გადმოქართველება

გადმოქართველება

პირდაპირ უნდა ითქვას: ჩვენი სიღარიბის მიზეზი არ გახლავთ (მხოლოდ) ცუდი ეკონომიკა. პირიქით. ცუდი ეკონომიკა შედეგია ჩვენივე გაღარიბებული და გადაგვარებული წარმოდგენების, რომელთა ინსტალაცია ძირითადად თბილისელი „ოქროს თაობის“ გოგო-ბიჭებმა  წარმატებით მოახერხეს.  ეს დამსახურება უდავოდ აქვთ.

იცნობთ ასეთ სუბიექტებს - იმისთვის, რომ საკუთარი მნიშვნელობა,  კულტურა, პატრიოტიზმი, პროგრესულობა და  ადამიანობა დაამტკიცონ, ევროპელი ან ამერიკელი ჭირდებათ. ჯანდაბას, იყოს აღმოსავლეთ  ევროპა... მაინც ევროპაა. ყველაზე კომიკური ის სიტუაციაა, როცა ნაღდი ქართველობა (მაშასადამე - ძირძველი ევროპელობა) უცხოელმა უნდა დაგიდასტუროს. სხვანაირად  საეჭვოა.  არა, კი გჯერა. გჯერა კი არა, ზუსტად იცი, მაგრამ დოკუმენტია საჭირო, ბეჭედდასმული, რომელიც გაიცემა ქართველზე კულტპატრიოტიზმის საბუთად. არც ევროპელებს , არც ამერიკელებს ჯერჯერობით ჭკუა არ  ჰყოფნით საამისოდ, თორემ ქვეყნის ფულს იშოვიდნენ. 

სხვათა შორის, არ არის აუცილებელი, გაქანებული ლიბერტარიანელი იყოს ევროპელობის მაძიებელი; პირიქით, შეიძლება ანტილიბერალურ შეხედულებებს იზიარებდეს და ქადაგადაც იყოს დავარდნილი "ამ საშინელი იდეოლოგიის" წინააღმდეგ. მაგრამ იმდენად გამჯდარი ჰქონდეს უბედური ქვეყნისა და ბნელი ქართველის კომპლექსი, რომ საკმარისია, "წარმატებული უცხოელის" მზერა მიიპყროს, და მაშინვე  გამოგიწერთ მას რეცეპტად, მასწავლებლად, გურუდ, ბედნიერების ნიმუშად და ფორმულად. ერთი სიტყვით, ისევ იმ საწყალ საბჭოთა „ბოჰემას“  წააწყდებით ამ ნახევარ საუკუნეს მიღწეულ თუ  გადაცილებულ, დედამიწას სამჯერ წრედარტყმულ ქართველში, რომელიც ვერაფრით გასცდა პიროვნების კულტს.

თუმცა, ეს ჯერ კიდევ ტრაგედიის ნახევარია. მეორე, უფრო ძლიერ ნაწილს, ევროპელის გადმოქართველება ანუ, სავარაუდოდ, მისსავე ძირძველ ფესვებთან დაბრუნება ჰქვია სცენარში (რამ გაგვყო?!). მართალია, ასეთების  სიყვარული ჩვენს მიმართ  ძალიან ჰგავს ხოლმე იმ მფარველობას, პატარებისადმი რომ ვიჩენთ: მიუხედავად იმისა, რომ არ ვიღებთ მათ სერიოზულად, მაინც ვყვებით თამაშში, ვაჩვენებთ  პატივისცემას მათი უწყინარი ჩვევების მიმართ. ერთი სიტყვით, ვცდილობთ ძალიან უხეშად არ დავუნგრიოთ  ბავშვური ილუზორული სამყარო.  არადა, რა უნდა იყოს იმაზე უფრო რასისტული, ვიდრე ის, რომ სულ რამდენიმე წელში გადმოქართველებული და ადგილობრივ ადათ-წესებში გარკვეული უცხოელი საყვარლად იწყებს იმის უხერხულ ჩვენებას, რა კარგად აითვისა და გაერკვა აბორიგენების  ჩვეულებებში, როგორ  შეუყვარდა „ენამამულისარწმუნოება“ და შეუძლია მისი დაცვა.  აი, ეს "პატივისცემა" და "მფარველობაა", რომელსაც უფროსები დემონსტრირებენ, როცა თავიანთ პატარებს "უწყობენ ფეხს", იმიტირებენ მათ ჟესტებს და საუბარს.

დღემდე გაუგებარია ჩემთვის, რატომ უხარიათ ქართველებს ასეთი იაფფასიანი სანახაოებები? მერე, დგას ეს უცხოელი და სრული სერიოზულობით ლექციებს  გვიკითხავს იმის თაობაზე, მაგალითად, უნდა იდგეს თუ არა აქ სტალინის ძეგლი. რეალურად, ასეთი "მფარველობის" შეცდომა არა იმდენად იმ ფაქტის დემონსტრირებაშია, რომ ისი-ც ერთ-ერთი ჩვენგანია, არამედ უფრო იმაში, რომ გვიჩვენებენ საკუთარი ადათ-წესებიდან როგორ დისტანცირდებიან ჩვენს სასარგებლოდ.  სიცრუის მახე სწორედ  აქ არის  დაგებული.

ერთგან ასეთი საინტერესო ისტორია წავიკითხე: ერთხელ პეტრე ნეგოშთან (ჩერნოგორიის მმართველი მე-19ს.-ში, ცნობილი თავისი ბრძოლებით თურქებთან და ასევე ცნობილი თავისი ეპიკური პოეზიით) სტუმრად მყოფმა ინგლისელმა, რომელიც ადგილობრივ ცერემონიებში ღრმად გაერკვა და მზაობა გამოთქვა მასში მონაწილეობა მიეღო, ნეგოშმა უხეშად მიმართა: "რა საჭიროა თავის ბრიყვად წარმოჩენა? განა ჩვენ (ადგილობრივები) საკმარისნი არ ვართ იმისთვის, რომ ვმონაწილებდეთ ამ სულელურ თამაშებში?"

როცა ქართველებიც მიხვდებიან, იმას, რასაც ნეგოში ორი საუკუნის წინ მიხვდა და იმასაც გაიგებენ, რომ რაზეც აქ არის საუბარი, იმას ქსენოფობიასთან არანაირი კავშირი არ აქვს, არამედ უბრალოდ უარის თქმაა თავსმოხვეულ პოსტმოდერნისტულ ოპერატიულ ინსტრუმენტალიებზე - ლიბერტარიანულ დასწავლილ "მოთმინებასთან უცხოს მიმართ", უარის თქმაა მიიღო ობიექტი, რომელსაც თავისი სუბსტანცია ამოცლილი აქვს, რომ ეთნიკურად „სხვა“ არ შეიძლება მოგწონდეს ამ „სხვად ყოფნის“ არსისგან დაცლილი და გადაგვარებული, აი მაშინ შეიძლება ასე იოლად აღარ დაგოიმდეს (ძრწოლას რომ გვრით ეს  სიტყვა)  "ბნელი ქართველი ერის" დაკომპლექსებული „სვეტსკი“ შვილი და ჯერ თვითონ ისწავლოს ამ ქვეყნის (პირველ რიგში - საკუთარი თავის) გაკულტურულება, ანუ დამუშავება. 

ისწავლო სხვისგან და არ შექმნა მისგან ფეტიში, განვითარების ნიშანია. ამ ქვეყანაში არაფერი ხდება ისეთი, რაც სხვაგან არ მომხდარა (ამის შესახებ მარკესის წერილს შემდეგ ბლოგში დავდებ), ამიტომ ყველამ ჯერ იქნებ საკუთარ ბაღს მიხედოს, რასაც, სხვათაშორის, აკეთებს კიდეც ევროპა და დიახ, ეს სწორია, გარდა იმ მეტიჩარა და პირადი ამბიციებისა თუ სარგებლის მოტივაციით აღძრული უცხოელებისა, ვისთვისაც ეს ქვეყანა (და შესაძლოა, საკუთარიც) მხოლოდ საძოვარია. გადაივლიან და წავლენ. ხოლო თუ მაინცდამიანც მე პირადად ჭკუას დავეკითხებოდი ვინმეს, არავითარ შემთხვევაში - ისეთ გაქართველებულ ჰიბრიდებს, რომლებსაც  რატომღაც ჰყოფნით სახელგანთქმული ევროპული „თავაზიანობა“ და ისევ ქართველებისგან დაგეშილები, სრულიად დარწმუნებულნი იმაში, რომ თუკი ხევსურულ ქუდს დაიკოსებენ თავზე, „სულიკოს“ იმღერებენ, ღვთისმშობლის წილხვედრზე წიგნს დაწერენ  და ქართულ ვაზსა და ხაჭაპურს გაუგებენ გემოს, უკვე შეუძლიათ ქართველი ერის მისიონერებად მოგვევლინონ.

ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს „ერთმორწმუნე ძმის“ კოშმარულ ზღაპრებს „ხალხთა დიადი მეგობრობის“ შესახებ.  ესეც რომ არა, ასეთ „კულტურას“ ქართულად უზრდელობა ჰქვია.