პრეზიდენტი ცაში, სასამართლო წყალში, ბათუმი კახეთში  და ბანკი  მიწაში!

პრეზიდენტი ცაში, სასამართლო წყალში, ბათუმი კახეთში და ბანკი მიწაში!

კონსტიტუციის მიხედვით, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს დედაქალაქი თბილისია, მაგრამ პარლამენტის ადგილსამყოფელი ქუთაისშია. ასევე, კონსტიტუციის ტექსტში მოხსენებულია ქალაქი მოლანდება - ლაზიკა, რომელიც ჩვენს შეზღუდულ, სამგამზომილებიან სივრცეში ვერ დაეტია და იგი იდეების საუფლოში, ე.ი. სადღაც მეხუთე ან მეექვსე განზომილებაშია კონსტიტუციურად აშენებულ-დამშვენებული!

რასაკვირველია, სააკაშვილის მიერ წამოწყებული ეს ინოვაციური პერსპექტივა ზოგს სისულელედ და სიგიჟედ მიაჩნია, მაგრამ გარწმუნებთ - მსგავსი ნაბიჯები კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში ახალ სიტყვად და სრულიად ახალ ეტაპად უნდა შეფასდეს! 

ცხადია, კონსტიტუციონალიზმში ამ ახალ მიმართულებას „დეცენტრალიზმი“ შეცდომით უწოდეს, რადგან მისი ინოვაციურობა თავის დროზე ღირსეულად ვერ გააანალიზეს და შეაფასეს მეცნიერებმა! მოვიდა დრო, ეს ახლა მაინც გაკეთდეს. უწინარესად, კონსტიტუციონალიზმში ამ ახალ მიმართულების სახელი უნდა დავარქვათ. სახელდებისათვის კი  უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადგილის შესახებ მეცნიერებას, ე.ი. „ადგილის გონს“ - მეცნირულ ენაზე, ანუ ბერძნულად „ტოპოლოგია“ ეწოდება, ხოლო ცენტრალური ორგანოების ცენტრიდან მოშორებას - ექსცენტრიზმი. ამრიგად, კონსტიტუციონალიზმის ამ ახალ მიმართულებას „ტოპოლოგიური ექსცენტრიზმი“, მოკლედ - „ტოპო-ექსცენტრიზმი“ უნდა დავარქვათ! 

ქვეყნის განვითარებისათვის აუცილებელია, რომ ტოპოლოგიური ექსცენტრიზმი ღრმად იქნეს გამოკვლეულ-შესწავლილი და მეტიც: კოსტიტუციონალიზმის პრაქტიკაში იგი ინოვაციურობის მთავარ მამოძრავებელ იდეად უნდა იქცეს!

ამიტომაც მოუწოდებ საკონსტიტუციო კომისიას, რომ ტოპო-ექსცენტრიზმი ყოველმხრივ განავრცოს და განავითაროს!ხოლო ამ მიზნით იგიტოტალური უნდა გახდეს,ე.ი. მოიცვას არა მხოლოდ ხმელეთი, არამედ  წყალიც, ჰაერიც და მიწისქვეშეთიც კი!

ტოპოლოგიური ექსცენტრიზმის ტოტალურობისათვის რამდენიმე ღირშესანიშნავ და ზეღირებულოვან იდეას ვთავაზობ საკონსტიტუციო კომისიას, რაც დარწმუნებული ვარ, თავის ღირსეულ ასახვას ჰპოვებს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში. სახელდობრ:

ა) უწინარესად, კონსტიტუციის ტექსტში უნდა გადაწყდეს პრეზიდენტის ადგილსამყოფელის, ე.ი. მისი სასახლის დღეს უაღრესად სადავო და საჭირბოროტო  საკითხი.ვთავაზობ კომისიას, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა მოხდეს სწორედ ტოპო- ექსცენტრიზმის მიერ შემუშავებული პრინციპების საფუძველზე. თანაც იმგვარი სუპერ-ინოვაციური მიდგომებით, რომ მოვხიბლოთ და გავაოგნოთ მთელი მსოფლიო, სახტად დავტოვოთ მტერიცა და მოყვარეც!გთავაზობთ მივიღოთ ყველაზე უფრო ტოტალურად ექსცენტრული გადაწყვეტილება, რომელიც ხელისუფლებათა დანაწილების ტოპოლოგიურ ინოვაციურობას დაეყრდნობა და ამ პრინციპს ექსტერიტორიული ექსცენტრიზმის ახალ სიმაღლეზე აიყვანს. მოკლედ და კონკრეტულად რომ ვთქვათ: პრეზიდენტს,  როგორც სახელმწიფო მეთაურს, ზეცად აღამაღლებს! მაგრამ იმავდროულად, ასეთი ამაღლების დასაბალანსებლად ყოველგვარი მიწიერი ფუნქციების რუტინისგან გაათავისუფლებს! ტოპოლოგიური გაგებით ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტის სასახლე უნდა იყოს არა მიწაზე, არამედ ჰაერში! პრეზიდენტის ადგილი სწორედაც ცაშია! რასაკვირველია, ჰაეროვანი პრეზიდენტი, მაღლიდან სწორედაც იდეალურად შეასრულებს სახელმწიფოს სიმბოლური მეთაურისა და ხელისუფლებათა შორის მიუკერძოებელი არბიტრის როლს, ხოლო ღმერთმა დაგვიფაროს და ომის შემთხვევაში   ყოველი სტრატეგიული სიმაღლის იმთავითვე თვით-მპყრობელი სრულყოფილი მთავარსარდალიც იქნება! აღარაფერს ვამბობ  უცხოელი ელჩებისა და დელეგაციების ზეციურ მიღება-გამასპინძლებაზე, რომელიც საქართველოს ერთბაშად გახდის მსოფლიოში ჯერ არგაგონილი, მიუღწეველ სიმაღლეებამდე აყვანილი  სტუმართმოყვარეობის ქვეყნად!

ცხადია, პრეზიდენტის ზეციურობის ამგვარი ტოპოლოგიური გადაწყვეტა დღევანდელ ტექნოლოგიურ ეპოქაში ტექნიკურად არავითარ სირთულეს აღარ წარმოადგენს - ამისათვის უნდა ავაგოთ გიგანტური დირიჟაბლი, ზღაპრული, მფრინავი სასახლე, რაც სრულიად ახალი სიტყვა იქნება არა მხოლოდ კონსტიტუციური ტოპო-ექსცენტრიზმის, აგრეთვე, დამერწმუნეთ, ქალაქმშენებლობისა და სივრცითი მოწყობის, ისევე როგორ ცათმფრენ-აღმშენებლობის  მსოფლიო პრაქტიკაშიც! სასახლე მუდამ იფრენს საქართველოს მთელს ტერიტორიზე, ხოლო თუ არ იფრენს, ე.ი. პრეზიდენტი ან შორეულ ქვეყანაში, სადაც ქართული დირიჟაბლები ჯერ არ დაფრინავენ,  არის ვიზიტით (ახლო საზღვარგარეთში, მეგობრულ სახელმწიფოებში - თურქეთსა, აზერბაიჯანსა და სომხეთში იგი, რა თქმა უნდა, სასახლით გაფრინდება!) ან შვებულებაშია და ისვენებს! ხოლო ის გამაოგნებელი ეფექტი, რასაც გამოიწვევს მაგ. სოხუმის თავზე ან ცხინვალზე პრეზიდენტის განსაცვიფრებელი ცათმფრენი სასახლის  გამოჩენა, თავადვე შეგიძლიათ შეაფასოთ!

ხარჯების  არ შეგეშინდეთ, რადგან მფრინავი სასახლე იმის ნახევარიც კი არ დაგვიჯდება, რაც ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობა (460 მილიონი ლარი არა დღევანდელი, არამედ მაშინდელი კურსით!) დაჯდა! 

ბ) ასევე უნდა განვიხილოთ უზენაესი სასამართლოს წყალზე განთავსების საკითხიც. რატომ წყალზე?! იმიტომ რომ, ხომ გაგიგონიათ:  „წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო!“  ე.ი. წყალზე მდგარი მტკიცე მართლმსაჯულება მის სიმყარეს ყველზე უკეთ განასახიერებს! საქართველოს გეოგრაფიულ ცენტრში, მაგ. ხაშურში უნდა აშენდეს მსხვილი მასშტაბის ხელოვნური წყალსაცავი, სახელად „თემიდას ზღვა“ - რომლის ცენტრშიც აღიმართება უზენაესი სასამართლოს ახალი, ზღაპრული შენობა! ქუთაისის პარლამენტზე ძვირი არც ის დაჯდება! თანაც - ხაშურიც შეეშვება ჰამაკების ქსოვას და გასაბერ ნავებზე გადავა! ხოლო მომავალში, ვინ იცის - ეგება გემთმშენებლობაც განავითაროს! (სწორედ ასე - ქუთაისშიც შეეშვნენ ანეკდოტების თხზვას, ე.ი. უქმად და ფუჭად ყოფნას. რადგან პარლამეტის იქ გადატანის შემდეგ დიახაც - განვითარდნენ!)

გ) ქვეყნის ტერიტორიული-სახელმწიფო მოწყობის დღემდე მოუწესრიგებელი საკითხიც ტოტალური ტოპო-ექსცენტრულობის პრინციპების მიხედვით უნდა გადაწყდეს! ეს ნიშნავს, რომ ყველა რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი ტოპოლოგიურად რაც შეიძლება შორეულ  რეგიონში უნდა განვთესოთ! ამის მაგალითი უკვე გვაქვს კიდეც, არა მხოლოდ იმიტომ, რომ  აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება დღეს თბილისშია განთავსებული, არამედ თუნდაც იმიტომაც, რომ გუდაურის განვითარება დღეს ექსცენტრულობის პრინციპებიდან გამომდინარე სავსებით მართლზომიერად თბილისის მერიისათვის  არის დელეგირებული, ანუ დაბა გუდაურის ადმინისტრაციული ცენტრი თბილისის მერიის შენობა, ე.ი. საბურთალოა! ხოლო ამ ექსცენტრული იდეის შემდგომი განვითარებისათვის აუცილებელია, რომ აჭარის ცენტრი იყოს მაგ. ქალაქი თელავი, კახეთისა  - ოზურგეთი, ხოლო იმერეთისა კი რუსთავი და ა.შ.!  სწორედ ტოტალური ტოპო-ექსცენტრიზმი  არის უმოკლესი გზა ტერიტორიული მთლიანობის აღდენისკენაც (ამ დროს ხომ სოხუმი მთაწმინდაზეა, ხოლო ვაკე ბიჭვინთაში!), კუთხურობის დასაძლევადაც (რადგანაც კოკელი თბილისშია, იმერელი რუსთავში და კახელი გურიაში!) და რაც მთავარია, ქვეყნის სივრცითი ჰიპერ-განვითარებისათვისაც!

რატომ ჰიპერ-განვითარება? აბა წარმოიდგინეთ, რა გასაოცრად უნდა განვითარდეს ქვეყნის გზები, ხიდები და გვირაბები, ასევე რკინიგზაც, ხოლო ზოგადად, რა მასშტაბურად უნდა გაიზრდოს მოსახლეობის მობილობა, როცა ქვეყნის პარლამენტი ქუთაისშია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოები - თელავში და ა.შ. ანუ ექსცენტრიზმი საყოველთაო მოძრაობითი წესრიგის საფუძველია. ექსცენტრიზმი ამ დროს მხოლოდქუთაისის პარლამენტს კი აღარ შეეხება ან ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოს, არამედ მართლაც ტოტალური გახდება! ეს ხომ სუპერ-მობილობას ნიშნავს, ე.ი. ქვეყნის მთელი მოსახლეობა ტოტალურად ამოძრავდება!  და როგორც დიდმა ილიამ ბრძანა: „მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი!“

აბა, მოძრაობაც მაშინ იქნება თუ იქნება, როცა აჭარელი თელავისკენ დაიძრება, ხოლო იმერელი რუსთავისკენ გაუდგება გზას და არა მარტო, არამედ საყოველთაოდაც, უკლებლივ ყველა ქართველი სულ მოძრაობაში ვიქნებით!არ დაგავიწყდეთ - თვით პრეზიდენტიც კი მუდამ იფრენს და არა ოდენ გზას, არამედ ცას იქნება გამოკერებული!

ჭეშმარიტად: სუპერ მობილობა და მაშასადამე, ჰიპერ-განვითარება ტოპო-ექსცენტრიზმშია! (ჩემი გათვლებით არც ეს იდეა დაჯდება 460 მილიონზე მეტი, ხოლო თუ ვცდები, მერე რა? განა არ ღირს თანამედროვე მობილობა ამაზე თუნდაც ათასჯერაც უფრო ძვირი? )

დ) და ბოლოს: ლარის გასამყარებლად მას მიზიდულობის ცენტრი დედამიწის გულთან რაც შეიძლება ახლოს უნდა ჰქონდეს - ე.ი. ეროვნული ბანკი, რომელიც იუსტიციის სახლს არის ახლა შეხიზნული, თანაც ბოლო სართულზე, საკუთარ მიმზიდველ ოფისს, რაც თავის დროზე ჰქონდა კიდეც,  ბოლო-ბოლო, ხომ ისევ უნდა ეღირსოს!  ასეთი ოფისის ადგილი კი დღეს, ლარის გაუფასურების ჟამს, ბოლო სართულზე კი არა, არამედ სწორედაც მიწაშია, თანაც სულ ცოტა, ერთი კილომეტრის სიღრმეში, ამასთან, არა ჩვეულებრივ, არამედ მაგნიტურ ქანებში, რათა ბანკმა მიზიდულობა ხარისხობრივად გააძლიეროს და ჰაერში აწეული ლარი როგორმე დაიჭიროს! მაგნიტური ქანები საქართველოს მთიანეთშია, მაგ. სვანეთში უხვადაა, ამიტომ ტოპო-ექსცენტრულობის პრინციპებიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი თეთნულდის ძირში უნდა გაითხაროს ერთი კილომეტრის სიღრმეზე და არც ეს დაჯდება 460 მილიონ ლარზე მეტი! თანაც, მაღალმთიანი რეგიონიც ხომ განვითარდება!

პრეზიდენტი ცაში, სასამართლო წყალში, ბათუმი კახეთში  და ბანკი  მიწაში!  - აი, სწორედ ასეთი უნდა იყოს ახალი კონსტიტუციის მთავარი იდეა, რაც ტოტალური ტოპო-ექსცენტრიზმის გამარჯვების საწინდარი იქნება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში,რაც არა მხოლოდ სირიის კონფლიქტს დაარეგულირებს, არამედ გლობალურ მშვიდობასა და აყვავებას მოიტანს მთელს სამყაროში!

ასევე, ახალი კონსტიტუციის ტექსტში ამ სუპერ-ინოვაციის - ტოტალური ტოპო-ექსცენტრიზმის რეალიზაცია ქვეყნის ახალ სივრცით მოწყობასთან ერთად  გრანდიოზული მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობას განაპირობებს, რაც საქართველოს უახლოეს მომავალში არა მარტო რეგიონულ, არამედ მსოფლიო ეკონომიკის ცენტრად გადააქცევს! ხოლო ლარი, თეთნულდის ძირის სიღრმეებიდან მოზიდულ-გამყარებული, დოლარის ადგილს სულ მალე დაიკავებს!