ისრაელის გაკვეთილები საქართველოსათვის

ისრაელის გაკვეთილები საქართველოსათვის

საქართველო და ისრაელი - ეს არის ორი უძველესი ბიბლიური ქვეყანა, რომელსაც, აგერ უკვე 26 საუკუნეა ერთმანეთთან მეგობრობის და პატივისცემის, თანასწორი ურთიერთობების უიშვიათესი ტრადიციები გააჩნიათ.

ამ ორი ერის ურთიერთობა სწორედ რომ სამაგალითოა დღევანდელი აშლილი და აწეწილი მსოფლიოსათვის, მათ შორის წამყვანი და დიდი ერებისთვისაც.

„საქართველო – ეს არის თანამედროვეობის უდიდესი სასწაული, რომლის შედარებაც შეიძლება მხოლოდ ისრაელთან. ის არის არა მხოლოდ ძველი ცივილიზაცია. ის არის ცოცხალი ცივილიზაცია. შეხედეთ ათენსა და რომს. მათ წარსულს არავითარი კავშირი არა აქვს მათ თანამედროვეობასთან, საქართველოში კი ყველაფერი ძველი აგრძელებს სიცოცხლეს დღევანდელობაში“– წერს თანამედროვე ცნობილი ებრაელი მეცნიერი და თეოლოგი ავიგდორ ესკინი.

ისრაელი ჩვენთვის სამაგალითოა იმითაც, რომ ამ უძველესმა ერმა თუ რა სწრაფად შეძლო მოდერნიზება და მოწინავეთა რიგებში ჩადგომა.

თანამედროვე ისრაელის სახელმწიფო იშვა 1948 წელს, როცა გაეროს დადგენილებით მათ გამოეყოთ 14 ათასი კვ. კმ. ფართობი ყოფილი პალესტინის ტერიტორიიდან (ისრაელის სახელმწიფოს შექმნაში ლომის წილი მიუძღვის იოსებ სტალინს, რომელმაც დასავლეთის წინააღმდეგობის მიუხედავად შეძლო თავისი გაეტანა და სოლივით ჩაუსვა არაბებს ეს პატარა ქვეყანა).

სულ რაღაც 68 წლის განმავლობაში ისრაელი პაწაწინა სახელმწიფოდან სიონისტური ეროვნული იდეოლოგიის სიძლიერის და ხალხის, ერის მონდომების წყალობით, გადაიქცა ქვეყნად, რომლის მოსახლეობა (6 მილიონზე მეტი) რვაჯერ აღემატება 1948 წელს არსებულ რაოდენობას, გადაიქცა უძლიერეს ქვეყნად, რომელიც დომინირებს არა მარტო ახლო აღმოსავლეთში, არამედ რომელსაც ძალზე დიდი გავლენა აქვს მთელს მსოფლიოში, რამეთუ მსოფლიო ფინანსების 75%–ს ებრაელები ფლობენ.

ამჟამად ისრაელს ახლო აღმოსავლეთში წამყვანი პოზიცია უკავია ეკონომიკურ, სამხედრო, ტექნოლოგიურ და კულტურულ სფეროში. ისრაელი ფაქტობრივად უდაბნო, ხრიოკი ადგილი იყო, ქვიშიანი და მტვრიანი, მიწა გემებით ჩამოჰქონდათ, წყალს ყიდულობდნენ, მაგრამ შრომის შედეგად ეს ადგილი აყვავებულ ბაღნარად აქციეს.

მეტად საყურადღებოა ისრაელის გამოცდილება მრეწველობის განვითარების საქმეში. ისრაელს არც საკუთარი ბუნებრივი რესურსები გააჩნდა, არც მრეწველობის განვითარების საბაზო დარგები. გეოპოლიტიკური და სამხედრო სირთულეების გამო მას არ შეეძლო გაეტარებინა ინდუსტრიალიზაციის პოლიტიკა ევროპის და ჩრდილო ამერიკის მოდელების მიხედვით. ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი ეიზერ ვაიცმანი მიუთუთებდა, რომ „ჩვენ, ისრაელმა ფული და კაპიტალი ჩავდეთ ადამიანთა ტვინებში (ანუ განათლების სფეროში) იმიტომ რომ სხვა არაფერი რესურსი არ გაგვაჩნდა“–ო.

ისრაელი გარშემორტყმულია მისდამი მტრულად განწყობილი 20–ზე მეტი ქვეყნით, რომლებმაც ამ 68 წლის განმავლობაში 7 ომი გააჩაღეს ისრაელის წინააღმდეგ, მაგრამ ყველა წააგეს. საკუთარი უშიშროების უზრუნველყოფის აუცილებლობა ისრაელს აიძულებს, როგორც ეროვნული პროდუქტის, ისე შრომისუნარიანი მოსახლეობის ყველაზე ახალგაზრდული და შემძლე ნაწილით მოახდინოს თავდაცვის უზრუნველყოფა. ქვეყნის ერთობლივი ეროვნული პროდუქტის შემოსავლებიდან 10–15 % თავდაცვის ფონდს ხმარდება. ეს დასავლეთის უმრავლესი ქვეყნებისათვის 3–5 %–ია (სომხეთისათვის 9%–ია, საქართველოსთვის 6%).

68 წლის მანძილზე ისრაელმა მსოფლიოს 120 ქვეყნიდან ჩამოსული 5 მილიონამდე ადამიანი (მათ შორის სსრ კავშირიდან ჩასული 1,5 მილიონი ებრაელი) მიიღო.

საკუთარი ქვეყნის უზომოდ მოყვარულ და საქმიან ებრაელებს მცხუნვარე მზის ქვეშ გაჰყავდათ გზები, აგებდნენ ხიდებს, სანაპიროებს, პორტებს, ქარხნებს, საცხოვრებელ ბინებს, აშენებდნენ პლანტაციებს. სწორედ ამგვარმა თავჩაუხრელმა შრომამ აქცია ისრაელი აგრარული ქვეყნიდან სამრეწველო წარმოების და სამეცნიერო აზრის განვითარებულ სახელმწიფოდ, რომელსაც გააჩნია მაღალი ტექნოლოგიების ინდუსტრია, აგრეთვე თანამედროვე კვების მრეწველობა და ალმასების დამუშავების ერთ–ერთი მსოფლიო ცენტრი. ისრაელის ხვედრით წილად მოდის მსოფლიო საიუველირო ალმასების წარმოების 40%. შედარებისთვის – რუსეთში ალმასების დამუშავების მრეწველობაში დასაქმებულია 2–ჯერ მეტი ადამიანი, ვიდრე ისრაელში, სასაქონლო პროდუქცია კი იწარმოება 6–8 ჯერ ნაკლები, ვიდრე ისრაელში.

ისრაელის სოფლის მეურნეობა გამოირჩევა მაღალი ინტენსიურობით, მოწინავე აგრონომიით და მელიორაციით. პირდაპირ გამაოგნებელია: იერუსალიმი, მისი შემოგარენი და თითქმის ყველა მიმდებარე ადგილი კლდოვანია, ქვიშიანი და მაინც სოფლის მეურნეობის პროდუქტების საოცარი სიუხვეა მოსავალი 2–ჯერ მოჰყავთ და ხრიოკზე სიცოცხლეს ქმნიან მოწინავე ტექნოლოგიების („ჰაი–ტექი“) წყალობით.

მაშინ როცა ისრაელში ფაქტიურად წყალი არ არის (ამასვე ადასტურებს ისრაელის 92 წლის პრეზიდენტი შიმონ პერესი, რომელმაც კიევში გამოსვლისას თქვა, რომ „წყალს ჩვეულებრივად პოულობენ, არ მოიპოვებენ ჩვენ კი მისი მოპოვება დავიწყეთ, მერე კი წყლის გამტკნარებაც ვისწავლეთ“) ცხელი წყალი ყველას აქვს. მზის ბატარეები ცვლის ჰიდროელექტროსადგურებს და ატომურ ელექტროსადგურებს. ზაფხულობთ 4 თვიანი გვალვაა და მაინც სარწყავი მილების წყალობით, ყველაფერი ჰყვავის. მთებში მიწის ქვეშ ტბებია, საიდანაც წყალი უდაბნოში მოჰყავთ. წვიმის წყალსაც კი არ ჰკარგავენ – რეზერვუარებში აგროვებენ. ყოველი ხის, ყოველი ყვავილის ახლოს სარწყავი მილია გაყვანილი. ეს არის წვეთოვანი რწყვის მეთოდი, რომელსაც ისრაელში დიდი ხანია იყენებენ. იგი მცენარეს, ხეს იმდენ წყალს აწვდის, რამდენიც ესაჭიროება, რათა წალკოტში არათუ გამხმარი, არამედ უწყლობისაგან შეყვითლებული ფოთოლიც არსად გაერიოს. ისრაელში სოფლის მეურნეობის ერთი მუშაკი ქვეყნის 82 მოქალაქეს უზრუნველყოფს პროდუქტებით. რუსეთში ერთი ძროხის წველადობა წელიწადში 3 ათას ლიტრს შეადგენს, ისრაელში კი 10 ათას ლიტრს.

მშენებლობა, ფართო საყოფაცხოვრებო ინდუსტრიაა, მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო საოპერაციო მედიცინა, მრავალპროფილიანი უმაღლესი განათლება, კომპიუტერიზებული საბანკო და მოსახლეობის სერვისის სხვა სახეობანი ისრაელის ეკონომიკის ბირთვს შეადგენს. განსაკუთრებით აღსანიშნავია აქ „ჰაი–ტექის“ (მაღალი ტექნოლოგიების) სფერო, რომელშიც ისრაელი ასევე მსოფლიო ერთ–ერთი ლიდერია. „ჰაი–ტექ“–ის საწარმოთა ხვედრითი წილი ისრაელის ექსპორტში 80%–მდეა (30 მილიარდ დოლარამდე). არმიაში გაწვეული ახალგაზრდები ცდილობენ იმსახურონ სრულიად საარმიო კომპიუტერულ ცენტრ „მამრან“–ში, რომლის კურსდამთავრებულების თვიური ხელფასი 7 ათასი დოლარია და 4–ჯერ აღემატება საშუალო სასტარტო ხელფასს და მაინც ისრაელში არ ჰყოფნით 5 ათასზე მეტი სპეციალისტი „ჰაი–ტექ“–ის სფეროში.

ისრაელში თავდაცვა იდეოლოგიურად უმაღლეს დონეზეა აყვანილი ისრაელს აქვს ატომური და წყალბადის ბომბი, უმაღლესი სიზუსტის რაკეტები, რომლებიც მტრის რაკეტებს ჰაერში ანადგურებენ, ჰყავს უძლიერესი დაზვერვის სამსახური „მოსადი“. ქვეყნის თავდაცვა არა მარტო კაცების, არამედ ქალების მოვალეობაცაა. არმიაში ყველა მსახურობს. არც ერთი თავმოყვარე გოგონა არ გაივლის იმ ბიჭის გვერდით, ვინც ჯარში ნამყოფი არაა.

„ჩვენ არც ხალხი გვყავდა და არც იარაღი გვქონდა, – ამბობს შიმონ პერესი, არც გენერლები გვყავდა და არც საბრძოლო გამოცდილება გვქონდა. რა უნდა გვექნა? – ორი რამ: პირველი – ადამიანები უნდა გამხდარიყვნენ მამაცები და უშიშარნი. მათ უნდა გაეგოთ, რომ ჩვენ არჩევანი არა გვაქვს. „ჩვენ მხოლოდ უნდა გავიმარჯოთ. ჩვენ ერთხელაც რომ დავმარცხდეთ, მორჩა. მეორე, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ იარაღი არ გვქონდა, მისი წარმოება დავიწყეთ, განვავითარეთ IT-სექტორი, რომელიც მუშაობდა არმიაზე, რადგან ვიყავით მარტო და თანაც მტრულ გარემოში. სწორედ ამის წყალობით გაიმარჯვა ისრაელმა ყველა ომში არაბთა წინააღმდეგ და ტერიტორია 5-ჯერ გააფართოვა“.

პერესის აზრით პოტენციალი ადამიანებს დიდი აქვთ, მაგრამ ისინი ცოტათი ზარმაცები არიან. თუ რაიმეს მიღწევა გინდათ, უნდა ბევრი იმუშაოთ, ციდან არაფერი ცვივა. ჩვენ, ისრაელში ძალიან ბევრს ვმუშაობდით, რა არის ამაში ცუდი . . . უნდა გაჰყვეთ მეცნიერებას, რომელსაც არა აქვს საზღვარი, შეზღუდვა და რეფლექსები. წარსული იცოდეთ, რათა წარსულის შეცდომები არ გაიმეოროთ . . . იოცნებეთ რაღაც ძალიან დიდზე, რაც უფრო დიდ იქნება თქვენი ოცნება, მით უფრო დიდს მიაღწევთ . . . დაიანგარიშეთ თქვენს ტვინში მიღწევები და ოცნებები . . . თუ თქვენი ოცნებები უფრო მეტია, ვიდრე თქვენი მიღწევები, ეს ნიშნავს რომ თქვენ ახალგაზრდა ხართ“.

ცალკე აღნიშვნის ღირსია „ქართველი ებრაელის ფენომენი“. ასეთი რამ სხვა ერმა არ იცის. ჯერაც არავის გაუგონია „ქართველი სომეხი“, „ქართველი რუსი“, „ქართველი აზერბაიჯანელი“ და ა.შ.

ქართველ ებრაელთა ფენომენის ერთ–ერთ კონკრეტულ გამოვლენას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ქართულ მიწაზე 26 საუკუნოვანი ცხოვრების მანძილზე „არსად არ თქმულა და არ გაგონილა, რომ ოდესმე ქართველ ურიას საქართველოსთვის ეღალატნოს და რაიმე ცნობები სხვა სახელმწიფო მტერთათვის გარდაეცათ, თუმცა ამის შემთხვევა მათ ხშირად მიეცემოდათ“ (ზაქარია ჭიჭინაძე).

„ეს მოხდა რომში – წერს აბონ ციციაშვილი თავის 800 გვერდიან წიგნში „ებრაელები და საქართველო“. ქართველებს მაღაზიაში შემთხვევით კაოლინის თიხის ძალზე ძვირადღირებული ნივთი გაუტყდათ. მაღაზიის კარი იმწამსვე დაიკეტა. მეპატრონემ ქართველებს ნივთის საფასურის ანაზღაურება მოსთხოვა. მათ საკმარისი თანხა არ აღმოაჩნდათ. იქვე შემთხვევით მყოფმა უცნობმა ყური მოჰკრა ქართულ საუბარს, იხმო მეპატრონე. „რამდენია გადასახადიო“ – ჰკითხა. 3800 დოლარიო უპასუხა მეპატრონემ. უცნობმა ეს თანხა გადაუთვალა, შემდეგ მოუბრუნდა ქართველებს და ქართულად უთხრა: თქვენი ჭირიც წაუღიაო, ძმებო, თან აღნიშნა თბილისში დაბადებული ქართველი ებრაელი ვარო, არც გვარი უთხრა, არც სახელი და სიყვარულით გამოემშვიდობა“.

ქართველმა ებრაელებმა ისრაელში დადგეს შოთა რუსთაველის ძეგლი და მისი ქუჩა (ასევე თბილისის მოედანი) გააკეთებინეს მთავრობას იერუსალიმში, ლაპარაკობენ, მღერიან და ტირიან ქართულად, ცეკვავენ ქართულად, ზრდიან ქართული ტრადიციებით.

„ერთადერთი ერი - სტუმარი, – წერს აბონ ციციაშვილი, რომელმაც საუკუნეები იცხოვრა საქართველოს ტერიტორიაზე თავისი უბედური ბედის გამო და რომელსაც არასოდეს არ უთქვმას, ეს მიწა ჩემია, ან განსაკუთრებული უფლებები (მაგ: ავტონომია) მომეცით, ებრაელი ერია, მის სამშობლოსაც გაუღიმა ბედმა, აიკრა გუდა–ნაბადი, მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს გაწეული შრომისათვის, ერთ ჭერ–ქვეშ ცხოვრებისათვის და წავიდა.

სხვები? ამაზე არც ფიქრობენ“.