სტალინის ფენომენი და საქართველო (მერვე ნაწილი)

სტალინის ფენომენი და საქართველო (მერვე ნაწილი)

სტალინს ყველაზე მეტად უკავშირდება თურქეთის მიერ მიტაცებული საქართველოს სამხრეთი ტერიტორიების, ტაო-კლარჯეთის საკითხი, თუმცა მისი უშუალო დაკარგვა ლენინის მეთაურობით ბოლშევიკური რუსეთის მთავრობასა და თურქეთის მთავრობას შორის ქართული ტერიტორიების გადანაწილების შედეგია, რომელიც გაფორმდა 1921 წლის 13 ოქტომბერს ყარსის ხელშეკრულებით.

ვინმე იმის მტკიცებას თუ დაიწყებს, რომ სტალინს შეეძლო წინ აღდგომოდა ლენინის ხელისუფლებას აღნიშნული ტერიტორიების შესანარჩუნებლად, ეს დიდი უმეცრება იქნება. თვით ლენინი ერიდებოდა თურქეთთან მდგომარეობის დაძაბვას, რადგან მის უკან ინგლისი იდგა და, დიდი ვარაუდით, ბათუმის შემოერთებაც წითელი არმიის მიერ უკვე დამარცხებულ ქართულ ჯარს და მის მეთაურს გენერალ მაზნიაშვილს იმიტომ დაავალეს, რომ ინგლისელთა პროტესტის შემთხვევაში ეს მოვლენა ძველი ქართული მთავრობისა და მისი ჯარის თვითნებობისთვის დაებრალებინათ.

ასე რომ, ბოლშევიკურ რუსეთს მთავარი მიზანი მიღწეული ჰქონდა, კავკასია მისი სტრატეგიული ამოცანების სამსახურში იყო ჩაყენებული, ხოლო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საერთაშორისო ურთიერთობების დაძაბვა არ უღირდა, მით უმეტეს, ინგლისთან მაშინ საბჭოთა სახელმწიფოსთვის ხელსაყრელი სავაჭრო-ეკონომიკური ხელშეკრულების დადება იყო დაგეგმილი.

სტალინმა მეორე მსოფლიო ომში სრული გამარჯვების წინა პერიოდში ჩაიფიქრა საქართველოსა და სომხეთისთვის თურქეთის მიერ მიტაცებული მიწების დაბრუნება. ამის გამო თურქეთთან სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში სტალინმა ფრონტის ზურგში თურქული ორიენტაციის მოსახლეობის არსებობა მიზანშეუწონლად ჩათვალა და 1944 წლის 15 ნოემბერს სწრაფი ოპერაციით ადიგენის, ასპინძისა და ახალციხის რაიონების სოფლებიდან 19 ათას 818 ოჯახი შუა აზიაში გაასახლა, რაც ასი ათასამდე ადამიანი მაინც იქნებოდა.

თუ გადავხედავთ მათ ეთნიკურ შემადგენლობას, თურქი - 14 493, ქურთი - 1800, აზეირბაიჯანელი - 358, იეზიდი - 7, თათრები - 126 ოჯახი. აქედან არც ერთი არ თვლიდა თავს ქართული წარმომავლობისად, ხოლო მათ შორის, ვინც არ აღმოჩნდა თურქული წარმოშობის, მიიღეს შესაბამისი კომპენსაცია და თავისუფალი საცხოვრებელი ადგილის არჩევის უფლება.

იმ პერიოდში აღნიშნული მოსახლეობის მხრიდან ქართველებისა და საქართველოს მიმართ აგრესიული და მტრული დამოკიდებულების უამრავი ფაქტია ცნობილი, რომელიც პრესაშიც ბევრჯერ გამოქვეყნებულა.

ლიბერალისტური მსოფლმხედველობით თუ მივუდგებით, მაშინ ამ ეთნიკური ჯგუფის საქართველოდან გასახლება არაჰუმანური აქტია, მაგრამ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებით თუ ვიმსჯელებთ, ამ კუთხით საქართველოს მოშორდა ეთნოკონფლიქტის ერთი საშიში კერა, რომელიც, მათი გამრავლების ტემპებიდან გამომდინარე, სადღეისოდ დაახლოებით ნახევარ მილიონიანი მოსახლეობის მქონე მაინც იქნებოდა.

სხვათა შორის, იაპონიასთან ომის დაწყების შემდეგ ამერიკის მთავრობამ სახელმწიფო უშიშროების უზრუნველყოფის მოტივით თავის ტერიტორიაზე მცხოვრები 250 ათასი იაპონელი დააპატიმრა და საკონცენტარციო ბანაკის მსგავს რეზერვაციაში შეყარა. ამიტომ, სანამ ამ გადაწყვეტილების გამო სტალინს ტირანად მონათლავენ, იქ ამერიკის მთავრობის მსგავსი შეფასებაც გააკეთონ.

"დიდი სამეულის" პოტსდამის კონფერენციაზე (1945 წლის ივლისი) თურქეთის ტერიტორიული საკითხი წამოიჭრა. 23 ივლისის სხდომაზე იოსებ სტალინმა ისტორიული სიტყვა წარმოთქვა: "გუშინ ჩერჩილი ამტკიცებდა, რომ რუსები თურქებს აშინებენო. გარწმუნებთ, რომ ბულგარეთში მყოფ ჩვენს ჯარებს თურქები არ დაუშინებიათ. იქნებ საზღვრების შესწორების წინადადებამ დააშინა თურქები? მაგრამ საკითხი ეხება იმ საზღვრების აღდგენას, რომლებიც პირველ მსოფლიო ომამდე არსებობდნენ. მხედველობაში მაქვს ყარსის რაიონი, რომელიც მანამდე სომხეთის შემადგენლობაში იყო და ართვინ-არტაანის რაიონი, რომელიც ასევე ომამდე საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა. ძველი საზღვრების აღდგენის საკითხი არ წამოიჭრებოდა, თურქებს რომ ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების დადება არ მოეთხოვათ. მოკავშირეობა კი ნიშნავს, რომ ჩვენ ვვალდებულობთ დავიცვათ თურქეთის საზღვარი, ხოლო თურქეთი ასევე ვალდებულობს დაიცვას ჩვენი საზღვარი. მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ საზღვარი ყარსისა და არტაანის რაიონში არასწორია და ასეც განვუცხადეთ თურქებს. თუ მათ სურთ ჩვენთან მოკავშირეობა, მაშინ საჭიროა გაასწორონ საზღვრები და თუ არ უნდათ, მაშინ საკითხი მოკავშირეობაზე გამორიცხულია!".

ამასობაში საქართველოსა და სომხეთში გამალებული იდეოლოგიური მუშაობა მიდიოდა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების საკითხზე, რასაც ეს მასალაც კარგად ამტკიცებს. იხილეთ: https://besarion.wordpress.com/2012/07/26/georgia_turkey/

ისმება კითხვა, თუ რატომ ვერ შეძლო სტალინმა, მიუხედავად დიდი მონდომებისა თურქეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, მით უმეტეს, საქმე ამავე დროს ეხებოდა საბჭოთა კავშირისთვის სტრატეგიულად მეტად საჭირო შავი ზღვის დარდანელისა და ბოსფორის სრუტების ხელში ჩაგდებას. საქმე იმაშია, რომ 1945 წლის 15 ივლისს ამერიკამ წარმატებით გამოცადა ატომური ბომბი, რაც დაუყოვნებლივ აცნობეს სტალინს. დასავლეთის ბლოკს უკვე იმდენი ძალა შესწევდა რომ სსრკ-ის გარეშე გამკლავებოდა იაპონიას და თუ საჭირო გახდებოდა წინ აღდგომოდა სოციალიზმის ექსპანსიას. სხვათა შორის, ეს ასეც მოხდა სულ რამდენიმე წელიწადში კორეის ნახევარკუნძულზე, როცა სამხრეთ კორეის დასაცავად დასავლეთმა დიდი სამხედრო კოალიცია შექმნა საბჭოთა კავშირის, მისი სატელიტის ჩრდილო კორეისა და ჩინეთის წინააღმდეგ, რამაც საკმაოდ მასშტაბური სამწლიანი ომი გამოიწვია 1950-53 წლებში.

ამავე დროს ამერიკა აქტიურად ჩაერთო თურქეთის დაცვაში. 1946 წელს სტამბულში შევიდა ამერიკული ლინკორი ”მისური” სხვა სამხედრო გემების თანხლებით. თურქეთს იარაღის შესაძენად ასობით მილიონი დოლარი კრედიტი გამოუყვეს, ხოლო 1952 წლის 18 თებერვალს თურქეთი ნატოშიც მიიღეს. თურქეთზე თავდასხმა უკვე მესამე მსოფლიო ომის დაწყებას ნიშნავდა, რაც ნამდვილად არ იქნებოდა გონივრული ატომური იარაღის ეპოქაში გადასული მსოფლიოს პირობებში.

ზოგიერთი ექსპერტი სტალინს ბრალს დებს იმაში, რომ მას თურქეთის დაჩოქება ომის დასრულებამდე, 1944 წელს ან მანამდეც შეეძლო, როცა საბჭოთა კავშირისთვის სამხედრო თვალსაზრისით ამის გაკეთება სირთულეს არ წარმოადგენდა. არსებობს ინფორმაციაც, რომ საბჭოთა მარშალი როკოსოვსკი, რომელიც სტალინს გულწრფელად დიდ პატივს სცემდა და ხრუშჩოვის პერიოდშიც სტალინის წინაღმდეგ ცუდი ვერაფერი ათქმევინეს, რის გამოც პოლიტიკური დევნაც განიცადა, სტალინს თურქეთზე თავდასხმის ნებართვას სთხოვდა და ჰპირდებოდა რომ ორიოდე კვირაში მას მშობლიური საქართველოს თურქეთის მიერ დაპყრობილ ტერიტორიებს ჩააბარებდა, მაგრამ სტალინმა ამ მიმზიდველ წინადადებაზე უარი უთხრა.

თავისთავად, საინტერესოა, თუ რატომ არ მიიღო სტალინმა თურქეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების განთავისუფლების გადაწყვეტილება 1944 წელს, რისი სურვილიც, როგორც შემდგომში გამოჩნდა, მოჭარბებულად ჰქონდა. უნდა ვიფიქროთ, რომ მას ამ ნაბიჯის გამამართლებელი მძიმე საბუთები გააჩნდა. ვერსიების სახით ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ სტალინს ჰიტლერული გერმანიის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნამდე არ სურდა მოკავშირე დასავლეთის სახელმწიფოების გაღიზიანება მათთან შეუთანხმებელი ქმედებებით, რადგან გერმანიის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას სტალინი სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით აუცილებლად თვლიდა.

სამხედრო ასპექტს რაც შეეხება, გერმანია ჯერ კიდევ დიდ პოტენციალს ფლობდა და ამაზე ისიც მეტყველებს, რომ 1944-45 წლებში მარტო პოლონეთის განთავისუფლებას 600 ათასი საბჭოთა ჯარისკაცი შეეწირა, ხოლო მხოლოდ უნგრეთის დედაქალაქის ბუდაპეშტის აღებას 100 ათასი მებრძოლი.

ამავე დროს, სტალინი დასავლეთის მოკავშირეების სანდოობის მიმართ მუდმივი საფუძვლიანი შიშისა და ეჭვების ქვეშ იმყოფებოდა. ამაზე მეტყველებს ჰიტლერულ გერმანიასა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის დადებული ხელშეკრულებები, რომელთა გამო სტალინის მცდელობა რომ, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე შექმნილიყო ანტიჰიტლერული კოალიცია, რასაც ომის საფრთხის თავიდან აცილება შესაძლოა მოჰყოლოდა, მარცხით დამთავარდა.

გადავხედოთ აღნიშნული ხელშეკრულებების ჩამონათვალს: 1934 წელს დაიდო პოლონეთ-გერმანიის ხელშეკრულება (ჰიტლერ-პილსუდსკის), რომელიც სსრკ-ის წინააღმდეგ იყო მიმართული.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ 1935 წელს დაიდო საბჭოთა კავშირ საფრანგეთს შორის ურთიერთდახმარების ხელშეკრულება, რომელიც იგივე ფრანგებმა მალე უგულვებელყვეს და საბჭოთა მთავრობასთან სამხედრო-პოლიტიკურ თანამშრომლობაზე უარი განაცხადეს.

1936 წელს ხელი მოეწერა გერმანია-იაპონია-იტალიის ხელშეკრულებას, რომელსაც თანდათან შეუერთდნენ უნგრეთი, ფინეთი, რუმინეთი,ესპანეთი,ბულგარეთი,დანია, ხორვატია,სლოვაკეთი.

იმის ნაცვლად რომ ინგლის-საფრანგეთს საბჭოთა კავშირთან კოალიციაში აელაგმათ ჰიტლერ-მუსოლინის მილიტარისტული კოალიციის იმპერიალისტური გეგმები, მათ 1938 წელს ჰიტლერთან დადეს მიუნხენის ხელშეკრულება ჩემბერლენ-დალადიეს ხელმოწერებით, რომლითაც ჰიტლერს ჩეხეთის დაპყრობის საშუალება მისცეს. ამას მოჰყვა 1938 წლის 30 სექტემბრის ინგლის-გერმანიის ხელშეკრულება მეგობრობისა და თავდაუსხმელობის შესახებ.

მხოლოდ ამის შემდეგ 1939 წელს დაიდო საბჭოთა კავშირ გერმანიას შორის თავდაუსხმელობის პაქტი, რითაც სტალინმა მოიგო გარკვეული დრო, თითქმის ორი წელი სამხედრო გადაიარაღებისათვის. ცნობილი ფაქტია, რომ სტალინი მზად იყო უარი ეთქვა აღნიშნული ხელშეკრულების ხელმოწერაზე, თუ ინგლის-საფრანგეთი ანტიჰიტლერული კოალიციის შექმნაზე თანხმობას განაცხადებდნენ.

ხოლო 1941 წელს საბჭოეთსა და იაპონიას შორის ორმხრივი ნეიტრალიტეტის ხელშეკრულება გაფორმდა, რამაც ორ ფრონტზე ბრძოლის საშიშროებისგან იხსნა საბჭოთა კავშირი.

ასე რომ, როცა სტალინს თანამედროვე ლიბერალისტი პროპაგანდისტები ბრალს დებენ ჰიტლერთან თანამშრომლობაში და ზოგიერთი ისე თავხედდება, რომ მეორე მსოფლიო ომის დაწყებას ჰიტლერთან ერთად სტალინს აბრალებს, მათ საწინააღმდეგოდ არსებული ინფორმაციაზე დაყრდნობით თავდაჯერებით შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ომის ცეცხლის დანთებაში უშუალო ბრალი მიუძღვით დასავლეთის ლიდერებს, რომელთაც ჰიტლერი თავიანთი ფარისევლური პოლიტიკით მონსტრად იმიტომ აქციეს, რომ მისი ხელით სურდათ საბჭოთა კავშირის, როგორც დასავლური ცხოვრების წესისათვის საშიში ანტიპოდის მოსპობა, მაგრამ როცა ეს მონსტრი შესაჭმელად მის შემქმნელებს იქით მიუბრუნდა, მერე კი კეთილი ინებეს და მის გასანადგურებლად საბჭოეთთან კოალიციაში შესვლაც იკადრეს.

მიუხედავად იმისა, რომ ომის პერიოდში ანტიჰიტლერული კოალიცია ჰიტლერის წინააღმდეგ უკვე ერთობლივად იბრძოდა, სტალინმა კარგად იცოდა, რომ ეს იყო დროებითი მოკავშირეობა და დასავლეთსა და საბჭოთა კავშირს შორის იდეოლოგიურ საწყისებზე ისეთი ანტაგონისტური დამოკიდებულება იყო, რომ ისინი ერთმანეთთან ჭიდილისათვის იყვნენ განწირულნი.

ეს ტენდეცია ჯერ კიდევ 1946 წელს ღიად გამოიკვეთა უინსტონ ჩერჩილის სიტყვაში აშშ-ის ქალაქ ფულტონში. მანამდე კი ისტორიკოსებისათვის ცნობილი ფაქტია, რომ სანამ 1939 წლის 23 აგვისტოს მოლოტოვ-რიბენტროპის ხელშეკრულება დაიდებოდა, იგეგმებოდა გერმანიის მთავრობის წევრის გერინგის ვიზიტი ლონდონში, სადაც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ინგლის-გერმანიის ერთობლივი ფრონტით გამოსვლაზე შეთანხმება იყო გამიზნული.

ანალოგიური მისიით ჩაფრინდა ინგლისში 1941 წლის 10 მაისს ჰიტლერის თანაშემწე რუდოლფ ჰესი, რომლის საქმეც ”გრიფით საიდუმლო” ამ მოვლენიდან 75 წლის შემდეგაც არ მჟღავნდება. ნიურბერგის პროცესზე 1946 წლის აგვისტოში ჰესი აპირებდა ინგლისში მისი მისიის შესახებ ესაუბრა, მაგრამ ტრიბუნალის თავმჯდომარემ ინგლისელმა ლოურენსმა უხეშად შეაწყვეტინა სიტყვა და ამის შემდეგ ჰესმა სიჩუმე ამჯობინა.

ჰესის ისტორიის შესახებ კომპეტენტურად აქვს ნათქვამი 1948 წელს ალენ დალესს, რომელიც ომის წლებში შვეიცარიის ქალაქ ბერნში ამერიკის სტრატეგიულ სამსახურს ხელმძღვანელობდა, ხოლო შემდეგ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორი გახლდათ: ” ბრიტანეთის დაზვერვამ ბერლინში კონტაქტი დაამყარა რუდოლფ ჰესთან და მისი დახმარებით თვით ჰიტლერზე გასასვლელი მოძებნეს. ჰესს უთხრეს, რომ თუ გერმანია ომს გამოუცხადებს საბჭოეთს, ინგლისი შეწყვიტავს საომარ მოქმედებებსო”.

პრინციპში ასეც მოხდა. საბჭოთა კავშირზე თავდასხმის შემდეგ ანტიჰიტლერული კოალიციის დასავლეთის სახელმწიფოებმა მეორე ფრონტი ომის დაწყებიდან მხოლოდ სამი წლის შემდეგ გახსნეს, როცა დაინახეს რომ საბჭოეთი გერმანიას მათი ომში ჩაბმის გარეშეც დაამარცხებდა და ომში გამარჯვების მთელი სტრატეგიული მონაპოვარი მარტო მის ხელში აღმოჩნდებოდა.

ჰესი 1945 წლამდე ჩერჩილის განკარგულებით საპატიო ტყვის პრივილეგიებით ტაუერის ციხეში იმყოფებოდა, ხოლო ნიურბერგის პროცესის გადაწყვეტილებით სამუდამო პატიმრობის სასჯელით გერმანიაში შპანდაუს ციხეში გამოკეტეს. საინტერესოა, რომ 1987 წელს 93 წლის ასაკში ჰუმანურობის მოტივით მისი გათავისუფლება გადაწყვიტეს, მაგრამ იმავე დღეს ციხის ეზოში რკინის მავთულით დამხვრჩვალი იპოვეს, ხოლო მისი მრავალრიცხოვანი ჩანაწერები დაიკარგა ან გაანადგურეს. იხილეთ: http://www.km.ru/front-projects/krestovyi-pokhod-zapada-protiv-rossii/taina-angliiskoi-missii-rudolfa-gessa

ანალოგიურ მიზნებს ისახავდა ჰიტლერის წინააღმდეგ მარცხით დამთავრებული პოლკოვნიკ შტაუნფენბერგის სამხედრო შეთქმულება 1944 წლის ივლისში. მასში მონაწილეობდნენ ფელდმარშალი რომელი, გენერალ-ლეინტენანტი შპაიდელი, საფრანგეთის გუბერნატორი გენერალი შტიულპნაგელე და სხვები. ისინი კონკრეტულად დასავლეთის ფრონტზე ომის შეწყვეტას და ინგლის-ამერიკის ჯარებთან ერთად აღმოსავლეთის ფრონტზე საბჭოთა კავშირთან ერთობლივ ბრძოლას აპირებდნენ, რისი გარკვეული გარანტიებიც დასავლეთიდან რომ არ ჰქონოდათ, მაშინ ამგვარ რისკიან შეთქმულებასაც ვერ გაბედავდნენ, რომელსაც მათი სიცოცხლე შეეწირა.

სხვათა შორის, არსებობს ამგვარი ინფორმაციაც, რომ სტალინმა უარი თქვა ჰიტლერზე ტერორისტული აქტის განხორციელებაზე იმის შიშით, რომ მის ადგილზე მოსული გერმანიის ახალი ლიდერი მოახერხებდა მთელი დასავლეთის კონსოლიდაციას საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, ამიტომ ოდიოზური ჰიტლერის ფიგურის არსებობა გერმანიის სრულ განადგურებამდე აუცილებლად მიიჩნია.

ასევე ცნობილი ფაქტია რომ გერმანიის რეიხის მეორე პირი ჰიმლერი ომის დასასრულს სეპარატულ მოლაპარაკებას აწარმოებდა დასავლეთის არმიის ხელმძღვანელებთან ომის შეწყვეტის თაობაზე და გერმანული არმიის საბჭოეთის წინააღმდეგ გამოყენებაზე, რის გამოც ჰიტლერმა ომის ბოლო დღეებში ის მოღალატედ გამოაცხადა და მისი დაპატიმრება მოითხოვა.

თუ რა საიდუმლო საომარ ოპერაციებს გეგმავდა ინგლის-ამერიკა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, უკვე 1945 წლის ივლისში, ეს ამჟამად უკვე ცნობილია საარქივო დოკუმენტების საფუძველზე. ჩაფიქრებული იყო არა მარტო სახმელეთო ოპერაციები, არამედ 196 ატომური ბომბით საბჭოთა კავშირის ქალაქების სრული მოსპობა. მხოლოდ საბჭოთა არმიის გამანადგურებელი საპასუხო დარტყმის შიშით დასავლეთმა ვერ გაბედა ასეთი მასშტაბის საკაცობრიო დანაშაულის ჩადენა. იხილეთ: http://rusvesna.su/news/1436595676

(გაგრძელება იქნება)