ახალი თვითგამორკვევა და დაბნეულობის მეოთხედი საუკუნე (მეორე წერილი)

ახალი თვითგამორკვევა და დაბნეულობის მეოთხედი საუკუნე (მეორე წერილი)

„ხალხი დაიბნევა, უთუოდ დაიბნევა. დაბნეული ხალხი ბრბოა. ეყო ბრბოობა ჩვენს ხალხსა. ეყო. საკმარისია. ან გამოსავალს ვეღარ მივაგნებთ. ერი ხალხია. ბრბო– აღარც ხალხია და აღარც ერი“. (ოთარ ჩხეიძე. “პარლამენტური სამეფო ხელისუფლებისათვის“)

წინა წერილში გავარკვიეთ, რომ საქართველოს 1918-21წწ. პირველმა რესპუბლიკამ ისტორიული მემკვიდრეობის საკითხი ვერ გადაწყვიტა და ამით უნიადაგობისათვის გაწირა საკუთარი თავი; ეს საკითხი მთელი სიმწვავით მე-20 საუკუნის ბოლოს კვლავაც დადგა ქართველი ერის წინაშე და პასუხაცემული იქნა „საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის“ 1991 წლის 9 აპრილის ფუძემდებლური აქტით.

9 აპრილის აქტი.  „აჭრილი“ ისტორიული მემკვიდრეობა

ისტორიული მემკვიდრეობის საკითხი 9 აპრილის აქტში ასეა გადაწყვეტილი:
1) დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი 1918 წლის 26 მაისის აქტისაგან განსხვავებით ნათლად ამბობს, რომ: „საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რომელიც საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს, ქართველმა ერმა მე-19 საუკუნეში დაკარგა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსიისა და სახელმწიფოებრიობის გაუქმების შედეგად. ქართველი ხალხი არასოდეს შეჰგუებია თავისუფლების დაკარგვას. 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებით აღდგა საქართველოს გაუქმებული სახელმწიფოებრიობა.“ ამრიგად, 9 აპრილის აქტში ცხადად ჩანს ისტორიული მემკვიდრეობის თვალსაზრისით სრულიად განსხვავებული პოზიცია – საქართველოს დამოუკიდებლობა საბუთდება არა გარეშე გარემოებებიდან გამომდინარე, როგორც ეს 1918 წლის 26 მაისის აქტშია წარმოდგენილი, არამედ საუკუნეთა სიღრმიდან მომდინარე ქართული სახელმწიფოებრიობით. სწორედ ამიტომ, 9 აპრილის აქტი მიიჩნევს, რომ 1918 წლის 26 მაისს ახალი სახელმწიფო კი არ იშვა, არამედ „აღდგა საქართველოს გაუქმებული სახელმწიფოებრიობა“. რასაკვირველია, ამ პოზიციის გამო იგი გარკვეულწილად უპირისპირდება კიდეც 26 მაისის აქტსაც;

2) მიუხედავად მე–19 საუკუნეში რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის ფაქტის ხაზგასმისა, დამოუკიდებლობის აღდგენის აქტში ისტორიული მემკვიდრეობის შეცნობა მაინც არაკმარია: იგი ისევე, როგორც 1918 წლის 26 მაისის აქტი, საერთოდ არც ასახელებს რუსეთის ცარისტული იმპერიის მიერ მე–19 საუკუნეში საქართველოს ანექსიამდე არსებულ, ეროვნული სუვერენიტეტის მატარებელ ისტორიული სამართალ–სუბიექტებს – ქართლ–კახეთისა და იმერეთის მეფეებს, აგრეთვე ქართველ მთავარებს (რომლებიც ფორმალურად ყოველთვის აღიარებდნენ ბაგრატიონთა სუზერენობას). ამით, ისევე როგორც 1918 წლის 26 მაისს მოხდა, დღის წესრიგიდან საერთოდ იხსნება ისტორიულ სამართალ–სუბიექტთა სუვერენული უფლებების მემკვიდრეობის საკითხი;

3) დამოუკიდებლობის აღდგენის აქტიდან იკითხება, რომ ეროვნული სუვერენიტეტის მატარებელი სუბიექტია საქართველოს ხალხი, რომელმაც 1918 წლის 26 მაისს დააფუძნა დემოკრატიული რესპუბლიკა. 9 აპრილის აქტი თვითგამორკვევას 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე ახდენს: „ეყრდნობა რა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმით გამოხატულ საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვან ნებას, ადგენს და საქვეყნოდ აცხადებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე.“ ამრიგად, დამოუკიდებლობის აღდგენის დასაყრდენია საერთო-სახალხო რეფერენდუმზე გამოხატული ერთსულოვანი ნება, ხოლო მისი იურიდიული საფუძველი - 26 მაისის აქტი;

4) დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი ამტკიცებს, რომ მიუხედავად საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის, ფაქტობრივი ანექსიის და სსრკ–ს შემადგენლობაში ძალადობრივი ინკორპორაციისა, „დამოუკიდებლობის აქტი და კონსტიტუცია დღესაც იურიდიული ძალის მქონეა“

როგორც ვხედავთ, დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით, მიუხედავად იმისა, რომ ხაზგასმულია მე–19 საუკუნეში რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის უდავო ფაქტი, სახელმწიფოებრიობის აღდგენა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მემკვიდრეობაზე ხდება. ეს პრობლემას არ შექმნიდა, რომ თავის დროზე 26 მაისის აქტს ფაქტობრივად არ გაეწყვიტა ისტორიულ კავშირი წარსულთან.

მეორე არსებითი და მწვავე პრობლემა, რაც დამოუკიდებლობის აღდგენის აქტში აშკარად იკვეთება, კონსტიტუციურ მემკვიდრეობას უკავშირდება. დამოუკიდებლობის აღდენის აქტი აღიარებს 1921 წლის 21 თებერვლის ქართული კონსტიტუციის იურიდიულ ძალას. ამით, მყისიერად შეიქმნა გადაუჭრელი სამართლებრივი წინააღმდეგობა: საფუძველი გამოეცალა იმ დროისათვის რეალურად მოქმედ პოსტ–საბჭოურ კონსტიტუციას და შესაბამისად, მთლიანად პოლიტიკურ-სამართლებრივი სისტემის ლეგიტიმურობასაც.

საქმე იმაშია, რომ, მართალია, დამოუკიდებლობის აღდგენის აქტმა აღიარა დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის იურიდიული ძალა, მაგრამ, ამავე საკანონმდებლო ორგანოს სხვა გადაწყვეტილებებით მოქმედება განაგრძო და რეალურად „მუშაობდა“ 1977 წლის საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუცია (ბუნებრივია, ამ კონსტიტუციაში არსებითი შესწორებები და დამატებები იქნა შეტანილი).

მაშასადამე, უზენაესი საბჭო, როგორც ქართველი ხალხის მანდატის მქონე ფაქტობრივად დამფუძნებელი კრება, ერთდროულად აღმოჩნდა როგორც 1918–21 წლების დემოკრატიული რესპუბლიკის, ასევე საბჭოთა საქართველოს სამართალ–მემკვიდრეც. ამავდროულად, უზენაესმა საბჭომ 9 აპრილის აქტით არაპირდაპირ, მაგრამ მაინც აღიარა რუსეთის ცარისტული იმპერიის მიერ ანექსიამდე არსებული ქართული სახელმწიფოებრიობის მემკვიდრეობაც.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ სამი ისტორიული მემკვიდრეობიდან (საუკუნეთა სიღრმიდან მომდინარე ქართული სახელმწიფოებრიობა, 1918 -21 წწ. რესპუბლიკა და საბჭოთა საქართველო),   საერთაშორიოდ, ბუნებრივია, მხოლოდ უკანასკნელია აღიარებული:  მოგვიანებით, როცა საქართველო გახდა გაეროს წევრი სახელმწიფო, იგი საბჭოთა საქართველოს სამართალმემკვიდრედ იქნა ცნობილი.

ურთიერთ გამომრიცხავი ეს სამი მემკვიდრეობა არა მხოლოდ ფორმალურ-იურიდიულ, არამედ, შეიძლება დაბეჯითებით ითქვას - არსებით, ეგზისტენციურ კრიზისში გამოიხატება: დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ საზოგადოებრივი ურთიერთობების ყველა სფეროში მდგომარეობა არასტაბილური, წინააღმდეგობრივი და გაურკვეველი გახდა. გამუდმებით ინგრეოდა საზოგადო ურთიერთობათა უვარგისი საბჭოთა სისტემა, მაგრამ სანაცვლოდ ჭირდა და არ გამოდიოდა უკეთესის, ახლის შექმნა.

იქნებ ასეთი „აჭრილი“ ისტორიული მემკვიდრეობაცაა ქართველი ხალხის იგვარად დაბნევის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი, რაზეც გასული საუკუნის 90-ანი წლების დასაწყისში  სულგანათლებული ოთარ ჩხეიძე მიგვითითებდა?!
მეორე რესპუბლიკის დამხობა

დამოუკიდებლობის აღდენისთანავე ქართველ ხალხს უნდა დაეწყო შეცნობილი ეროვნული თავისუფლების პოზიტიური განხორციელება – სამართლებრივი სახელმწიფოს შენება. ეს მიზანი უწინარესად კონსტიტუციურობის უზრუნველყოფას ნიშნავდა. კონსტიტუციურობისათვის სუვერენიტეტის მატარებელ ქართველ ხალხს დამფუძნებელი საკანონმდებლო ხელისუფლების მეშვეობით უნდა მიეღწია. უზენაეს საბჭოს (ე.ი. დამფუძნებელი კრებას), რომელსაც საყოველთაო და სამართლიანი არჩევნების შედეგად უეჭველად გააჩნდა  ქართველი ხალხის მანდატი, ისტორიული მემკვიდრეობის საფუძველზე და სავსებით ახალ ვითარებაში, ახალი ისტორიული ეპოქის სათანადოდ ფაქტიურად თავიდან უნდა დაეფუძნებინა თანამედროვე ქართული სახელმწიფო. თავის დროზე „მრგვალი მაგიდის“ წინასაარჩევნო პოლიტიკური პროგრამაც დამოუკიდებლობის აღდგენასა და ამ დამფუძნებელი ძალაუფლების განხორციელებას გულისხმობდა. „მრგვალი მაგიდის“ პოლიტიკური პროგრამის თანახმად 1990 წლის 28 ოქტობერს არჩეული უზენაესი საბჭო თავისი ფუნქციით სწორედ დამფუძნებელი კრების მისიის მატარებელი ქართველი ხალხის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო უნდა ყოფილიყო. ეს დამფუძნებელი მისია უზენაესმა საბჭომ მხოლოდ ნაწილობრივ და არასრულად განახორციელა; სწორედ ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ დამფუძნებელი კრება, როგორც ამას შემდგომ დავინახავთ, დღეის მდგომარეობითაც კი, არ დახურულა და არც თვითგამორკვევის პროცესი დასრულებულა.

უზენაესი საბჭოს უმთავრესი დამსახურება, რაღა თქმა უნდა, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენაა, რაც საქართველოს ისტორიაში უდიდესი მნიშვნელობის მქონე ფაქტად სამუდამოდ დარჩება. ამავდროულად, აუცილებლად ხაზგასმით გასახსენებელია, რომ 9 აპრილს, დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, შემოღებული იქნა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა და უზენაესი საბჭოს მიერ ამ თანამდებობაზე ზვიად გამსახურდია იქნა არჩეული. ხოლო მოგვიანებით, ეროვნულ დღესასწაულზე – 26 მაისს, ზვიად გამსახურდია უკვე საყოველთაოდ არჩეული სახელმწიფოს მეთაური გახდა. მან მიიღო აღმასრულებელი ხელისუფლების მანდატიც და ამით, ფაქტიურად, სრული ძალაუფლებაც. ფორმალურად, ზვიად გამსახურდია იყო სახელმწიფოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, მაგრამ რეალურად – მის ხელში აღმოჩნდა უზენაესი საბჭოს, ე.ი. დამფუძნებელი საკანონმდებლო ხელისუფლებაც.

პრეზიდენტის ინსტიტუტის შემოღებით უზენაესმა საბჭომ დაუშვა საბედისწერი შეცდომა:  მან ამით დამფუძნებელი კრების ფუნქციის შესრულებაზე რეალურად უარი თქვა და პრაქტიკულად სრული ძალაუფლება ერთ სუბიექტს – პლებისციტირებულ პრეზიდენტს მიაბარა; რასაკვირველია, უზენაეს საბჭოს ამ შემთხვევაში არ გახსენებია არც „საუკუნეების სიღრმიდან მომდინარე სახელმწიფოებრიობის“ და არც 1918-21წწ. პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიული მემკვიდრეობა;

აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ  პრეზიდენტის ძალაუფლება პოსტ–საბჭოთა კონსტიტუციის ძალით ოდენ ფორმალურად იზღუდებოდა. სინამდვილეში, რეალურად - არსებული პოლიტიკური ურთიერთობების გამო, როცა დევალვირებულ პოსტ–საბჭოთა კონსტიტუციას მხოლოდ ფარატინა ქაღალდის როლიღა შერჩენოდა და მისი დაუბრკოლებლად, ყოველ მომენტში და ნებისმიერად შეცვლა პლებისციტირებული პრეზიდენტისათვის არავითარ პოლიტიკურ თუ ტექნიკურ პრობლემას არ წარმოადგენდა, მისი ძალაუფლება მართლაც სრული და პრაქტიკულად შეუზღუდავი იყო.

ისიც ხაზგასასმელია, რომ ზვიად გამსახურდია მხოლოდ არჩეულ პრეზიდენტს, ე.ი. სახელმწიფოს ლეგალურ მეთაურს კი არა, არამედ, უწინარესად - ეროვნული მოძრაობის ქარიზმატიულ ლიდერს განასახიერებდა. მისი ქარიზმატიული ძალაუფლების თვითშეზღუდვა, ლეგალურ–რაციონალურ, სამართლებრივ-კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქცევა, როგორც საერთაშორისო, ისე კრიტიკული შიდა პოლიტიკური ზეწოლის პირობებში, ასევე თავად ზვიად გამსახურდის ფსიქო-ტიპიდან გამომდინარეც სრულიად  შეუძლებელი აღმოჩნდა. ხოლო ამ ქარიზმატიული ძალაუფლების შემდგომი მითოლოგიზებაც – მისი „საკრალიზება“ (ე.წ. ზვიადისტების მიერ) ან პირიქით - დემონიზება (ე.წ. ანტი-ზვიადისტების: პოსტ–საბჭოური ინტელექტუალური ელიტის, შევარდანაძისტების, აგრეთვე მხედრიონელებისა თუ სხვა ნახევრადკრიმინალური დაჯგუფებების მიერ) რეალურად მიუთითებდა სუვერენიტეტის მატარებელი სუბიექტის – ქართველი ხალხის დაბნეულობასა და იმავდროულად, დამფუძნებელი ხელისუფლების უუნარობაზეც.

რეალურად უზენაესი საბჭო არ გამხდარა  დამფუძნებელი, მაშასადამე  - უპირატესი და უმაღლესი ხელისუფლების მატარებელი დამოუკიდებელი ორგანო, ვინაიდან იგი მთლიანად პრეზიდენტის ქარიზმულ გავლენას ემორჩილებოდა. ნიშანდობლივია, რომ უზენაესი საბჭოს სხდომებს კვლავაც პრეზიდენტი წარმართავდა, სწორედ პირადად იგი განსაზღვრავდა დღის წესრიგსაც და მისაღები გადაწყვეტილებების შინაარსსაც. შესაძლოა, ეს იმიტომაც მოხდა, რომ უზენაეს საბჭოში გაკოტრებულმა კომუნისტებმა ძალაუფლება მთლიანად დათმეს, ხოლო სხვა პოლიტიკურმა ძალებმა უბრალოდ არც მოისურვეს, ამდენად - ვერც შეძლეს დამფუძნებელი ხელისუფლების განხორციელებაში მონაწილეობა. მათ მიერ უზენაესი საბჭოს პარალელურად არჩეული ფსევდო-წარმომადგენლობითი ორგანო  - ეროვნული საბჭო არც საკმარის ავტორიტეტს, არც ლეგიტიმურობასა და რაც მთავარია, არავითარ რეალურ ხელისუფლებას არ ფლობდა; მას მხოლოდ დესტრუქციული როლის თამაში შეეძლო და არა დამფუძნებელი ხელისუფლების განხორციელებაში თუნდაც მინიმალური, სიმბოლური სახით მაინც მონაწილეობა; ცხადია, ეს არა მხოლოდ უკლებლივ ყველა პოლიტიკური ძალის, არამედ მთლიანად ქართველი ხალხის, პირველ ყოვლისა, მისი გონიერი ნაწილის – ე.წ. ინტელექტუალური ელიტის, უპასუხისმგებლობისა და დაბნეულობის შედეგს წარმოადგენდა.

ამრიგად, დამფუძნებელი კრების ძირითადი ფუნქცია – სახელმწიფო ძალაუფლების ინსტიტუციონალიზება – მისი სახელისუფლებო შტოებად დანაწევრება, დაბალანსება, ურთიერთშეკავება და კონსტიტუციური შეზღუდვა, საჯარო ინსტიტუტებისა და მმართველობის ახალი სისტემის შექმნა, ვერ განხორციელდა. ხოლო დროის მწვავე დეფიციტის პირობებში არაფორმალიზებული ძალაუფლების რეალურმა კონცენტრაციამ ერთი სუბიექტის ხელში, ამ ძალაუფლების აუტანელმა სიმძიმემ და მისი გადანაწილების ინსტრუმენტების არ არსებობამ, წელში გატეხა ეს სუბიექტიც და მისი სახით ახლად დაფუძნებული ქართული სახელმწიფოც. ეს იყო საქართველს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული ტრაგედია, რომლის დამანგრეველი შედეგები დღესაც სახეზეა და არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ მისი გამოძახილი შესაძლოა საუკუნეებს გაჰყვეს....იქნებ ამ ეროვნული ტრაგედიის ნამდვილი არსი სწორედ ისაა, რომ  ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენაში ზვიადის როლი, როგორც შეუსრულებელი ან საერთოდაც შეუსრულებადი მისია, ვერ დაგვირგვინდა? თუკი ქართული სახელმწიფოებრიობის წარმომავლობას, ისტორიულ მემკვიდრეობითობით განსაზღვრულ მის თვისებრიობასა და ბუნებას ანუ  - მის შინაგან კონსტიტუციას მთელი სისრულით გავისიგრძეგანებთ, ვინ იცის - ეგებ ზვიადის მისია არა მხოლოდ ეროვნული დამოუკიდებლობის, არამედ ლეგიტიმური ხელმწიფების რესტავრაციაში უნდა ვეძიოთ?! იქნებ სინამდვილეში მისი როლი სწორედ ის იყო, რომ მას ქართველი ერის სახელით რუსეთის იმპერიის მიერ დამხობილი ქართული სამეფოს და არა ეფემერული რესპუბლიკის აღდგენის საქმე უნდა ეთავა? ეგებ ისტორიულ ვითარებას სწორედაც იგი უნდა გამოერჩია როგორც აღსადგენი სამეფოს რეგენტი - სწორედ ისეთი პირი, რომელიც კონსტიტუციურობის გაბატონებამდე და ხელმწიფის მირონცხებამდე მის უფლება-მოვალეობებს აღასრულებდა?! ეგებ ზვიადს კი არ უნდა ემართა, არამედ ემეფა მომავალის - მირონცხებული ხელმწიფის სახელით?! იქნებ ეს იმთავითვე, ე.ი. დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე ერთადერთი და სავალალოდ, დაკარგული შესაძლებლობა იყო ჯერ კიდევ 1918 წელს ისტორიული მემკვიდრეობითობის უარმყოფლობის გამო განაჩენგამოტანილი და დამხობილი ქართული სახელმწიფოებრიობის იდეის გადარჩენისა?!

....ასეა თუ ისე, კონსტიტუციურობის უზრუნველყოფა ვერც პრეზიდენტმა და ვერც უზენაესმა საბჭომ ვერ მოახერხა. არაკონსტიტუციურობით გამოწვეული პოლიტიკური კრიზისი საბოლოო ჯამში კანონიერად არჩეული ხელისუფლების,  ხოლო მის კვალობაზე საერთოდაც საქართველოს მეორე რესპუბლიკის შეიარაღებული ამბოხის გზით დანაშაულებრივი დამხობით დამთავრდა.

მეორე რესპუბლიკის დამხობამ შექმნა სამართლისა და სამართლიანობისაგან დაცლილი პირველყოფილი, ის ბუნებითად ველური მდგომარეობა, რომელსაც უნდა ეწოდოს „ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ“.   დეინსტიტუციონალიზებულ ძალაუფლებას, როგორც ქუჩაში მიგდებულ ზნედაკარგულ მეძავს, ურთიერთს ეცილებოდნენ სხვადასხვა, მათ შორის - ნახევრადკრიმინალური პოლიტიკური კლანები. დაბნეული ქართველი ხალხი ამ პროცესში სუვერენიტეტის მატარებელი სუბიექტიდან ძალადობის ობიექტად და  სამოქალაქო დაპირისპირებათა „საზარბაზნე ხორცად“  იქცა  „ყველას წინანააღმდეგ ყველას“ ამ სასტიკსა და დაუნდობელ ომში....

მესამე რესპუბლიკის კრახი
სწორედ ამ ქაოტურ, სამართლისა და ლეგიტიმურობის სრული დეფიციტის პირობებში 1992 წლის 11 ოქტომბერს არჩეულმა პარლამენტმა 1995 წლის 24 ოქტომბერს მიიღო საქართველოს ახალი კონსტიტუცია. ამით პრაქტიკულად შედგა მესამე რესპუბლიკა. ეს უზარმაზარი ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა იქნებოდა, მაგრამ ახალი კონსტიტუცია უმეტესწილად მხოლოდ ფორმალურ დოკუმენტად დარჩა, იგი რეალურად არ აღსრულებულა –  პოლიტიკური და საზოგადოებრივი ურთიერთობები ამ კონსტიტუციით არასრულად და მხოლოდ ნაწილობრივ თუ წესრიგდებოდა. ეს კონსტიტუცია მაშინდელ პოლიტიკურ რეალობაზე – შევარდნაძის პრეზიდენტობაზე იყო „გამოჭრილი“. კონკრეტულ სიტუაციაზე მორგებული კონსტიტუციაც კი რეალური ძალაუფლების ოდენ დამხმარე ინსტრუმენტი აღმოჩნდა. სინამდვილეში სახელმწიფოებრივი და საზოგადო ცხოვრება კანონის მიღმა ან სულაც კანონგარეშე, არაფორმალური შეთანხმებების და დიდწილად კორუფციული გარიგებების მეშვეობით წარიმართებოდა, ნახევრად ლეგალური და არცთუ იშვიათად საკუთარ ხალხზე მოძალადე მმართველობის სისტემის პირობებში.

შევარდნაძე ე.წ. ჰიბრიდულ, ე.ი. ნახევრად ლეგალურ, კორუმპირებულ რეჟიმს განასახიერებდა. რასაკვირველია, ის დიქტატორი არ ყოფილა, მის ხელში კონცენტრირებული არ იყო სრული ძალაუფლება. თუმცა, კონსტიტუციის შესაბამისად სახელმწიფო ძალაუფლების საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო სახელისუფლებო შტოებად დანაწევრების, ადგილობრივი თვითმმართველობის ფორმალურად შემოღების მიუხედვად, არც შევარდნაძეს და არც მის პარლამენტს მმართველობის სისტემის ინსტიტუციონალიზება არ მოუხდენია, რადგანაც სახელმწიფო მმართველობა საჯარო ინტერესების ნაცვლად პრივატულ, კორუფციულ ინტერესებს ემსახურებოდა და ხორციელდებოდა არა კანონის ფარგლებში, არამედ კერძო, უმეტესწილად არაფორმალურ გარიგებათა შესაბამისად. ცხადია, ამ პირობებშიც ქართველი ხალხი არა სუვერენულ სუბიექტს, არამედ კვლავაც მასზე გაბატონებული კორუმპირებული პოლიტიკური კლასის (რომლის სახედ და სიმბოლოდაც აღიქმებოდა შევარდნაძე) ობიექტს წარმოადგენდა.

შევარდნაძის „ჰიბრიდული“ რეჟიმის კრიზისი ყველაზე მწვავედ გაყალბებული არჩევნების „დაკანონებით“ მჯღავნდებოდა. სწორედ ამის გამო მესამე რესპუბლიკამ საბოლოოდ კრახი განიცადა: სხვადასხვა პოლიტიკურ დაჯგუფებებს შორის ძალაუფლებისათვის წესების გარეშე გააფთრებული ბრძოლა კონსტიტუციური სივრციდან სრული გასვლით, სრული უკანონობით დასრულდა; კონსტიტუციამ თუნდაც ფორმალური მნიშვნელობაც კი სავსებით დაკარგა; იგი მთლიანად უარყვეს და ფეხქვეშ გათელეს: „ვარდების რევოლუციად“ წოდებული სახელმწიფო გადატრიალება, რომელიც ვითომ ხალხის სახელით განხორციელდა, სინამდვილეში სახელმწიფო ძალაუფლების უზურპაციას, კონსტიტუციურობის განდევნას– სახალხო სუვერენიტეტის მიტაცების ავაზაკურ აქტს წარმოადგენდა.

არსებითად რა იყო სააკაშვილის რეჟიმი და მისი უმთავრესი ნიშნები ჩემს ადრინდელ წერილებში დეტალურადაა აღწერილი (იხ. „რანი არიან ლიბერასტები და როგორ იბრძვიან ისინი ქართველი ხალხის წინააღმდეგ“). ამიტომ, სააკაშვილის კორპორაციის შესახებ აქ სიტყვას აღარ გავაგრძელებ. მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ „ვარდების რევოლუციაცია“ და შემდგომ სააკაშვილის რეჟიმიც არა მხოლოდ დემოკრატიის, არამედ უარესიც: საზოგადოდ სახელმწიფოებრიობისა და სამართლის ისტორიაში სრულიად უნიკალურ, ჯერარნახულ, ჯერარგაგონილ მისტიფიკაციას წარმოადგენდა: გამაოგნებელია, რომ ეს დანაშაულებრივი რეჟიმი წარმატებით ახერხებდა შენიღბვას და  „დემოკრატიის შუქურადაც“  კი იწოდებოდა...

 კონსტიტუციურობიდან გასვლა, ერი-სახელმწიფოს იდეური და ფაქტობრივი დასამარება, მისი პრაქტიკული ჩანაცვლება „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“ კორპორაციის მავნე და დამღუპველი იდეით, ქართული სახელმწიფოებრიობის საბოლოო კრახის მომასწავებელი იქნებოდა, რომ არა ბიძინა ივანიშვილის მისია და 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ შექმნილი კიდევ ერთი ისტორიული შანსი  სამართლიანობის აღდგენისა, ანუ -კონსტიტუციურობის გზაზე შემობრუნებისა.

...იქნა თუ არა გამოყენებული ეს ისტორიული შანსი, მომავალ წერილში გავარკვიოთ.