ჯარიმა სესხის ვადამდელი დაბრუნებისთვის შემცირდა, მაგრამ...

ჯარიმა სესხის ვადამდელი დაბრუნებისთვის შემცირდა, მაგრამ...

საბანკო სექტორში ახალი შეზღუდვები წესდება. ცოტა ხანში, ძალაში შევა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც, სესხის ვადაზე ადრე დაფარვისთვის, ბანკი კლიენტს ჯარიმის სახით, სესხის საერთო მოცულობის 2%-ზე მეტს ვეღარ გადაახდევინებს. საქართველოს ეროვნულ ბანკში ფიქრობენ, რომ ეს შეზღუდვა მომხმარებელთა უფლებების დაცვას შეუწყობს ხელს, რადგან აქამდე ჯარიმის მაქსიმალური ზღვარი 7% იყო. საინტერესოა, რომ ცვლილება შეეხება როგორც ახალ, ისე კლიენტსა და ბანკს შორის გაფორმებულ ძველ ხელშეკრულებებს.

მომხმარებელთა მხრიდან კი საბანკო სექტორით უკმაყოფილება მაინც სულ უფრო იზრდება. მართალია, კრიზისის შემდეგ ბანკებმა საპროცენტო განაკვეთებიც შეამცირეს და სესხების გაცემაც უფრო აქტიურად დაიწყეს, მაგრამ რისკების დაზღვევის თუ სხვა საბაბით, პროცედურები კიდევ უფრო გაართულეს. მაგალითად, საიტის მკითხველები გვწერენ, რომ სამომხმარებლოს სესხის მისაღებად კონკრეტულმა ფინანსურმა ინსტიტუტმა მას მოსთხოვა წარედგინა ცნობა ყველა იმ ბანკიდან, სადაც კი ოდესმე რამე სახის ფინანსური ვალდებულება ჰქონდა. ასეთი ცნობის მიღება კი ფასიანი სერვისი აღმოჩნდა და ყოველ ცალკეულ ბანკში 20-30 ლარიც ჯდება. მაგალითად, თუ ამ წლების განმავლობაში საკრედიტო ისტორია ორ, სამ ან მეტ ბანკში გქონდათ გახსნილი, იმდენი 20 თუ 30 ლარის გადახდა მოგიწევთ.

გარდა ამისა, ბანკიდან ცნობის აღებას თურმე ხუთი სამუშაო დღე სჭირდება, არადა, ყველა ეს ინფორმაცია ფინანსური ინსტიტუტის ერთიან ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაშია თავმოყრილი, საიდანაც მის ფურცელზე ამობეჭდვას ღილაკზე თითის ერთი დაჭერა სჭირდება.

ზურაბ გვასალია (საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი): ეროვნული ბანკის ეს ინიციატივა მომხმარებელთა უფლებების დასაცავად გადადგმული ნაბიჯია. მაგალითად, იყო შემთხვევები, როცა მომხმარებელს სურდა, რომ ერთ ბანკში აღებული სესხით, მეორე ბანკის ვალი წინსწრებით დაეფარა, მაგრამ ფინანსური ინსტიტუტები კლიენტის დაკარგვის შიშით ისეთ კაბალურ პირობებს უქმნიდნენ, რომ ამის გაკეთება აღარ უღირდათ. 2% მაქსიმალური ზღვარი იქნება სესხის ვადაზე ადრე დაფარვისთვის, თუმცა არ მგონია, რომელიმე ბანკმა სურვილი გამოთქვას, რომ საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღვარი შეამციროს.

- მომხმარებლები ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას, რომ ბანკები სესხს არ აძლევენ, რადგან "კრედიტინფოში" მათი საბანკო ისტორიის შესახებ ნეგატიური ჩანაწერია. არადა, თითქოს იყო საუბარი, რომ საბანკო სექტორის გასააქტიურებლად ეს ჩანაწერები უნდა გაუქმებულიყო...

- საუბარი იმაზე იყო, რომ "კრედიტინფოში" დაცული ინფორმაცია უპირობოდ არ იქნებოდა კლიენტისთვის სესხზე უარის თქმის საფუძველი. მაგალითად, თუ კლიენტს, ნეგატიური ჩანაწერის მიუხედავად, კრედიტი უკვე დაფარული აქვს, ან სესხზე ვადაგადაცილება ობიექტური მიზეზებით იყო განპირობებული და სხვ. მაგრამ თუ რომელიმე მსესხებელი ბანკს ემალება და აქედან გამომდინარე, თავის ვალდებულებებს არ ასრულებს, მიმდინარეობს სასამართლო დავა და ა.შ., ბუნებრივია, ასეთი კლიენტის შესახებ ინფორმაცია ყველა ბანკისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

- მაშინ გაუგებარია, რატომ სთხოვენ ბანკები კლიენტებს ცნობას სხვა ბანკებიდან მათი ფინანსური ვალდებულებების შესახებ, თუ ყველა ეს მონაცემი "კრედიტინფოშია" ასახული?

- არა ბატონო, რას მეუბნებით, ე.ი. თქვენ რომ აიღოთ რომელიმე ბანკში კრედიტი, მისი კონკურენტი ბანკებისგან უნდა მიიტანოთ ცნობა, რა საკრედიტო ისტორია გაკავშირებთ მათთან? ეს ინფორმაცია ისედაც აქვს "კრედიტინფოს" და ჩემთვის გაუგებარია, რატომ ითხოვენ ამ ცნობების წარდგენას ბანკები. ბანკს კლიენტისგან დამოუკიდებლად ისედაც შეუძლია მოიპოვოს ეს ინფორმაცია. ვერ დავიჯერებ, რომ ასეთი მოთხოვნა რომელიმე ბანკს ჰქონდეს.

ციფრების ენით:
„კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზაში ამ ეტაპზე 2 142 816 ჩანაწერია. პოზიტიურ სესხებში დაფარული სესხების ხვედრითი წილი 56.06%-ა. ვადაგადაცუილებულ სესხებში დაფარული სესხების ხვედრითი წილი კი 41.74%. აღნიშნული პერიოდისათვის მონაცემთა ბაზაში ძებნადია 805 000 ფიზიკური პირი და 11 500 კომპანია.