რა უნდა ერქვას ჩვენს ქვეყანას?  (დაწყებული დისკუსიის გაგრძელება)

რა უნდა ერქვას ჩვენს ქვეყანას? (დაწყებული დისკუსიის გაგრძელება)

როგორც დღეს, წარსულშიც საქართველო შედგებოდა რამდენიმე ქვეყნის ანუ მხარისაგან. მათ შორის უმთავრესი იყო ქართლი, რომელსაც აღმოსავლეთიდან ესაზღვრებოდა კახეთი (კახეთ-კუხეთი), თავად კახეთს კი აღმოსავლეთიდან და სამხრეთ აღმოსავლეთიდან – ჰერეთი.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში შემდეგი ისტორიული მხარეები იყო: შიდა ქართლის ჩრდილოეთით – დვალეთი; არაგვის ხეობაში – მთიულეთი და მისგან ჩრდილოეთით ხევი; კახეთის ჩრდილოეთით – ფშავი და შემდეგ ხევსურეთი, რომელსაც ერთად XV საუკუნემდე ეწოდებოდა ფხოვი. ხევსურეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს თუშეთი.

სამხრეთ-დასავლეთ და დასავლეთ საქართველო,  რომელსაც უძველეს დროში ეწოდებოდა ასურელთათვის დაიაენი, ურარტუელებისთვის დიაოხი და ბოლოს კოლხა, ახალი წელთაღრიცხვიდან მოიხსენიებოდა  ეგრისად, ან ლაზიკად. VIII საუკუნიდან მას აფხაზეთი, ხოლო XI საუკუნიდან იმერეთი დაერქვა. ცოტა მოგვიანებით შემდეგი ქვეყნები გაჩნდა: არგვეთი (დღევანდელი ზემო იმერეთი), სამოქალაქო (ქუთაისის შემოგარენი, ვაკე იმერეთი), ოდიში ანუ სამეგრელო. ანაკოფიის ჩრდილო-დასავლეთით აფხაზეთი იწყებოდა, ხოლო მის შემდეგ – ჯიქეთი. ოდიშის სამხრეთით მდებარეობდა გურია და აჭარა.

დასავლეთ საქართველოს მთიანეთში შედიოდა სვანეთი (ოდიშის ჩრდილოეთით), რაჭა (არგვეთის ჩრდილოეთით) და ლეჩხუმი (რაჭასა და ლეჩხუმს ერთად თაკვერი ეწოდებოდა).

რაც შეეხება ცალკეულ ტერმინთა წარმოშობას არსებობს მათთან დაკავშირებული სხვადასხვა მოსაზრება. თავდაპირველად „ქართლი“ ყოფილა არა ქვეყნის, არამედ ხალხის სახელი. „იყო ქვეყანა ქართ და მასზე მოსახლე კოლექტივს ეწოდებოდა ქართლი.“ აღნიშნული მოსაზრებით, თავდაპირველად „ქართუელი||ქართველი“ არა ეთნიკურ ერთობას, არამედ ქართების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მოსახლეებს, ზოგჯერ არაქართსაც მიესადაგებოდა.

მარი ბროსეს მიხედვით, არსებობდა მცხეთასთან მტკვრის შენაკადი სახელწოდებით ქართი, რომლის ნაპირებზეც მცხოვრებნი, შემდეგში ტომთა შორის პირველობისათვის ბრძოლაში დაწინაურებულან და სახელწოდება მათ მიერ დამორჩილებულებზეც გაუვრცელებიათ. უნდა ითქვას, რომ მ. ბროსეს მიერ მოთხრობილი ეს ისტორია ძალიან ჰგავს რუსეთში კარგად ცნობილ ტერმინ “როსის” წარმოშობის ვერსიას. აქაც, მდ. დნეპრის შენაკად როსის ნაპირებზე მცხოვრები როსის ტომები VI ს-დან ავრცელებენ ამ სახელწოდებას სხვა სლავურ ტომებზეც. თუმცა, უნდა ითქვას, რომ დამაჯერებლად ამ ტერმინის წარმოშობის უფრო სკანდინავიური ვერსია ჟღერს.

რაც შეეხება ცალკეულ მხარეთა სახელწოდებების წარმოშობას, კერძოდ „ქართლისას“ ამაზე ისტორიულ წყაროებშიც არის ლაპარაკი. მაგალითად, IX საუკუნის ძეგლის “მოქცევაი ქართლისაი”-ს მიხედვით, გამარჯვებული აზო წავიდა სამშობლოში - “არიან ქართლში,” წამოიყვანა იქიდან თავისი ხალხი და მათთან ერთად დასახლდა მცხეთაში.

ცოტა მოგვიანებით ამ მხარეს უკვე ძველი ბერძნები იბერიას უწოდებენ. მათი აზრით, იბერები კავკასიაში გადმოასახლა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დასავლეთის იბერიიდან ანუ ესპანეთიდან. შეგახსენებდით, რომ ბერძნები პირინეის ნახევარკუნძულსაც იბერიას უწოდებდნენ.

დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა თავდაპირველად ეგრისელებად იწოდებოდა, რომელსაც ძველი ბერძნული კოლხიდელები შეესატყვისებოდა. აღმოსავლეთ საქართველოს (აგრეთვე სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს) კი იგივე ძველი ბერძნები იბერიას და მის მკვიდრებს იბერებს (იბერიელებს) უწოდებდნენ, რომელიც გვიან XVIII საუკუნეში ქართველებმა ივერიის სახით გააცოცხლეს.  ტერმინები -  ჳბერია და იბერები და კოლხიდა და კოლხები ადრებიზანტიური ხანის საისტორიო ლიტერატურაშიც იხმარება.

რაც შეეხება ყოველი ქართლის ნაცვლად შემგომში დაკვიდრებულ ტერმინ საქართველოს, თავდაპირველად (X ს.) ტერმინი “საქართველო”, ეთნო-კულტურული ცნება იყო და გულისხმობდა ქართის ტომისა და ქართლის კულტურული ეგიდით ყველა ქართველური და ზოგიერთი არაქართველური ტომის კულტურულ ერთობლიობას.

XII საუკუნიდან კი ეთნონიმი „ქართველი“ საქართველოს სახელმწიფოს ყველა მკვიდრს ეწოდებოდა. ეთნონიმ ქართველის შესახებ არსებობს სხვა შეხედულებაც, რომელიც უარყოფს „ქართუელის“  „ქართლისაგან“  წარმომავლობას.

ისტორიული განვითარების შემდგომ ეტაპზე ტერმინმა უფრო ფართო კულტურულ-პოლიტიკური შინაარსი შეიძინა – და გამოხატავდა როგორც ქართველურ, ისე არაქართველურ ტომთა ეთნო-კულტურულ-რელიგიურ-სოციალურ-ეკონომიკურ-პოლიტიკურ ერთობლიობას, რომლის საბოლოო ფორმა XI ს-ში ერთიანი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბება იყო.

ამდენად სახელწოდება  „საქართველო,“ ქვეყნის გაერთიანების დროიდან დამკვიდრდა და სრულიად ამერ-იმერს მოიცავდა. „ვეფხისტყაოსანში“ ეს ტერმინი სულ სამად სამჯერ არის გამოყენებული.

XII-XIV სს-ში საქართველოდ იწოდებოდა უკვე მთლიანი ქრისტიანული და ნაწილობრივ დღევანდელი მუსლიმური კავკასია. XV ს-ში სახელმწიფოს ცალკე სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ, ტერმინმა საქართველომ დაკარგა პოლიტიკური შინაარსი.

ის, რომ ჩვენს ქვეყანას სახელად დღესაც ”საქართველო” ჰქვია, მარტო ჩვენ ვიცით. შესაძლოა ერთი-ორი განათლებული და კავკასიის საკითხებში ჩახედული უცხოელი ქართველოლოგიც გამოჩნდეს და მათ გაახსენდეთ, დანარჩენებს, მეზობლებს და არამეზობლებს, თუ გაუგიათ ჩვენზედ რამე ყველას თავისი სახელი აქვს ჩვენი სამშობლოსთვის შერქმეული.

ეს რომ ასეა კიდევ ერთხელ გამოჩნდა საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სულ ცოტა ხნის წინ იაპონიაში ვიზიტისას. სასაკავას მშვიდობის ფონდში შეხვედრისას, მისი წარმომადგენლის შეკითხვაზე, თუ რატომ თხოვს საქართველოს ხელისუფლება იაპონიას, ქვეყანა "გრუზიას" ნაცვლად "ჯორჯიად" მოიხსენიოს, გიორგი მარგველაშვილმა უპასუხა: "ნება მომეცით, მოკლედ გითხრათ ამ ცვლილების მიზეზი. საერთაშორისო სახელწოდება "ჯორჯია" არის ჩვენი ქვეყნის სახელწოდება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. რუსული ტოპონიმი კი, ძირითადად გამოიყენებოდა კონტექსტში "სავეტსკაია გრუზია," რომელიც იყო საბჭოთა კავშირის ნაწილი. ეს ტერმინი იყო რუსეთის იმპერიის ოკუპირებული ნაწილისთვის, როდესაც ჩვენ იქ ვიყავით წარმოდგენილი, როგორც რუსეთის გუბერნია. ასე რომ, ჩვენი სურვილი, ამ სახელისგან განსხვავებულად მოხდეს საქართველოს ასოცირება განპირობებულია იმით, რომ პირველ რიგში გვინდა გვქონდეს ერთი სახელი – ეს ნორმალურია, ეს არის ის, როგორც უნდა იყოს და როგორც უნდა გქონდეს კომუნიკაცია მთელს საერთაშორისო საზოგადოებასთან. ასე რომ, თუ გაქვს არჩევანი, შენ უნდა აირჩიო ის სახელი, რომელიც დაიბრუნე დამოუკიდებლობის დროს და სახელი, რომელიც რეგისტრირებულია არა საბჭოთა კავშირის არქივებში, არამედ - გაერო-ს მიერ. ეს არის მიზეზი, თუ რატომ გვინდა ძველი სახელწოდება შევცვალოთ – ჩვენ ბუნებრივად ვამჯობინებთ სახელს, რომელიც გვაქვს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს" - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მაგრამ ესეცაა, საქართველოს საერთაშორისო არენაზე  თუნდაც რომ ერქვას ის სახელი, რომელიც რეგისტრირებულია გაერო-ს მიერ, არსებითად შეცვლის კი რამეს, როგორც გარე სამყაროსთვის, ისე ჩვენი იდენტობისთვისაც? 

გავიხსენოთ, რომ ევროპულ ენებში გავრცელებულ ჩვენი ქვეყნის სახელწოდებას ინგლისურ ჯორჯიას, ფრანგულენოვან  - ჟეორჟის, იტალიურ  -  ჯორჯას, ესპანურ -  ხეორხეიას, ხოლო გერმანულ გეორგიენს, რის შესაბამისადაც ქართველებს გერმანულად ეწოდებათ გეორგიერ, ინგლისურად  -  ჯორჯიანს, ფრანგულად  - ჟეორჟიენ, იტალიურად  - ჯორჯანი და ესპანურად  - ხეორხიანოს  და ა.შ. მეცნიერები ტრადიციული თვალსაზრისით  ქართველთა აღმნიშვნელ ევროპულ ეთნონიმებს ბერძნულ სიტყვას “გეორგიოს“ უკავშირებენ. იგი ერთ შემთხვევაში მიწის მუშას ნიშნავს, ანუ მიწათმოქმედს, მეორე შემთხვევაში კი წმინდა გიორგის კულტის თაყვანისმცემელს. მაგალითად, შუა საუკუნეების ჯვაროსანი რაინდი დე ბუა საფრანგეთში მთავარეპისკოპოსის სახელზე გაგზავნილ წერილში ლაშა გიორგისა და მასთან მყოფ ქართველთა მხედრობის შესახებ წერს: „ამბად მივიღე, რომ “ივერიითგან ვინმე ქრისტიანენი, გიორგენებად წოდებულნი, ურიცხვი მხედრობით.. მოემართებიან.“

შეიძლება ითქვას, რომ ქართველთა გეორგიანელებად მოხსენიების ორივე ვერსიას  სრული დასაბუთება ეძებნება, რადგან უძველესი მიწათმოქმედნიც ვიყავით და ვართ წმინდა გიორგის თაყვანისმცემელნიც.

ასე რომ ქართველების და საქართველოს აღმნიშვნელი ახალი ევროპული ტერმინები გეორგიან და გეორგია-ს წარმოშობა ევროპის ქვეყნებში XIII საუკუნიდან უკვე მყარად იყო ფეხმოკიდებული.

ის, რომ წმინდა გიორგი საქართველოს მცველია და ქართველების ყველაზე პოპულარული წმინდანი  ასეთი ეტიმოლოგია პირველად დე ვიტროს აქვს მოცემული: „ამ ხალხს ქართველები (გეორგიანი) ჰქვია, ვინაიდან, სხვა წმინდანებზე მეტად, უდიდესი მოწიწებით ეთაყვანებიან, აღმერთებენ და ღირს ყოფენ წმინდა გიორგის, რომელსაც მიიჩნევენ მცველად და მფარველად თავიანთ ბრძოლაში ურწმუნოთა წინააღმდეგ, მსგავსად ბაირაღისა.“ ეს მოსაზრება XVIII საუკუნის დასაწყისში დააყენეს ეჭვსქვეშ. ფერდინანდ დე ტროლოს მოსაზრებით, ქართველებს ეს სახელწოდება წმინდა გიორგიმდე ადრე ჰქონდათ. მან თავის მხრივ ეთნონიმი ბერძნულ სამყაროს დაუკავშირა - ცნობილია, რომ „გეორგიოს” მიწათმომომქმედს აღნიშნავს. მართალია, წმინდა გიორგის კულტი საქართველოში მართლაც ყველაზე პოპულარულია, საქართველო უძველესი და განვითარებული მიწათმოქმედების ქვეყანაა, მაგრამ მეცნიერები ამ შეხედულებას დღეს ფაქტობრივად არ იზიარებენ. ქართველებისა და საქართველოს აღმნიშვნელი ახალი ევროპული ტერმინების გეორგიან და გეორგია-ს წარმოშობა სპარსულ-არაბულ გურჯი და ჯურჯი-საგან   დღეს  საყოველთაოდ აღიარებულია. (რ. თოფჩიშვილი)

რაც შეეხება თანამედროვე მსოფლიოს სხვადასხვა ხალხთა ენებში ჩვენი ქვეყნის მოხსენიებას: უცხოელთათვის ტერმინი საქართველო (რუსულად გრუზია, სომხურად ვრასტან, სპარსულ-თურქულად გურჯისტან და სხვ.) უფრო მეტად ეთნიკურ-გეოგრაფიული ცნებაა, თუმცა სპარსელები მეტწილად ქვეყნის აღმოსავლეთ მხარეს ქართლსა და კახეთს გულისხმობდნენ, ხოლო ოსმალები – იმერეთს, გურიას, სამეგრელოს.

არაბებისათვის ქართველები ჯურზანის ეთნონიმით არიან სახელდებულნი, რაც, თავის მხრივ, სირიული გურზანიდან მომდინარეობს. სპარსულად საქართველოს აღმნიშვნელი სახელწოდებები  - ვრკან და გურგან „მგლის ქვეყანას“ ნიშნავდა, რაც გმირობისა და სიძლიერის სიმბოლო იყო. შუა საუკუნეების არაბულ ნარატიულ წყაროებში ქართველები აბხაზის სახელწოდებითაც არიან სახელდებული. იგივე შეიძლება ითქვას იმავე პერიოდის სპარსულ ლიტერატურაზეც, რაც, თავის მხრივ, განპირობებული იყო იმით, რომ ქართველ მეფეთა ტიტულატურა იწყებოდა ასე: „მეფე აფხაზთა (ე.ი. დასავლეთ ქართველთა), ქართველთა“.... ჯურზანიდან გაჩნდა ქურჯი, ქურჯიდან  - გურჯი, რითაც დღეს ქართველები მახლობელი აღმოსავლეთის მუსლიმურ ქვეყნებში არიან ცნობილნი, მაგალითად, თურქეთში. საინტერესოა, რომ ქართველთა აღმნიშვნელი ეთნონიმიდან - ქურჯი არის მიღებული მამაკაცისა და ქალის საკუთარი სახელები ქურჯი და ქურჯია, რაც ლამაზის სინონიმიც იყო. მეცნიერებს ისიც შენიშნული აქვთ, რომ საქართველოს თანამედროვე სახელწოდება „ჯურჯია“ „გგეორგია“-ს  არაბულ  ფორმას  წარმოადგენს.

ძველი სომხებისათვის ქართველები ვირკები იყვნენ, ხოლო თანამედროვე სომხები ვრაცს გვიწოდებენ.

X - XV საუკუნეების სპარსული საისტორიო წყაროები საქართველოს გორჯესთანს უწოდებენ, ხოლო ქართველებს - გორჯიანს. თურქებისთვის საქართველო გურჯისტანი, ხოლო ქართველები გურჯები არიან. ამასთანავე, თურქული წყაროებისათვის არც საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული სახელწოდებებია უცხო. მაგალითად, ქართლს ისინი ქაირთილს უწოდებდნენ, კახეთს - ქიახეთს, ქახითს, იმერეთს - აჩიკბაშს ან ბაშიაჩუკს, უქუდოთა ქვეყანას, სამეგრელოს - მეგრილს, ოდიშს. გურჯიდან არის მიღებული რუსული გრუზინ, რომელიც თავდაპირველად გამოითქმოდა როგორც გურზი. ეს ტერმინი რუსულ მატიანეებში XVI საუკუნიდან ჩნდება, უფრო ადრე კი ისინი ქართველთა აღსანიშნავად ობეზს გამოიყენებდნენ. სრულიად სამართლიანად შენიშნულია, რომ რუსული ტერმინი ობეზ ეტიმოლოგიურად უკავშირდება აბაზგ, აფხაზ სახელწოდებას, სავსებით შესაძლებელია, რომ იგი აბაზა-საგან ან აბაზინი-საგან წარმოიშვა, მაგრამ შინაარსობრივად საქართველოსა და ქართველებს აღნიშნავდა. თუმცა XV - XVI საუკუნეების რამდენიმე ნუსხაში ივერ, ივერსკაია ზემლია და ივერსკიც გვხვდება. 1406 წლის ხელნაწერში კი ტერმინი „ავერ“ განმარტებულია როგორც „ობეზ“-ის იდენტური ტერმინი. ეთნონიმი „გრუზია,“ „გრუზინი“ სხვადასხვა ხალხებში, განსაკუთრებით სლავურ ენებში, რუსული ენიდან გავრცელდა.

ლიტველები ქართულს (ჩვენს ენას) სასაცილო სიტყვას „გრუზინიშკაი“-ს უხმობენ, ხოლო საქართველოს - „გრუზიოსს.“ ჩვენს ამერ-იმერს იაპონურად „გურუჯია“ ჰქვია. ჩინურად კი (ჰანის დიალექტზე, 格鲁吉亚)  „გელუჯია.“

რაც შეეხება ინგლისურენოვან სიტყვა Georgia-ს, ქვეყანა, რომლის სახელი ინგლისურად სხვა, უფრო ცნობილ  გეოგრაფიულ სახელს ემთხვევა, ან ქვეყანა, რომლის ინგლისური სახელიც ბევრმა არ იცის. ფაქტია, რომ საქართველოს  Georgia-თი მოხსენიება პრობლებურია, როგორც გარე სამყაროსათვის, ისე ჩვენი იდენტობისათვისაც. 

ალბათ ჭკუასთან ახლოს იქნება, თუ ჩვენი სამშობლოს საერთაშორისო სახელს, არაქართული მსოფლიოსთვის  ქართული წარმოშობის ეთნონიმებიდან შევურჩევთ. მთავარია ჩვენთვის იყოს მისაღები, სხვებმა კი  კეთილი ინებონ და ასე მოგვმართონ.

ქვეყნის (ან ქალაქის) სახელის წარმატებულად შეცვლის მაგალითები, უახლოესი წარსულიდან, რამდენიმეა: მოლდავეთი მოლდოვად იქცა, კიშინიოვი - ჩიშინაუდ, ბომბეი - მუმბაიდ,  ბირმა - მიანმად, ჩერნოგორია - მონტენეგროდ (ან პირიქით), კანტონი - გუანგჟოუდ და ა.შ. როგორც ვხედავთ, ამ ცვლილებებით, არავის არაფერი არ მოსვლია. მსოფლიომ აიტაცა ახალი სახელები და ახლა უცხოელები ამ ქვეყნებსა და ქალაქებს, სხვა, ახალი სიტყვებით მოიხსენიებენ. თუ გვსურს - გავაკეთებთ. თუ არა და...მაშინ დაუსრულებლად ვამტკიცოთ, რომ  ჩვენ ორასწლოვანი ისტორიის მქონე ამერიკის შტატი „ჯორჯია“კი არ ვართ, არამედ სამიათასწლოვანი ისტორიის მქონე  დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ნუ დაგვავიწყდება, რომ განმარტება-დამატება: ტერმინი Georgian ინგლისურ ენაში, ჩვენს გარეშე დამკვიდრდა და მას საქართველოსთან ან ქართველებთან, არაფერი აქვს საერთო. ეს დიდი ხნის ტერმინია და XVIII - XIX-ე საუკუნეების (1714 - 1830) ბრიტანეთის იმპერიის „გეორგიანულ“ ეპოქას აღნიშნავს. იმ დროს ინგლისს მართავდნენ ჰანოვერის დინასტიის მეფეები ჯორჯ I, II,III, და IV და შესაბამისად, მთელ ამ პერიოდს მადლიერმა შთამომავლობამ „გეორგიანული“ დაარქვა.

ამ ეპოქამ ბევრი სიახლე და „სიკეთე“ მისცა ბრიტანეთისა და მსოფლიოს ისტორიას, კულტურას და არქიტექტურას. ამ დროს მიმდინარეობს ამერიკის ინტენსიური კოლონიზაცია, სასტიკი ომები ინდიელებთან და მათი მეთოდური განადგურება, ამ ეპოქის პროდუქტია მერკანტილიზმის პოლიტიკა და უცხოური ექსპორტის შეზღუდვა, ამ დროს მიმდინარეობს ბრიტანეთის იმპერიის ძლევამოსილი ექსპანსია ინდოეთისკენ და სამხრეთ ზღვებისკენ (კაპიტანი კუკი). ამ დროს გაიმარჯვა ინგლისმა ტრაფალგარისა და ვატერლოოს სახელგანთქმულ ბრძოლებში. 

როგორც ვხედავთ, „ჯორჯიან ერა/Georgian era“ უკვე არსებული კულტურულ-ისტორიული ფენომენია ანგლო-საქსურ სამყაროში და მას სრულიად კონკრეტული შინაარსი აქვს ინგლისელისა თუ ინგლისურად მკითხველისათვის. ტერმინი „ჯორჯიან/Georgian“, ჩვეულებრივ გამოიყენება სოციალური ისტორიისა და არქიტექტურის კონტექსტში, რაც ალბათ, გარკვეულ დაბნეულობას იწვევს „ჯორჯიან“-ის ეთნონიმად, მითუმეტეს ბრიტანეთიდან გეოგრაფიულად საკმაოდ მოცილებული საქართველოს, აღსანიშნავად. აღარაფერს ვამბობ „გუგლში“ ძებნისას აშშ-ს სახელოვან სამხრეთულ შტატზე,  „ჯორჯიაზე,“ რომელიც ჯიუტად გვეცილება ჩვენი ქვეყნის სახელს ინგლისურენოვან საძებნ სისტემებში ... გარდა ამისა, ჩვენც, ქართველებსაც ხომ უნდა გვქონდეს რაიმე ემოციური ან ცნობიერი ბმა სახელთან Georgian?

განა ოდესმე გვითქვამს საკუთარ თავზე ქართულად, რომ „ჯორჯიან“ ვართ? ეს ტერმინი, ვფიქრობ, საკმაოდ უცხოდ ჟღერს, მისი ქართულად აღქმისათვისაც. ასეთ დროს, ბუნებრივია, რომ ვეძებეთ ქვეყნის აღმნიშვნელ ჩვენთვის  ჩვეულ და შესისხლხორცებულ სხვა  ეთნონიმებსაც.

ამ მხრივ არის ერთი საინტერესო დასახელება „იბერია.“ იგი ჩვენში არანაირ გაუცხოებას არ იწვევს. იგი თითქოს  მშობლიურია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, შემდეგი, რომ:

1. ქვეყნის სახელწოდება „იბერია“ ძველ ბერძნულ წყაროებში აღმოსავლეთ საქართველოს ანუ ქართული წყაროების მიხედვით ქართლს მიესადაგებოდა და არა სრულიად საქართველოს.

2.პარალელური ტერმინი „იბერია“ არსებობს ესპანურშიც და პორტუგალიურშიც. ესპანელები, პორტუგალიელები და ლათინური ამერიკის ლათინურენოვანი მოსახლეობა, თავს იბერიულ და იბერიულ-ამერიკული სამყაროს წარმომადგენლებად თვლიან. მეტიც, მსოფლიოს ისტორიულ და გეოგრაფიულ წყაროებში (სტრაბონი, პლინიუსი) პირენეის ნახევარკუნძულს იბერიის ნახევარკუნძული ჰქვია და ეს სახელი დღესაც აქტიურად გამოიყენება დასავლურ გეოგრაფიაში. ამიტომ სამყაროს ამ ნაწილისთვის ეთნონიმი „იბერიელი“ დამაბნეველი და შესაძლოა, მიუღებელიც კი აღმოჩნდეს.

„იბერიის“ გარდა  შესაძლო ვერსიებიდან ხშირად განიხილება სახელწოდება „ივერიაც.“ ამ ტერმინის წარმოშობა გაურკვეველია. არსებობს მოსაზრება, მისი სომხური წარმოშობის შესახებ, რომელიც სომხეთის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყანას უნდა აღნიშნავდეს.  ქვეყნის საერთო აღმნიშვნელ სახელწოდებად იგი გამოიყენებოდა ერთიანი ქვეყნის სამეფო -სამთავროებად დაშლის დროიდან, როცა „საქართველო“ მხოლოდ გეოგრაფიულ ცნებას წარმოადგენდა. მაგალითად, 1790 წლის ხელშეკრულებას, რომელიც საქართველოს სამეფო-სამთავროების მესვეურებმა დადეს, ეწოდება „ტრაქტატი ივერიელთა მეფეთა და მთავართაგან დამტკიცებული“.... საბუთში ხაზი ესმის ქვემო ივერიელთა (დასავლეთ ქართველების) და ზემო ივერიელთა (აღმოსავლეთ ქართველების) ერთმორწმუნეობას, საერთო ენის მქონებლობას, სისხლით ნათესაობას, საერთო ისტორიის მახსოვრობას.

რადგან ტერმინი „ქართველი“ გაცილებით უფრო ადრინდელია ვიდრე  „ივერია“ და საქართველოს ნებისმიერ მხარეში ყველა მკვიდრის აღმნიშვნელი იყო, ხოლო „საქართველო“ მათი სამშობლოს სახელწოდება,  ამიტომ ვეთანმები ჩვენი ქვეყნის და მისი ძირძველი ერისთვის სახელწოდების დასამკვიდრებლად ერთადერთ ვარიანტს: ქართველი და საქართველო.  ვითომ ცუდად ჟღერს შემდეგი?

1. (ინგლ.)Where are you from? I am from The Republic of Sakartvelo and I am Kartvel ან სხვა ნაცნობი პასაჟი: I am Kartvel, therefore I am from Sakartvelo! მე ქართველი ვარ! (ქართ.) -  Ich bin Kartvel! (გერმ.);  Я Картвел! (რუს.); Je suis Kartvel! (ფრანგ.); anna Qartveli (არაბ.)

ვფიქრობ, ამ თემაზე  მართლაც ღირს დაფიქრება და იმედია ეს მსჯელობა საკანონმდებლო ორგანოშიც გადაინაცვლებს, რადგან ეს ჩვენზე, ჩვენს ეთნონიმზე და ჩვენი ქვეყნის სახელზეა საუბარი!

alx საქართველოს საერთაშორისო სახელი უკვე აქვს მაგ სიტყვა საქართველო აღნიშნავს ტერიტორიას რომელსაც ქვია ქართლი.სიტყვა ქართლი უფრო მარტივი გამოსათქმელია სხვადასხვა ენაზე.ისე სიტყვა გეორგია ბასკურიდან რო განვმარტოთ ოგია არი პური საქართველო თუ პურის სამშობლოა და ბასკებს (ეუსკერა) ქართველების ნათესავებად ვთვლით მაგ შემთხვევაში არამგონია რამე ცვლილება იყოს საჭირო საქართველოს საერთაშორისო სახელის მოფიქრებაში უკვე ქართული სიტყვაა გეორგია პურის სამშომშობლო.სიტყვა გეორგია ორნაწილად რო გავყოთ; გერ ოგია თან მეორე პურის ქვეყნის გერმანიის დასახელებაც განიმარტება.აღმოჩენა;სამი პურის ქვეყანა საქართველო,ეუსკერა და გერმანია.იყოს გეორგია რას ერჩით.
2 წლის უკან