შვილების აღზრდის ქართული სისტემა და სხვისი მოიმედეობის განწყობა საქართველოში

შვილების აღზრდის ქართული სისტემა და სხვისი მოიმედეობის განწყობა საქართველოში

უკვე მეოთხედი საუკუნე სრულდება რაც დამოუკიდებლები ვართ, მაგრამ წინ ძალზე ნელი ტემპებით მივიწევთ, ზოგიერთ სფეროში კი უკანსვლაც შეიმჩნევა.

ჩემი აზრით, ამის ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი არის შვილების აღზრდის თანამედროვე ქართული სისტემა, რასთანაც მჭიდროდაა დაკავშირებული სხვისი მოიმედეობის განწყობა საქართველოში.

როგორ ზრდიდნენ შვილებს ადრე საქართველოში და როგორ ვზრდით ახლა?

ძველ საქართველოში ღვთისმოშიშობასა და ზნეობრივ აღზრდასთან ერთად დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა პრაგმატული ხასიათის უნარ-ჩვევების გამომუშავებას. ეს იყო ფიზიკური შრომის უნარის განვითარება, ხვნა-თესვის, მოსავლის მოყვანა-აღება-დაბინავების შესწავლა, საომარი წვრთნა-საბრძოლო ხელოვნების, ცხენზე ჯდომის, ნადირობის, თავდაცვა-თავდასხმის ცოდნის სისტემის ათვისება, მთებისა და ბარის ცოდნა, მდინარეთა და კლდეთა გადალახვა, ჭირში და ლხინში ქცევის წესები, უფროს-უმცროსობის ცოდნა, ზრდილობის ნორმები, ხელსაქმე, ჭამა-სმის ელემენტარული წესები, ქალთან ურთიერთობის კულტურა, შვილებისადმი მკაცრი, მაგრამ სამართლიანი მოპყრობა. ყველამ იცოდა, რომ გაჭირვების დროს საკუთარი მეფის გარდა, არავის იმედი არ უნდა ჰქონოდა. ყოველივე ზემოჩამოთვლილი ადამიანში, ყველა ქართველში თუ აქ მცხოვრებში აღვივებდა საკუთარი თავის იმედს და პიროვნება ბავშვობიდანვე დამოუკიდებლობას ეჩვეოდა, რთული ცხოვრებისათვის მზად იყო და ამას ხელს უწყობდა მისი ადრე ქორწინებაც.

ვიდრე საქართველო მტრების გამუდმებული შეტევების ქვეშ იყო, ეს სისტემა გამართულად მუშაობდა, ხალხი შრომობდა და ომობდა, კულტურას ქმნიდა და ქვეყნის დაცვასაც ახერხებდა. ასევე მალე ხდებოდა მტრისგან დაქცეულის და აოხრებულის აღდგენა. მაგ: დაახლოებით გამოთვლილია, რომ თბილისი 35-ჯერ დავკარგეთ და დავიბრუნეთ, ომებში მიყენებული დიდი ზარალის აღდგენა სწრაფადვე ხდებოდა, მაშინ როცა 1992-93 წლებში აფხაზეთის ომში მიყენებული ზარალი დღემდე ვერ მოგვინელებია და უკან დაბრუნებაც ვერ ხერხდება ამ ტერიტორიების.

ადამიანებს შეეძლოთ საკუთარ თავზე ვალდებულებების აღება და შესრულება, იყვნენ უფრო მეტად დამოუკიდებლები და ქმედუნარიანები, სასტიკებიც და ჰუმანურებიც და ცხოვრებას კარგად იცნობდნენ, მასზე სავსებით სწორად ჩამოყალიბებული წარმოდგენა ბავშვობიდანვე ჰქონდათ. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა პირად მაგალითს მშობლების და უფროსების მხრიდან, რჩევა-დარიგებებს, პრაქტიკულ ქმედებებს და ა.შ. ასეთ უნარებს მაშინ ფლობდა მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, მათ შორის არისტოკრატიაც, მცირედი გამონაკლისის გარდა (იგულისხმება ფიზიკური შრომა) „სახარება“, „ქართლის ცხოვრება“ და „ვეფხისტყაოსანი“ იყო ის აუცილებელი ნორმა, რაც მაშინ განათლებულ ადამიანს უნდა სცოდნოდა და აეთვისებინა.

გოგონები 13-14 წლის, ბიჭები კი 15-16 წლის ასაკიდან ცხოვრებისათვის და დამოუკიდებლობისათვის ძირითადად მომზადებულნი იყვნენ და ამ დროიდან ხშირად ოჯახდებოდნენ კიდეც.

მრავალშვილიანობაც ქართული ცხოვრების წესის აუცილებელი კომპონენტი იყო. მშობლებმა იცოდნენ, რომ ავადმყოფობის, ცხოვრების სიმკაცრისა და ომების გამო 10-დან 5-6 შვილი შეიძლება დაეკარგათ და ამას იძულებით ეგუებოდნენ – ქვეყანას დამცველიც სჭირდებოდა და მშრომელიც, რომელიც დაქცეულს აღადგენდა და ერს გაამრავლებდა. ეს, რა თქმა უნდა, არ იყო აღზრდის უნაკლო სისტემა, თუმცა იყო სრულიად ადეკვატური იმის, რაც მაშინ ქვეყანას სჭირდებოდა.

როდესაც რუსეთმა საქართველო დაიპყრო და ფაქტიურად აღიკვეთა თურქულ-ირანული და ლეკური შემოჭრის საფრთხე, ქვეყანას თავდაცვის ფუნქცია ჯერ მოუდუნდა და მერე ფაქტიურად მოეშალა კიდეც და მან სხვისი დაცვის და რჩენის იმედით იწყო ცხოვრება. ეს სხვა კი რუსი იყო. მიუხედავად იმისა, რომ რუსულ კანონებს, თავისუფლების დაკარგვას, რუსულ რეპრესიებს ქართველები ვერ ეგუებოდნენ და რუსი არ უნდოდათ, თურქეთ-ირანისაგან დამცველი რუსული ჯარის იმედი მაინც ჰქონდათ და რუსის ჯარის გაყვანას თითქმის არავინ ითხოვდა (ამას ადასტურებს ნოე ჟორდანია თავის მოგონებებში „ჩემი წარსული“, როცა აღწერს მაშინდელი გურიის და მთლიანობაში საქართველოს ყოფას.) ამან ათქმევინა ნიკო ნიკოლაძეს საოცარი და მწარე ირონიით გამსჭვალული სიტყვები, რომ „ჩვენს საზოგადოებაში ყველა დარწმუნებულია, რომ შველა ერთს მშვენიერ დღეს ზეციდან ჩამოგვიფრინდება ისე, რომ ჩვენ თვითონ ხელის განძრევაც არ დაგვჭირდება ჩვენი ბედის გაუმჯობესებისათვის. ჯერ არსად, არც ერთ ქვეყანაში მაგალითი არ უნახავს კაცს, რომ რომელიმე ხალხი ან საზოგადოება ამაღლებულიყოს სხვისი დახმარებით, თუ არა საკუთარი შრომითა და ჯანით. ადვილად შენაძენი, ნაპოვნი, ნაჩუქარი არც კერძო კაცს დააყრის ხეირს და არც მთელ საზოგადოებას…

სანამ უმოქმედო ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა შრომას და თავის რჩენას არ შეეჩვევა, სანამ ჩვენი ხალხი მეწველი ძროხის მდგომარეობიდან არ გამოვა, შეუძლებელია ჩვენში ნამდვილი ერთობა დარსდეს, ან გულწრფელი ძმობა, ან ხეირიანი განწყობილება.

კიდევ უფრო მკაცრად ამუნათებდა მაშინდელ ქართულ საზოგადოებას არჩილ ჯორჯაძე: „ქართველი საზოგადოების სახით“, - წერდა იგი, - საქმე გვაქვს „ავადმყოფ საზოგადოებასთან“. ჩვენი საზოგადოება მომხმარებლური გახდა. მათ არაფერი აინტერესებთ პირადი ცხოვრების მოწყობისა და სენსაციების გარდა. ქვეყნის სატკივარზე ფიქრისათვის არ სცალიათ. სამაგიეროდ თვალი ველო, იპო და აეროდრომებისაკენ უჭირავთ. ქართველები მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობენ – როგორ გაზარდონ საკუთარი შვილები ისე, რომ უზრუნველყოფილნი იყვნენ კარგი ცხოვრებით, მთავრობის სამსახურით და ჯილდოებით... ეროვნული საქმე… მივიწყებულია, მისდამი ინტერესი დაკარგულია... ყველას უნდა ცხოვრების სუფრაზე უდარდელად წამოსკუპება... დაღონებული და დასევდიანებული ვგრძნობთ, რომ ის, რასაც ვაკეთებთ, ნამდვილი საქმე არაა და ის, რითაც ვცხოვრობთ, აზრს და მიზანს მოკლებულია... ყველას მაღალი თანამდებობა, დიპლომი, ჩინი, სამსახური გინდათ მაშინ, როცა საჭიროა პატიოსანი, ბეჯითი, მხნე, უბრალო მუშაკი, შემოქმედი ქვეყნის სიმდიდრისა, ახალი კულტურის გამავრცელებელი, ცხოვრების გამაუმჯობესებელი“.

რუსეთის მიერ დამონებული ერი სხვისი მოიმედე და ხელის შემყურე გახდა. შესაბამისად, ამ ყაიდაზე გადაეწყო შვილების აღზრდის სისტემაც, როგორც ეს არჩილ ჯორჯაძის ციტატიდან ჩანს. ეროვნული იდეალების შესუსტებამ ერში კერძო ეგოიზმის ზრდას შეუწყო ხელი (როგორც ჭაბუა ამირეჯიბი წერს „დათა თუთაშხიაში“ – „ერი საძოვარზე მიშვებულ ნახირს დაემსგავსა“, - შეიცვალა იდეალები და პრინციპები. ადრე არსებულ „ჯერ ქვეყანას და მერე მე, თუ რამე დარჩება“ პრინციპს დაუპირისპირდა პიროვნული ეგოიზმის და დაბალი შეგნების მიმანიშნებელი პრინციპი - „ჯერ მე და ჩემს ოჯახს და თუ რამე მორჩება, მერე – საქართველოსაც“)

თუ ადრე შვილების აღზრდას საფუძვლად ედო პატრიოტული მოტივი, XIX საუკუნიდან იგი შეცვალა პირადი კეთილდღეობის პრინციპმა, რომელშიც სამშობლოს და მამულს ფაქტიურად ადგილი აღარ რჩებოდა.

თავისუფლება და დამოუკიდებლობადაკარგული ქართველები გათითოკაცდნენ, პასიურები და ეგოისტურები, ნიჰილისტები და სხვის ხელის შემყურენი გახდნენ, სხვა დაისახეს უდიდეს ავტორიტეტად და მხსნელად. სწორედ ამას აკრიტიკებდა ილია თავისი ცნობილი გამონათქვამით: „ვაი იმ ხალხს, რომელსაც საერთო ძარღვი გაუწყდა, ვაი იმ ქვეყანას, საცა საერთო ძარღვში სისხლი გაშრა, საცა ყველაში თითო არ არის, თითოში ყველა, საცა თითოეული ყველასათვის არ ჰფიქრობს და ყველა თითოეულისათვის, საცა „მე“ ხშირია და „ჩვენ“ - იშვიათი... ყველამ ერთად და თითოელმა ცალკე უნდა იცოდნენ, რომ იგი განუყოფელი ნაწილია მთელი ერისა და ამიტომაც თავის კეთილდღეობას უნდა ეძებდეს მარტო მთელი ერის კეთილდღეობაში და არა ცალკე“.

ყოველივე უცხოურის გაღმერთებამ და ნიმუშად დასახვამ მძიმე დაღი დაასვა მაშინდელი ქართველების შვილების აღზრდის სისტემასაც. სწორად მიუთითებდა დიდი ნიკო ნიკოლაძე, რომ „ჩვენი ქვეყნის გონებრივი ზრდისათვის უდიდესი უბედურებაა ის გარემოება, რომ დედის ძუძუთი კი არ ვიკვებებით, არამედ ცხრა მთას გადაღმიდან მოყვანილ ძიძას ვაბარივართ, ისინიც ხშირად თხის რძეს გვაწოვებენ და არა ადამიანისას... უცხოელი ძიძა რაგინდ საღი იყოს, შენს დედაენას ვერ გასწავლის, შენი ქვეყნის ბუნებასა და საჭიროებას ვერ გაგაცნობს“.

უმეტესწილად სწორედ XIX საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი იმ მახინჯ მოვლენას, რასაც ჰქვია უნიჭო, დაბალგანათლებული და უზნეო ადამიანების წინა პლანზე წამოწევა პროტექციის, ნაცნობობის, ნათესაობის, ძმაკაცობისა და სხვათა საბაბით ნებისმიერ სფეროში, რაც დღემდე გრძელდება და სტიმულს და ცხოვრების იმედს უკლავს ნიჭიერ ადამიანებს: „განა კარგია, რომ ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში, საითაც არ გაიხედავ, სადაც უნდა ეჩქეფა „ნამდვილ საქმეს“, სწორეს ეს „ნამდვილი საქმე“ ვიღაც ვიგინდარას უპყრია ხელთ, ხოლო პატიოსანი, ძლიერი, მცოდნე, უანგარო და მართალი ადამიანები იღუპებიან გარკვეული საქმის უქონლობის გამო. როგორ უნდა მიაღწიოს განვითარებასა და წარმატებას ხალხმა, რომლის საუკეთესო შვილებიც უსაქმურობაში არიან ჩაფლულნი და რომელსაც მოღვაწეთა როლი არარაობათა და მდაბალთათვის დაუკისრებია“ - წერდა ნიკო ნიკოლაძე, - ამ პასიურობამ, საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვამ ხელი შეუწყო ქართველთა დაგლახავებას და ღატაკად ქცევას, რაც კარგად შენიშნა თავის დროზე დიმიტრი უზნაძემ: „აქტიური ხასიათი, ძლიერი ნება აი, რა აკლია ქართველობას და ჩვენი აღზრდის სასტემაც აქეთ უნდა იყოს მიმართული. ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ გლახები და მონები იმიტომ კი არა ვართ, რომ ღატაკნი ვართ, არამედ ღატაკნი იმიტომ ვართ, რომ გლახები და მონები გახლავართ, და თუ რამ გვჭირია, ყოვლის უწინარეს, აქტიური ხასიათია ჩვენთვის საჭირო”.

ასეთ ერში ადვილად იკიდებს ფეხს კოსმოპოლიტიზმი და სხვადასხვა იზმები „თუ ადამიანთა რწმენა ეროვნული არ არის, თუკი ეროვნული მუსიკა მათ არ აღაფრთოვანებს, თუ ისტორია თავმოყვარეობას არ უღვიძებს, თუ ეროვნული ინდივიდუალობის დაცვა ვალად არ მიაჩნია და არ შესწირავს თავს მის სიკვდილისაგან ხსნასა, მას არც სამშობლოს წარმოდგენა აქვს და არც გრძნობა პატრიოტიზმისა” (მიხაკო წერეთელი)

თერგდალეულების დიდმა მცდელობამ და თავდადებამ მხოლოდ ნაწილობრივ გამოიღო შედეგი. იგივე ძველი იდეალებით, რომელიც კომუნისტურ ყაიდაზე იყო შეფუთული, გააგრძელა ქართველობამ ცხოვრება და შვილების აღზრდა ბოლშევიკების (კომუნისტების) ხანაში და მათ დროს ეს სისტემა კიდევ უფრო დამახინჯდა და უზნეო ელემენტებით შეივსო.

საბაზრო ეკონომიკის პირობებში (რომელიც ერთ_ერთი ყველაზე უსამართლო წყობაა მსოფლიოში) შვილების აღზრდის სისტემა ისეა აგებული, რომ ბავშვებში დამოუკიდებლობას არ ანვითარებს. დავიწყოთ იმით, რომ ქართველთა 99%-მა არ იცის, თუ როგორ უნდა აღზარდოს შვილი და მომავალი თაობა ხშირად ბედის ანაბარად იზრდება და ვითარდება. მეორე უბედურებაა ის, რომ მშობლები უნებურად ხელს უწყობენ შვილების ფუქსავატობას და ხშირად დაოჯახებულ შვილებსაც კი სიკვდილამდე ინახავენ. შეიძლება ერთი უკიდურესობაა, რომ უცხოეთის ბევრ განვითარებულ თუ განუვითარებელ ქვეყანაში ბავშვებს 8-10 წლიდან ამუშავებენ და საკუთარი თავის რჩენას აჩვევენ მშობლები, მაგრამ არაფრით შეიძლება ისიც, რომ მშობლები ყველანაირად ალოლიავებენ და უფრთხილდებიან 35 წლის „მუტრუკებს” და მათ ცივ ნიავს არ აკარებენ.

დღევანდელი ქართველი ახალგაზრდების (15-40 წელი) უმრავლესობა კვლავ მშობლების ხელის შემყურეა, ძირითადად კომპიუტერული თამაშებით, გართობით, ნაწილობრივ ნარკომანითაა დაკავებული, უპასუხისმგებლოა, გულცივია, არ ესმით ოჯახის და ქვეყნის წინაშეE მდგარი პრობლემები, ძირითადად დროსტარებითაა დაკავებული და ფაქტიურად არაფერ ღირებულს არ ქმნიან. ამ ყველაფერში ძირითადი დამნაშავენი არიან მათი მშობლები და ნაწილობრივ საზოგადოებაც.

როცა მშობლები აღარ ეყოლებათ, მერე სახელმწიფოს იმედზე არიან ან თუ მისი იმედიც დაკარგდეს, აშშ-ის, ევროკავშირის, ჩინეთის ან რუსეთის. არადა ჯერ კიდევ როდის გვეუბნეოდა ნიკო ნიკოლაძე, რომ „მარტო ჩვენი თავის იმედი ვიქონიოთ, მარტო ჩვენ ძალას მივენდოთ, მარტო ჩვენს გაძლიერებაზე და განათლებაზე ვიშრომოთ – მაშინ მეგობარიც გაუჩნდება ჩვენს ხალხს და დამხმარებელიც. . . კერძო პირსაც, საზოგადოებასაც, ერსაც თავისი ცხოვრება, ბედი და იმედი მარტო საკუთარ შრომაზედ და ღონეზე უნდა ჰქონდეს დაფუძნებული; მარტო ეს საძირკველია შეურყეველი, მარტო მასზე შენდება მტკიცედ საკუთარი შენაძენიც და სხვისი დანახმარიც”.

დიდი უბედურებაა ისიც, რომ ყოველი მშობელი დღესაც ვალდებულად თვლის, რომ თავისი უნიჭო (ან ნაკლებნიჭიერი) შვილი როგორმე პრესტიჟულ სასწავლებელში და მერე კარგ სამსახურში მოაწყოს და ამით ცხოვრების საგზური წაართვას უპატრონო, ღარიბ, მაგრამ ნიჭიერ ახალგაზრდას.

რჩება შთაბეჭდილება, რომ ნიჭიერები ყველას „მოსწონს”, მაგრამ მათ არავინ ეხმარება. სწორედ უპერსპექტივობის განცდა აძლიერებს ახალგაზრდებში სუიციდისაკენ მიდრეკილებას, ნარკომანიისკენ მისწრაფებას, უიმედობას.

დღეს ყველა ვრწმუნდებით ძველი ქართული ანადაზის - „შვილი მტრად (ე.ი. მკაცრად) გაზარდე და მოყვრად გამოგადგებაო” – სისწორეში. ახალგაზრდები, რომლებსაც დაოჯახების მერეც მშობლები არჩენენ, სხვის მოიმედეობას ეჩვევიან და ისინი ვერც დამოუკიდებლად ჩამოყალიბდებიან და ვერც დამოუკიდებელ ქვეყანას ააშენებენ.

შესაბამისად ისინი მუდამ სხვისი (სხვა ქვეყნების) ხელის შემყურენი იქნებიან ცხოვრებაში.

დასკვნა ასეთია: თუ ქვეყნისათვის და მათთვის სიკეთე გვინდა, ბავშვები თავიდანვე მივაჩვიოთ დამოუკიდებლობას, ცხოვრების სირთულეებს, გადაწყვეტილებების მიღებას, მკაცრ რეალობას, რაღაცეების არქონებასაც და ოცნების ახდენისათვის საკუთარ ძალისხმევას, ნიჭიერების პატივისცემას, ფიზიკურ შრომას, პრაქტიკულ მოღვაწეობას, თავისუფლებას, ქვეყნისათვის რაღაცის მსხვერპლად გაღებას.

ათჯერ მეტი თანხები უნდა ჩავდოთ განათლებისა და მეცნიერების განვითარებაში, რათა ნიჭიერმა ქართველებმა ორჯერ მეტი იცოდნენ, ვიდრე მათმა ამერიკელმა, გერმანელმა, ჩინელმა, რუსმა თანატოლებმა.

ეს არის ჩვენი გადარჩენის ყველაზე რეალური შანსი, შვილების დამოუკიდებლად აღზრდასთან ერთად, თანამედროვე გლობალურ და დაუნდობელ მსოფლიოში.