სტალინის ფენომენი და საქართველო (დასასრული)

სტალინის ფენომენი და საქართველო (დასასრული)

სტალინის მიმართ იდეოლოგიური მტრობით დაბოღმილი ადამიანები ეჭვის ქვეშ აყენებენ ჩერჩილის ცნობილ სიტყვას სტალინზე და ამ ეჭვის საფუძვლად იმას აცხადებენ, რომ ეს სიტყვა 1959 წლის 21 დეკემბერს სტალინის 80 წლისთავზე თურმე არ უთქვამს ჩერჩილს და თან ამ სიტყვაში რაღაცეები დამატებულიაო, თუმცა, რომც სურდეთ, იმას კი ვერ ურყოფენ რომ მსგავსი სიტყვა ჩერჩილს ნათქვამი აქვს 1942 წლისს 8 სექტემბერს თემთა პალატაში მისი მოსკოვში ვიზიტის განხილვისას. როგორც შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, ისე ვადების ცვლილებით ამ შემთხვევაში ამ სიტყვის არსი არ იცვლება.

ჩერჩილი, რომელიც მაშინ მოკავშირეთა ლიდერზე წერდა, მაგრამ შინაგანად კომუნისტურ იმპერიის ლიდერს მშობლიური ინგლისის იმპერიის მტრად თვლიდა, ამგვარი პიროვნების მის მიერ ასეთი მაღალი შეფასება, სტალინის, როგორც სახელმწიფო მოღვაწის ღირსებებს მიუკერძოებლობის მაღალი ხარისხით წარმოაჩენს: ”რუსეთისათვის დიდი იღბალია, რომ მისი აგონიის დროს ის აღმოჩნდა ამ უდიდესი, გამოწრთობილი მხედართმთავრის ხელმძღვანელობის ქვეშ. ეს ადამიანი არის შთამბეჭდავი, გამორჩეული პიროვნება, შესაბამისი იმ სერიოზული და ქარიშხლიანი დროებისა, რომელშიც გაიარა მისმა ცხოვრებამ. ადამიანი ამოუწურავი გამბედაობისა და ნებისყოფის ძალისა, ადამიანი პირდაპირი და ურთირთობაში უცერემონიო მანერების მქონე.... სტალინმა, ამასთან, ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა თავისი ღრმა და ცივსისხლიანი სიბრძნით და ყოველგვარი ილუზიების არქონით ...” იგივე ჩერჩილი 1943 წელს ამბობდა:”დილით ვდგები და ვლოცულობ, რომ სტალინი ცოცხალი და ჯანმრთელი იყოს, მხოლოდ სტალინს შეუძლია იხსნას მსოფლიო“.

ჰიტლერი, როგორც ნაცისტური მიზანთროპული დოქტრინის საფუძველზე სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი სამართლიანად არის დაგმობილი კაცობრიობის მიერ, მაგრამ მას თუნდაც როგორც უარყოფით დიდ ისტორიულ პიროვნებას მაინც ვერავინ ამოშლის კაცობრიობის მეხსიერებიდან. ამიტომ საინტერესოა მის მიერ სტალინის ფიგურის შეფასება, მითუმეტეს, ჰიტლერს ეს ჩვეული ორატორული ნიჭით აქვს გაკეთებული: ”რუსი ხალხის ძალა შედგება არა მის რაოდენობასა ან ორგიზებულობაში, არამედ მის შესაძლებლობაში რომ წარმოშვას სტალინის მასშტაბის პიროვნება. თავისი პოლიტიკური და სამხედრო ხარისხით სტალინი ბევრად აჭარბებს ჩერჩილსაც და რუზველტსაც. ის არის ერთადერთი მსოფლიო პოლიტიკოსი, რომელიც იმსახურებს პატივისცემას. ჩვენი ამოცანაა დავამსხვრიოთ რუსი ხალხი ისე, რომ სტალინის მასშტაბის ადამიანები მეტად აღარ გამოჩნდნენ”.

სავარუდოდ ჰიტლერმა ძალიან კარგად იცოდა სტალინის ქართული წარმოშობის შესახებ, მაგრამ მან ისიც კარგად იცოდა, რომ სტალინისა და სხვა ქართველების გამორჩეული ნიჭი რუსეთის დიდი მასშტაბის პოლიტიკურ ასპარეზზე გასვლით აღწევდნენ მსოფლიო მასშტაბებს, ხოლო მათი კარიერა რგებდა თუ ვნებდა მათ მშობლიურ საქართველოს, ეს არატენდეციური ანალიტიკური განხილვის საგანია.

ზოგადად, ხელისუფლების დანიშნულებაა მის მიერ მართვადი სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვა და ამავე დროს საკუთარი ხალხის სოციალურად უზრუნველყოფა, პარალელურად მომავალში უკეთესი ცხოვრების რეალური პერსპექტივის რწმენით.

ეს ყველაფერი სტალინმა თავისი 30 წლიანი მმართველობის პერიოდში, მიუხედავად მის წინაშე მდგარი საშინაო და საგარეო უდიდესი სირთულეებისა, განახორციელა, რაც იმის შედეგია, რომ მან შეიმუშავა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი და მისი ხორცშესხმაც შეძლო.

ამის გამო მის მიერ ჩამოყალიბებული სახელმწიფო იქცა მსოფლიოს ბიპოლარული სისტემის შემქმნელად, რომელიც მომავალი ნახევარის საუკუნის მაძილზე უზრუნვეყოფდა ერთმანეთთან დაპირისპირებული სოციალურ-ეკონომიკური მოდელების მქონე ჰეგემონი სახელმწიფოების მშვიდობიან თანაარსებობას.

ასეთი გრანდიოზული სამუშაოს წარმატებით ჩატარებას ვინც ვერ აცნობიერებს, ის ძალიან ზერელედ აფასებს მოვლენებს. მსოფლიო ისტორიაში თითებზე ჩამოსათვლელი არიან ისეთი სახელმწიფო მოღვაწეები, რომლებმაც ძირითადად შეასრულეს საკუთარი თავის წინაშე დასმული ამოცანები და მითუმეტეს, საკაცობრიო მასშტაბების დონის ამოცანები.

ამავე დროს, სტალინმა მაშინდელი ევრაზიის ხალხები იხსნა მათი რესურსების დასავლეთის ნედლეულის დანამატად და იაფ მუშახელად ქცევისგან. სწორედ ამის გამო ვერ იტანენ დასავლეთში სტალინს, რომ ის გადაეღობა ტრანსნაციონალური კომპანიების მხრიდან მესამე სამყაროს ქვეყნების ძარცვის პოლიტიკას. ასე რომ, მხოლოდ იდეოლოგიური დემაგოგიითა და პროპაგანდით სტალინის საქმიანობის შეფასება არის სიცრუე და პრიმიტივიზმი.

ხოლო ვინც სტალინის ფენომენში მხოლოდ წმინდანს ეძებს და პოულობს, ან მხოლოდ ჯალათსა და ბოროტმოქმედს, ულოგიკო ძიების მსხვერპლნი არიან. სახელმწიფო ინტერესებით მოქმედი პოლიტიკოსის მოღვაწეობის ერთი პრიზმითა და კრიტერიუმით შეფასება თავიდანვე მცდარი დასკვნის საფუძველს ქმნის. მითუმეტეს, სტალინი არა მხოლოდ ერთი სახელმწიფოს ინტერესების დაცვას ემსახურებოდა, არამედ ამ სახელმწიფოს წარმატება მისთვის საკაცობრიო იდეის განხორციელებისთვის იყო გამიზნული.

ამიტომაც შექმნა მეორე მსოფლიო ომის მოგების შემდეგ საბჭოთა არმიის მიერ განთავისუფლებულ ევროპის ქვეყნების შემომტკიცებით სოციალისტური ბანაკი, ხოლო აზიაში გვერდით ამოიყენა ჩინეთი და ჩრდილო კორეის რესპულიკა. ამით მან უკვე მსოფლიოს მომავლისთვის ჭიდილში გამოიწვია თავისუფალი საბაზრო ეკონომიკისა და დემოკრატიის კაპიტალისტური სისტემა, რომლის სამართლიანობისა მას არ სწამდა.

სტალინის მოცემული სიტყვა სწორედ მისი აღნიშნული შეხედულების გამოხატულებაა: ”ჩემთვის რთულად წარმოსადგენია რა პირადი თავისუფლება უნდა ჰქონდეს უმუშევარს, რომელიც დადის მშიერი და თავისი შრომის გამოყენების საშუალებას ვერ პოულობს. ნამდვილი თავისუფლება შეიძლება იყოს მხოლოდ იქ, სადაც ექსპლოატაცია მოსპობილია, სადაც ადამიანთა ერთი ჯგუფის მიერ მეორის ჩაგვრა არ არსებობს, სადაც არ არის უმუშევრობა და სიღატაკე, სადაც ადამიანი არ კანკალებს იმის გამო, რომ ხვალ შეიძლება დაკარგოს სამუშაო, საცხოვრებელი და პური. მხოლოდ ასეთ საზოგადოებაშია შესაძლებელი ნამდვილი და არა საქაღალდე, პირადი და სხვა ყოველგვარი თავისუფლება”.

ვფიქრობ, ამ სიტყვის არსს მათი დიდი უმრავლესობა დაეთანხმება, ვისაც უკანასკნელი 25 წლის მანძილზე თავის თავზე გამოუცდია უმუშევრობა, სიღატაკე და ხვალინდელი დღის შიში. ასეთები კი ამჟამად დასავლეთის ეკონომიკურ კოლონიად ქცეულ საქართველოში მოსახლეობის უმეტესი ნაწილია.

საერთაშორისო ურთიერთობების კანონზომიერებებით პატარა და სუსტი ქვეყნის ხვედრია გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე ერთ-ერთი ჰეგემონი ქვეყნის მფარველობის ქვეშ მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობის მიღება. ეს პირობები სტალინმა საქართველოს შეუქმნა იმ ეპოქისათვის დამახასიათებელ ფარგლებში. საქართველოს თავისი პოტენციალიდან გამომდინარე ზემოდან ხელშეწყობით განვითარების საშუალება გაუჩნდა და ეს ხორციელდებოდა ეკონომიკურ-ინდუსტრიული აღმშენებლობით, ხალხის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებით, დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებითა და განათლება-კულტურის აღმავლობით.

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ უკვე მეოთხედი საუკუნეა ვეძებთ თუნდაც მსგავსი განვითარების პირობებს, მაგრამ ჯერ ვერ მიგვიგნია, რაზეც მეტყველებს ჩვენი კატასტროფული პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა.

ამიტომ სტალინის გინება კი არ არის საქმე, არამედ ქვეყნისთვის სასიკეთო შედეგის მომტანი საქმის კეთებაა საქმე, რაც ბოლო 25 წელია არ ჩანს და არც გამოჩნდება, სანამ ამ მდგომარეობის მიზეზებს არ ჩავწვდებით და ქვეყნის დამღუპველ მარიონეტულ პოლიტიკას არ უარვყოფთ.

ბოლოს სტალინის ფენომენის ეროვნული ხასიათის შესახებაც უნდა ითქვას ორიოდე სიტყვა. ის რომ სტალინი ქართული სუფრის ტრადიციების მიმდევარი იყო, ამას ამტკიცებს უამრავი მოგონება და რეალური ფაქტები, რომელთა შესახებ მოგვითხრობენ ისინი, ვისაც სტალინთან გარკვეული საქმიანი თუ მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. სტალინი რუზველტსაც და ჩერჩილსაც კი სადღეგრძელოების რიტუალებით უმანსპინძლდებოდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სტალინი ეთნოფსიქიკურად სუფთა სისხლის ქართველი იყო და კონსერვატორულ ქართულ სუფრას ურთულეს პოლიტიკურ თამაშებში ფილიგრანულად იყენებდა.

ამავე დროს, მიუხედავად სტალინის უდიდესი სახელმწიფოებრივი ტვირთისა და მოუცლელობისა, ის მაინც ახერხებდა გამოენახა შესაბამისი დრო, რომ საქართველოს წინაშე არსებულ პრობლემებში ღრმად გარკვეულიყო, რომ მათ გადაჭრაში უშუალოდ მიეღო ნაყოფიერი მონაწილეობა. ამის შესახებ თავისი მოგონებების წიგნში: ”სტალინთან ურთიერთობის ეპიზოდები” საკმაოდ ვრცლად წერს ბატონი კანდიდ ჩარკვიანი, რომელიც სტალინის ეპოქაში საქართველოს კომპარტიის ცკ-ის მდივანი იყო. ის აღნიშნავს, რომ თბილისში მეტროს გაყვანა, რომელიც მაშინ არა მარტო სსრკ-ში, არამედ მსოფლიოშიც თითებზე ჩამოსათვლელ დიდ ქალაქებში ფუნქციონირებდა, სტალინის მხარდაჭერის გარეშე ვერ განხორციელდებოდა და მიუხედავად სამამულო ომით დანგრეულის აღდგენის უმძიმესი პერიოდისა, მაინც გამოინახა თანხები, რომ ეს საშვილიშვილო საქმე დაწყებულიყო.

ასეთივე დიდი წვლილი აქვს მიღებული სტალინს ქართული მეტალურგიის, ქიმიური მრეწველობის, საავიაციო და მანქანათმშენებლობის დარგების შქმნაში, რის შედეგადაც საქართველო ერთ სულ მოსახლეზე შიდა პროდუქტის რაოდენობით ევროპის ხუთეულში შედიოდა.

ცნობილია, რომ ქართული ეროვნული განძის საქართველოში ჩამოტანა სტალინის უშუალო მზრუნველობით განხორციელდა. ისიც უნდა ითქვას, რომ რუსეთში გატანილი ქართული ისტორიული რელიქვიები უშუალოდ სტალინის ძალისხმევით იქნა გადმოტანილი ქართულ მუზეუმებში ჯერ კიდევ 1922 წელს. ეს მოვლენები ამომწურავად აქვს გაშუქებული გრიგოლ ონიანს თავის 7 ნაწილიან ნაშრომში: ”სტალინის როლი ქართული საგანძურის საქართველოსთვის დაბრუნებაში”, რომელშიც სტალინის მიმართ ამ სფეროში უამრავი ცილისწამება არის გაქარწყლებული, განსაკუთრებით ექვთიმე თაყაიშვილთან დაკავშირებით. იხილეთ: http://geworld.ge/View.php?ArtId=6530&lang=ge

იოსებ სტალინის-ჯუღაშვილის ქართული შემოქმედებითი სულიერება ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში დაწერილ მის ლექსებშიც ცხადად ვლინდება, მაგრამ საოცარია სოჭში იმდროინდელი საქართველოს პირველი პირის კანდიდ ჩარკვიანისა და ცნობილი ქართველი ისტორიკოსების ნიკო ბერძენიშვილისა და სიმონ ჯანაშიას შეხვედრაზე სტალინთან დიალოგების მოგონებები. აქ ჩანს სტალინის ღრმა ცოდნა ქართული ენისა, ქართული ისტორიოგრაფიისა, მათი პერსპექტიული განვითარების მიმართულებებისა და მნიშვნელობის შესახებ.

ზოგადი წარმოდგენა მაინც რომ შეგვექმნას ამის შესახებ, მოვიყვან აღნიშნული დიალოგებიდან სტალინის მხოლოდ ერთ მოსაზრებას: ”ხეთების სახელმწიფო დაეცა, მაგრამ განა შეიძლებოდა ასე მრავალრიცხოვანი და მძლავრი ხალხი გამქრალიყო? რასაკვირველია არა, ხეთებისა და სუბარების ტომები, რომლებსაც შავი ზღვის სანაპიროები ეჭირათ და ზღვაოსნობაც ემარჯვებოდათ, აიყარნენ და ზღვის დასავლეთით გაეშურნენ, სხვა ტომები კი, რომლებიც მცირე აზიის მთიან ადგილებში და დასავლეთ და აღმოისავლეთ ამიერკავკასიაში ბინადრობდნენ, ადგილზე დარჩნენ. ამ თავის მიწა-წყალზე დარჩენილმა ხეთ-სუბარებმა შექმნეს მძლავრი პოლიტიკური გაერთიანებები, მათ შორის ურარტუს სახელმწიფო. მათი ჩამომავლები არიან იბერები, კოლხები და სხვები.

მაგრამ რა მოუვიდათ დასავლეთისკენ წასულ ხეთებსა და სუბარებს? -განაგრძობდა სტალინი,- მათ ადვილად დაიპყრეს კულტურულად უფრო დაბალ დონეზე მყოფი აბორიგენები, დაიკავეს ბალკანეთის, აპენინის, პირინეის ნახევარკუნძულები და შექმნეს იქ მაღალი ცივილიზაცია არიელების - ბერძნების და რომალების მოსვლამდე ბევრად ადრე. მხოლოდ ერთ ჰიპოთეზაშია საიდუმლო გასაღები, კერძოდ, პელასგებისა და ეტრუსკების გამოცანის ამოსახსნელად, რომელთა კულტურა საფუძვლად დაედო ბერძნულ და რომაულ ცივილიზაციას. უეჭველია, მეცნიერები რომ ეტრუსკების ეპიგრაფიკას ქართული ენობრივი ფაქტებიდან მისდგომოდნენ, იგი მათ დიდი ხნის გაშიფრული ექნებოდათ. იგივე ითქმის ხეთურ იეროგლიფზე და ალბათ, ლურსნულ ნაწერებზეც.”

სტალინი აკრიტიკებს უცხოელ მეცნიერს პროზნის, რომელიც ხეთებს ინდოევროპულ რასას მიაკუთვნებს და აგულიანებს ქართველ მეცნიერებს: ”რას უპირისპირებთ თქვენ მის თეორიას მეცნიერების ახალი არსენალიდან? არაფერს. საჭიროა აღზარდოთ ხეთოლოგთა კადრები, დაიწყოთ სერიოზული მუშაობა ამ სფეროში. მე კი პირადად მჯერა, რომ წინა აზიაში ახლაც ბევრი რამ მოწმობს ქართველთა წინაპრებისა და ქართული ტომების ადრინდელ ბინადრობას. აიღეთ თუნდაც ტოპონიმიკა. ტოპონიმიკა მეტად გამძლეა. ხალხები მოდიან და მიდიან, ადგილების, მთების, მდინარეების ბევრი სახელწოდება კი რჩება. ასეთ მოვლენებს ბლომად ვხვდებით, მაგალითად მცირე აზიაში განა ღალისი, მდინარე ყიზილ-ირმაკის წინანდელი სახელი, ქართული წარმოშობის არ არის?”...

რაოდენ სამწუხაროა, რომ დღევანდელ ეპოქაში, როცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვა დიდი პოლიტიკური მნიშვნელობის მქონეა, საქართველოს ხელისუფლების ხელშეწყობით განადგურდა უძველესი არქეტიპი საყდრისის ოქროს მაღაროების სახით და ამ ბარაბაროსობის შემდეგ ეს ლიბერალისტური პოლიტიკური ელიტა თავს უფლებას აძლევს სტალინი ანტიეროვნულ მოღვაწედ მონათლოს.

ცნობილ ავსტრიელ მწერალს შტეფან ცვაიგს ეკუთვნის ორი ბრძნული გამონათქვამი: ”იყო უდიდესი, ნიშნავს მისცე მიმართულება” და ”სოფელი სახელს ითქვამს, თუ იქ დიდი ადამიანი დაიბადებაო”. ეს ორივე გამონათქვამი იოსებ სტალინის ფენომენს საუკეთესოდ მიესადაგება. სტალინმა მთელი თავისი მოღვაწეობით ნამდვილად მისცა მიმართულება კაცობრიობის განვითარებას და რაც უფრო კრიზისულ მდგომარეობაში აღმოჩნდება მსოფლიო, მით უფრო ბევრი მიუბრუნდება წარსულის იმ გამოცდილებას, რომელიც სტალინის ეპოქას უკავშირდება. ამიტომ სტალინი მარტო წარსულს არ ეკუთვნის, ის მომავლის ისტორიის შექმნაშიც მონაწილეობს. სწორედ ამ აზრს გამოხატავს დასავლელ პოლიტიკოსთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული პოლიტიკოსის დე გოლის სიტყვები : “სტალინი არ მომკვდარა, ის განზავდა მომავალშიო “.

რაც შეეხება შტეფან ცვაიგის მეორე გამონათქვამს, უნდა თუ არა ვინმეს, სტალინის ფენომენი თავისი დიდი ისტორიული მნიშვნელობით საქართველოს განუყოფელი სუბსტანციური ნაწილია, ხოლო ის დადებით თუ უარყოფით როლს შეასრულებს საქართველოს მომავლის ფორმირებაში, დამოკიდებულია თავად ქართველების ცნობიერების შესაძლებლობებსა და ანალიტიკურ უნარზე.