სოფლის სტატუსის შესახებ

სოფლის სტატუსის შესახებ

არსებითია, რომ სოფელი არა მხოლოდ ბუნებრივი ტერიტორიულ-სოციალური ერთეულია. იგი,  ისევე, როგორც მთლიანობაში ერი, ისტორიის შემოქმედი სრულიად კონკრეტული სუბიექტია. ქართული სოფელი, როგორც წესი, მრავალსაუკუნოვანი, არც თუ იშვიათად - მრავალათასწლოვანი უწყვეტი ისტორიული პროცესის შედეგად არის მოსული თანამედროვეობაში, როგორც  ჩვენი ყოფიერების ერთ-ერთი ძირეული მოცემულობა; შემთხვევითი არ არის, რომ  სახელდება - „სოფელი“ ქართულ ენაში „აქ“ ყოფიერების აღმნიშვნელი ტერმინია (”ვაჰ, სოფელო, რაშიგან ხარ...”); ამდენად, ქართული სოფლის ბედის გადაწყვეტა, მისი სამართლებრივი მდგომარეობის - სტატუსის დადგენა არა ცალკე პოლიტიკური თუ ოდენ სოციალურ-ეკონომიკური, მითუმეტეს - არა მხოლოდ ფორმალურ-იურიდიული ამოცანა, არამედ თემისა და საბოლოო ჯამში - მთლიანად ერის ყოფნა-არყოფნის, მისი ეგზისტენციისა და იდენტობის მრავალგანზომილებიანი, კომპლექსური პრობლემაა.

ამ კომპლექსური პრობლემის გასაღები თემის უფლერიოისა და მასთან ორგანულად დაკავშირებულ სრულიად ერისა და ცალკე თემის სამკვიდროს, ანუ -ქვეყნის (ქვე-ყანა ქართულად მიწაა!) პატრონოის დამდგენ ფუძემდებლური პრინციპების გარკვევით უნდა მოვიძიოთ. ხაზგასასმელია, რომ მრავალათასწლოვანი ქართული სახელმწიფოერიობისათვის  ეს პრინციპები ჯერ კიდევ ადრეული ნეოლითის ეპოქიდანვე იღეს დასაბამს; ეს იგივე პრინციპებია, რაც დამახასიათებელია არა მხოლოდ ქართული, არამედ საზოგადოდ, ევროპული ტიპის სასოფლო-სამურნეო ცივილიზაციისათვის: ქართული ”თემი” არსებითადაც და რასაკვირველია, უწინარესად - უფლებრივად, იგივეა, რაც ევროპული ”კომუნა”;  მისი ცალკე სამართალ-სუბიექტობა, საკუთრივ მისი ავტონომიური უფლებებისა და დამოუკიდებელი პასუხისმგებლობის არსებობა სწორედ ის ფუძემდებლური პრინციპია, რაც  ”ქართულ, მაშასადამე ევროპულ” ყოფას იმთავითვე (ე.ი. სასოფლო-სამეურნეო ცივილიზაციების ფორმირებისთანავე) გამოარჩევს და რომელიც მოგვიანებით, თანამედროვე ევროპული დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი გახდება; მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი პრინციპია კერძო საკუთრებასთან ერთად საზოგადო, სათემო  საკუთრების არსებობა, რომელიც თემის სამკვიდროზე ადგილობრივი საზოგადოების (”კომუნის”, ”თემის”), როგორც ამ სამკვიდროს სრულუფლებიანი პატრონის უფლებათა შეუვალობას ადგენს. ეს პრინციპები სამართლებრივად ფორმდება ჯერ კიდევ პატრონ-ყმობისა და ფეოდალური სახელმწიფოს ჩამოყალიბებასთან ერთად (შესაძლოა, მანამდეც) და ქართულ სამართალში შენარჩუნებულია ვიდრე გვიან-ფეოდალურ ეპოქამდე (ამ მხრივ სამაგალითოა თუნდაც ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებული), მეტიც: თვით რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსიის შემდგომაც, ბატონ-ყმობის გაუქმებამდე, ე.ი. მე-19 საუკუნის 60-70-იან წლებამდე სწორედ ეს პრინციპები გამოიყენებოდა.

ამრიგად, საქართველოში, ისევე, როგორც ევროპაში, თემის უფლებრიობა, მისი სამართალ-სუბიექტობა, თემის სამკვიდროზე თემისავე საკუთრება სამართლით გახლდათ მოწესრიგებული და დაცული. მიწაზე ფეოდალთა კერძო საკუთრების – პატრონ-ყმობის, შემდგომ - ბატონ-ყმობისდა მიუხედავად, სწორედ სათემო საკუთრეისა გახლდათ თემის სამკვიდრო: საერთო სარგებლობის საძოვარი, სათიბი, სარეზერვო დანიშნულების მიწა, მიმდებარე ტყე, ჭალა, მდინარე თუ წყარო. ამ საზოგადო, სათემო საკუთრებას თავად თემი დამოუკიდელად პატრონობდა, უვლიდა და განაგებდა; სათემო ქონების მართვისას სოფლის ყოველი მკვიდრი კომლი სრულუფლებიანი თანამონაწილე იყო და რასაკვირველია, საკუთარი წილი პასუხისმგებლობაც ეკისრეოდა მის სათანადო მოვლა-პატრონობაში.

ხაზგასასმელია, რომ ქართული ტრადიციული სამართალი სოფლის მკვიდრი კომლისაგან უფლებრივად მკაფიოდ მიჯნავდა ხიზანს. სოფელში თემს შეკედლებული ხიზნებიცა ცხოვრობდნენ, რომელთაც, მიუხედავად იმისა, რომ სოფელში, შესაძლოა, საკუთარი სამკვიდროც კი შეეძინათ, სათემო ქონებაში იმთავითვე წილი არ ედოთ. მხოლოდ დროთა განმავლობაში, როცა მათი სვე-ბედი სოფლისას იმდენად მჭიდროდ დაუკავშირდებოდა, რომ თემისადმი მათი კუთვნილება, თემის ინტერესებისადმი მათი ერთგულება ჟამის არაერთ გამოცდას გაუძლებდა და ეჭვს აღარ იწვევდა, ხდებოდნენ ისინი თემის სრულფასოვანი წევრები. ისიც ნიშანდობლივია, რომ თემიდან მოკვეთა, გაძევება სამოქალაქო სიკვდილს უტოლდებოდა და თემის მიერ გამოტანილ ყველაზე მძიმე სასჯელს წარმოადგენდა.

მე-19 საუკუნის მიწურულს ინდუსტრიალიზმის შემოსვლასთან ერთად, როდესაც  ცარისტული რუსული იმპერიალიზმის პირობებში შეუძლებელი იყო თემის უფლებრიობის უკვე დემოკრატიად, ევროპული ყაიდის ადგილობრივ თვითმმართველობად ჩამოყალიბება, საფრთხე დაემუქრა ქართული თემის  არსებობას:  ნიადაგი ეცლებოდა ტრადიციულ სათემო საკუთრებას და თემის სამკვიდრო, როგორც რიგითი რამ საქონელი, ახლადგაჩენილი ინდუსტრიული ბაზარის დახლზე შეუზღუდავად იყიდებოდა. როდესაც თემის სამკვიდროს დასაცავად არ არსებობდა ადგილობრივი თვითმმართველობის დემოკრატიული ინსტრუმენტები, ქვეყანა კი უცხო სახელმწიფოს ოდენ პროვინციას წარმოადგენდა, მხოლოდ დიდი ილიას მიერ მობილიზებული ეროვნული მოძრაობის ძალისხმევამ, უწინარესად - საადგილმამულო ბანკმა, დაიცვა ქვეყანა იმგვარი სრულმასშტაბიანი ეროვნული კატასტროფისაგან,  რომლის კონტურები დიდმა ქართველმა, ნიკო ლორთქიფანიძემ სულისშემძვრელ „იყიდება საქართველო!“-თი დახატა და რაც, რასაკვირველია, მომაკვდინებელი მუქარა იყო ქართული სოფლისათვისაც.

1918-21 წწ. დემოკრატიულმა საქართველომ პირველი ნაბიჯები გადადგა და საფუძველი ჩაუყარა ადგილობრივი თვითმმართველობის, როგორც ერთ-ერთი უმთავრესი დემოკრატიული ინსტიტუტის შექმნას, რაც სამომავლოდ თემის უფლებრიობისა და სათემო სამკვიდროს მოვლა-პატრონობის, ინდუსტრიული განვითარებისას სოფლის ახლებური სტატუსის ურყევობის საწინდარი და მთავარი გარანტი უნდა ყოფილიყო. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ დიდი მამულიშვილის, პავლე ინგოროყვას მიერ სწორედ დემოკრატიული რეპუბლიკის დროს, ჯერ კიდევ 1920 წელს, პირველად გამოქვეყნდა საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის კონცეფცია, სადაც სოფლის სათემო თვითმმართველობას ჯეროვანი ადგილი ეკავა; ასევე, პავლე ინგოროყვას მიერ სამაზრო დაყოფის სანაცვლოდ შემოთავაზებული იყო ახლებური დარაიონების პრინციპი, რომელიც ეკონომიკური, კულტურული და ადმინისტრაციული ცენტრის - მცირე ან საშუალო ქალაქის გარშემო, მისი აგლომერაციის ზონაში მოქცეული სოფლების ერთ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულად - რაიონად ჩამოყალიბებას გულისხმობდა; ”ქალაქი და მიმდებარე ესე სოფელნი” როგორც ერთიანი ადმინისტრაციული მთლიანობა, ტრადიციული ქართული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის ერთ-ერთი ამოსავალი პრინციპი ჯერ კიდევ დავით აღმაშენებლის ეპოქიდანვე გახლდათ; გარდა ამისა, პავლე ინგოროყვას მიერ შემოთავაზებული ახალი დარაიონება იმ დროინდელი ყველაზე მოწინავე ევროპული აზრის (სწორედ მაშინ ყალიბდებოდა ევროპაში ურბანიზაციის მეცნიერული თეორიები) შესაბამისად, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და ურბანული  განვითარების თანაბარზომიერებას, ადმისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ეთნიკური შემადგენლობის სწორად  გათვლილ დემოგრაფიულ ბალანსს, რომლის მიზნები ერთის მხრივ, ქართველთა, როგორც სატიტულო ერის სტატუსის ურყევობა, მეორეს მხრივ, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია - ეთნიკურ უმცირესობათა უმტკივნეულო სამოქალაქო ინტეგრაცია გახლდათ, ემყარებოდა. ამრიგად, სათემო თვითმმართველობასთან ერთად უნდა ჩამოყალიბებულიყო საქალაქო და სასოფლო თემების ახალი, რაიონული მასშტაბის თანა-საზოგადოების ადგილობრივი თვითმმართველობაც, რაც ინდუსტრიული განვითარების კვალობაზე ქვეყნის სწრაფი ურბანიზაციის პირობებში თავიდან აგვაცილებდა სოფლების დაცლის ხარჯზე უზარმაზარი მასშტაბის მეგაპოლისის გაჩენას, განვითარების არათანაბარზომიერობით გამოწვეულ ანტაგონიზმს სოფლისა და ქალაქის, სხვადასხვა ტერიტორიული ერთეულების, სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეებს შორის, უზრუნველყოფდა საშუალო და მცირე ქალაქების, აგრეთვე მათი აგლომერაციის სოფლების ჰარმონიულ, თანაზომიერ, ურთიერთხელსაყრელ, რაციონალურ, გეგმაზომიერ განვითარებასა და მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ წინსვლას.

საუბედუროდ, არც ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის რეფორმირება და ვერც სრულყოფილი ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბება 1918-21 წწ. დემოკრატიულ რესპუბლიკას არ დასცალდა. ინდუსტრიულ ეპოქაში საქართველოს ევროპული განვითარება არ შედგა, ამჯერად უკვე წითელი, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის გამო.

გასაბჭოების შედეგად მოისპო როგორც კერძო, ასევე სათემო საკუთრებაც; თემის არსებობას ნიადაგი გამოეცალა, მისი სამკვიდრო ”საერთო-სახალხო საკუთრებად” გამოცხადდა; მართალია, სოფელი, როგორც პირველადი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, არ გაუქმებულა და მას ფორმალურად საკუთარი ხელისუფლების ორგანოები ”მუშათა, ჯარისკაცთა და გლეხთა”, შემდგომ - ”სახალხო დეპუტატთა” საბჭო და აღასკომი შეუქმნეს, მაგრამ, ცხადია, საბჭოური ტოტალიტარიზმის პირობებში ერთპარტიული დიქტატურის, პარტიული ნომენკლატურის,  ე.წ. დემოკრატიული ცენტრალიზმის პრინციპებით აგებული სახელისუფლებო ვერტიკალი სინამდვილეში არავითარ ადგილს არ ტოვებდა რეალური სათემო თვითმმართველობისათვის; უარესიც: ავტონომიური სამართალ-სუბიექტის - თემის მაგივრად ძალადობრივი კოლექტივიზაციის შედეგად საბჭოური  ინდუსტრიალიზმის სასოფლო-სამეურნეო საწარმოო სუბიექტი - კოლმეურნეობა ანდა სულაც საბჭოთა მეურნეობა შეიქმნა, რომელიც ზეცენტრალიზებული დარგობრივი მმართველობის ადმინისტრაციულ-მბრძანებლურ სისტემაში ”ერთიანი სახალხო მეურნეობის” ოდენ  ყველაზე დაბალი საფეხურის რგოლს წარმოადგენდა.

მიუხედავად იმისა, რომ 1924-31წწ. მომზადდა და 1931-32 წწ. საბოლოოდ გატარდა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის იმგვარი რეფორმა, რომელიც ძირითადად სწორედ პავლე ინგროყვას დარაიონების პრინციპებს დაეყრდნო (პავლე ინგროყვა, მიუხედავად მისი პოლიტიკური არაკეთილსაიმედოობისა, სწორედაც საკუთარი კომპეტენტურობით, მაღალი აკადემიური ცენზით მოპოვებული ავტორიტეტის წყალობით წლების განმავლობაში იყო ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რეფორმის სახელმწიფო კომისიის წევრი და 1926-29 წწ. მისი თავმჯდომარეც კი), სოფლისა და იქ მცოხოვრები თემის ბედი, რასაკვირველია, თავიდან ბოლომდე კომუნისტური მმართველობის, მისი პატრიმონიალური ბიუროკრატიის - ნომენკლატურის ხელში აღმოჩნდა. თემის უფლებრიობა მხოლოდ ნომინალური თუ იყო და სინამდვილეში, სოფლის მკვიდრი მოსახლეობა, რადგან იგი როგორც კერძო, ასევე სათემო საკუთრებისა და ყოველგვარი თვითმმართველობის გარეშე დარჩა, უფლებრივად იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდა, როგორსაც ქართული ტრადიციული სამართალი  ხიზნობად მიიჩნევდა; თავის გადასარჩენად ძალადობრივ საბჭოურ სისტემასთან ადაპტაციის აუცილებლობა, რასაც თან ახლდა თემის საკუთარი სამკვიდროსაგან გაუცხოების დამღუპველი პროცესი, განაპირობებდა მუდამ გარეშე ”პატრონის” მოიმედე და ხელის შემყურე ხიზანთა მდაბიური და მხდალი, თავკერძა და უპასუხისმგებლო „ეთიკის“ ჩამოყალიბებას, რაც საბჭოური და პოსტ-საბჭოური პატრონ-კლიენტელიზმის, უფრო სწორედ - პატრონ-ხიზნური სოციალური წყობის საფუძველია...

...მიუხედავად ზემოაღნიშნული საფრთხეებისა, ქართულმა სოფელმა საბჭოურ ტოტალიტარიზმსაც გაუძლო და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის თავი შეინარჩუნა. ქართული სახელმწიფოებრიობა დღეს უმთავრესი პირობაა, რომ სოფელი უკვე ახალ ეპოქაში აღორძინდეს და მისი რაობის დამდგენი ფუძემდებლური პრინციპები ტრადიციული შინაარსის შეუცვლელად ახალი ფორმით დამკვიდრდეს ჩვენს სინამდვილეში.

დღევანდელი რეალობის გასაცნობიერებლად აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ სსრკ-ს რღვევა მსოფლიო მასშტაბით ინდუსტრიალიზმის ეპოქის დასასრულსაც მოასწავებდა; ხაზგასაგმელია - საბჭოურ ინდუსტრიალიზმს ახალ, პოსტ-ინდუსტრიულ ანუ როგორც მას ყველაზე ხშირად უწოდებენ- საინფორმაციო  ერაში განახლებისა თუ გარდაქმნის არავითარი პერსპექტივა აღარ გააჩნდა; ამიტომაც, თუკი საბჭოურობისაგან თავდახსნილმა ქვეყანამ ახალ დროებას ალღო ვერ აუღო და მომზადებული არ დახვდა, იგი დე-ინდუსტრიულ რღვევასა და დესტრუქციას თავს ვერ დააღწევს!  საინფორმაციო ეპოქაში განვითარების უმთავრესი რესურსი არა კაპიტალი, წარმოების საშუალებები, ნედლეული, ენერგეტიკა თუ სამუშაო ძალა, არამედ ინფორმაცია და ცოდნაა; ამასთან, ეს ეპოქა გლობალიზაციის არნახული მასშტაბით გამოირჩევა, ვინაიდან ამ მთავარი რესურსის მოძრაობა, გავრცელება, გაცვლა-გამოცვლა თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიურობის პირობებში არც პოლიტიკურ, არც ფიზიკურ საზღვრებსა და ხელოვნურ ბარიერებს არ ცნობს და არ ექვემდებარება; ეს გარემოება არამც და არამც არ ნიშნავს, რომ ხელი უნდა ავიღოთ ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებზე, რაც ჩვენსავე იდენტობას განსაზღვრავს; პირიქით - სწორედ ცოდნითა და ღირებული ინფორმაციით შეირაღებულებმა უნდა ახალ პირობებში გამოვჭედოთ საკუთარი ბედი და  კვლავაც მივსდიოთ მარადიულ ქართულ დევიზს: ”ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია”. 

სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის აღდგენიდან მეოთხედი საუკუნის შემდგომაც სოფლის სტატუსის ახალი, თანამედროვე ფორმა ჩვენს სამართლებრივ სისტემას გამოძებნილი ჯერაც არა აქვს; მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის პრინციპი აღიარებული და დაცულია საქართველოს კონსტიტუციით, დამოუკიდებლობის აღდგენიდან უკვე მეხუთედ (!), ყოველ ჯერზე უშუალოდ ადგილობრივი არჩევნების წინ, პრაქტიკულად ხელახლა და თავიდან ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის რეფორმა ( 1997-98, 2001, 2005-06, 2010 და ბოლოს 2013-14 წწ.), სასოფლო თემი დღემდე არანაირი იურიდიული ფორმით  არ წარმოადგენს რაიმე სამართალ-სუბიექტს და ბუნებრივია, არც სათემო სამკვიდროს, რაც განსაკუთრებით სავალალოა, ჯეროვან პატრონად იგი არ გვევლინება.

2005-06 წწ. რეფორმის შემდგომ, როდესაც საბჭოთა რაიონის ნაცვლად პრაქტიკულად იმავე ტერიტორიაზე შეიქმნა მუნიციპალური თვითმმართველობა და შესაბამისად გაუქმდა ყოფილი რაიონის შემადგენლობაში შემავალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების, უწინარესად - სოფლის ადგილობრივი თვითმმართველობა, სოფლის სამართლებრივი მდგომარეობა ჰაერში გამოეკიდა; ეს მძიმე ვითარება შენარჩუნებულია დღესაც,  2013-14 წწ. რეფორმის შემდგომაც სოფელი, როგორც ცალკე სამართალ-სუბიექტი არ არსებობს და უარესიც: 2014 წელს მიღებულმა ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსმა” საერთოდ გააუქმა მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოები, მათ სანაცვლოდ ერთპიროვნული მმართველის - გამგებლის ე.წ. წარმომადგენლის თანამდებობა შემოიღო, რითიც სოფლის, როგორც ჯერ კიდევ ფაქტობრივად შემორჩენილი ადმინისტრაციული ერთეულის არსებობასაც საფრთხე შეუქმნა.

დღეს დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ეს უკანასკნელი, მეხუთე რეფორმაც ჩავარდა. ჩავარდა თუნდაც მხოლოდ იმიტომ,  რომ ამ ე.წ. რეფორმის ავტორთა მიერვე დეკლარირებული მისი მთავარი მიზანი - ”მოსახლეობასთან  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაახლოება”, არ მიღწეულა და ვერც მიიღწევა.

ამ ვაი-რეფორმის ავტორთა მიერ ჩაფიქრებული ”ტერიტორიული ოპტიმიზაცია” რომლის შინაარსი დღეს არსებული მუნიციპალიტეტების (ყოფილი რაიონის ტერიტორია) დაშლა-დაქუცმაცებამდე დაიყვანება და სოფლის სტატუსს კვლავაც ჰაერში გამოკიდებულს დატოვებს, რასაკვირველია, იმთავითვე განწირული იყო ჩასავარდნად. იმის მაგივრად, რომ დადგინდეს ის ოპტიმალური სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც სოფლის თემს მუნიციპალურ თანასაზგადოებაში საკუთარ ღირსეულ ადგილს დაუმკვიდრებს, განზრახული იყო ამ მუნიციპალური თანასაზოგადოების დაშლა-დაქუცმაცება და მის მაგივრად, მუნიციპალიტეტის მექანიკური გაყოფის, თემების სრულიად ხელოვნური დაჯგუფების გზით ვითომ ახალი, მცირე მასშტაბისა და თითქოს მოსახლეობასთან უფრო ახლოს მყოფი თანა-საზოგადოების შეკოწიწება; თანაც ისე, რომ მომხდარიყო პავლე ინგოროყვასეული დარაიონების პრინციპის, რომელიც სასოფლო და საქალაქო თემების ერთიან თანასაზოგადოებად ყოფნას გულისხმობს და ტრადიციულ ქართულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ დაყოფას (”ქალაქი და მიმდებარე ესე სოფელნი”) ინარჩუნებს, ხელაღებით რევიზია - ე.ი. მუნიციპალიტეტის იმგვარად დახლეჩა, რომ საქალაქო და სასოფლო თემები ერთიმეორეს მოსწყდეს. აღარაფერს ვამბობ ხელოვნური დაყოფის გზით ეთნიკური უმცირესობების თემების მუნიციპალური თანასაზოგადოების გახლეჩის შედეგად პრაქტიკულად გარიყვა-სეგრეგაციაზე, რასაც ეროვნული უსაფრთხოებისათვის მძიმე დარტმის მიყენება შეუძლია;

ბუნებრივია, დღევანდელი ან თუნდაც უფრო მომცრო ტერიტორიული მასშტაბის მუნიციპალური თანასაზოგადოება რომ შედგეს, ჯერ მასში შემავალი თითოეული თემის (საქალაქო თუ სასოფლო) ღირსეული ადგილი უნდა გამოიძებნოს, უწინარესად  თემის სამართლებრივი მდგომარეობა მკაფიოდ უნდა გაირკვეს; ამის სანაცვლოდ, სოფლის ამ ყველაზე მტკივნეული პრობლემის გადაწყვეტის მაგიერ, 2014 წლის ე.წ. თვითმმართველობის კოდექსით (მისმა უვიცმა ავტორებმა ისიც კი არ უწყიან, რომ მუნიციპალურ  ურთიერთობათა, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფეროს მოიცავს, კომპლექსური შინაარსისაა და ამდენად, მისი მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმების კოდიფიცირება წარმოუდგენელია. ამიტომაც ამ კანონის ”კოდექსად” გამოცხადება ის ”ბავშვური” შეცდომაა, რომელიც სტუდენტ იურისტსაც კი არ ეპატიება) მოხდა ე.წ. რეგიონული ცენტრების სრულიად ხელოვნური გამოყოფა მუნიციპალიტეტებიდან და ამით, ყოვლად უსაფუძვლოდ მუნიციპალური თანასაზოგადოების გახლეჩა ”ქალაქელებად” და ”სოფლელებად”; ამგვარი გადაწყვეტა ოდენ კურიოზად უნდა მივიჩნიოთ და სამწუხაროდ, სწორედ ასე, კურიოზულად გამოიყურება ე.წ. ტერიტორიული ოპტიმიზაცია.

სოფელი მარადიულია. მან ჟამთა ათასგვარ სიავეს, თვით კომუნისტურ ჯოჯოხეთსაც, გაუძლო და რაღა თქმა უნდა, ამგვარ ვაი-რეფორმებსაც, მართალია ძნელად, მაგრამ ღვთის შეწევნით - მაინც უძლებს. მაგრამ როდემდე?! დღეს ხომ საქართველო დამოუკიდებელია, ჩვენი ბედი ჩვენსავე ხელთაა და აღარ უნდა დავასრულოთ სოფლის ბედის სასწორეზე შეგდება,  მისი სიმტკიცესა და გამძლეობაზე მწვალებლური გამოცდა?!

ქართველთა დღევანდელი თაობების ვალია, რომ ქართულ სოფელს, მის მარადიულ არსებობას  საფუძველი განუმტკიცოს. სოფლის და მისი მკვიდრი თემის, სამართლებრივი მდგომარეობის (ანუ სტატუსის) შინაარსი ინვარიანტულია, არ სდევს ჟამთა ცვლას და ადრეული ნეოლითიდან, სასოფლო-სამეურნეო ცივილიზაციის ჩამოყალიბებით შექმნილი, ახალი ფორმით უნდა გამჟღავნდეს ინდუსტრიულ და დღევანდელ, უკვე პოსტ-ინდუსტრიულ ეპოქაში. ყოველ ამ ეპოქაში სოფლის სტატუსის შინაარსი ის არის, რომ: ა) სოფლის თემი უფლებებისა და პასუხისმგებლობების მატარებელი ცალკე სუბიექტია და მას ეპოქის სათანადო იურიდიული ფორმა უნდა მიეცეს; ბ) ეს სუბიექტი - ე.ი. სოფლის თემი მისი სამკვიდროს სრულუფლებიანი პატრონია; ამგვარი პატრონობის მხოლოდ ტექნოლოგია ვითარდება და იცვლება ეპოქათა ცვლასთან ერთად და არა მისი არსი. სწორედ ეს არის ევროპული განვითარება - სოფლის მუდმივი შენება, ხოლო დღეს განსაკუთრებულად - შენება ცოდნისა და ინფორმირებულობის, მაღალ-ტექნოლოგიურობის (”ტექნოლგიურობა” ბერძნული სიტყვაა. ქართულად - ”ოსტატობის გონს” ნიშნავს!) საფუძველზე და არა მისი ყოფიერების პერიფერიაზე განდევნის (რომლის გამოხატულებად უნდა მივიჩნით მუნიციპალური თანასაზოგადოების გახლეჩის გზით სოფლის ქალაქისაგან მოწყვეტა და ფაქტობრივად - მისი სეგრეგაცია),  და უარესიც: დანგრევის მცდელობა.

რა არის გასაკეთებელი?

1. უწინარესად უნდა დადგინდეს მუნიციპალურ თანასაზოგადოებაში სასოფლო თემის ღირსეული ადგილი, მისი სამართლ-სუბიექტობა; დღევანდელ პირობებში ყველაზე უკეთ მას სოფლის მკვიდრ მესაკუთრეთა ამხანაგობის - კონდომინუმის იურიდიული ფორმა შეეფერება; თვითმმართველობის შესახებ ორგანულმა კანონმა (და არა კოდექსმა, როგორც მას დღეს შეცდომით უწოდებენ) უნდა შექმნას თემის უფლებრიობის, ე.ი. ამ შემთხვევაში ამ კონდომინიუმის უფლებების სამართლებრივი საფუძვლები და გარანტიები;

2. აუცილებელია მიწათ-მფლობელობასთან და მიწათ-სარგებლობასთან თემის მიმართების გარკვევა იმ ფუძემდებლური პრინციპის გარანტირებით, რომ თემი საკუთარი სამკვიდროს სრულუფლებიანი პატრონია. ეს სამართლებრივად უნდა უზრუნველყოს როგორც თვითმმართველობის შესახებ ორგანულმა კანონმა, ასევე მიწის კოდექსმა (აი, სწორედ ამ სფეროში - ე.ი. მიწის საკუთრების, მიწათ-სარგებლობის, მიწათ-მოწყობის, მიწათა-მართვის სფეროშია აუცილებელი საკანნმდებლო ნორმების კოდიფიცირება, ე.ი. მიწის კოდექსის სასწრაფოდ შემუშვება და მიღება!);

3. თვითმმართველობის რეფორმირებასთან ერთად აუცილებელი გატარდეს მიწის რეფორმა, რომელიც სოფლის თემს მუდმივ და უსასყიდლო მფლობელობაში მიაკუთვნებს მისსავე სამკვიდროს - საერთო სარგებლობის საძოვარს, სათიბს, სოფლის სარეზერვო სასოფლო-სამეურნეო მიწას, შიდა-სამეურნეო გზების მიწას, სოფლის შიდა ინფრასტრუქტურისათვის აუცილებელ არასასოფლო-სამეურნეო მიწას, აგრეთვე მიმდებარე ტყეს, ჭალას, მდინარესა თუ წყაროს. ეს რომ მოხდეს, აუცილებელია სახელმწიფო მიწის მასშტაბური მუნიციპალიზაცია; სახელმწიფო არ შეიძლება თანამედროვე პირობებში ყველაზე მსხვილ და გიგანტურ მიწათ-მფლობელად რჩებოდეს; მას  საკუთრებაში უნდა ჰქონდეს მხოლოდ ის მიწა, რაც აუცილებელია კონკრეტული სახელმწიფო კომპეტენციების განსახორციელებლად; დანარჩენი მიწა, რომელიც საზოგადოებრივი დანიშნულებისაა და პრივატიზებას არ ექვემდებარება, მუნიციპალიტეტებს უნდა გადაეცეს საკუთრებაში და თემების მუდმივ, უსასყიდლო სარგებლობაში უნდა იყოს;

4. აუცილებელია სოფლის განვითარების მეცნიერულ ცოდნასა და სათანადო, ღრმა ინფორმირებულობაზე დაფუძნებული დაგეგმარება. უწინარესად ეს შეეხება მის სივრცით მოწყობას, მიწათ-სარგებლობისა და მიწათ-მოწყობის განჭვრეტას. საუბედუროდ, ამ მხრივ არაინფორმირებულობა კრიტიკულ დონეს ჩამოსცდა - აღარ გროვდება და არც მოიპოვება ინფორმაცია მიწათ-სარგებლობისა და ტერიტორიების გამოყენების სფერში. არადა, არაინფორმირებულობა საინფორმაციო ეპოქაში ნებისმიერი რესურსის, მათ შორის უწინარესად მიწის კატასტროფულ გაუფასურებას განაპირობებს; ამ ინფორმაციის შეგროვება, სელექცია, დახარისხება და რეტროსპექცია სისტემურ საფუძვლებს უნდა დაუბრუნდეს, ეს ნიშნავს, რომ სასწრაფოდ აღსადგენია მუნიციპალიტეტის მიწათ-მოწყობის (ქალაქებში - ქალაქგეგმარებითი კადასტრის წარმოების) სამსახურები, რომელთა მთავარი ფუნქცია სივრცითი ინფორმაციის, უწინარესად მიწათ-სარგებლობის შესახებ მონაცემების პროფესიული სტანდარტებით  და სისტემური წარმოება, მისი დაგეგმარებისათვის სათანადო გამოყენება იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში  რაციონალურ დაგეგმარებაზე ყოველგვარი საუბარიც კი უსაგნო და ზედმეტია!

5. აუცილებელია სოფლის მართვისას ტექნოლოგიური გარღვევის განხორციელება,  მუნიციპალური თვითმმართველობის მოსახლეობასთან დაახლოების, მოქალაქეთა მონაწილეობის (და მეტიც: წარმომადგენლობითი დემოკრატიის მონაწილეობითი დემოკრატიისაკენ განვითარების) მიზნით თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწრაფი დანერგვა; აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით იუსტიციის სამინისტროს მიერ ხორციელდება სოფლად „საზოგადოებრივი ცენტრების“ მშენელობის, აღჭურვისა და პერსონალის მომზადების უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი. სამწუხაროდ, იგი ჯერ კიდევ უაღრესად ფრაგმენტულია, მოიცავს მხოლოდ  40-მდე სოფელს, მაშინ როცა საქართველოში 3000-ზე მეტი სოფელი და 1000-მდე სასოფლო ადმინისტრაციული ერთეულია; აუცილებელია ეს პროექტი მასშტაბური გახდეს და ეტაპობრივად 1000-ივე სასოფლო ადმინისტრაციული ერთეული მოიცვას; რაც მთავარია, „საზოგადოერივი ცენტრი“ სოფლად უნდა იყოს არა იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო სერვისების განმახორციელებელი უწყების ტერიტორიული ქვედანაყოფი, არამედ სწორედაც მუნიციპალური თვითმმართველობის დაწესებულება, რომელიც განახორციელებს მოსახლეობისათვის როგორც სახელმწიფო, ასევე და პირველ რიგში  - მუნიციპალურ მომსახურეობას, უწინარესად კი ადგილობრივი საზოგადოების - თემისათვის შეასრულებს სათემო თვითორგანიზებისა და მობილიზების ეფექტიანი ინსტრუმენტის ფუნქციას, რაც მთლიანობაში თემს და მის ყოველ მკვიდრს მისცემს შესაძლებლობას უშუალოდ მონაწილეობდეს ადგილობრივი თვითმმართველობის  და სათემო სამკვიდროს ჯეროვანი მართვის განხორციელებაში.

აქ მოყვანილი გადაუდებელ ღონისძიებათა ჩამონათვალი, რასაკვირველია, არასრულია. სოფელი შველას ითხოვს და საშველის პოვნას როგორც სახელმწიფო, ისე მუნიციპალური სასოფლო პოლიტიკის შექმნა სჭირდება!