის ანტიქართულ დეკლარაციაზე ან ქმედებაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგაა მიმართული?

მაგალითად, ისეთებისა, როგორებიცაა სტრასბურგის სასამართლოს „რუსთავი 2“-ისს მხარდამჭერი ბოლო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოწოდება საქართველოში არაბული ქვეყნებიდან მიგრანტების ბანაკების შექმნის აუცილებლობის თაობაზე.

სააკაშვილის, უგულავას, ჯაფარიძისა თუ ვაშაძის გუნდის წევრებისაგან, მართალი გითხრათ, სხვას არაფერს ველოდი, მაგრამ განცვიფრებას იწვევს იმ პოლიტიკური პარტიების პოზიცია, წლების განმავლობაში ბევრი ჩვენი თანამემამულის (ჩემი ჩათვლით) მხარდაჭერით რომ სარგებლობდა.

არავის განვსჯი, მაგრამ იმის უფლება კი მაქვს გულისტკივილი გამოვთქვა „თავისუფალი დემოკრატების“ ოფიციალურ განცხადებაზე „რუსთავი 2“-ის  ქიბარ ხალვაშთან სასამართლო დავასთან დაკავშირებით, რაც პოლიტიკური პარტიას, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი მე ვარ, არც მეტი და არც ნაკლები, სიტყვის თავისუფლების ხელყოფად მიაჩნია.

ჩემი აზრით, 2016 წლის 8 ოქტომბერს ქართველმა ამომრჩეველმა შეცდომა დაუშვა, როდესაც რეალურ დემოკრატიას ერთპარტიული პარლამენტი არჩია, ოპოზიციად კი  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაამწესა.

„ქართული ოცნების“ ადვოკატად ნამდვილად ვერ გამოვდგები, კრიტიკის ისეთ „ქარ-ცეცხლში“ მყავს გახვეული ყველა ჩემ ბოლო პუბლიკაციაში, მაგრამ ბრმები უნდა ვიყოთ ყველანი, რომ ვერ დავინახოთ სხვაობა „ნაციონალური მოძრაობის“ ტოტალიტარულ რეჟიმსა და დღევანდელ, ერთობ არასრულფასოვან, მაგრამ გაცილებით უფრო დემოკრატიულ მმართველობას შორის.

ბრმები უნდა ვიყოთ, რომ ვერ დავინახოთ, რომ, ისევე როგორც ყველა მის მსგავს „რბილ ავტორიტარულ“ რეჟიმს, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არა თუ არ აინტერესებს მედია-სივრცის ტოტალური კონტროლი, არამედ პირიქით, მედიის მიერ პოლიტიკური „მეხამრიდის“ ფუნქციის ეფექტური შესრულების შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სიტყვის რეალურ თავისუფლებას სასიცოცხლო აუცილებლობად მიიჩნევს საკუთარი მმართველობის გაგრძელებისათვის.

სამწუხაროდ, პოლიტიკური „სიბრმავისაგან“ არც პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ დღევანდელი ხელმძღვანელობა ყოფილა დაზღვეული.

ზემოთ აღნიშნული პარტიის შექმნის სათავეებთან  შესანიშნავი ქართველი დიპლომატი და მამულიშვილი ლევან მიქელაძე იდგა. საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში ლევან მიქელაძესთან ერთად მუშაობის ბედნიერება უფალმა 1992 წლიდან 2007 წლამდე მომანიჭა.

მე და ლევანს, საქართველოს ინტერესების დაცვა, წლების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნებში გვიხდებოდა, მაგრამ ჩვენი გზები მაინც იკვეთებოდა უცხოეთიდან თბილისში ხანმოკლე მივლინებების დღეებში. სამწუხაროდ, დროის სიმცირის გამო მაშინაც ვერ ვახერხებდით ხშირად ხანგრძლივად საუბარს, მაგრამ ლევანთან ის იშვიათი შეხვედრებიც  ისეთი საინტერესო იყო, რომ მათი გახსენება დღესაც ბედნიერებას მანიჭებს.

უდროოდ დაგვტოვა ყველანი ლევან მიქელაძემ. თუმცა, მისი უეცარი და ერთობ უცნაური სიკვდილი ძალიან „დროული“ იყო 2009 წლის გაზაფხულზე სააკაშვილის რეჟიმისათვის, რომელიც გაჭირვებით იგერიებდა გაერთიანებული ოპოზიციის გააფთრებულ პოლიტიკურ შეტევებს. სხვათა შორის, ისეთივე „დროული“ იყო ნაციონალური მოძრაობისათვის 2008 წელს ბადრი პატარკაციშვილის უეცარი სკვდილიც ...

ლევან მიქელაძისა და მისი გუნდის თანადგომის სურვილი მამოძრავებდა ბოლო 8 წლის განმავლობაში. 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებშიც „თავისუფალ დემოკრატებს“ დავუჭირე მხარი. გული დამწყდა იმ უსამართლობის გამო, ჩემმა პარტიამ წინასაარჩევნო ბარიერი რომ ვერ გადალახა და პარლამენტს მიღმა დარჩა. დღესაც ვარ დარწმუნებული, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ პარლამენტში ყოფნა დიდად წაადგებოდა საქართველოს, მაგრამ აძლევდა კი „თავისუფალ დემოკრატებს“ არჩევნებში, თუნდაც უსამართლო დამარცხება იმის უფლებას ღია მხარდაჭერა გამოეცხადებინათ სააკაშვილის „მედია რუპორისათვის“ და ერთ მწკრივში დამდგარიყვნენ სააკაშვილი-უგულავა-ბოკერიას გუნდის წევრებთან?

ნამდვილად არა!   

არ მყოფნის სიტყვები გულისტკივილის გამოსახატავად!

ის ღა დამრჩენია კითხვა დავსვა: რატომ?

რატომ ძლევს ხოლმე ყოველთვის ქართველ პოლიტიკოსებში ემოცია გონიერებას?

რატომ არიან ჩვენი პოლიტიკოსები მათზე არჩევნებზე გამარჯვებულებული და ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკური ძალის ანტიპათიით ესოდენ დაბრმავებულები?

სამწუხაროდ, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული ბოლო განცხადება მხოლოდ ზემოთ აღნიშნულ ასოციაციებს იწვევს ჩემში.

ასეთი პოლიტიკური „გზა“ ნამდვილად ვერ „მიგვიყვანს ტაძრამდე“, ამიტომაც არ ვთვლი შესაძლებლად კვლავაც ვირიცხებოდე „თავისუფალი დემოკრატების“ რიგებში. პარტიის ხელმძღვანელობას კი ვთხოვ განიხილოს ჩემი ეს სტატია განცხადებად პარტიის დატოვების თაობაზე.

ხაზს ვუსვავ იმასაც, რომ ზემოთ აღნიშნულ ჩემს გადაწყვეტილებაში არაფერია პირადული. უცვლელია ჩემი პატივისცემა „თავისუფალი დემოკრატების“ ყველა ხელმძღვანელისა და რიგითი წევრის მიმართ და გარწმუნებთ, რომ ყოველთვის კმაყოფილებით გავიხსენებ იმ 8 წელს, რომელიც თანაპარტიელებთან ერთად სიძნელეებით სავსე პოლიტიკურ ბრძოლაში გავატარე.