სასურსათო უსაფრთხოების დონის შეფასების მეთოდური საკითხები (ნაწილი 2)

სასურსათო უსაფრთხოების დონის შეფასების მეთოდური საკითხები (ნაწილი 2)

სასურსათო უსაფრთხოების დონის შეფასება განაპირობებს მისი ძირითადი შემადგენელი ელემენტების - სურსათის საკმარისობისა და ხელმისაწვდომობის, მისი ეკოლოგიური სისუფთავის, აგრეთვე თვითუზრუნველყოფის დონის დახასიათების აუცილებლობას. ამასთან, ზემოაღნიშნული მახასიათებლების დონის უბრალო გათვლა სასურსათო უსაფრთხოების შეფასებაში აშკარად არასაკმარისია. ცხადია, რომ აუცილებელია არსებობდეს შედარების გარკვეული ბაზა, რომელთან თანაფარდობაშიც შესაძლებელი იქნება გაკეთდეს გარკვეული დასკვნები სასურსათო უსაფრთხოების მიღწეული (არსებული) დონის მიუღებლობის ან საკმარისობის შესახებ. საქმე ეხება ადამიანს ცხოველქმედების ე.წ. „ზღვრულ“ მაჩვენებლებს. მათ შორის შეიძლება გამოიყოს შემდეგი:

- კვების კალორიულობა (ენერგეტიკული ფასეულობა);

- მოხმარებული ძირითადი საკვები ნივთიერებების რაოდენობა (ცილები, ცხიმები, ნახშიწყლები, მინერალური ნივთიერებები და ვიტამინები);

- პროდუქტების დაბინძურების ხარისხი;

- სურსათის იმპორტზე დამოკიდებულება;

- სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სამამულო მწარმოებლის დაცვა.

კვების კალორიულობა (ენერგეტიკული ფასეულობა)

ენერგიის მოხმარების დონის მხრივ გამოყოფენ სიცოცხლისუნარიანობის სამ დონეს:

-ოპტიმალური სიცოცხლისუნარიანობა 2500-3500 კკალ დღეში მოხმარების პირობებში;

-არასრულყოფილი სიცოცხლისუნარიანობა 1500-2500 კკალ დღეში მოხმარების პირობებში (ამასთან თვლიან, რომ ამ მაჩვენებლის ქვედა ზღვარი შეესაბამება ოპტიმალური სიცოცხლისუნარიანობის ნახევარს);

-კრიტიკული სიცოცხლისუნარიანობა 1000-1500 კკალ დღეში მოხმარების პირობებში.

ზოგიერთი რუსი მეცნიერის მოსაზრებით შეიძლება გამოიყოს ორი ზღვრული სიდიდე;

- საშუალოსტატისტიკური ადამიანის ნორმალური სიცოცხლისუნარიანობის მიღწევის უზრუნველსაყოფად კვების კალორიულობა უნდა იყოს 2500-3500 კკალ დღეში;

- კვების კალორიულობა ნაკლები ვიდრე 1000-1500 კკალ დღეში არის სიცოცხლისუნარიანობის კრიტიკული დონე, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას (Ефимов А.Б. Новоселова Н.Н. 2012).

ფაო-ს კლასიფიკაციით ის პირები, რომლებიც იღებენ 1520 კკალ-ს დღეში, მიეკუთვნებიან მოშიმშილეთა კატეგორიას, ხოლო ისინი, რომლებიც იღებენ 2150 კკალ-ს დღეში იმ ადამიანების კატეგორიაში არიან, რომლებიც შიმშილობის ზღვარზე იმყოფებიან.

რუსი მეცნიერების მიერ მოყვანილი კვების კალორიულობის ზღვრული მაჩვენებლები, ჩვენი აზრით, ხასიათდება დიდი ამპლიტუდით კალორიულობის ქვედა ზღვარსა და საშუალო ადამიანის კრიტიკულ სიცოცხლისუნარიანობის ზედა ზღვარს შორის - თითქმის 1000 კკალ დღეში, რაც ართულებს კვების ენერგეტიკული ფასეულობის განსაზღვრას. მაგალითად, როგორ შევაფასოთ ენერგეტიკული ფასეულობა - 1500-2000 კკალ დღეში დიაპაზონში? ამ თვალსაზრისით უფრო მისაღებია ფაო-ს კლასიფიკაცია, რომელიც განსაზღვრავს კალორიულობის კრიტიკულ დონეს (ზღვრული სიდიდე) 2150 კკალ დღეში რაოდენობით.

ნივთიერებათა ცვლის, ორგანიზმის ზრდისა და განვითარებისათვის ადამაინს ესაჭიროება ძირითადი საკვები ნივთიერებები, რომლებიც სხვადასხვა პროდუქტებშია თავმოყრილი. სპეციალისტების აზრით, ყველაზე აუცილებელი და შეუცვლელია რძის, ხორცის, პურისა და კარტოფილის, ცხიმების, შაქრის პროდუქტები. პროდუქტების ეს ჯგუფები უზრუნველყოფენ კვების 90%-მდე კალორიულობას. აქ შეიძლება გამოვყოთ საკვები ნივთიერებების უზრუნველყოფის ორი ძირითადი სფერო: საკმარისი - 100% და კრიტიკული - 50%-ზე ნაკლები.

დაბინძურებული პროდუქტების მოხმარება

კვების პროდუქტებში შეიძლება აკუმულირებული იყოს ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთირება მათი მოყვანის (ნედლეულის მიღების) სტადიაზე, აგრეთვე, გადამუშავების, შენახვის, რეალიზაციის პროცესში. კვების პროდუქტების „დაბინძურების“ წყარო შეიძლება იყოს: ნიადაგი, განსაკუთრებით ისეთი, რომლებიც სამრეწველო ცენტრებთან ან ავტომაგისტრალებთან ახლოს მდებარეობს და ა.შ. მინერალური სასუქები, ძირითადად ფოსფატები, რომლებიც შეიცავენ ისეთ ტოქსიკურ ნივთიერებას, როგორიცაა სტრონციუმი; ნაკელი, რომელშიც შეიძლება იყოს მძიმე ლითონები და ორგანული ტოქსონები; წყალი და ავტოსფერული ჰაერი.

სურსათის იმპორტზე დამოკიდებულება

მოცემული ფაქტორის ზღვრული სიდიდის ზუსტი ფორმულირება, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დაკავშირებულია:

–  სოფლის მეურნეობის განვითარების პირობების შეფასებასთან;

– იმ პროდუქტების ჩამონათვალის განსაზღვრასთან, რომლებზეც თვითუზრუნველყოფა პირველ რიგში უნდა იყოს ორიენტირებული;

– სოფლის მეურნეობისა და სურსათის სფეროში საერთაშორისო-სავაჭრო კავშირების შეფასებასთან. საქართველოს ბუნებრივ-კლიმატური პირობებიდან გამომდინარე გაძნელებულია ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილება ზოგიერთ პროდუქტებზე საკუთარი წარმოების ხარჯზე. თუმცა, ერთის მხრივ, საჭიროა განისაზღვროს პროდუქტების ცალკეული სახეები (ძირითადები), რომელთა წარმოებისთვის არსებობს მეტნაკლებად მისაღები პირობები და მთელი ძალები წარიმართოს ამ პროდუქტების თვითუზრუნველყოფის მისაღწევად. მეორეს მხრივ, ისეთი სპეციალიზებული დარგების არსებობა, როგორებიცაა ღვინის და ჩაის წარმოება (მათი განვითარებისათვის სახელმიწფოს მხრიდან ძლიერი მხარდაჭერის პირობებში) იძლევა იმის საშუალებას, რომ მათი ექსპორტის ზრდის კვალობაზე ამონაგები თანხები გამოყენებული იქნება სხვა აუცილებელი სურსათის შესაძენად.

სურსათის წარმოების სექტორში სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების ხასიათის შეფასება უნდა მოიცავდეს იმ ქვეყნებთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების ანალიზს, საიდანაც ხდება სურსათის უმეტესი ნაწილის იმპორტი. აუცილებელია გაირკვეს:

– რამდენადაა ეს ურთიერთობები სტაბილური, ურთიერთხელსაყრელი და როგორია მათი განვითარების პერსპექტივები;

– როგორია სახელმწიფოს პოზიციები (ეკონომიკური და პოლიტიკური) სურსათის ექსპორტიორ ქვეყნებში;

– როგორია იმპორტის სტრუქტურა - ანუ შემოიტანება უფრო მეტად ნედლეული თუ მზა პროდუქცია;

– როგორია სავაჭრო ბალანსი ამ ქვეყნებთან და ა.შ.

ამ პარამეტრების დადგენისთვის დიდ მნიშვნელობა აქვს გლობალურ ბაზრებზე ფასების ანალიზს. ჩვენი ინფორმაციით, 2014–2015 წლების პერიოდში მსოფლიოს სურსათის ბირჟებზე ფასწარმოქმნა კლების ტენდენციით ხასიათდება. FAO–ს მონაცემებით, სასურსათო ფასების ინდექსი 2015 წლის აპრილში, მარტთან შედარებით 1.2 პროცენტით შემცირდა, ხოლო 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან – 19.2 პროცენტით. მაგრამ 2012–2013 წლებში მწარმოებელ ქვეყნებში ხორბლისა და სიმინდის მოსავლიანობის მკვეთრი შემცირება გლობალური სასურსათო კრიზისის საფრთხეს სამომავლოდ არ გამორიცხავს. ეს საქართველომ, როგორც სურსათის იმპორტიორმა ქვეყანამ, უნდა გაითვალისწინოს. მით უფრო, რომ რეგიონის მეზობელი ქვეყნები ამ მიმართულებით ქმედით ღონისძიებებს უკვე ატარებენ. ეს განსაკუთრებით ხორბალს ეხება.

ჯერ კიდევ 2013 წლის მაისში, FAO–ს ექსპერტები ხორბლის მოსავლიანობის მხრივ ყურადღებას შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში მოთხოვნისა და მიწოდების არასახარბიელო თანაფარდობაზე ამახვილებდნენ. ეს თანაფარდობა დღესაც არ არის დაბალანსებული. კერძოდ, 2012–2013 წლებში, მარცვლეულის მოსავალი შემცირდა რუსეთში, უკრაინასა და ყაზახეთში. იმ წლებში რუსეთში გვალვისგან განადგურდა მილიონნახევარი ჰექტარი ნათესი. ამასთან, რუსეთის და უკრაინის მთავრობების მიერ, 2010–2011 წლებისგან განსხვავებით, ექსპორტის შეზღუდვაზე 2013–2014 წლებში უარის თქმამ დადებითი როლი ითამაშა მსოფლიოს მარცვლეულის კონიუქტურაზე. ამან, მარცვლეულის მიწოდების შეფერხებების მიუხედავად, შეამცირა სპეკულაცია ამ ბაზრებზე.

სამწუხაროდ, საქართველოს სოფლის მეურნეობაში განხორციელებული სახელმწიფო სუბსიდიების მიუხედავად, 2015 წლის განმავლობაში წარმოებული  სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის რაოდენობით, საქართველო რეგიონში ერთ–ერთი აუტსაიდერია.  ამ მაჩვენებლებით საქართველოს ისეთი მცირემიწიანი ქვეყანაც კი უსწრებს, როგორიც სომხეთია. სულ 29 ათ. კვ. კმ განფელილი სომხეთი თითქმის  ყველა კომპონენტში სჯობნის მასზე თითქმის ორჯერ დიდ საქართველოს. მაგალითად, სომხეთმა 2014 წელს  691 ათ. ტონა კარტოფილი აწარმოა, მაშინ როცა საქართველომ  – მხოლოდ 196 ათ. ტონა და ა.შ. ანალოგიური ვითარებაა სხვა კულტურებთან მიმართებაშიც.

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველო ყოველწლიურად 750-800 ათ. ტონა ხორბალს მოიხმარს. სამამულო წარმოება კი ამ მოცულობის მხოლოდ 10-15%-ს აკმაყოფილებს. ჩვენთან 2008-2009 წლებში ხორბლის იმპორტის 75-80% ძირითადად რუსეთიდან შემოდიოდა, მაგრამ 2011-2012 წლებში ამ პროდუქციის უმსხვილესი მომწოდებელი უკრაინა გახდა. ამ პერიოდში უკრაინიდან ხორბლის იმპორტი გაიზარდა როგორც მოცულობით, ისე ღირებულებით.

თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, 2013 წლის ივლისის დასაწყისიდან გაფორმდა შეთანხმებები რუსეთიდან საქართველოში ხორბლის შემოტანაზე. სავარაუდოდ, რუსულ ხორბალზე ამ კონტრაქტის გაფორმება გამოწვეული იყო იმით, რომ 2013 წლის 1 ივნისიდან რფ-მ მოხსნა 2011 წელს შემოღებული ემბარგო ხორბლის ექსპორტზე და ამჟამად, უკრაინასთან შედარებით, მისი ხორბალი იაფია. ფასი ტონაზე 385 დოლარიდან 300-320 დოლარამდე დაეცა. თუმცა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა გაითვალისწინოს, რომ 2015 წლის 16 აპრილს რუსეთში გამართულ „მარცვლეულის მრგვალ მაგიდაზე“ რუსმა ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ 2015 წელს მარცვლეულის წარმოება დაიკლებს 4.6%–ით გასულ წელთან შედარებით და 100.4 მლნ ტონა იქნება. ამიტომ, ზემოაღნიშნული გაიაფება, თუ გავითვალისწინებთ FAO-ს ნეგატიურ პროგნოზს, შეიძლება დროებითი აღმოჩნდეს.

აღნიშნულის გამო, ხორბლის იმპორტის დივერსიფიცირებისათვის, ზოგმა ქვეყანამ უკვე შესაბამისი სატარიფო რეგულაციების გამოყენება დაიწყო. ასე მაგალითად, აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტმა 2012 წლის 24 სექტემბრიდან იმპორტირებული ხორბალი და ფქვილი დღგ-სგან გაანთავისუფლა. ანალოგიური ნაბიჯი გადადგა მაროკომაც, სადაც 2013 წლის 1 ოქტომბრიდან რბილი ხორბლის იმპორტზე გადასახადები გაუქმდა. ზემოაღნიშნული საფრთხეების გათვალისწინებით, სასურველია ამ მიმართულებით, საქართველოშიც იფიქრონ.

სურსათის თვითუზრუნველყოფას განსაზღვრავენ მისი ზოგადი და კერძო კოეფიციენტებით. ზოგადი (Kc) გაიანგარიშება ფორმულით:

Kს = O/A,

სადაც:

Kს - სურსათის თვითუზრუნველყოფის ზოგადი კოეფიციენტი;

O –  საკუთარი წარმოების მოხმარებული პროდუქტების ღირებულება მოცემულ წელს;

A  – სულ მოხმარებული პროდუქტის წლიური ღირებულება.

თვითუზრუნველყოფის კერძო კოეფიციენტი იანგარიშება ცალკეული პროდუქტის მიხედვით, ღირებულებით გამოხატულებაში. მისი ზღვრული სიდიდე კვების ცალკეული პროდუქტებისათვისაც ზემოაღნიშნული ფორმულით გაითვლება. ამა–თუ იმ რეგიონისთვის შეიძლება შემოღებული იქნას დამატებითი მაჩვენებელი  – სასურსათო დამოუკიდებლობის კოეფიციენტი (Kრ):

Kრ = Oრ/Aრ,

სადაც:

Kრ – რეგიონის სასურსათო დამოუკიდებლობის კოეფიციენტია;

Oრ – სურსათის ღირებულება, რომელიც თვითმმართველობისა და ადგილობრივი ბიზნესსტრუქტურების მიერ შეისყიდება მოცემულ წელს;

Aრ – რეგიონში მოხმარებული პროდუქტების წლიური ღირებულება.

სასურსათო დამოკიდებულების შეფასება ჩვენს მიერ განხორციელებულია კვების 8 ძირითადი პროდუქტის (პოზიციის) მიხედვით (ცხრილი 5) იმპორტის სიდიდის შეფარდებით მოცემული პროდუქტის საერთო მოთხოვნილებასთან. თუ მივიღებთ კრიტიკულ დონედ იმპორტზე დამოკიდებულების 50%-იან ზღვარს, შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ კარტოფილის და ხორცის გამოკლებით საქართველო დიდ ნაწილადაა დამოკიდებული საზღვრებს გარედან სურსათის შემოტანაზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ მხრივ ისეთი პოზიციები, როგორებიცაა მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, რძე და რძის პროდუქტები.