XXI საუკუნეში ზესახელმწიფოების (აშშ, რუსეთი, ჩინეთი) დაპირისპირება ძალიან დაემგვანა სერჯიო ლეონეს ცნობილი ფილმის -„კარგი, ცუდი, ბრაზიანი“ - ფინალს, სადაც დაპირისპირებულთა სამკუთხედს ის წევრი გამოეთიშა, ვინც პირველმა გაისროლა. რუსეთმა, რომელიც ყველაზე სუსტი რგოლია სამკუთხედში (მას მხოლოდ ბირთვული იარაღი და უზარმაზარი ტერიტორია ანიჭებს ზესახელმწიფოს სტატუსს), პირველმა გაისროლა (საქართველოში 2008 წელს და უკრაინაში 2014 წელს), და ეთიშება კიდეც გლობალურ ასპარეზს.
რუსეთისათვის გლობალური ასპარეზის დატოვება არ ნიშნავს მხოლოდ რანგით ჩამოქვეითებას, როგორც ეს მოხდა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის ან გერმანიის შემთხვევაში. 90-იანი წლების წარუმატებელმა სახელმწიფო მშენებლობამ რუსეთის პოლიტიკური ელიტა საბოლოოდ დაარწმუნა, რომ რუსეთი ვერ გარდაიქმნება ნაციონალურ სახელმწიფოდ - იგი ან იქნება ზესახელმწიფო (Держава), ან დაიშლება და დაასრულებს არსებობას, როგორც ერთიანი სახელმწიფო.
სწორედ მოსალოდნელმა აპოკალიფსურმა ფინალმა (1989-2010 წლებში იმპერიამ დაკარგა აღმოსავლეთ ევროპა, მოკავშირე საბჭოთა რესპუბლიკები, პოზიციები ახლო აღმოსავლეთში, 2013-2014 ზამთარში უკრაინაც გამოვიდა მისი გავლენიდან, წინ აშკარად გამოიკვეთა კოლაფსის კონტურები), აიძულა რუსეთი გამოსულიყო საფარიდან და დაეწყო ბრძოლა არსებობისათვის - უმოქმედობით დაღუპვას გაბრძოლება არჩია. სამხედრო კონფლიქტი უკრაინაში სწორედ ამ ბრძოლის ფრაგმენტია. რუსეთი სინამდვილეში უმძიმესი გამოცდის წინაშე დგას. ალტერნატიული შედეგი ორია, როგორც რუსები იტყვიან: или пан, или пропал.
რუსეთმა შეგნებულად აჭრა პოსტცივიომისეული სამყარო, რომელიც დამყარდა ბერლინის კედლის დანგრევისას და ხასიათდებოდა ზესახელმწიფოთა მიერ იალტისა და ჰელსინკის ძირითადი პრინციპების დაცვით. ამჯერად დაირღვა მეორე მსოფლიო ომის შედეგად დამყარებული წესრიგი და დაიწყო ახალი ეტაპი, რომელმაც წინ წამოსწია მსოფლიოში მიმდინარე მანამდე მიჩუმათებული უმნიშვნელოვანესი პროცესები.
ცივილიზაციური ჩამორჩენა.
პროტესტანტული ეთიკა, რომელიც XIX საუკუნეში კაცობრიობის განვითარების ლოკომოტივი იყო, მაქს ვებერის წინასწარმეტყველების მიუხედავად, არ აღმოჩნდა ერთადერთი გამწევი ძალა. XXI საუკუნისათვის ამ ძალას მიემატა შორეული აღმოსავლეთის ქვეყნები და დღეს უკვე ატლანტო-პაციფიკური წყვილი ეწევა განვითარების ჭაპანს. ცხოვრების ტემპს მეტ-ნაკლებად აუბეს მხარი სამხრეთ ევროპამ და ლათინურმა ამერიკამ. ამ ბოლო დროს გამოჩნდა, რომ თურმე ინდოეთიც უნდა მივათვალოთ მზარდ ცივილიზაციებს. სამაგიეროდ უიმედოდ ჩამორჩნენ (უფრო სწორედ, ჩარჩნენ სტაგნაციის ჭაობში) შავი აფრიკა, არაბული სამყარო და რუსეთი. თუ შავი აფრიკის იმედი თვით აფრიკელებს არა აქვთ, არაბები და რუსები ცდილობენ ძალისმიერი მეთოდებით (ლოკალური ჰიბრიდული კონფლიქტები, ტერორიზმი, ბირთვული შანტაჟი) რამენაირად შემოატრიალონ მსოფლიო განვითარების ჩარხი.
როგორც ევროპარლამენტის მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რუსეთი 50 წლით არის ჩამორჩენილი დასავლეთ ევროპისაგან. და ეს არ არის მიჯნა - ჩამორჩენა იზრდება და მანძილი მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებსა და რუსეთს შორის სულ უფრო დაუძლეველი ხდება (რუსეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი კუდრინი თვლის, რომ რუსეთი ვეღარასოდეს დაეწევა მოწინავე ქვეყნებს). ყოველივე ეს რუსეთის წინაშე მთელი სიმწვავით აყენებს გამოდევნებითი მოდერნიზაციის აუცილებლობას. მაგრამ ვ.პუტინი ყურებსაც არ იპარტყუნებს და არად აგდებს ქვეყნის ეკონომიკის კატასტროფულ მდგომარეობას (პირიქით, იგი საჯაროდ ირწმუნება, რომ ქვეყანაში კრიზისი არ არის), ფუჭად გაანიავა რა მაძღარი 15 წლის მთელი მონაპოვარი, არ სურს გაატაროს ძირეული რეფორმები.
კრემლის ინერტულობა ორი ფაქტორით თუ შეიძლება აიხსნას. პირველი, იგი მოექცა ილუზიის ტყვეობაში, რომ მას მოდერნიზაცია არ სჭირდება - მდიდარი ბუნებრივი რესურსები, ნავთობსა და გაზზე მაღალი ფასები, რის საშუალებითაც მოახდინა ეკონომიკური წარმატების იმიტაცია (ლოიალური ჩინოვნიკების გამდიდრება, მოქალაქეთა საყოფაცხოვრებო სტანდარტის გაუმჯობესება, სამხედრო ძლევამოსილების დემონსტრირება), ამის საფუძველს აძლევდა და დღესაც ამ ილუზიით იკვებება. და მეორე, დაწესებულმა სანქციებმა სრულიად გამორიცხა ინოვაციური ტექნოლოგიების წვდომა, ურომლისოდაც შეუძლებელია მოდერნიზაციაზე ფიქრიც კი (არ დაგვავიწყდეს, რომ საბჭოთა კავშირის ინდუსტრიალიზაცია ამერიკისა და გერმანიის მძლავრი ტექნოლოგიური და ტექნიკური დახმარებით განხორციელდა, რასაც საბჭოთა პროპაგანდა უმალავდა ხალხს).
რუსეთის იმპერიის გახანგრძლივებული დაშლა
აღმოჩნდა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა კვლავ გრძელდება და არავინ იცის ამ პროცესს როდის დაესმევა წერტილი.
ეს არ არის უცხო მოვლენა - დიდი იმპერიების დაშლა, როგორც წესი, გრძელვადიანი პროცესია (რომის იმპერია, ბრიტანეთის, ავსტრიისა და ოსმალეთის იმპერიები). ბალკანეთი იმიტომაც წარმოადგენს ევროპის დენთის კასრს, რომ არ დამთავრებულა ავსტრიისა და ოსმალეთის იმპერიების დაშლა. თან, დაშლილი ნაწილები შემდგომ კიდევ იშლება ხოლმე (ინდოეთის, პაკისტანის, ჩეხოსლოვაკიის, იუგოსლავიის, ერაყ-სირიის დაშლა, ქურთთა ფორიაქი). შოტლანდიის ამასწინანდელი რეფერენდუმიც ამ პროცესის გამოხატულებაა.
რუსეთის ცარისტული იმპერია, რომელიც უზარმაზარ ტერიტორიაზე გადაჭიმულ მრავალეთნიკურ და მრავალკონფესიურ სახელმწიფოს წარმოადგენდა, განწირული იყო ეროზიისათვის. რღვევის პროცესი გამოაშკარავდა და გამწვავდა თებერვლის რევოლუციის შედეგად. მხოლოდ ბოლშევიკების არნახულმა ტერორმა და ათეიზმზე დაფუძნებულმა კომუნისტური ინტერნაციონალიზმის იდეოლოგიამ შესძლო იმპერიის ახალი იპოსტასით (საბჭოთა კავშირი) შენარჩუნება მთელი 70 წლით და უზარმაზარი მსხვერპლის ფასად. როგორც კი დასრულდა კომპარტიის ბატონობა და ტერორი, მაშინვე დამთავრდა საბჭოთა კავშირიც. რუსი ექსპერტ-პოლიტიკოსები, დეტალურად განიხილავენ რა იმპერიის დაშლის მიზეზებს (პირველ ადგილზე, რასაკვირველია, შეთქმულების თეორია იმყოფება), საერთოდ გვერდს უვლიან ისეთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს, როგორიც არის მრავალეთნიკურობა.
საბჭოთა კავშირის ნაწილების შემდგომი დაშლა ახალ სიურპრიზებს მოგვიტანს. საქართველოზე და უკრაინაზე თავდასხმით პუტინმა ფაქტიურად პანდორას ყუთს ახადა თავსახური (კონდოლიზა რაისი მართალი აღმოჩნდა, როცა ამას ეუბნებოდა პუტინს 2008 წელს), რაც საბოლოო ჯამში რუსეთს დააზარალებს.
პოსტ-ვესტფალური სამყარო
აშკარა გახდა, რომ არსებული მსოფლიო წესრიგი (Pax Yaltica) ვეღარ პასუხობს რეალობას. წესრიგი ემყარებოდა მეორე მსოფლიო ომის შედეგად შექმნილ რეალობას - ორი ზესახელმწიფოს დაპირისპირება-გაწონასწორებას (ბიპოლარული მსოფლიო). XXI საუკუნისათვის სიტუაცია ძირეულად შეიცვალა.
მსოფლიო აღარ არის ბიპოლარული. როგორც აღმოჩნდა, ვაშინგტონს არ შეუძლია და არც სურს პასუხისმგებლობა აიღოს მსოფლიო წესრიგზე. არც ჩინეთი დათანხმდა ვაშინგტონის წინადადებას, ერთად ეკისრათ პასუხისმგებლობა. მულტიპოლარული მსოფლიო, რაც უნდა რუსეთს და წამდაუწუმ ქადაგებს მის შესახებ, აშკარად განუხორციელებელია, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის „ჩამოლაბორანტების“ გამო - იგი აღარ მიეკუთვნება ზესახელმწიფოთა რიგს (პირიქით, რვიანიდანაც გააგდეს).
ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ ევრაზიის კონტინენტზე გაჩნდა უამრავი სახელმწიფო, რომელთაც არ სურთ პაზლებივით ჩაჯდნენ იალტისეულ გავლენის სფეროებში, რასაც დაჟინებით ითხოვს რუსეთი. მართალნიც არიან: თუ მაინცდამაინც გავლენის სფეროებით უნდა იქნეს ამ ახალი სახელმწიფოების სუვერენიტეტი გაპირობებული, მაშინ დაე მიეცეთ მათ არჩევანის თავისუფლება. ამ სახელმწიფოთა უმეტესობა იმიტომაც მიისწრაფვის ნატოსკენ (აზიის ქვეყნები უფრო ჩინეთის ფაქტორს იშველიებენ), რომ თავი დაიცვან რუსეთის ტერიტორიული პრეტენზიებისაგან.
გლობალიზაციამ აშკარად შეასუსტა სახელმწიფოს ინსტიტუტი, რაც XVII საუკუნეში დაამკვიდრა ვესტფალიის ზავმა (სცნო იგი საერთაშორისო სამართლის სუბიექტად, გვირგვინოსანთა სანაცვლოდ). ერთი მხრივ, ზესახელმწიფოურმა ორგანიზაციებმა გადაიბარეს სახელმწიფოთა სუვერენიტეტის ღირებული ნაწილი, რასაც მზარდი ტენდენცია გააჩნია. პარალელურად წარმოიქმნა საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინტერნეტ-კომპანიების გლობალური კონგლომერატი, რომელიც იმდენად მძლავრი ტექნოლოგიების მფლობელი აღმოჩნდა, რომ სახელმწიფოებს აღარ ეპუება. და ბოლოს, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია, გაჩდნენ ტრანსნაციონალური ანტისახელმწიფოებრივი ტერორისტული მოძრაობანი („ბოკო ჰარამ“, „ისლამური ხალიფატი“), რომელნიც საერთაშორისო სამართლის მიღმა იმყოფებიან და უდიდეს საფრთხეს უქმნიან მსოფლიო წესრიგს.
ასეთ პირობებში, წაგებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ის ქვეყნები, რომლებმაც ვერ შესძლეს ჩამოყალიბებულიყვნენ სრულყოფილ სახელმწიფოებად - ჭეშმარიტად, ვაი ვერშემდგარ სახელმწიფოებს! (სამწუხაროდ, მათ შორის არის საქართველო).
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში იმყოფება რუსეთი, რომელიც ბირთვული იარაღის ფლობის და ჰიპერტროფული ამბიციის მიუხედავად, ვერშემდგარი სახელმწიფოა. კრემლში დღემდე ვერ გაურკვევიათ საკუთარი ადგილი: ევროპული ქვეყანაა თუ აზიური, სლავური თუ თურქული. ორთავიანი არწივის შესაბამისად კრემლს სურს ორივე იყოს (აქედან მოდის ევრაზიელობა), მაგრამ არ იცის რა მოუხერხოს რუსთა უარყოფით დემოგრაფიულ ბალანსს (უკანასკნელი ყურბან ბაირამის დროს ყაზანის მუფთიმ საჯაროდ განუცხადა მრევლს: „რუსეთი ჩვენი სახელმწიფოაო“?!). აქედან მომდინარეობს მისი პრობლემების დიდი წილი - მას არ გააჩნია ადამიანური რესურსი ამოდენა ქვეყნის სამართავად.
ორი ვერშემდგარი სახელმწიფოს - რუსეთსა და საქართველოს - შორის განსხვავება ის არის, რომ ვერშემდგარი საქართველო ჩვენი უბედურებაა, ხოლო ვერშემდგარი რუსეთი უბედურებაა რუსებისათვის და საფრთხეა მსოფლიოსათვის.
ერთი რამ უკვე ცხადია: როგორც არ უნდა დამთავრდეს კონფლიქტი უკრაინაში, მსოფლიო იგივე ვეღარ დარჩება. პოსტცივიომისეული სამყარო გამთავრდა.
დიდი ახლო აღმოსავლეთი - ომის თეატრი
სადღეისოდ შეიარაღებული კონფლიქტები (აშკარა თუ მინელებული) უზარმაზარ ტერიტორიას მოიცავს. აღმოსავლეთ უკრაინა, ყირიმი, დნესტრისპირეთი, ბალკანეთი ჩრდილოეთ კავკასია, საქართველო, სომხეთ-აზერბაიჯანი (ყარაბაღი), არაბული ქვეყნები, ქურთისტანი, შუა აზია (აქ ყველაფერი წინაა), ავღანეთი, პაკისტანი, ყველა ერთად სინამდვილეში ერთი დიდი ომის ვეებერთელა თეატრია - ე.წ. დიდი ახლო აღმოსავლეთი. იგია თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე არასტაბილური რეგიონი - locus minoris resistencia. რეგიონის ფეთქებადსაშიშროება უპირატესად იმან განაპირობა, რომ აქ არსებულ სახელმწიფოთა უმეტესობა (უკრაინა, შუა აზია, ჩრდილოეთ კავკასია, არაბული სახელმწიფოები) ერის ჩამოყალიბებისა და ერთაშორისი ურთიერთობის ბუნებრივ შედეგს კი არ წარმოადგენს, არამედ ევროპისა და რუსეთის მყუდრო კაბინეტებშია რუკაზე დახატული და გადანაწილებული.
საბედნიეროდ დიდ ახლო აღმოსავლეთში არიან მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების მქონე სახელმწიფოებიც, რომლებიც მრავალგვარ საერთაშორისო ინტრიგებში აქტიური მონაწილეობის მიუხედავად, ნამდვილად ვერ მოითმენენ ისეთი ანტისახელმწიფოებრივი და უპასუხისმგებლო ძალების პარპაშს, როგორიც ისლამური ხალიფატია. ეს სახელმწიფოებია: ეგვიპტე, ირანი და თურქეთი. მათ ნაკლებად ემუქრებათ დეზინტეგრაცია და, ამდენად, მათი როლი რეგიონში, სავარაუდოდ, გაიზრდება (თურქეთისათვის თავის ტკივილია ქურთების პრობლემა. თუმცა, არა გვგონია უახლოესი მომავლის ფარგლებში ანკარამ თავი ვერ გაართვას ამ გამოწვევას).
საქართველო - პრობლემების თაიგული
საქართველო, ცივილიზაციური ჩამორჩენით, სახელმწიფოს მოუწყობლობით, საბჭოური მემკვიდრეობით, კონფესიური მოუწესრიგებლობით და, რაც მთავარია, გეოპოლიტიკურად, არასტაბილური პროცესების ეპიცენტრში იმყოფება (კი ვიწონებთ თავს ევროპელობით, მაგრამ გეოგრაფიას გვერდს ვერ ავუვლით - ახლო აღმოსავლეთია ჩვენი საცხოვრისი). შესაბამისად, გლობალური პროცესების დავიდარაბას ძნელად თუ დავაღწევთ თავს.
არსებულ ვითარებაში დღევანდელი ჩვენი ხელისუფლების საგარეო „ჩაურევლობა“ წარმატებულ პოლიტიკადაც კი შეიძლება მივიჩნიოთ (მიუხედავად იმისა, თუ რა წარმომავლობისაა ეს „ჩაურევლობა“ - ბრძნული გათვლა თუ უმეცრის სიფრთხილე). ოღონდ ესაა, „ჩაურევლობის“ პოლიტიკა დროებითი დივიდენდების მომტანია მხოლოდ. სამშვიდობოზე იგი ვერ გაგვიყვანს. აუცილებელი იქნება თანდათანობით აქტიურ პოლიტიკაზე გადასვლა.
რაც მთავარია, უნდა შევეშვათ პატრონის ძებნის მავნე პრაქტიკას, რაც კონსტანტინოპოლის დაცემიდან მოყოლებული ქართულ საგარეო პოლიტიკის მეინსტრიმად იქცა, და კავშირი შევკრათ ისეთ პარტნიორთან, რომელთან ურთიერთობაც ორმხრივ პასუხისმგებლობაზე იქნება დამყარებული. ეს არ არის შეუძლებელი. საქართველოს ჯერ კიდევ გააჩნია გეოპოლიტიკური ღირებულება. მთავარია თავი ღირსეულად დავიჭიროთ და „ჭ“ კლასის ჩინოვნიკის წინაშე მიწას არ გავერთხათ. გვახსოვდეს, რომ როგორც მოვიქცევით, ისე მოგვექცევიან. შევხედოთ აფხაზებს. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად, ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით მთლიანად რუსეთზე არიან დამოკიდებულნი, არ აძლევენ უფლებას მოსკოვს დაარღვიოს წითელი ხაზი. აფხაზების ამგვარმა მოქმედებამ არ მოახდინოს შთაბეჭდილება მსოფლიოს პოლიტელიტაზე, წარმოუდგენელია. მათთან შედარებით ცხინვალის ხელისუფალნი სრული არარაობანი არიან.
დიდი მნიშვნელობა აქვს ურთიერთობას ჩვენს მეზობლებთან. მოვლენები ისე ვითარდებიან, რომ ამ ურთიერთობის ფასი გაიზრდება. ეს ეხება ურთიერთობას არა მხოლოდ მეზობელ სახელმწიფოებთან, არამედ მეზობელ ერებთანაც.
ყურადღება უნდა მიექცეს საქართველოს გარშემო შექმნილ ახალ ვითარებას. საბჭოთა კავშირის დაშლისა და თურქეთ-ირანის გაძლიერების შედეგად ჩვენი ქვეყანა მოექცა ისეთივე სამკუთხედში, როგორშიც იმყოფებოდა XVIII საუკუნეში - რუსეთს, ირანს და თურქეთს შორის (ამერიკა და ჩინეთი ჩვენგან შორს იმყოფებიან). რადგან ხელახალი სვლის შანსი მოგვეცა (ასეთი ბედნიერება კი ყველას არ რგებია), ეგება ამჯერად უკეთესად ვითამაშოთ.