ანტიპარტიული ეროვნული ანტიუტოპია („თავშესაქცევი“ ინფორმაცია სერიოზული განსჯისათვის)

ანტიპარტიული ეროვნული ანტიუტოპია („თავშესაქცევი“ ინფორმაცია სერიოზული განსჯისათვის)

ამას წინათ ინტერნეტში ერთი მეტად საყურადღებო ინფორმაცია გამოქვეყნდა (იხ. https://inventure.com.ua/news/world/vse_idet_po_planu_prognozy_reya_kurcvejla_na_2019_2099_goda). რასაკვირველია, ეს ინფორმაცია სპამის ოკეანეში უიმედოდ ჩაძირულ ქართველ მკითხველთა აბსოლუტური უმრავლესობისათვის სრულიად შეუმჩნეველი დარჩა. საზოგადად,  ჩვენ ძალზე ვგევართ ისეთ განწირულ საზოგადოებას, რომელსაც საკუთარი მომავალთან დაკავშირებული აქტუალური ინფორმაცია იოტისოდენადაც არ ადარდებს. თანამედროვე ქართველისათვის მხოლოდ დღევანდელობაა, აწმყოა მნიშვნელოვანი, დღევანდელობის ბედუკუღმართობის მორევში დანთქმული ქვეყნის მომავალს იგი ვერ ხედავს და აღარცა სურს დაინახოს...

...ინტერნეტში გამოქვეყნებული ზემოაღნიშნული ინფორმაცია იმდენად ეგზოტიკურია, რომ იქნებ თავშესაქცევად მაინც მიაქციოს მას „გემო-ვნებიანმა“ქართველმა მკითხველმა ყურადღება; ამიტომაც გავკადნიერდი და ანტიუტოპიურ შემაჯამებელ წერილს ამ მასალის თარგმანით დავიწყებ:

„Google-ის ტექნიკური დირექტორი და ცნობილი ტექნოლოგიური ფუტუროლოგი რეი კურცვეილი ამ წლის დასაწყისში კაცობრიობის წინაშე ახალ წინასწარმეტყველებათა მორიგი სენსაციური პორციით გამოვიდა; იგი ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამედროვე მიღწევათა  ერთ-ერთი მთავარ მკვლევართაგანია და 1990 წლიდან მომავლის შესახებ საკუთარ დაუჯერებელ, მაგრამ არაერთგზის ახდენილ პროგნოზებს რეგულარულად აქვეყნებს; ამ პროგნოზებიდან მრავალი აკადემიურ წრეებში აღიარებულია; ჯერ კიდევ 5 წლის წინ კურცვეილი უფრო ხშირად ათწლეულებით (21-ე საუკუნის 20-იანი, 30-იანი, 40-იანი  და ა.შ წლები) ოპერირებდა, ბოლო დროს კი მის პროგნოზებში ქრონოლოგიურმა დაკონკრეტებამ უფო მეტად იჩინა თავი; შესაძლოა, ასეთი კონკრეტიკა და მეტი სიზუსტე იმითაც არის განპირობებული, რომ იგი მუშაობს ყველაზე დიდ ინტერნეტ-კომპანიაში, სადაც მრავალი ინოვაციური კვლევის მოწინავეთა შორისაა.

თუკი კურცვეილის მიერ მის წიგნებში, ბლოგებში, ინტერვიუებში ბოლო 20 წლის განმავლობაში გაკეთებულ პროგნოზებს თავს მოუყრით, შევნიშნავთ, რომ მან 2019 წლიდან 2099 წლამდე მომავალი უკვე წლების მიხედვით გაწერა, რაც ასე გამოიყურება:

2019 - ნებისმიერი სფეროს პერსონალურ და პერიფერიულ მოწყობილობებში სადენებისა და კაბელების გამოყენება წარსულს ჩაბარდება;

2020 - პერსონალური კომპიტერები ადამიანის ინტელექტის თანაზომიერ გამოთვლით სიმძლავრეს მიაღწევენ;

2022 - აშშ-სა და ევროპაში დაიწყებენ ადამიანებისა და რობოტების ურთიერთობების მარეგულირებელი კანონების მიღებას, რომლებშიც ფორმალიზებული იქნება რობოტების საქმიანობა, მათ უფლებები და მოვალეობები, ნორმატიული შეზღუდვები ადამიანების მიერ რობოტების გამოყენებაზე;

2024 - კომპიუტერული ინტელექტის ელემენტები სავალდებულო გახდება ავტომობილებში, ადამიანებს აუკრძალავენ კომპიუტერული დამხმარეეების გარეშე აღჭურვილი ავტომობილებით მგზავრობას;

2025 - გაჩნდება გაჯეტ-იმპლანტატნების მასობრივი ბაზარი;

2026 - შესაძლებელი გახდება დროის ყოველ ერთეულში ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის უფრო მეტად გაზრდა, ვიდრე დროის ეს ერთეული მოიცავს;

2027 - მთლიანად ავტონომიური რთული მოქმედებების უნარებიანი რობოტი ისეთი ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ნივთი გახდება, როგორც მაცივარი ან ყავის მადუღარა;

2028 - მზის ენერგია იმდენად იაფი და საყოველთაოდ გამოყენებადი გახდება, რომ კაცობრიობის ჯამურ მოთხოვნილებას ენერგიაზე დააკმაყოფილებს;

2029 - კომპიუტერი შეძლებს ტიურინგის ტესტის გავლას და ამით დამტკიცდება, რომ მას გააჩნია გონი, ამ სიტყვის ადამიანური მნიშვნელობით; ეს შესაძლებელი გახდება ადამიანის ტვინის კომპიუტერული სიმულაციის მეშვეობით;

2030 - მრეწველობაში ნანოტექნოლოგიების მასობრივი გამოყენება ნებისმიერი პროდუქტის წარმოების ხარისხობრივ გაიაფებას განაპირობებს;

2031 – 3D პრინტერების გამოყენება ადამიანის ორგანოების დასაბეჭდად შესაძლებელი გახდება ნებისმიერი დონის საავადმყოფოში;

2032 - ნანორობოტების გამოყენება მასობრივად დაიწყება სამედიცინო სფეროში. ისინი შეძლებენ მკვებავი ნივთიერებებით ადამიანის უჯრედების მომარაგებასა და ნარჩენების  გამოტანას; ისინი ასევე შესძლებენ ადამიანის ტვინის დეტალურ სკანირებას, რაც საშუალებას მოგვცემს მისი მუშაობის დეტალებში გავერკვეთ;

2033 - თვითმავალი მანქანები მთელს მსოფლიოში გზებს დაიპყრობენ;

2034 - ადამიანის პირველი პაემანი ხელოვნურ ინტელექტთან; შესაძლებელი გახდება ვირტუალური შეყვარებულის მატერიალიზაცია;

2035 - კოსმოსური ტექნიკა იმდენად სრულყოფილი გახდება, რომ უზრუნველყოფილი იქნება დედამიწის დაცვა ასტეროიდებთან შეჯახების საფრთხისგან;

2036 - პროგრამირების მეთოდის ბიოლოგიაში გამოყენებით კაცობრიობა პირველად შეძლებს სამკურნალო უჯრედების პროგრამირებას, ხოლო 3D პრინტერებით შესაძლებელი გახდება ახალი ქსოვილებისა და უჯრედების ბეჭვდა;

2037 -ადამიანის ტვინის საიდუმლოებათა ამოხსნის საქმეში გიგანტური გარღვევა მოხდება: აღმოჩენილი იქნება ასობით სხვადასხვა სპეცვციალიზებული ფუნქციის მქონე სუბრეგიონი; ზოგიერი ის ალგორითმი, რომლებითაც ამ სუბრეგიონების კოდირება ხდება, ამოიხსნება, გაიშიფრება და კომპიუტერების ნეირონულ ქსელებში ინტეგრირებადი გახდება;

2038 - გამოჩნდებიან ტრანსჰუმანიტარული ტექნოლოგიებით რობოტიზებული ადამიანები. მათ ექნებათ დამატებითი ინტელექტი (მაგალითად, ცოდნის ვიწრო, კონკრეტულ სფეროზე ორიენტირებული სპეციალური ინტელექტი, რომლის მთლიანად მოცვა ადამიანის ტვინს არ ძალუძს) და მრავალფეროვანი იმპლანტანტ ოპციები - კამერა-თვალიდან დაწყებული დამატებითი იმპლანტანტი კიდურებით დამთავრებული;

2039 - ნანომანქანები პირდაპირ ტვინში იქნებიან იმპლანტირებულები და ტვინის უჯრედებიდან სიგნალების შეუზღუდავად შეყვანა-გამოყვანას განახორციელებენ; ეს შედეგად მოიტანს ვირტულაურ რეალობაში „მთლიანად ჩაძირვას“, როცა საჭირო აღარ იქნება არანაირი დამატებითი მოწყობილობა;

2040 - საძიებო სისტემები ადამიანის ტვინში ჩანერგილი გაჯეტების საფუძვლად იქცევიან. საინფორმაციო სივრცეში ძიება განხორციელდება არა მხოლოდ ენის, არამედ უშუალოდ აზრის მეშვეობით, ხოლო ძიების რეზულტატი კი ლინზებისა და სათვალეების სახით შექმნილ ეკრანებზე აისახება;

2041 - ინტერნეტ-სივრცის ზღვრული გამტარუნარიანობა დღევანდელთან შედარებით 500 მილიონჯერ (!!!) გაიზრდება;

2042 - უკვდავების პირველი პოტენციური რეალიზაცია - ნანორობოტების არმიის მეშვეობით, რაც ადამიანის იმუნური სისტემის არნახულ გაძლიერებას განაპირობებს, ადამიანი გათავისუფლდება ნებისმიერი თანდაყოლილი თუ შეძენილი დაავადებისგან;

2043- ადამიანს შესაძლებლობა ექნება შეიძინოს სხეულის ნებისმიერი ფორმა, ასევე შესაძლებელი გახდება ნანორობოტების დიდი ოდენობით გამოყენების შედეგად გაცილებით მაღალი ხარისხის კიბერნეტიკული მოწყობილობებით შინაგანი ორგანოების ჩანაცვლება;

2044 - არაბიოლოგიური ინტელექტი ბილოგიურთან შედარებით მილიარდჯერ უფრო გონიერი გახდება;

2045 - დადგება ტექნოლოგიური სინგულარობა - დედამიწა გიგანტურ კომპიუტერად გარდაიქმნება;

2099 - ტექნოლოგიური სინგულარობის პროცესი გავრცელდება მთლიან სამყაროზე.“

რასაკვირველია, დღეს წარმოუდგენელი დაბეჯითებით თქმა, თუ ამგვარი ზღაპრულად ფანტასტიური წინასწარმატყველებიდან რა ახდება და რა არა, მაგრამ ტექნოლოგიური განვითარების უმთავრესი მიმართულებები და უკვე დღევანდელი შეუქცევადი ტენდენციები „გუგლის“ ტექნიკური დირექტორის მიერ სავსებით მკაფიოდ არის წარმოდგენილი; ეს ნიშნავს, რომ ამ წინასწარმეტყველების ყველა  ტექნოლოგიურ საოცრებაზე მუშაობა ან უკვე მიმდინარეობს ანდაც უახლოესი მომავლისათვის იგეგმება; დასკვნა აშკარაა: „ტექნოლოგიური სინგულარობა“ დროში შეიძლება გადაიდოს, მაგრამ მისკენ სვლას ვერაფერი შეაჩერებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ტერმინი „ტექნოლოგიური სინგულარობა“ ცნობილ ამერიკელ ფანტასტს, განათლებით  მათემატიკოსს - ვერნორ ვინჯს (Vernor (Steffen) Vinge) ეკუთვნის; „გუგლის“ ტექნიკური დირექტორი სინგულარობას მეტაფორულად აღწერს, როცა აღნიშნავს, რომ დედამიწა „გიგანტურ კომპიუტერად“ გარდაიქმნება; ამ კომპიუტერის ელემენტები ერთიან, გლობალურ ქსელში ყოველგვარი გარე მოწყობილობის გარეშე  ინტეგრირებული ადამიანები  (უფრო სწორედ: ადამიან-მანქანები) იქნებიან; ერთგვარი ზე-ადამიანები, რომელთა ბიოლოგიური ინტელექტი ხელოვნურ ინტელექტთან სიმბიოზს შექმნის; წარმოდგენა ძალზე ძნელია, მაგრამ ამ გლობალურ ქსელში ინტეგრირებული ზე-ადამიანის გონებისათვის დროის რეალურ რეჟიმში და დედამიწის ნებისმიერ წერტილში ერთბაშად ხელმისაწვდომი იქნება სრული ინფორმაცია იმგვარი სუპერ-ინტერნეტისა, რომლის ზღვრული გამტარუნარიანობა დღევანდელისაზე 500 მილიონჯერ(!) მეტია.

რასაკვირველია, ეს ზღაპრული რეალობა თავდაყირა დააყენებს ჩვეულ ყოფიერებასაც და ყოფიერების შესახებ აქამდე ცნობილ ნებისმიერ რელიგიურ, ფილოსოფიურ, სოციოლოგიურ, პოლიტოლოგიურ, იდეოლოგიურ  და ა.შ. შეხედულებასაც.

გასული საუკუნის 90-იან წლებში ამერიკელი ფილოსოფოსი ფრენსის ფუკუიამა კაცობრიობის ისტორიის დასასრულზე ალაპარაკდა და ეს ყველაფერი ლიბერალიზმის მსოფლიო გაბატონებას დაუკავშირა. დღეს უკვე ცხადია, რომ ლიბერალიზმის ტრიუმფი და „ისტორიის დასასრული“ ისეთივე ქიმერაა, როგორც კომუნიზმი: სუკეთესო შემთხვევაში იგი ჰორიზონტივით არის - რაც უფრო უახლოვდები, მით უფრო გშორდება; „ტექნოლოგიურ სინგულარობაზე“ კი იგივეს ვერ იტყვი. თუ „გუგლის“ ტექნიკური დირექტორის მიერ 2045 წლისათვის ნაწინასწამეტყველები ახდა,  კაცობრიობის ისტორია, ამ ცნების ტრადიციული გაგებით,  ამჯერად მართლაც დასრულდება და ტექნოლოგიური ცივილიზაციის სრულიად ახალი განზომილება გაიხსნება. სინგულარობის გამო (სინგულარობა ხომ სწორედაც განუსაზღვრელობაა!) ახლა ძნელია ამ ახალ განზომილებიანი ცივილიზაციის მიახლოებითი მაინც განჭვრეტა, ისევე, როგორც ორგანზომილებიან არსებებს არ ძალუძთ სამგანზომილებიანი სივრცის სისრულეში აღქმა;

ყველაზე საკვირველი და „თავშესაქცევი“ კი აქ ისაა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ეს ყველაფერი მართლაც შეიძლება ახდეს! ეს იგივეა, რომ მათემატიკაში რიცხვი ნულზე გავყოთ. შეუძლებელია, უაზრობაა,  აკრძალულია? რასაკვირველია, ოღონდ მაინც „თამაშის წესებს“ გააჩნია! ნულზე გაყოფაც შესაძლებელია, თანაც, რიცხვის ნულზე გაყოფით რაც გნებავთ ის შეიძლება მიიღოთ, ნებისმიერი შედეგი სურვილისამებრ, იმისდა მიხედვით რა ახალ დამატებით პირობებსა და  წესებს დაეყრდნობით!

„ოსტატობის გონის“ ევოლუცია და ისტორია. ინფორმაციულობა და  ტექნოლოგიურობა. თანამედროვე კაცობრიობა „ტექნოლოგიური სინგულარობის“ მიჯნაზე

ტექნოლოგიურობა ცივილიზაციის მთავარი განმსაზღვრელი ნიშანია. „ტექნოლოგია“ - ბერძნული სიტყვაა. ბერძნულად „τέχνη“ ხელოვანებას, ოსტატობას ნიშნავს, ხოლო „ λόγος“ - გონს. ამრიგად, სიტყვა-სიტყვითი თარგმანით „ტექნოლოგია“ ქართულად „ოსტატობის გონს“ ნიშნავს, „ტექნოლოგიურობა“ კი დაოსტატებად შეიძლება ვთარგმნოთ.

ცალკე ადამიანიცა და ადამიანთა ნებისმიერი თანსაზოგადოებაც საკუთარი მიზნების რეალიზაციას ტექნოლოგიით, ე.ი. „ოსტატობის გონით“ აღწევს. ტექნოლოგიურობა დაოსტატებაა, ხოლო ცივილიზებულობა კი სწორედ იმით გამოიხატება, რამდენად დაოსტატებულია ინდივიდი თუ თანასაზოგადოება, რამდენადაა განვითარებული და როგორია ინდივიდუალური თუ სოციალური ოსტატობის გონი. თუ მარტივად წარმოვიდგენთ, რომ როგორც ინდივიდის, ისე საზოგადოებისა თუ თანასაზოგადოების სასიცოცხლო მიზნები კეთილდღეობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, ტექნოლოგიურობა, ანუ დაოსტატება ამ სასიცოცხლო მიზნების მისაღწევად აუცილებელ უნართა ერთობლიობა იქნება; ამ ფართო გაგებით ტექნოლოგიურობა არა მხოლოდ საწარმოო-ტექნიკური და სამრეწველო, არამედ პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ, სამხედრო, თუნდაც კულტურულ-სახელოვნებო და ა.შ. ტენიკათა და ტექნოლოგიათა ერთობლიობასაც გულისხმობს.

რასაკვირველია, კაცობრიობის ისტორიაცა და მისი ცალკეული ეტაპებიც ყველაზე უკეთ სწორედ ტექნოლოგიურობით შეიძლება აიწონოს და შეფასდეს. ამ თვალსაზრისით „გონიერი ადამიანის - ჰომო საპიენსის“ ევოლუციის ოთხი საფეხური უნდა გამოვყოთ, კერძოდ:

1) ყველაზე უმარტივესი პროტო-ტექნოლოგია, რითიც სარჩო-საბადებელი მოიპოვება, მისი საზოგადოებრივი განაწილება და დაცვა-შენარჩუნება ხდება, ბუნებიდან მზამზარეული საზრდოს მოპოვებაა და ნადირობა-შემგროვებლობასთან არის დაკავშირებული. ესაა წინარე, ისტორიამდელი, ე.ი, უხსოვარი პერიოდი კაცობრიობისა, როცა ადამიანი და ადამიანთა საზოგადოება ველური მდგომარეობიდან გამოსვლას იწყებს;

2) ცივილიზაციებისა და ისტორიული მეხსიერების გაჩენა, ოსტატობის გონის განვითარება და დაოსტატება თავდაპირველად მიწის დამუშავებასთან არის დაკავშირებული; ამ ეტაპზე ოსტატობის გონი იმდენად ვითარდება, რომ ადამიანი ბუნებიდან კი არ იღებს მზამზარეულ სარჩოს, არამედ პროდუქტის მწარმოებელი ხდება (ე.წ. „ნეოლითური რევოლუცია“). სასოფლო-სამეურნეო წარმოება, მოსავლის მოყვანა, მის განაწილება-დაცვასთან დაკავშირებული ტექნოლოგიები ქმნიან სასოფლო-სამეურნეო ცივილიზაციებს; ჩნდება ინსტიტუციონალიზებული ძალაუფლება, ანუ სახელმწიფო და პოლიტიკა; მონათმფლობელური ხანიდან მოყოლებული, ვიდრე გვიან შუა საუკუნეებამდე ისტორია სწორედაც სასოფლო-სამეურნეო ცივილიზაციათა წარმოშობის, განვითარების, დაღუპვისა თუ აღზევების ისტორიაა; ცხადია, მონათმფლობელობა იძულებულ სამუშაო ძალაზე - დატყვევებულ მონაზე,  ხოლო ფეოდალური ურთიერთობები სასაოფლო-სამეურნეო წარმოების მთავარ რესურსზე - მიწაზე  უფლებებს ემყარება, მაგრამ ცივილიზებულობის განმსაზღვრელი იმდენად უფლებები კი არ არის, არამედ სწორედაც ოსტატობის გონი და მისი ნაყოფი კულტურა (სიტყვა კულტურა წარმოდგება ლათინური ზმნიდან „colo“, რაც (ნიადაგის) მოვლას, დამუშავებას, ზრუნვას ნიშნავს). აქ ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ძველ რომში  კულტურა უფრო განვითარებულიც იყო, ვიდრე ადრეფეოდალურ სახელმწიფოებში.

ჩვენთვის ძალზე ნიშანდობლივია, რომ ძველი კულტურული ერების, მათ შორის ჩვენი, ქართველთა თვითცნობიერება სწორედაც ამ სასოფლო-სამეურნეო ცივილიზაციათა ეპოქაში ყალიბდება; ჩვენი სახელწოდებაც - გეორგიანელობა, რითიც მსოფლიო ასე თუ ისე გვიცნობს, მიწის მუშაკობასთანაა დაკავშირებული; „პურისა და ღვინის მომყვანი ხალხი ვართო“ - ვიტყვით ხოლმე, როცა ისტორიული ქართული ცივილიზაციის ყველაზე არსებითი ნიშნი უნდა გამოვყოთ; ფეოდალურ ეპოქაში აღზევდა ქართული სახელმწიფო და ერთხანს ყველაზე მოწინავე პოზიციებიც ეჭირა იმდროინდელ ცივილიზებულ მსოფლიოში; ისიც უდავოა, რომ სწორედ ამ ეპოქიდან გვაქვს შემორჩენილი სწორუპოვარი, დიდოსტატური შედევრები და ყველაზე მეტად საამაყო ეროვნული საუნჯე....

3) ოსტატობის გონის შემდგომი განვითარება მანქანების გამოგონებასთან და ინდუსტრიულ მრეწველობასთან არის დაკავშირებული; იწყება პროდუქტის მანქანური და მასობრივი წარმოება; იქმნება წარმოებისა და წარმოებული საქონლის განაწილების, წარმოებისათვის საჭირო სასიცოცხლო სივრცეების: ნედლეულისა და მუშახელის, საფონდო, სასაქონლო თუ შრომის ბაზრების მოპოვება-დაცვასთან დაკავშირებული ინდუსტრიული ტექნოლოგიები; სასოფლო-სამეურნეო ცივილიზციები ინდუსტრიული ცივილიზაციებით იცვლება („ინდუსტრიული რევოლუცია“) ...

... ჩვენთვის აქ ის არის ნიშანდობლივი, რომ მართალია, ინდუსტრიულ ცივილიზაციებში დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო არ ეწერება, მაგრამ თავი იმით შეიძლება ვინუგეშოთ, რომ საბჭოური ყაიდის ინდუსტრიალიზმი წარმოშობით ქართველის გამოგონებაა; სტალინური, იძულებაზე დაფუძნებული ინდუსტრიალიზმი კაცობრიობის ისტორიაში ერთ ხელში კონცენტრირებული ყველაზე უფრო არაადამიანური მასშტაბის, ყოვლისმომცველი, ტოტალური ძალაუფლების (ტექნოლოგიურდ თუ დავახასიათებთ - სტალინიზმის, როგორც სრულიად უნიკალური პოლიტ-ტექნოლოგიის) შედეგია; საბჭოური ინდუსტრიული წარმოების არა მხოლოდ სასიცოცხლო სივრცე, არამედ თავად ტექნოლოგიურობაც „ყველა ხალხის მამის“ - სტალინის („ფოლადი“!) სახელსა და დიდებასთანაა დაკავშირებული. სტალინის სიკვდილმა საბჭოური ყაიდის ინდუსტრიალიზმის და მისი ოსტატობის გონის დეგრადაცია ავტომტურად განაპირობა და საბჭოთა იმპერიამ რღვევა სტალინის სიკვდილისთანავე, ჯერ კიდევ 1953 წლიდან დაიწყო. სსრკ-ს არსებობა სტალინური ტექნოლოგიის გარეშე წარმოუდგენელია; ხოლო ცოცხალი სტალინის გარეშე ასეთი ტექნოლოგია უბრალოდ არ არსებობს....

4) 90-იან წლებში, როცა საბჭოური ინდუსტრიალიზმი დაეცა, ოსტატობის საკაცობრიო გონი ინდუსტრიულიდან პოსტ-ინდუსტრიალურ ეტაპზე გადავიდა; პოსტ-ინდუსტრიალური ტექნოლოგიურობა წმინდად საინფორმაციოა, ანუ ცოდნისა და ინფორმაციის მყისიერ (ე.ი. „ონ ლაინ“ და დედამიწის ნებისმიერ წერტილში!) მოპოვება-გავრცელებას ეფუძნება (“საინფორმაციო რევოლუცია“); ინდუსტრია, ე.ი. მანქანური და მასობრივი წარმოება ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე ხდება სასიცოცხლოდ დამოკიდებული და უფრო მეტიც: ამ ტექნოლოგიებით განპირობებული; საინფორმაციო ეპოქაში უმთავრესი რესურსი არა კაპიტალი, წარმოების საშუალებები, ნედლეული, ენერგეტიკა თუ სამუშაო ძალა, არამედ ინფორმაცია და ცოდნაა; იქმნება გლობალური საინფორმაციო სივრცე - ინტერნეტი, ხოლო უმთავრესი მანქანა, შეიძლება ითქვას - მანქანათა მანქანა, საინფორმაციო მანქანა, კომპიუტერია.

აქ ნიშანდობლივი ისაა, რომ საბჭოთა კავშირის ნგრევა სწორედ საბჭოური ინდუსტრიალიზმის უპერსპექტივობამ განაპირობა. ვისაც გახსოვთ, 80-იანი წლების ბოლოს ე.წ. „პერესტროიკა“ სწორედ „გლასნოსტ-ით“, ერთგვარი საინფორმაციო რევოლუციით დაიწყო და სწორედაც დატყვევებული ინფორმაციის გათავისუფლებამ მოუღო კიდეც ბოლო საბჭოურ ინდუსტრიალიზმსაც და სსრკ-საც, რომელსაც უბრალოდ არ შეეძლო საინფორმაციო ეპოქასთაან ადაპტირება. 90-იანი წლების დასაწყისში ასეთი ანეკდოტი იყო მოდაში: „რა დაანგრევს საბჭოთა იმპერიას? „ვზგლიადი“, ზვიადი და ბლიადი....“ ამ „საბედისწერო“ ტრიადაში პირველ ადგილზე სწორედაც „ვზგლიადია“ - ცენტრალური ტელევიზიის სკანდალურად პოპულარული გადაცემა, საიდანაც ცენზურის გარეშე მძლავ ნაკადად იფრქვეოდა გამოთავისუფლებული ინფორმაცია; ინფორმაციის ამ ნაკადმა სწორედაც ზვავივით წალეკა ცენტრალიზებული საბჭოთა პოლიტიკური სისტემის ისედაც ძირგამომპალი ლეგიტიმურობა და საბოლოოდ თავად ეს სისტემაც. სსრკ-ს ნგრევამ პოსტ-საბჭოურ სივრცეზე დე-ინდუსტრიალიზაციის დესტრუქციული პროცესები განაპირობა, რაც დღემდე გრძელდება....

...როგორც ვხედავთ, საკაცობრიო გონის მიერ ინფორმაციისა და ცოდნის დაგროვება განაპირობებდა - ჯერ ნეოლითურ, შემდგომ ინდუსტრიულ და ბოლოს საინფორმაციო ტექნოლოგიურ რევოლუციებს; აშკარაა, რომ ცივილიზებულობა ტექნოლოგიურობზე, ხოლო ტექნოლოგიურობა კი  ინფორმაციულობაზეა დამოკიდებული; ინფორმაციულობა, ანუ ინფორმაციისა და ცოდნის ოდენობა, მათი მოპოვება-გავრცელების ინტენსივობა და სისწრაფე საინფორმაციო ერაში ნახტომისებურად იზრდება. მურის კანონის თანახმად, ტრანზისტორების რაოდენობა, რომლებიც ინტეგრალური მიკროსქემის ერთ კრისტალზე შეიძლება განთავსედეს, ყოველ 24 თვეში, ანუ ორ წელიწადში, ორმაგდება. დევიდ ჰაუსის პროგნოზით (Intel), პროცესორების წარმადობის გაორმაგება ყოველ 18 თვეში ხდება, რაც ტრანზისტორების რიცხვის ზრდითა და ცალკეული მათგანის მუშაობის სისწრაფის მატებით არის განპირობებული. 

თუ რეი კრეიცვეილს დაეჯერება, ტექნოლოგიური სინგულარობა შორს აღარ არის. კაცობრიობა სინგულარობის მიჯნაზეა და ეს საკითხი აშშ-ს კონგრესის ეკონომიკური პოლიტიკის კომისიის 2007 წლის მოხსენებაშიც აისახა. ამ მოხსენებაში აღნიშნულია, რომ მურის კანონის ექსტრაპოლირების საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ სადღაც 2030 წლისათვის კომპიუტერის სიმძლავრე ადამიანის თავის ტვინისას გაუტოლდება; ტექნოლოგიური სინგულარობის  მომხრეებს მიაჩნიათ, რომ  თუ შეიქმნება ადამიანურისაგან პრინციპულად განსხვავებული გონი (პოსტ-ადამიანი), მაშინ ადამიანურ ლოგიკაზე დაყრდნობით ყოვლად შეუძლებელი იქნება ცივილიზაციის მომავალი ბედის შესახებ მსჯელობაც კი!

ტექნოლოგიური სინგულარობა და საქართველო. ორი, ოპტიმისტური და პესიმისტური ანტიუტოპიური სცენარი

საინფორმაციო ერაში საქართველომ დე-ინდუსტრიალური დესტრუქციის, რომელიც მას განსაკუთრებით მძაფრად შეეხო, პირობებში შეაბიჯა. ქვეყანა ფრაგმენტიზებულია და დამოუკიდებლობის ფორმალური აღდგენის მიუხედავად, როგორც ერთიანი სახელმწიფო, ფაქტობრივად არ არსებობს. რასაკვირველია, ყველაზე მწვავე და მტკივნეული ამ ფრაგმენტაციაში ფიზიკური სივრცის ერთიანობის - ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაა, მაგრამ ეს ოდენ შედეგია. უფრო ღრმა სისტემური დესტრუქციის შედეგი.

ტექნოლოგიური თვალსაზრისით თუ შევაფასებთ და სინგულარობის მიჯნაზე მომავლის დასანახად სწორედ ეს რაკურსია მთავარი, საქართველო ცალკეულ ტექნოლოგიურ „ეპოქებად“ არის დახლეჩილი: ჩვენ ნეოლითური (ე.ი. ტრადიციული სოფლის მეურნეობის ცივილიზაციის, რომელსაც ყველაზე უკეთ ე.წ. მართლმადიდებლური საქართველოს პარადიგმა გამოხატავს) და ინდუსტრიული (სტალინური, „ადმინისტრაციულ-მბრძანებლური“ ტიპის ინდუსტრიალიზმი) ფსევდო-რესტავრაციისა და იმავდროულად რეალური საინფორმაციო რევოლუციის ეპოქებში ვცხოვრობთ;  ცხადია, ნეოლითური ან თუნდაც ინდუსტრიული კვაზი-რესტავრაცია თანამედროვე ეპოქაში შეუძლებელია კრახით არ დასრულდეს და სწორედ ამიტომ დამოუკიდებლობის ფორმალური აღდგენიდან მუდმივი მარცხი და პერმანენტული „ეპოქალური კრიზისი“ საქართველოს ბედისწერად იქცა. ნეოლითურზე აღარაფერს ვიტყვი და თუნდაც ინდუსტრიული ტექნოლოგიების აღდგენა და მით უმეტეს, მათი თავიდან „გამოგონება“, რასაც ეს ოცი წელია გამუდმებით ვაკეთებთ, იმას წააგავს, რომ კოსმოსური რაკეტების საუკუნეში ორთქმავალი თავიდან გამოიგონო. თუ ძალიან ბევრს იწვალებ, ორთქმავალს ბოლოს ალბათ ააწყობ კიდეც, მაგრამ რისთვის ან ვისთვის? დღეს ორთქმავლით არავინ დადის და იგი მხოლოდ სამუზეუმო ეგზოტიკად თუ გამოდგება. სწორედ იგივეს თქმა შეიძლება დღეს ჩვენში მიმდინარე ე.წ. სამოქალაქო საზოგადოებისა თუ მე-19 საუკუნის ერი-სახელმწიფოს ინსტიტუტების ვითომ აღმშენებლობაზე, რაც რასაკვირველია, ყოვლად ფუჭია და დროის კარგვის მეტს არაფერს მოიტანს.

თუ „მართლმადიდებლური საქართველოს“ ნეოლითური ფსევდო-რესტავრაცია მხოლოდ გულუბრყვილო და უნიადაგო, თუმცა უბოროტო რომანტიულ ოცნებად გამოიყურება, ტოტალიტარული ტიპის ფსევდო-მოდერნიზაციის ტრაგი-კომიკური მცდელობა, რაც სააკაშვილის ბოროტმა კორპორაციამ დაგვატეხა თავს, ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდად შევა საქართველოს მრავალათასწლოვან ისტორიაში;

სააკაშვილის ამ ფსევდო-მოდერნიზაციას სინამდვილეში მისი კორპორაციის ურყევი ბატონობისა და პარაზიტული პატრონ-კლიენტელური სოციალური წყობის დამკვიდრების მიზანი ჰქონდა, რაც ნაწილობრივ შესრულდა კიდეც. მართალია, საბოლოოდ ეს „მოდერნისტული ექსპერიმენტიც“ სრული კრახით დასრულდა, მაგრამ   ახლა უფრო მეტად სავალალო ის არის, რომ სააკაშვილის შემდგომ საქართველოში თითქოს დრო გაჩერდა.

სისტემური თვალსაზრისით სააკაშვილის შემდგომ თითქმის არაფერი შეცვლილა, ოღონდ ეს არის - კორპორაციის ძალადობა შეწყდა და ვინაიდან ამ ადმინისტრაციულ-მბრძანებლური ყაიდის  ფსევდო-მოდერნიზაციას მხოლოდ ძალადობისა და „დაბოლების“ ტექნოლოგიებით შეეძლო მუშაობა, სისტემა ფაქტობრივად გაჩერდა. იგი საბოლოოდ გადავიდა გარეშე რესურსების პასიურ მოხმარებაზე და სააკაშვილის მახინჯმა კორპორაციულმა პატრონ-კლიენტელიზმმა საშიშიდან  ახლა უკვე საცოდავი სახე მიიღო.

ამგვარი მომხმარებლური, პარაზიტული პატრონ-კლიენტელიზმის დასაყრდენს ფსევდო პარტიულ-პოლიტიკური და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების დეგრადირებული სისტემები ქმნიან. რასაკვირველია, დღევანდელ პარტიებს არაფერი აქვთ საერთო ინდუსტრიული ეპოქის პარტიებთან, რომლებიც მსხვილი სოციალური ჯგუფების ინტერესებს გამოხატავენ. დღევანდელი ე.წ. პარტიები სინამდვილეში ტიპიური კლიენტელები  - პატრონების გარშემო მათი მსახურების სანაცვლოდ სარგებლის მოლოდინში შემოკრებლი პოლიტიკანები არიან; ასევე ყალბია მათ საფუძველზე მოწყობილი ე.წ. წარმომადგენლობითი დემოკრატიაც, რადგან როგორც უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში - პარლამენტში, ასევე ადგილობრივ საკრებულოებშიც მოხვედრილი დეპუტატები ხალხს კი არა, არამედ ხალხის წინაშე სალაყბოდ საკუთარ პატრონებს წარმოადგენენ. სინამდვილეში მათ  არა ხალხის, არამედ საკუთარი პატრონ-გამწესებლების მანდატი აქვთ ჯიბეში.

რა მოხდება თუ სისტემურად არაფერი შეიცვლება?  რასაკვირველია, ქვეყნის ფრაგმენტაცია, დაშლა-დანაწევრება კიდევ უფრო გაღრმავდება და უიმედო ტექნოლოგიური ჩამორჩენის გამო, როცა საინფორმაციო ეპოქაში ძველი ინდუსტრიული ტექნოლოგიები უკვე აღარ მუშაობენ და უარესიც: კონტრ-პროდუქტიულები ხდებიან, ქვეყანა ტექნოლოგიური სინგულარობის მიჯნაზე მყოფი მსოფლიოს ოდენ ბიოლოგიური დანამატი გახდება. მას მხოლოდ უბადრუკი ფიზიკური არსებობის შენარჩუნების, რაც თავიდან ბოლომდე გარეშე პატრონების ნებაზე და მათ მიერ გამოყოფილი რესურსების ოდენობაზე გახდება დამოკიდებული, იმედი უნდა ჰქონდეს. ხოლო რას მოითხოვენ პატრონები ასეთი უბადრუკი ფიზიკური არსებობის სანაცვლოდ, ძნელი წარმოსადგენი სულაც არ არის.

პირველ რიგში - ქვეყნის ფიზიკურ სივრცეს, მის ტერიტორიებსა და რასაკვირველია,  ღირებულ უძრავ ქონებას, რომელიც სულ უფრო ინტენსიურად გადავა უცხოელი პატრონების ხელში. რა როლი ექნება გამზადებული კონსურმერიარტად ჩამოყალიბებულ ქვეყნის მოსახლეობას? სავარაუდოდ, ოდენ ბიოლოგიური მასალისა, რომელიც ტექნოლოგიური სინგულარობისას დაახლოებით იგივე ღირებულებისაა, რაც ცნობილ ბლოგ-პასტერ „მატრიცაშია“ ხორცის ნაჭრად, ცოცხალ ელემენტად ქცეული სამისდღემშიოდ მიძინებული ადამიანი, რომელსაც მხოლოდ ის ეზმანება რეალობად, რაც პატრონსა სწადია.

რასაკვირველია, რეი კურცვეილი ერთ სიტყვასაც არ ამბობს იმის შესახებ, თუ როგორ გადანაწილდება ტექნოლოგიური სიკეთეები დღევანდელ ფეთქებადსაშიშ მსოფლიოში. ცხადია, რომ თანასწორი და „სამართლიანი“ გადანაწილების იმედი არავის უნდა ჰქონდეს. ყველა მიიღებს იმდენს, რაც მისი „ოსტატობის გონის“ შესაბამისია, ანუ იმდენს, რასაც მისი ტექნოლოგიურობა გასწვდება; ის ერები, რომლებიც ტექნოლოგიური ჩამორჩენილობისათვის არიან განწირულნი და არაფერს ქმნიან, არამედ მხოლოდ პასიური მომხმარებლების, კონსურმერიარტის როლს ყაბულდებიან, უდიდესი საფრთხის - დასრულდეს მათი ისტორია, წინაშე დგანან და სავალალოდ, სწორედ ასეთი ერების რიცხვშია დღევანდელი ქართველობაც.

გამოსაფხიზლებლად ძალზე მცირე დრო, სულ ერთი ან მაქსიმუმ ორი ათწლეულიღა გვაქვს დარჩენილი. თუ ამ პერიოდში ჩვენვე არ შევცვლით ჩვენი ისტორიის საბედისწერო მდინარებას, სავალალო შედეგი და უსახელო დასასრული გარდაუვალია!

რა უნდა გაკეთდეს? საქართველომ ტექნოლოგიური გარღვევა უნდა მოახერხოს. უარი უნდა ვთქვათ წინარე ინდუსტრიული პერიოდის სამოქალაქო საზოგადოებისა და შესაბამისი პოლიტიკური ინსტიტუციების მშენებლობაზე. უნდა შევქმნათ არა სამოქალაქო, არამედ საინფორმაციო, ანუ ცოდნის საზოგადოება! ცოდნა და ინფორმაციულობა, მაღალ ტექნოლოგიურობა, საინფორმაციო ეპოქის „ოსტატობის გონი“ უნდა გახდეს ქართული ცივილიზაციის აღორძინების ახალი საფუძველი. ამისათვის რაც შეიძლება სწრაფად განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება ბიუჯეტის არა ნაკლებ ერთ მესამედამდე უნდა გაიზარდოს! სამეცნიერო კვლევები და ინოვაციური საწარმოები საგადასახო პრივილეგიებით უნდა წახალისდნენ.

რასაკვირველია, ტექნოლოგიური გარღვევისათვის ესეც არ იქნება საკმარისი და ამას კარდინალური პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური რეფორმები დასჭირდება. პირველ ყოვლისა, უარი უნდა ვთვათ ფსევდო-პარტიულ სისტემებსა და ე.წ. არასამთავრობო, სინამდვილეში პარაზიტულ ვითომ სამოქალაქო სექტორზე, პატრიმონიალურ ბიუროკრატიასა და ზოგადად -  პატრონ-კლიენტელურ სოციალურ წყობაზე. ფსევდო-წარმომადგენლობითი  კვაზი-დემოკრატია მონაწილეობითი რეალური დემოკრატიით უნდა შეიცვალოს!

დღევანდელ პარტიებად წოდებულ კლიენტელებს მომავალი არა აქვთ! ხოლო თუ მათ მაინც მიეცათ მომავალი, საქართველო დასრულდება!

პარტიულ-პოლიტიკური რეფორმა პარტიების სრული ინფორმატიზაციით უნდა დაიწყოს. პარტია აუცილებლად სოციალური ქსელების მეშვეობით უნდა ინსტიტუციონირდეს. შესაძლოა, ამ მიზნით უახლოეს მომავალში სპეციალური ქსელიც შეიქმნას, ხოლო დასაწყისში მაინც რომელიმე პოპულარული ქსელი, მაგ. ფეისბუქი ან  ტვიტერი იქნეს გამოყენებული. 

წარმომადგენლობითი პოლიტიკური ორგანოების - პარლამენტისა და საკრებულოების როლი ნელ-ნელა უნდა ჩაანაცვლონ სოციალურმა ქსელებმა, სადაც ხმები არა მხოლოდ დაითვლება, არამედ აიწონება კიდეც!

საბოლოოდ უარი უნდა ვთქვათ არჩევნების შედეგების მიხედვით  საჯარო სამსახურის დაკომპლექტებაზე. პოლიტიკური გადაწყვეტილებების პროექტები, რომლებიც სოციალური ქსელების მეშვეობით მიიღება, პროფესიულმა მოხელეებმა, რომლებიც არა პარტიული ნიშნით, არამედ სათნადო ცოდნისა და გამოცდილების მიხედვით შეირჩევიან, უნდა მოამზადონ და აღასრულონ!

საინფორმაციო ანუ ცოდნის საზოგადოების აღმშენებლობის სპეციალური პროგრამის მომზადება და განხორციელება საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედად უნდა იქცეს!

დრო არ ითმენს. ტექნოლოგიური სინგულარობა, რაც მომაკვდინებელი საფრთხეა ტექნოლოგიური ჩამორჩენილობის პირობებში, კარზეა მომდგარი!