დეპუტატების, თამაზ მეჭიაურისა და ნოდარ ებანოიძის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან გამოყოფას ითვალისწინებს, პარლამენტში უკვე შევიდა. პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, საკითხის მიმართ ინტერესი დიდია და კოლეგებს მოუწოდა, საკანონმდებლო პაკეტის განხილვა ყველა დაინტერესებული მხარის მაქსიმალური ჩართვით განხორციელდეს.
რა შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს ეფექტური ასეთი ცვლილება და ხომ არ არის უბრალოდ, ყურადღების გადატანის მცდელობა, რა ხდება ქართულ მონეტარულ პოლიტიკაში, ამის შესახებ ექსპერტი, ლევან კალანდაძე გვესაუბრება.
ლევან კალანდაძე: ამ თემას უნდა შვხედოთ იმ კუთხით, თავად პარლამენტი რა საჭიროებას ასახელებს, ანუ ინიციატორები რისთვის აკეთებენ ამას. მათგან მოვისმინე ახსნა, რომ ქვეყნის საფინანსო სისტემაში არსებობს მაღალი რისკები სავალუტო სპეკულაციებისა, საზოგადოება არ არის დაზღვეული, რომ ეს რისკები მომავალში თავიდან იქნება აცილებული.
მინიმუმამდე რომ იყოს შემცირებული სპეკულაციური გარიგებების, ბოლომდე იქნას აცილებული ფარული გარიგებებით კურსით მანიპულირების რისკები, ამისთვის საჭიროა ორი მიმართულება - ერთია ტრანსფარენტულობისა და საჯაროობის კომპონენტის გაზრდა, საბანკო ზედამხედველობის მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით და მეორე საკითხია გარკვეული, სახელისუფლებო, ანუ რეგულირების ვერტიკალის დივერსიფიცირება. ანუ, მხოლოდ ერთი სტრუქტურის ხელში არ იყოს მოქცეული მთელი ძალაუფლება და კონტროლის მექანიზმები.
ამის გათვალიწსწინებით, ეროვნული ბანკი იქნება ძირითადი პოლიტიკის შემქმნელი და განმსაზღვრელი, ხოლო საბანკო ზედამხედველობას (რომელიც უფრო ადმინისტრაციული ნაწილია), განახორციელებს ცალკე უწყება, რომელიც დაექვემდებარება ეროვნულ ბანკს (სიპი), მაგრამ იმავდროულად, ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტთან.
რამდენად ეფექტური იქნება ასეთი სტრუქტურა? ვგულისხმობ, რომ ეროვნულ ბანკს ისედაც გააჩნია ანგარიშვალდებულება პარლამენტის წინაშე...
- მსოფლიოში არსებობს ძალიან ბევრი მოდელი, სადაც ეროვნული ბანკის ნიშნის ქვეშ არსებული ორივე ფუნქციის მატარებელი ინსტიტუტები წარმატებით მუშაობენ, მაგრამ არის სხვა მოდელის წარმატებული მუშაობის მაგალითებიც. მაგალითად, აშშ-ში გამიჯნულია მონეტარული პოლიტიკის დაგეგმვა-განხორციელება და საბანკო ზედამხედველობა.
მთავარი ის არ არის, ეს ორი ფუნქცია ერთი სტრუქტურის ქვეშ იყოს თუ ცალ-ცალკე. პირველ რიგში, მთავარია პოლიტიკური ნება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია თავად ამ სისტემის ორგანიზებას რამდენად შედეგზე ორიენტირებულად უზრუნვეყოფს საკანონმდებლო ორგანო, ანუ რამდენად სწორად დაიგეგმება როგორც სტრუქტურული, ასე ფუნქციონალური გადანაწილება და ანგარიშვალდებულების საკითხი.
ამავე დროს, ძალზე მნიშვნელოვანია თავად ამ სისტემის ქმედუნარიანობის და ეფექტიანობის სახელმწიფოებრივი კონტროლის სისტემა - ანუ რამდენად იქნება მობილიზებული და კონტროლზე ორიენტირებული თავად პარლამენტი. იმიტომ, რომ პარლამენტი არის ქვეყანში საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის მთავარი განმსაზღვრელი ორგანო და გარკვეული ზედამხედველობა ამ სტრუქტურებზე არის უკვე პარლამენტის ვალდებულება. ანუ, მხოლოდ ამ სტრუქტურების კარგ მუშაობაზე არ იქნება დამოკიდებული ეფექტურობა - პარლამენტის საქმიანობაც იქნება ამ საკითხის განსაზღვრელი.
სავალუტო ფონდი ყოველგვარი რეორგანიზაციის გარეშეც კმაყოფილი იყო ეროვნული ბანკის მუშაობით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის შიგნით მნიშვნელოვანი ფინანსური რყევები აღინიშნებოდა. ახლა კი, უცებ, უხეშად რომ ვთქვათ, ეროვნული ბანკის რეორგანიზება ხდება, რეალურად, რასთან გვაქვს საქმე?
- ქვეყნის შიგნით არსებულ პრობლემებს არც სავალუტო ფონდი უარყოფს და მასაც აქვს თავისი შეხედულებები იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში განვითარდა. წყარო იმ ავადობისა, რამაც ლართან დაკავშირებული პრობლემა გამოიწვია, განპირობებულია ძირითადად, საგარეო შოკებით, თუმცა მეორე საკითხია, რამდენად ეფექტიანად ვიყენებთ ქვეყნის შიგნით მოკლე და საშუალოვადიანი პერიოდისთვის იმ ინსტრუმენტებს, რაც გააჩნია ეროვნულ ბანკს.
მოკლევადიანი ინსტრუმენტები უშუალოდ მონეტარული ინსტრუმენტებია, საშუალოვადიანი უკავშირდება მთავრობის მუშაობის საკითხს. ორივე მიმართულებით გვაქვს გარკვეული პრობლემები. მონეტარული ინსტრუმენტები, რომელსაც ეროვნული ბანკი ფლობს, ნაკლებად ეფექტურად არის გამოყენებული და ეს პირდაპირ უნდა ვაღიაროთ.
არსებობს გარკვეული სავალუტო შოკები, რომლის ლოკალიზაცია და პრევენცია შესაძლებელია მონეტარული ინსტრუმენტებით (პანიკური და შოკური ეფექტის მოხსნის ფუნქცია გააჩნია) და ეს ყველაფერი ნაკლებად ეფექტურად იყო გამოყენებული.
ცალსახად არ ვამბობ, რომ რეზერვები უნდა გაგვეფლანგა, როგორც ეროვნული ბაკის პრეზიდენტმა თქვა, თითქოს ვიღაცეები სავალუტო რეზერვების გაფლანგვას ითხოვენ. ეროვნულ ბანკს გააჩნია სხვა მონეტარული ინსტრუმენტი, რომლის ეფექტიანად გამოყენება მნიშვნელოვნად შეამცირებდა კურსით გამოწვეულ ნეგატიურ გავლენას საზოგადოებაზე.
უპირველესად, ეს არის მონეტარული ინსტრუმენტებიდან საპროცენტო განაკვეთი - მაგალითად, როცა აცხადებ, რომ მონეტარული პოლიტიკა მკაცრდება და საპროცენტო განაკვეთს 0.5%-ით ზრდი, ეს არასაკმარისი პირობაა. საპროცენტო განაკვეთი კიდევ უფრო მნიშვნელოვნად უნდა გაზრდილიყო.
მეორე საკითხი უკავშირდება რეფინანსირების სესხს, რომელიც გარკვეულ პრობლემატურ გამაღიზიანებელ ფაქტორს წარმოადგენს ლართან მიმართებაში, თუმცა ეროვნულ ბანკს ამ საკითხთან დაკავშირებითაც აქვს თავისი ახსნა.
რეფინანსირების ეს პოლიტიკა უბიძგებს ბანკებს, რაღაც მანიპულაციის ინსტრუმენტად იქცნენ - მაგალითად, გასულ კვირაში ბანკები ორი დღის განმავლობაში აქტიურად ყიდდნენ დოლარს. კურსმა დაიწყო ქვემოთ ჩამოსვლა, გარე კურსი გაცილებით დაბალი იყო, ვიდრე ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი.
ეროვნულმა ბანკმა მომენტალურად გასცა რეფინანსირების სესხი ბანკებზე და მათ დოლარის გაყიდვის სტიმული მოუსპო - ბანკებმა დოლარის გაყიდვა შეწყვიტეს. ანუ ეროვნულ ბანკის მიერ გამოყენებულმა რეფინანსირების ინსტრუმენტმა ლარი გარკვეული დარტყმის ქვეშ დააყენა და 2.22-მდე ჩამოსული გარე კურსი უცებ 2.28-ზე ავარდა.
თუ ეროვნულ ბანკთან მაქვს პრეტენზიები, სწორედ - ამ ინსტრუმენტების არაეფექტურად გამოყენებასთან დაკავშირებით.
მესამეა მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა როგორც დოლარში, ასე - ლარში, რომლის გათანაბრებაც სისტემის ეფექტიანად მუშაობის მასტიმულირებელი იქნებოდა. ამის გარდა არის კიდევ უამრავი კითხვა, რომელსაც პასუხი არ გაეცა, მაგალითად - გარკვეულ სპეკულაციურ ვაჭრობასთან დაკავშირებით. მოლდოვაში, აშშ-ში, ბრიტანეთში სწორედ ახლა გასკდა გარკვეული საქმეები, რომელიც სპეკულაციას უკავშირდებოდა. მესმის, რომ ჩვენ „ფრთიანი ანგელოზები“ ვართ და ასეთი რამ არ უნდა ვიკადროთ, მაგრამ ჩვენი საზოგადოებაც დაზღვეული უნდა იყოს ასეთი მანიპულაციებისგან.
მათ შორის, საინტერესოა, მიუხედავად იმისა, რამდენი სუბიექტი და რა თანხით მონაწილეობს სავალუტო ვაჭრობებში, კურსი მხოლოდ ეროვნული და რამდენიმე ბანკის მიერ განხორციელებული ტრანზაქციების შედეგად ხომ არ დგინდება?
არის კიდეც გარკვეული ეჭვები ამ თვალსაზრისით...
- ეჭვები არის და მეც გამოვთქვამ ამ ეჭვს. არის რისკებიც, ამ მიმართულებით ვუსაყვედურე კიდეც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომუტეტის თავმჯდომარეს - რატომ არ ისმის ამ მიმართულებით კითხვები? პარლამენტის ფუნქციაა ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მონიტორინგი. პარლამენტმა ნება უნდა იბოძოს და დროულად დასვას ეს კითხვები.
მეორე არის უკვე აღმასრულებელი ხელისუფლების კომპონენტი - რამდენი ხანია ვსაუბრობთ ქამრების შემოჭერის პოლიტიკაზე? - ამას არ ვუკავშირებ მშპ-ს მაჩვენებლის პროგნოზის შემცირებას, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ქამრების შემოჭერისა და აქტიური პრივატიზაციის პოლიტიკა, რომელიც ფუნდამენტური საკითხებია და მთავრობის პირველი ამოცანა უნდა იყოს, ვერ ხორციელდება, ამ მიმართულებით ვაგვიანებთ.
თითქოს სწორად არის საკითხი დაყენებული, მაგრამ ამ დაგვიანებით ზარალდებიან ადამიანები, რომლებსაც კურსის ნეგატიური ტენდენციის გამო საგრძნობლად გაუძვირდათ ცხოვრება.
მესმის, რომ გარკვეული ანალიზი და მონიტორინგია საჭირო, მაგრამ მოქმედება განსაკუთრებით ეროვნული ბანკს მხრიდან ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ვისურვებდი, აღმასრულებელი ხელისუფლებაც უფრო შედეგზე ორიენტირებულად მუშაობდეს და დროულ გადაწყვეტილებებს იღებდეს.
საუბარი იყო, რომ ძირითადად, გარე ფაქტორებმა გამოიწვია ლარის გაუფასურება. ჩვენმა მეზობელმა ქვეყნებმა მეტ-ნაკლებად, მოახერხეს საკუთარი ეროვნული ვალუტების დასტაბილურება, ვგულისხმობ თურქეთს, რუსეთს აზერბაიჯანს. საქართველოში რაღაც განსაკუთრებული ხდება, რომ კურსი ვერ მყარდება?
- აზერბაიჯანს ამ კონტექსტში ნუ განვიხილავთ - აზერბაიჯანის კრიზისი გამოწვეული იყო ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნით. მაგრამ სწორად აღნიშნეთ, რომ გარკვეული სტაბილურობა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში შეინიშნება. ეს გამოწვეულია იმით, რომ ის მონეტარული ინსტრუმენტები, რომელიც ქვეყნებს გააჩნიათ, სრულად არის გამოყენებული.
ვინ წარმოიდგენდა, რომ რუსული რუბლი ასეთი საერთაშორისო სტრესის პირობებში, რომელიც ამერიკამ გამოუცხადა, ნავთობის ფასის ასეთი ვარდნით, რუსულ-უკრაინული კონფლიქტის პირობებში ასე დასტაბილურდებოდა? თავდაპირველ ნიშნულს, რა თქმა უნდა, არ დაუბრუნდა რუბლი, მაგრამ ვარდნა შეაჩერეს და გარკვეული სტაბილურობა შეინიშნება. ეს, უპირველესად, გამოწვეულია მონეტარული პოლიტიკის სწორად გამოყენებით, რასაც საქართველო ვერ აკეთებს.
ანუ ჩვენც შეგვეძლო...
- რა თქმა უნდა, ჩვენც შეგვეძლო, რეზერვების ფლანგვის გარეშე მონეტარული ინსტრუმენტები სწორად გამოგვეყენებინა და უფრო ადვილად ასატანი გაგვეხადა ის მდგომარეობა, რაც სავალუტო ბაზარზეა. აქედან გამომდინარე მიჩნდება ეჭვები - რატომ არ ვაკეთებთ ამას, ან რატომ მოხდა ის, რაც მოხდა წინა პარასკევს? - რეფინანსირების მილიარდიანი სესხი ხომ არასოდეს არ გაგვიცია კერძო ბანკებზე?! ამ დროს ხდება-ხოლმე ნახტომისებური ცვლილებები და ამიტომ ვეჭვობ, ხომ არ აქვს ადგილი გარკვეულ სპეკულაციურ მომენტებს?!
ერთი რამ აუცილებლად უნდა იცოდეს საზოგადოებამ - სპეკულაცია ბანკების მიზანია და მათ ამას ვერ აუკრძალავ. ბანკები იმისთვის არიან, რომ სპეკულაციური ოპერაციები აკეთონ და ამით ფული იშოვონ - ეს არ არის პრობლემა.
პრობლემა ის არის, როდესაც მარეგულირებელი, ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკი პრევენციას არ ახორციელებს ამ სპეკულაციების აღსაკვეთად.
ეროვნული ბანკის პოლიტიკა არა მხოლოდ საბანკო სფეროს, არამედ საზოგადოების, ხელისუფლების და თითოეული მოქალაქის ინტერესებს უნდა იცავდეს. ჩვენ, თითქოს, რაღაც პარადოქსული სიტუაცია გვაქვს - ეროვნული ბანკი ბანკების ინტერესებს იცავს და საზოგადოების და სახელმწიფოს ინტერესები თითქოს მეორე-მესამე ხარისხოვანი ხდება.
პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე ვინ არის?
- პასუხისმგებლობის საკითხი რომ გამოიკვეთოს, ჯერ ის უნდა გაირკვეს, კონკრეტულად რასთან გვაქვს საქმე. არაერთხელ მითვამს - რაკი პარლამენტს ევალება ფინანსური მონიტორინგი, კეთილი ინებოს და დროულად გამოიკვლიოს, ყველა კითხვას გასცეს პასუხი და გვითხრას, რასთან გვაქვს საქმე, ვისი ბრალეულობის საკითხი იკვეთება.