მასტურბაციის „ხიბლი“ ქართულ პოლიტიკაში

მასტურბაციის „ხიბლი“ ქართულ პოლიტიკაში

არის თუ არა კავშირი პოლიტიკასა და სექსს შორის? რამდენად მართებულია გამოთქმა: „სად სექსი და სად პოლიტიკა“?

არავისთან ვდავობ, მაგრამ თავს უფლებას კი მივცემ, ზემოთ აღნიშნულზე ნახევრად ხუმრობით საკუთარი შეხედულება გამოვხატო. ჩემი აზრით, პოლიტიკაზე მსჯელობისას სექსი შუაში კი არა თავშია. მათ შორის - ჩვენს ქვეყანაშიც.

საქართველო ამ მხრივ უნიკალური სულ არ არის. იტალიელი პორნოვარსვლავის, ჩიჩოლინას (ილონა სტალერი) გადეპუტატება რად ღირს, ან კიდევ აშშ-ს პრეზიდენტ ბილ კლინტონისა და მონიკა ლევინსკის ცნობილი ისტორია.

თუმცა, ძნელია დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკურ სინამდვილეში მომხდარი ეს სექსუალური სკანდალები რაღაც სისტემური პროცესის ნაწილად მივიჩნიოთ. სისტემურობა ზემოთ აღნიშნულ კონტექსტში უფრო ე.წ. ჰიბრიდული დემოკრატიის სახელმწიფოებისთვისაა დამახასიათებელი.

პოლიტიკოსთა „სექსუალური ქცევის“ ინტერნეტ-სივრცეში გასაჯაროების საქართველოში ფეხმოკიდებულ სამარცხვინო პრაქტიკაზე რომ არაფერი ვთქვათ, საკმარისია პოსტსაბჭოური ქვეყნების უახლესი ისტორიიდან სექსთან დაკავშირებული უამრავი უხამსი ეპიზოდი გავიხსენოთ.

ისე, ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს რაც შეეხება, ისიც უნდა ითქვას, რომ თანამედროვე სექსოლოგიის თვალსაზრისით ორალური სექსი (სწორედ ამით ყოფილა დაკავებული ბილ კლინტონი მონიკა ლევინსკისთან) სქესობრივი აქტის სრულფასოვან ფორმად ითვლება და „უფლებებში“ ვაგინალურ სექსთანაა გათანაბრებული.

სულ სხვაა მასტურბაცია ანუ ონანიზმი. ეს სქესობრივი აქტივობის სუროგატული, არასრულფასოვანი ფორმაა, რომლის დროსაც ზრდასრული პიროვნებაც კი (მაგალითად 30-40 წლის ასაკს გადაცილებული მამაკაცი) უფრო კომფორტულად გრძნობს თავს „ვირტუალური სექსში“ და საკუთარი სასქესო ორგანოების გაღიზიანების გზით მიღწეული ორგაზმით კმაყოფილდება.

კარგია ეს თუ ცუდი?

გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ ჰარმონიული სქესობრივ ცხოვრებად მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის სრულფასოვანი სექსის არსებობა უნდა იქნას მიჩნეული და არა მასტურბაცია, ვინაიდან სუროგატი, ანუ ვირტუალური პროდუქტი ვერასოდეს და ვერაფერში ვერ შეცვლის რეალურ პროდუქტს.

აი, აქ მომდის აზრად სექსოლოგიურ კონტექსტში საინტერესო ანალიზის ჩატარება პოსტ-საბჭოურ ჰიბრიდულ დემოკრატიასა და ევრო-ამერიკულ ტიპის პოლიტიკურ ცხოვრებას შორის.

როდესაც პარლამენტარიზმზე, კონსტიტუციურ დემოკრატიასა და სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირებაზე გვაქვს საუბარი, რეალურ და არა ვირტუალურ პოლიტიკურ ცხოვრებას უნდა ვგულისხმობდეთ.

ისეთი სახის პოლიტიკური პროცესის არსებობას სახელმწიფოში, რომელიც გულისხმობს:

ა) ხელისუფლების ცვალებადობას არა რევოლუციური რყევების, არამედ მხოლოდ არჩევნებზე გამოხატული თავისუფალი ელექტორალური ნების საფუძველზე;

- „კასიკიზმის“ ნაცვლად რეალური ადგილობრივი დემოკრატიის ანუ თვითმმართველობის არსებობას. ტერმინი „კასიკიზმი“ XIX საუკუნის ესპანეთში გაჩნდა და გულისხმობს ცენტრალური ხელისუფლების მიერ რეგიონების ხისტი მმართველობის განხორციელებას კორუმპირებული პროვინციული ელიტების („ფულის ტომრების“) მიერ ხელდასხმული ჩინოვნიკების - კასიკების მეშვეობით (რომელთაც ჩვენში გამგებლებს ეძახიან);

ბ) მრავალსუბიექტიან და არა მონო ან ფსევდო ორსუბიექტიან პოლიტიკურ ასპარეზს, სადაც ცივილიზებული პოლიტიკური ბრძოლაში და არა საგარეო-პოლიტიკურ საკითხებზე ჩამოყალიბებული პროგრამებისა და მსოფლმხედველობების ჭიდილის საფუძველზე მიმდინარეობს.

ზემოთ აღნიშნული ჰარმონიული პოლიტიკური პროცესის გარანტად კი გვევლინება სახელმწიფო, მისი ინსტიტუტებით და, რა თქმა უნდა, მმართველი პოლიტიკური ძალა, რომელიც დაინტერესებული უნდა იყოს არა მხოლოდ და არა იმდენად „დიდი ანგარიშით“ გამარჯვებით მომავალ არჩევნებში, არამედ რეალური და არასუროგატული დემოკრატიის განვითარებით თავის ქვეყანაში.

ეს არის ზრდასრული, სრულფასოვანი სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების ალგორითმი.

და, თუ სადმე ზემოთ აღნიშნული ვერა და ვერ მიიღწევა?

მაშინ საქმე გვაქვს არა ჭეშმარიტ, სრულფასოვან და რეალურ დემოკრატიასთან, არამედ მის სუროგატულ ფორმასთან ანუ ჰიბრიდულ დემოკრატიასთან.

ამ ორ „დემოკრატიას“ შორის კი ზუსტად იმდენია საერთო, რამდენიც სრულფასოვან სქესობრივ ცხოვრებასა და მის ვირტუალურ, სუროგატულ ფორმას - მასტურბაციას შორის.

ჰიბრიდული დემოკრატიის ქვეყნები იმ თინეიჯერ ბიჭებს წააგავენ, რომელთაც მთელი რიგი მიზეზების გამო ვერა და ვერ მოუხერხებიათ სექსუალური გამოცდილების მიღება და მხოლოდ მასტურბაციით არიან დაკავებულნი. ზუსტად ისე, როგორც მოხუცი დედის კალთას ამოფარებული, მარადიულ „ბიჭუნებად“ გადაქცეული ზრდასრული მამაკაცები.

დამოუკიდებელი საქართველო უკვე 25 წლისაა და ამ ასაკის მამაკაცი მასტურბაციის ნაცვლად ქალთან სრულფასოვანი სექსით უნდა იყოს დაკავებული. თუმცა ეჭვი მაქვს იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფოს უჭირს „თინეიჯერული“ დემოკრატიიდან „ზრდასრულ“ დემოკრატიაზე გაბედულად და საბოლოოდ გადასვლა, რაც აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი სამშობლო მასტურბაციას გადაყოლილ, ჭაღარაშერეულ მარადიულ თინეიჯერ „დედიკოს ბიჭს“ დაემსგავსება, რომლის „დედობაზე“ აგერ გაქანებული ქიშპია გაჩაღებული რუსეთსა და ამერიკას შორის.

სამართლიანობა იმის აღნიშვნასაც მოითხოვს, რომ „ჰიბრიდული“ სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი ერთობ გაჭიანურებული „პოლიტიკური მასტურბაციის“ გარდა, საქართველოს უარესი განსაცდელიც ერგო ბედად, როდესაც 9 წლის განმავლობაში სააკაშვილის გარეწარი ხელისუფლების აღვირახსნილი ძალადობის ობიექტად იყო ქცეული.

მით უფრო საშური იყო ყველასთვის, ვინც 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ დავუჭირეთ მხარი, დავხმარებოდით ჩვენ სახელმწიფოსა და მის ახალ ხელისუფლებას გამოეყვანა საქართველო ესოდენ გაჭიანურებული „თინეიჯერული“ პოლიტიკური ცხოვრებიდან, რაც უპირველეს ყოვლისა სამართლებრივი მეთოდებით ნაციონალ-მოძალადეთა ალაგმვით უნდა დაწყებულიყო, ვინაიდან სამართლებრივი სახელმწიფოდ ჩვენი ქვეყნის გადაქცევის ძირითადი მუხრუჭი სწორედ რომ, სააკაშვილის „ნაცხროვა“ იყო მაშინ და რჩება დღესაც.

შედეგად კი რა მივიღეთ? - ავადსახსენებელი კოაბიტაცია, რომელმაც ოთხი წლის განმავლობაში პოლიტიკური მასტურბაციის „ჭაობში“ ჩაფლა ჩვენი ქვეყანა.

ახალი საპარლამენტო არჩევნების დროც დადგა. იმედი მაქვს, რომ ბოლოს და ბოლოს საქართველო 2016 წლის 8 ოქტომბერს მაინც დაიწყებს სრულყოფილ, ჰარმონიულ და დასავლური ტიპის დემოკრატიის პირობებში ცხოვრებას და მოვიშორებთ ჰიბრიდული დემოკრატიის ანუ „მარადიული თინეიჯერის“ არც თუ სახარბიელო იარლიყს.

საფუძვლიანია კი ზემოთ აღნიშნული მოლოდინი?

სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნების გარშემო შექმნილი ვითარება სკეპტიკურ განწყობას უფრო მიქმნის.

ვშიშობ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, მისი ერთობ ვირტუალური დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ (რეალური რომ ყოფილიყო ეს დაპირისპირება, კოაბიტაცია ვერ შედგებოდა) და დღევანდელი პოლიტიკური ცხოვრების ამ ორი ძირითადი სუბიექტის სავსებით რეალური (და არა ვირტუალური) ძალისხმევა, მიმართული იქითკენ, რომ არ დაუშვან ძლიერი „მესამე პოლიტიკური ცენტრის“ გაჩენა საქართველოს მომავალ პარლამენტში (არა ბოლომდე დისკრედიტირებული პაატა ბურჭულაძის „ნეონაცისტური“ გაერთიანების, არამედ „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ სახით მაინც) შეუძლებელს გახდის საქართველოს ჰიბრიდული დემოკრატიის „წუმპედან“ ამოყვანას.

რატომ ხდება ასე?

იმიტომ, რომ გრძელდება წინასაარჩევნოდ ქართული პოლიტიკური ცხოვრებისათვის ესოდენ ჩვეული მანკიერი მოვლენები, როგორებიცაა:

ა) ქართული ელექტორატის ზომბირება გაყალბებული სოციალური გამოკითხვების შედეგებით;

ბ) „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მაჟორიტარულ ოლქებში „ფსონის დადება“ არა საკუთარი პოლიტიკური გუნდის წევრებზე (თუნდაც ე.წ. ახალ პოლიტიკურ სახეებზე), არამედ საეჭვო პოლიტიკური თუ ეკონომიკური წარსულის „ფულის ტომარა“ ბიზნესმენებსა და ქართული საზოგადოებისათვის უკვე კარგა ხნის წინ მოყირჭებულ „ცნობად სახეებზე“ (მსახიობებზე, სპორტსმენებზე, სანდრა რულოვსზე). პირველებს მიზნად კონკურენტი პარტიების კანდიდატების „ფულის დასტით წაქცევას“ უსახავენ, მეორეთა ძალისხმევა კი ქართველი ამომრჩევლების ზედმეტად მიმნდობი და მობრიყვო ნაწილის ხმების მოპოვებას ისახავს მიზნად;

გ) არჩევნების წინა პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის ინტენსიური გამოყენება დასავლური დემოკრატიებისათვის მიუღებელი მეთოდებით (გზების დაგება, წყლის თუ გაზის გაყვანა, საარჩევნო კამპანიაში საჯარო მოხელეების აქტიურობა და ა.შ);

დ) კატასტროფული დისბალანსი „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის“ უკიდეგანო ფინანსური რესურსებიდან წინასარჩევნოდ გამოყოფილ დიდძალ ფულსა და დანარჩენი პარტიების მიერ მოზიდულ მიზერულ თანხებს შორის.

მკითხველისათვის მიმინდია იმის შეფასება საფუძლიანია თუ არა ჩემი სკეპტიციზმი.

ერთსაც დავსძენდი. მგონია, რომ ცოტას ეპარება იმაში ეჭვი, რომ იმ შემთხვევაში, თუ 2016 წლის 8 ოქტომბერს ქართული პარლამენტი ცრუ ორ-პარტიულობისათვის ანუ „კოაბიტაციის“ გაგრძელებისათვის გაიწირება და საქართველო კიდევ ოთხი წლით დარჩება „პოლიტიკური მასტურბაციის ჭაობში“, ჩვენი სამშობლო იმ ზრდასრულ მამაკაცს დაემსგავსება, რომელიც უარს ამბობს სრულფასოვან სქესობრივ ცხოვრებაზე მასტურბაციის სასარგებლოდ და სავალალოდ დასრულდება ყველაფერი როგორც „ქართული ოცნებისათვის“, ისე - საქართველოსათვის.

ჩვეულებრივ, ზემოთ ნახსენები მამაკაცები ცხოვრების ბოლომდე საკმაოდ სერიოზული ნერვულ-ფსიქიკური აშლილობით იტანჯებიან ხოლმე. „პოლიტიკური მასტურბაციით“ გადაღლილ-გატანჯული ქართველი ხალხის მოთმინების ფიალაც აივსება და „ქართულ ოცნებას“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მიღწევა გაუჭირდება.

ვფიქრობ, რომ ერთი შეხედვით, ვითომ და უწყინარობის მიუხედავად, „პოლიტიკური მასტურბაცია“ დიდი ხიფათის მომტანია ჩვენი სახელმწიფოსათვის. საქართველო ხომ პირველ ადგილზეა თანამედროვე მსოფლიოში რევოლუციების სიხშირით. რევოლუცია კი (როგორი შეფერილობისაც არ უნდა იყოს ის) ყველაზე დიდი ბოროტებაა არსებულ ბოროტებათა შორის.