სამშობლო ღმერთზე მაღლა დგას

სამშობლო ღმერთზე მაღლა დგას

ეს თეზა - “სამშობლო ღმერთზე მაღლა დგას” - დღესაც ისეთივე ცხარე კამათს იწვევს, როგორც შუა საუკუნეებში (მაკიაველის დროს) ან ახალ ეპოქაში – XIX-XX საუკუნეებში. იხილავდა რა ნიკოლო მაკიაველის მიმართებას თავისი დაქუცმაცებული სამშობლოსადმი, (რომელიც აღმერთებდა მას), ფრანჩესკო დე სანკტისი წერდა, რომ ნიკოლო მაკიაველისათვის ღმერთი მიწაზე ჩამოვიდა და სამშობლო დაერქვა. სწორედ სამშობლოსთან მიმართებაში წამოაყენა მაკიაველმა თავისი ცნობილი თეზა – მიზანი ამართლებს საშუალებას, რომ თუ სამშობლოს სჭირდება, შეიძლება გადაუხვიო ქრისტეს მცნებებს – მოკლა კიდეც, მოიტყუო კიდეც, მოიქცე ამორალურად და ა.შ. ამადაც წერდა მაკიაველი, რომ “ძვირფასია მშობლები, შვილები, ახლობლები და მეგობრები, მაგრამ სამშობლოა ერთადერთი, რომლის გულისთვის ესენი ყველა შეიძლება დაუფიქრებლად გაწირო”. (ამის კარგი მაგალითი ქართველებმაც მოგვცეს გიორგი სააკაძის და იოსებ ჯუღაშვილის სახით, რომლებმაც შვილები გაწირეს ქვეყნის გულისათვის.)

დღესაც ქართველთა მეთერთმეტე მცნებად მიჩნეულია რაფიელ ერისთავის ბრწყინვალე თეზა “როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა”, რომელმაც ტოლობის ნიშანი დასვა უფალსა და სამშობლოს შორის. ქართველების შეგნებული ნაწილი ქრისტიანობამდეც აღმერთებდა სამშობლოს და აღმერთებს დღესაც.

ლოგიკურად, თუ ღმერთმა შექმნა სამყარო, სამშობლოც მან შეგვიქმნა და ქართველობაც მან განსაზღვრა ისეთად, როგორებიც დღემდე ვართ. მას არავინ უარყოფს, მაგრამ ორჯერ ორი ყოველთვის არ არის ოთხი: არის მომენტები, როცა სამშობლო ღმერთზე მაღლა დგას.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ სამშობლო და მისი ეროვნული ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რუსული, ამერიკული თუ ევროპული (საეჭვო) ღირებულებები.

ასეა ეს?

ქართველ პოლიტიკოსთა პანთეონისათვის ეს საკითხი არაერთხელ დასმულა, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ჩვენი აზრით, არ შეიძლება პოლიტიკოსებს მთაწმინდის და დიდუბის პანთეონში კრძალავდნენ (მერაბ კოსტავაზე და ზვიად გამსახურდიაზე გამონაკლისი იქნა დაშვებული იმიტომ, რომ მათი მთავარი ღვაწლი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერობა იყო და ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის). ჯობია ისინი სხვაგან დაიკრძალონ თავიანთი დამსახურების მიხედვით. ასეთ ადგილად მიმაჩნია კრწანისის რეზიდენცია, სადაც დასაფლავებულია ედუარდშევარდნაძე.

შევარდნაძემ, თავისი შეცდომებისა და ცოდვების მიუხედავად, მაინც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ახალი ქართული სახელმწიფოს შექმნის საქმეში და შეიძლება მისი იქ განსვენება, სადაცაა დაკრძალული. თუ საზოგადოება გამოხატავს დადებით განწყობას, იქ შეიძლება გადასვენებული იქნას ზურაბ ჟვანიაც (ექსჰუმაციის შემდეგ, რომელსაც აპირებენ შინაურები და გამომძიებლები).

მომავალში აქვე დაიკრძალებიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცებასა და ქვეყნის გაერთიანებაში. ასეთი ვერ იქნება ყველაპრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი თუ პარლამენტის თავმჯდომარე, არამედ მხოლოდ რჩეულნი (იგივე ეხება პარტიის ლიდერებსაც).

ბრძოლა დემოკრატიული კონსტიტუციისათვის

მომავალში ძნელად თუ დადგება ისეთი მომენტი, როცა რომელიმე პარტიამ შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაშეძლოს საქართველოს პარლამენტში. ამიტომ “ქართულ ოცნებას” მართებს აუჩქარებლად, გონივრულად, საყოველთაო ჩართულობით დაიწყოს მზადება კონსტიტუციაში აუცილებელი ცვლილებების განსახორციელებლად.

პირველი, რაც უნდა დადგინდეს, ესაა პარლამენტის ადგილსამყოფელი. წინა პარლამენტის ნაკლებეფექტიანი მუშაობის ერთ-ერთი მიზეზი იყო საპარლამენტო მუშაობის წარმართვა ორ ქალაქში: ქუთაისსა და თბილისში. ეს არა მარტო დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, არამედ ხელოვნურად გართულებულიც – 150 პარლამენტარის და პარლამენტში მომუშავე 700 ადამიანის აქეთ-იქით სირბილით.

გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ პარლამენტი თბილისში, დედაქალაქში უნდა მუშაობდეს (ასეა მთელმსოფლიოში).  ამით შემცირდება შენახვის ხარჯებიც და გაიზრდება ეფექტურობაც (პარლამენტის ყოფილ შენობაში შეიძლება განთავსდეს ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და ერთი სასწავლო კორპუსი).

მეორე და მნიშვნელოვანი, რაც უნდა შეიცვალოს, დეპუტატების და თანამდებობის პირების ასაკობრივი ზღვარია. არ შეიძლება პარლამენტში იჯდეს და ქვეყნის ბედი გადაწყვიტოს 21 წლის უმწიფარმა ახალგაზრდამ, რაც უნდა ნიჭიერი იყოს იგი. თუ პრეზიდენტი 35 წლის მაინც უნდა იყოს, ამავე ასაკის უნდა იყვნენ მინისტრებიც და დეპუტატებიც (ყოველ შემთხვევაში 30 წლის მაინც პარლამენტარები და 25 წლის ადგილობრივი დეპუტატები). იგივე შეიძლება ითქვას მოსამართლეებზე, რომლებიც წყვეტენ ადამიანის ბედს და უნდა ჰქონდეთ ცხოვრებისეული გამოცდილება და ცოდნა.

თუ გადავხედავთ ჩვენი მეგობარი ქვეყნების გამოცდილებას, არსად თანამდებობებზე 35 წელზე ახალგაზრდა ასაკის ადამიანებს არ ნიშნავენ - არც აშშ-ში, არც გერმანია-საფრანგეთში, არც იაპონიაში (ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი აქ 53 წლის იყო). რომის სენატში კი არ ირჩევდნენ 60 წელზე ნაკლები ხნის ხალხს, იმიტომ რომ თანამდებობაზე ყოფნის დროს მთავარია არა მარტო ცოდნა, არამედ მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც ასაკს მოაქვს. ამიტომ, სასურველია ვიტრიალოთ 35-70 წლის ასაკს შორის. 70 წლის ასაკის მერე ადამიანს არ უნდაჰქონდეს თანამდებობის დაკავების უფლება პარლამენტსა და მინისტრთა კაბინეტში, სასამართლოში, ადგილობრივ ხელისუფლებაში, ის არ უნდა იქნას არჩეული არც პრეზიდენტად.

თუ საზოგადოება გადაწყვეტს და მომავალი საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს, მაშინ სასურველია, პარლამენტი გახდეს ორპალატიანი და დღევანდელ პარლამენტს დაემატოს რესპუბლიკის საბჭოც რეგიონების უფლებების უკეთ დასაცავად. მოგიწოდებთ, აქტიურად ვიმსჯელოთ სხვა არანაკლებ (თუ უფრო მნიშვნელოვან არა) საკითხებზეც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ამ საკითხებს მიეკუთვნება ხელისუფლების დეცენტრალიზაცია და ფინანსურად უზრუნველყოფილი ადგილობრივი, ფართო უფლებამოსილების მქონეადგილობრივი თვითმმართველობის შექმნა, ასევე პრეზიდენტის არჩევის წესი და მისი რეალური უფლებამოსილების დადგენა.