სხვათა შორის, მაკიაველურ პოლიტიკურ შეხედულებებათა ამრეზით მაყურებელ ლიბერალისტებს შევახსენებ დემოკრატიის ფორპოსტად აღიარებული ამერიკის ცნობილი პრეზიდენტის ფრანკლინ რუზველტის სახელმწიფოს ინტერესებიდან გამოტანილ გადაწყვეტილებებს. რუზველტმა ჯერ ბანკები გაანთავისუფლა მოსახლეობისათვის ანაბრების დაბრუნებისგან. საუბარი თან იმ ბანკებზეა, რომელთა მმართველებმა ფინანსური მანიპულაციებით 1929-33 წლებში ტოტალური ეკონომიკური კრიზისი გამოიწვიეს, რამაც სპეციალისტების გათვლებით 7 მილიონიანი დემოგრაფიული დანაკლისი გამოიწვია აშშ-ის მოსახლეობაში, ხოლო ამ კატასტროფის თავიდან ასაცილებლად ამერიკის მაშინდელმა სახელისუფლო ელიტამ არაფერი არ გააკეთა.
ამ უბედურების რეალური ავტორების მიმართ არც გამოძიება წარმოებულა და დღესაც სათანადო ისტორიულ შეფასებასაც თავს არიდებენ. ეს არც არის გასაკვირი, რადგან მათი შთამომავლობა დღესაც ამერიკული საბანკო კარტელის ელიტას წარმოადგენს. სამაგიეროდ, უკრაინაში ხორბლის უკმარისობის გამო გამოწვეულ შიმშილში სხვისი დადანაშაულება უფრო ეადვილებათ.
ამის გარდა, რუზველტმა უკანონოდ გამოაცხადა კერძო პირების ხელში ოქროს მონეტები და ნაკეთობები. ეს რეალურად იყო მოსახლეობისგან ოქროს კონფისკაცია, რადგან ვინც დაარღვევდა ამ კანონს, 10 წლიანი ციხე და 10 000 დოლარი ჯარიმა ელოდა, რაც ახლანდელ 100 000 დოლარს უდრის. ვინც ოქროს აბარებდა, მას აძლევდნენ 20 დოლარს უნცია (28 გრამი) ოქროში.
რუზველტმა ეს ღონისძიება საზოგადოების რესურსების კონსოლიდაციის სურვილით ახსნა. სინამდვილეში ეს იყო მსოფლიო ისტორიაში საკუთარი მოსახლეობის ყველაზე გრანდიოზული ძარცვა, რადგან ამის შემდეგ ამერიკის ეროვნულმა ბანკმა-ფედერალური რეზერვის სისტემამ უნცია ოქრო უეცრად გააძვირა და 35 დოლარად შეაფასა, რითაც არა მარტო ოქროს ჩამბარებელი მოსახლეობა გააღატაკა თითქმის ორჯერ, არამედ ამ ღონისძიების შედეგად გამოწვეული დოლარის გაუფასურებით იმ პერიოდში მთელ მოსახლეობას მიაყენა მძიმე ეკონომიკური დარტყმა.
ამგვარი მაქინაციის სანაცვლოდ სახელმწიფო ხაზინაში შესული თანხით რუზველტმა ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტიციების მობილიზება და მისი კრიზისიდან გამოყვანა შეძლო და ამის გამო ფრანკლინ დელანო რუზველტი ამერიკის ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტად არის აღიარებული, ხოლო იოსებ სტალინს, რომელმაც ჩატარებული კოლექტივიზაციის შედეგად საკუთარი სახელმწიფოს ინდუსტრიალიზაცია განახორციელა, რასაც დაეფუძნა ფაშისტური გერმანიის დამარცხება და სრული მოსპობისაგან ქვეყნის გადარჩენა, უმუშევრობის პრობლემის სრული გაქრობა და ცხოვრების დონის ამაღლების დაწყება, სწორედ ამ კოლექტივიზაციას უყენებენ ერთ-ერთ მძიმე ბრალდებად. რა ქვია ამას, თუ არა ლიბერალისტური იდეოლოგიური დემაგოგია?
კოლექტივიზაციის კონტექსტში წარმოიშვა სტალინის ხელისუფლების მიმართ ერთ-ერთი უმძიმესი ბრალდების მითი -პოლიტიკური მოსაზრებებით მის მიერ უკრაინის მოსახლეობისათვის შიმშილით გენოციდის მოწყობის შესახებ. ფაქტების კონსტანტაცია კი სულ სხვა ისტორიულ სინამდვილეს ხდის ფარდას. სხვადასხვა გამოკვლევებით დასტურდება, რომ 1931-32 წლები ნაკლებ მოსავლიანი იყო. მაგალითად, თუ კი 1930 წელს უკრაინაში ხორბლის მოსავალი იყო 22, 72 მილიონი ტონა, 1931 წელს იყო 18, 34 მილიონი ტონა, ხოლო 1932 წელს 14, 67 მილიონი ტონა. 1933 წელს უკვე ისევ 22.9 მილიონ ტონამდე ავიდა მოსავლის რაოდენობა.
იმის თქმა, რომ კოლექტივიზაციის შედეგად საერთოდ იკლო მოსავალმა, ესეც სიცრუე იქნება, რადგან კოლექტივიზაციამდე, მაგალითად, 1927 წელს ხორბლის მოსავალი შეადგენდა მხოლოდ 18, 67 მილიონ ტონას. 1928 წელი, როგორც ჩანს, ასევე უმოსავლიანო იყო და აიღეს 13. 88 მილიონი ტონა ხორბალი, მაგრამ მაშინ რუსეთის სხვა რეგიონები უმოსავლიანო არ იყო, როგორც ეს მოხდა 1931-32 წელს.
საერთოდ, კოლექტიური წარმოების შრომის ნაყოფიერება რომ უფრო მაღალ შედეგებს იძლეოდა ეს იმითაც მტკიცდება, რომ 1937 წელს საბჭოთა კავშირმა მიიღო 120 მილიონი ტონა ხორბალი, მაშინ როცა ყველაზე მოსავლიან 1913 წელს რუსეთის იმპერიაში უფრო მეტ ფართობზე მიღებული იქნა 80 მილიონი ტონა.
შესაბამისად, კოლექტივიზაციის განხორციელების შემდეგ იზრდებოდა პურის სახელმწიფოსთვის ჩაბარება. თუ მაგალითად, კოლექტივიზაციამდე 1927 წელს მხოლოდ ერთ მილიონამდე ტონა ხორბალი ჩააბარეს, ხოლო 1928 წელს 1.44 მილიონი ტონა, კოლექტივიზაციის შემდეგ 1929 წელს სახელმწიფოს ჩააბარეს ინდუსტრიალიზაციისთვის ესოდენ საჭირო ვალუტის მოსაპოვებლად უკვე 4,56 მილიონი ტონა, 1930 წელს 6,92 მილიონი ტონა, ხოლო 1931 წელს სარეკორდო 7,39 მილიონი ტონა. სამაგიეროდ, 1932 წელს მხოლოდ 4,28 მილიონი ტონა ჩაიბარა სახელმწიფომ, რაც მოუსავლიანობის გამო გეგმის შემცირებით იყო გამოწვეული.
თავისთავად, კოლექტივიზაციას უამრავი მოწინააღმდეგე ჰყავდა. გლეხების გარკვეულმა ნაწილმა მუშა ცხენებიც კი დახოცა და მათი რაოდენობა1927 წელს 5 მილიონიდან 1934 წელს 2,5 მილიონამდე დაეცა. მსხვილი რქოსანი პირუტყვის რაოდენობა კი 60 მილიონიდან 30 მილიონამდე შემცირდა.
ბევრი საბოტაჟსა და მავნებლობას ეწეოდა, რომელთა მიმართაც მიმდინარეობდა მკაცრი რეპრესიები. მაგალითად, 1932 წელს სპეციალურად შექმნილი სასამართლო სამეულების მიერ ხორბლის დამზადების სფეროში დანაშაულებისთვის დახვრიტეს 31 ადამიანი, 10 წელი მიუსაჯეს 116 კაცს, 5 წელი 419-ს, 3 წელი 92-ს, გადაასახლეს 443. ხოლო საერთო სასამართლოების მიერ უმაღლესი სასჯელი, სიკვდილი მიესაჯა 194 ადამიანს, 2851 კაცს კი სხვადასხვა ვადით პატიმრობა.
1933 წლის 7 და 8 თებერვალს სსრკ-ის კომპარტიის ცკ-ის პოლიტბიურო შიმშილობის თითოეულ ფაქტზე ადგილობრივი ხელისუფლებისგან შესაბამისი ღონისძიების გატარებას მოითხოვს და მის აღმოსაფხვრელად მხოლოდ უკრაინისთვის 576 400 ტონა ხორბალს გამოყოფს. ამას ემატება მოშიმშილე დონბასისთვის დამატებით 250 ათას ტონამდე ხორბლის გამოყოფა.
ამასთან ერთად, ცნობილია რომ საბჭოთა ხელისუფლებას 1933 წლის პირველი იანვრისათვის სახელმწიფო ფონდის რეზერვებში სულ გააჩნდა 3,034 მილიონი ტონა ხორბალი, ნაცვლად გეგმით გათვალისწინებული 3, 699 მილიონი ტონისა და აქედან საერთო ჯამში 2, 2 მილიონი ტონა მთელი ქვეყნის მასშტაბით შიმშილობით დაზარალებულ რეგიონებში გაანაწილა, რადგან არანაკლები მასშტაბის შიმშილობა და სიკვდილიანობა დაფიქსირდა 1932-33 წლებში ურალში, დასავლეთ ციმბირში, მდინარე ვოლგის სამხრეთ და შუა ნაწილში, ყაზახეთსა და ჩრდილო კავკასიაში.
უკრაინაში შიმშილობის მსხვერპლთა რაოდეობას სამი მილიონიდან 7 მილიონამდე ადამიანს ანგარიშობენ, რასაც კარგად იყენებენ იდეოლოგიური თვალსაზრისით საბჭოთაფობიური და რუსოფობიური ძალები. თავად უკრაინის დემოგრაფიიისა და სოციალური კვლევების ინსტიტუტის დასკვნით უკრაინის დემოგრაფიული დანაკარგი 1932 -33 წლის შიმშილობის შედეგად არის 3,2 მილიონი ადამიანი.
სსრკ-ის სახგეგმის სტატისტიკის მიხედვით უკრაინაში 1932 წელს დაიბადა 780 ათასი და გარდაიცვალა 668 ათასი ადამიანი, ხოლო 1933 წელს დაიბადა 359 ათასი და გარდაიცვალა 1.3 მილიონი ადამიანი, როცა სხვა წლებში დაბადებულთა რაოდენობა ორჯერ აჭარბებდა გარდაცვლილთა რაოდენობას, ციფრებში კი დაახლოებით ეს ასე გამოიყურებოდა-იბადებოდა 1 200 000 ადამიანი, ხოლო გარდაიცვლებოდა 600 000 ადამიანი, ანუ ორივე წლის მონაცემებით დაახლოებით 2 მილიონამდე ადამიანის დემოგრაფიული დანაკლისი განიცადა უკრაინამ, რაც თავისთავად უდიდესი ტრაგედიაა.
აბა, საიდან მოაქვთ უკრაინაში შიმშილობით 7 მილიონი კაცის მსხვერპლის რაოდენობა? აღმოჩნდა, რომ გერმანელ ფაშისტთა ცრუ პროპაგანდის მინისტრის გებელსის ბრძანებით 1941 წლის ოქტომბერში მომზადდა და საბჭოთა პოზიციებზე ჩამოიყარა სააგიტაციო ფურცლები, სადაც აღნიშნული იყო რომ უკრაინაში გენოციდს 1932-33 წლებში შეეწირა 7 910 000 ადამიანი. სწორედ ამ გებელსისეულ ციფრს ატრიალებენ თანამედროვე ცრუ იდეოლოგები.
ისიც ფაქტია, რომ პურის ექსპორტი 1932-33 წელს მხოლოდ 1,8 და 1,6 მილიონი ტონა იყო, რაც 1930 წლის 4, 8 და 1931 წლის 5,2 მილიონ ტონაზე რამდენჯერმე ნაკლებია, ასე რომ, დაბეჯითებით იმასაც ვერ იტყვის ვინმე, რომ ხორბლის მაქსიმალური ექსპორტის მიზნით სტალინის მთავრობა საკუთარ მოსახლეობას და გამორჩეულად უკრაინელებს შიმშილით ხოცავდა.
იმის მტკიცებაც, რომ თუ იძულებით ხორბლის დამზადების გეგმა არ განხორცილდებოდა, მაშინ შიმშილობა არ იქნებოდაო, საფუძველსმოკლებულია, რადგან იმ ხორბლის დიდი ნაწილი ქალაქის მოსახლეობაზე ნაწილდებოდა და თუ სახელმწიფოს თავის ფონდებში პურის მარაგი არ ექნებოდა, მაშინ სახელმწიფოს მზარდი ინდუსტრიალიზაციის შედეგად ქალაქში გადასახლებული ათობით მილიონი ადამიანი შიმშილის საფრთხის წინაშე დადგებოდა. არადა, მარტო 1928-33 წლებში უკრაინის ქალაქებში გადასახლდა მილიონობით ადამიანი, რომელთა უმეტესობამ ინდუსტრიალიზაციის შედეგად შექმნილ ახალ სამრეწველო ობიექტებში დაიწყო მუშაობა.
ხორბლის ჩაბარების გეგმის იძულებით შესრულების მეთოდი რომ ეფექტური იყო ბელორუსიის მაგალითითაც კარგად მტკიცდება, სადაც 1932 წლის 10 დეკემბრამდე ხორბლის დამზადების გეგმა მხოლოდ 46%-ით იყო შესრულებული და მოსკოვიდან მკაცრი ზეწოლის შემდეგ უკვე 1933 წლის 1 იანვრისთვის, ანუ 20 დღეში გეგმა შესრულებული იქნა 106%-ით და ამას ბელორუსიაში შიმშილობა არ გამოუწვევია.
აქსიომაა, რომ ქვეყანაში რაც ხდება მასში მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას და უკრაინასა თუ სხვა რეგიონებში შიმშილობის შედეგად ადამიანების მასობრივი დაღუპვაც მაშინდელი ხელისუფლების ანგარიშზეა.
ფაქტია, რომ შეცდომები დაუშვეს კოლექტივიზაციის აუცილებლობაში მოსახლეობის დარწმუნების პროპაგანდისტულ მუშაობაში და ამის გამო, როგორცზემოთ სტატისტიკა გვიჩვენებს, მილიონობით ცხენი და მსხვილფეხა საქონელი გლეხობამ საკუთარი ხელით ამოხოცა, რათა კოლექტივის საკუთრება არ გამხდარიყო.
ასევე, გლეხობა ნაკლები ენთუზიაზმით მუშაობდა კოლექტივში, რადგან ანაზღაურება არ აკმაყოფილებდა და აღნიშნულ წლებში შრომის ნაყოფიერებამაც იკლო. ყოველივე ამის გამო კოლექტივიზაციის პირველ წლებში შემცირდა ხორბლის ნათესები. სადამსჯელო ღონისძიებების მიუხედავად სათანადოდ ვერ აღიკვეთა ხორბლის ქურდობაც, რადგან მას მასობრივი ხასიათი ჰქონდა. ყოველივე ამან გამოიწვია მოსავლის აღებაში ჩავარდნა. ამასთან ერთად, ვერ ხორციელდებოდა რეგიონებში ხორბლის სწორი აღრიცხვიანობა და განაწილება.
უდავოდ, ყოველივე ზემოთქმული ხელისუფლების მძიმე შეცდომებზე მიუთითებს, რომელმაც ლოგიკურად ასეთივე მძიმე შედეგები გამოიწვია ქვეყანაში შიმშილობით დიდი მსხვერპლის სახით და ამის დამალვა ან გამართლება არ იქნება სწორი, მაგრამ ამ მიზეზით იმ დროს არსებული გარემოებების გათვალისწინების გარეშე კოლექტივიზაციის სრულიად უარყოფითად შეფასება და მითუმეტეს, მაშინდელი ხელისუფლების დადანაშაულება უკრაინის მოსახლეობის გენოციდში, ანუ გამიზნულად მის მასობრივ მკვლელობაში, რაც გაპიარებულია დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის მოტივირებული პროპაგანდით, საფუძველს სრულიად მოკლებულია.
ამას ამტკიცებს უკრაინის მოსახლეობის ზრდის დინამიკაც გასული საუკუნის 30-იან წლებში. 1930 წლის აღწერით უკრაინის მოსახლეობა იყო 29,6 მილიონი კაცი, ხოლო 1939 წელს 40,4 მილიონ კაცს შეადგენდა, ანუ 10 წელიწადში თითქმის 11 მილიონით მოიმატა.
სამაგიეროდ, მოსახლეობის შემცირების დინამიკა ჩანს 1993 წლიდან, როცა უკრაინის მოსახლეობა 52.2 მილიონ კაცს შეადგენდა და ამჟამად 43 მილიონს არ აჭარბებს, ანუ თითქმის 20 წლის მანძილზე 10 მილიონით შემცირდა. გენოციდზე თუ არის საუბარი, გენოციდი სინამდვილეში ეს არის, რომლის მიზეზი სწორედ უკრაინის ხელისუფლების უგუნური პოლიტიკის კატასტროფული შედეგებია.
სხვათა შორის, ანალოგიურად მასშტაბური შემცირება განიცადა საქართველოს მოსახლეობამაც, რომელიც 1990 წელს 5,5 მილიონი კაცი იყო და სულ ახლახანს ჩატარებული აღწერის მიხედვით 3,7 მილიონ კაცამდე, ანუ თითქმის 40%-ით შემცირდა. როგორც ცნობილია, უკრაინასა და საქართველოს არც მეტეორი დასცემია თავზე და არც ებოლას ეპიდემიას გაუწყვეტავს მასობრივად ხალხი. ეს შედეგია მოსახლეობაში სიკვდილიანობის ზრდის, შობადობის შემცირებისა და საკუთარი ქვეყნიდან მასობრივი ემიგრაციისა, რომლის მიზეზი თავის მხრივ სწორედ ის საგარეო და სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკაა, რომელიც ქვეყნის ინტერესებით კი არ ისაზღვრება, არამედ ეროვნული ინტერესებისათვის ზიანის მომტანი მარიონეტული იდეოლოგიური მოტივებით.
პოსტსაბჭოთა ზოგიერთი სახელმწიფოს სახელისუფლო ელიტამ, იმის ნაცვლად, რომ საკუთარი ქვეყნების წინაშე წამოჭრილი საჭირბოროტო საკითხების მოგვარებისთვის ოპტიმალური გეგმები შეიმუშავოს, მტრის ხატად წარსულის ქიმერებს ქმნის და მერე მასთან ბრძოლაში ფუჭად ხარჯავს რესურსებს. ხან საბჭოური სიმბოლიკის ნგრევა-აფეთქებაში ხედავს პროგრესული ღირებულებებისთვის ბრძოლის საჭიროებას, ხანაც თავისი უთავბოლო და დამღუპველი პოლიტიკის შედეგებს რუსეთის არსებობას აბრალებს და მასთან დაპირისპირება მიაჩნია ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ ორიენტირად, რის გამოც კიდევ უფრო ამძიმებს საკუთარი ქვეყნის ისედაც კატასტროფულ მდგომარეობას.
ამიტომაც უკრაინამ ე.წ. ”გოლოდომორის” საერთაშორისო დონეზე უკრაინელების გენოციდად აღიარება აირჩია ტაქტიკურ ამოცანად, ხოლო მის საფუძველზე საბჭოთა კავშირის მთავარი მემკვიდრის, რუსეთის სტრატეგიულ მტრად გამოცხადება, რომლის უმძიმეს შედეგებსაც დღეს იმკის უკრაინა.
ამ პოლიტიკას კი სათავე დაუდო აშშ-ის მთავრობამ 1984 წლის სექტემბერში, როცა ცივი ომის ტრადიციის მიხედვით საბჭოთა კავშირის პრესტიჟისთვის დარტყმის მიყენება განიზრახა უკრაინაში 1932-33 წლების შიმშილობისთვის საერთაშორისო რეზონანსის შექმნით. იმავე წლის ოქტომბერში აშშ-ის სენატის სპეციალური კომისიის მოხსენებაში ნათქვამი იყო რომ შიმშილობა ხელოვნურად იყო შექმნილი და ”სტალინმა და მისმა გარემოცვამ უკრაინელი ხალხის მიმართ 1932-33 წლებში გენოციდი ჩაიდინეს”.
ანალოგიურად კიევის სააპელაციო სასამართლომ 2010 წლის იანვარში, როცა უკრაინას ამერიკის სპეცსამსახურების მონაწილეობით განხორციელებული ნარინჯისფერი რევოლუციის შედეგად პრეზიდენტად არჩეული იუშჩენკო მართავდა, სტალინი და მისი გარემოცვა უკრაინელთა გენოციდში დამნაშავედ ცნო. ხოლო იმავე ამერიკის პროექტის სააკაშვილის პარლამენტმა უკრაინაში შიმშილობა გენოციდის აქტად ჯერ კიდევ 2005 წელს აღიარა.
ევროკავშირის პარლამენტმა 2008 წლის 23 ოქტომბერს მიიღო რეზოლუცია უკრაინაში გენოციდის დანაშაულებრივი აქტის შესახებ. ყოველივე ამის შემდეგ შეიძლება გავიხსენოთ სიტყვები, რომელსაც სტალინს მიაწერენ: ”ჩემი სიკვდილის შემდეგ ჩემს საფლავზე უმადური თაობები ბევრ ნაგავს დაყრიან, მაგრამ მრავალი წლის შემდეგ ისტორიის ქარტეხილი მათ გაფანტავსო”.
სტალინის ეს წინასწარმეტველებაც საოცრად მართლდება. ყოველ შემთხვევაში რუსეთში, რომელიც სტალინს თავისი დიდი პოლიტიკური ნიჭის სამოქმედო ასპარეზად ჰქონდა არჩეული, რაც დაუქვემდებარა მსოფლიოში შრომის საყოველთაო უფლებისა და სოციალური გარანტიების მქონე სახელმწიფოს შექმნას, რომელიც კაცობრიობისათვის თანასწორუფლებიანობის მისაბაძ მაგალითად მიაჩნდა .
(გაგრძელება იქნება)