გასული საუკუნის 70–იანი წლების შუახანს, როდესაც ბრიტანული ჰიპიზმი საბოლოოდ წარსულს ჩაბარდა და პროგრესივ როკშიც კრიზისი შეიმჩნეოდა, კენტერბერული სცენა მსგავსი ხედვის მქონე მუსიკოსებისთვის ერთგვარ ოაზისად იქცა.
1975 წელს, როდესაც სულ რაღაც ორიოდე წლის წინ Jethro Tull–ის Passion Play ამერიკის შეერთებული შტატების ჩარტებს იპყრობდა და ბრიტანეთშიც მაღალ ადგილებს იკავებდა, ვერვინ წარმოიდგენდა, რომ ექსპერიმენტული მუსიკა პოზიციებს დათმობდა – განა აღარ შეიქმნებოდა, არამედ მასზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდებოდა და ორიგინალურად მოაზროვნე მუსიკოსებს მსმენელთა გაცილებით ვიწრო წრეში მოუწევდათ ჩაკეტვა.
კენტერბერული სცენა ამ დროისათვის უკვე საკმაოდ „გამოცდილი“ იყო, Delivery–ის, Soft Machine–ის, Gong–ისა თუ Caravan–ის ნამოღვაწარს, თურმე კიდევ ეწერა იდეური განვრცობა და პროგრესივ/ჯაზ–როკს ახალი „სუპერჯგუფებით“შევსება, რომელთა თითო–ოროლა ნაწარმოები ოქროს ასოებით ჩაეწერა ღრმააზროვანი როკ მუსიკის ისტორიაში.
ერთ–ერთი ასეთი ჯგუფია Gilgamesh, რომელმაც 1975 წელს სადებიუტო ალბომი ჩაწერა, შემდეგ დროებით დაიშალა, რადგან მისმა შემქმნელმა ალენ გოუენმა სხვა ჯგუფი დააარსა, შემდეგ კი იგი კვლავ დაუბრუნდა თავდაპირველ პროექტს ამ მეორე ჯგუფის არსებობის პირობებში.
ასეთი რამ დღესდღეობით საკმაოდ მიღებულია პროგრესივ სცენაზე, როდესაც როინ სტოლტი Flower Kings–სა და Transatlantic–ში, ან ჯეფ დაუნსი Asia–სა და Yes–ში (სტივ ჰოუსგან განსხვავებით) ერთდროულად მუშაობს ალბომებზე, მაგრამ 70–იანებში ეს ალბათ როკ მუსიკოსის ეთიკას ეწინააღმდეგებოდა და საკუთარ თავს ამის გაკეთების უფლებას ნაკლებად გამოჩენილი და ანაზღაურებადი მუსიკოსები თუ აძლევდნენ.
საინტერესოა, რომ Gilgamesh, Hatfield & The North-ის პარალელურად დაარსდა, მაგრამ თუკი Hatfield & The North-მა სწრაფად ჩაწერა ორი სტუდიური ალბომი საკონცერტო იერით, Gilgamesh გაცილებით მეტს მუშაობდა არანჟირებაზე და ამიტომაც დააყოვნა სადებიუტო ჩანაწერი.
ამის მიზეზად შემადგენლობის არასტაბილურობა იქცა, რაც ჩვეულებრივი მოვლენა იყო კენტერბერელი „მოხეტიალე“ მუსიკოსებისთვის, რომელთა მუსიკალური იდეების კვებას, ცოტაოდენი ფინანსური დახმარებაც ესაჭიროებოდა.
სწორედ ამიტომ იყო, რომ გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, თუნდაც ერთ კონცერტს სტუდენტთა აუდიტორიის წინაშე, შეიძლებოდა ჯგუფის მთელი სტუდიური ნამუშევარი შეეწირა. მიზეზი? – გიტარისტი კონცერტის წინ სარეპეტიციოდ შეუერთდა სხვა კოლექტივს.
როგორც ითქვა, ასეთ პრობლემებს მიღმა არ დარჩენილა Gilgamesh. ჯგუფის სულისჩამდგმელი იყო პიანისტი ალენ გოუენი, რომელმაც Gilgamesh დრამერ მაიკ ტრევისთან ერთად ჩამოაყალიბა.
მათ გარდა ჯგუფში გაერთიანდა სამი მუსიკოსი – გიტარისტი – რიკ მორკომბი, ჩვენთვის კარგად ნაცნობი ბას გიტარისტი რიჩარდ სინკლერი (პარალელურად Hatfield & The North) და საქსოფონისტი ალან უეიკმანი.
ისინი პერიოდულად ტოვებდნენ ხოლმე ჯგუფს მანამ, სანამ გოუენს არ მობეზრდა ეს ყველაფერი და თავადაც არ დატოვა ჯგუფი ზემოთხსენებული მეორე „სუპერჯგუფის“ შესაქმნელად, ოღონდ სადებიუტო ალბომის გამოსვლის შემდეგ.
იქამდე, 1973 წლისთვის კი საბედნიეროდ მდგომარეობა დასტაბილურდა. გასტროლიორები ჯგუფიდან გაუშვეს და კვარტეტში მათი ადგილები გიტარისტმა ფილ ლიმ და მომავალში სახელგანთქმულმა ბას გიტარისტმა ნეილ მიურეიმ დაიკავეს.
მიურეისთვის სწორედ Gilgamesh იქცა ტრამპლინად, რომელიც მას შემდგომში კოზი პაუელისა და ჯონ აისმენის ჯგუფებში გადააფრენდა, რისი გვირგვინიც უკვე სახელის მოხვეჭა უნდა ყოფილიყო დევიდ ქოვერდეილის Whitesnake–ში.
სახელოვანმა ბასისტმა ათწლეულების განმავლობაში მოიარა გარი მურისა და ბრაიან მეის ჯგუფები, Black Sabbath და კიდევ არაერთი ცნობილი კოლექტივი, დღესდღეობით კი მშვიდ სიბერეს ატარებს Whitesnake–ის შვილობილ ბენდში The Company Of Snakes.
მიურეი Gilgamesh-ში სადებიუტო ალბომამდე არ გაჩერებულა და მისი ადგილი ჯგუფში ჯეფ კლაინმა დაიკავა. გოუენი–ტრევისი–ლი–კლაინის სადებიუტო ინსტრუმენტული შედევრი Hatfield & The North-ისა არ იყოს, პერიოდულად გამდიდრებულია Henry Cow–ს ვოკალისტი ქალბატონების განუმეორებელი ხელწერით.
Gilgamesh შესანიშნავი გამოვიდა ისეთი ჯაზ/როკ შედევრების გამოისობით, როგორიცაა მაგალითად Island Of Rhodes ან Lady And Friend – ასეთი მდუმარე და დამაფიქრებელი, სიღრმისეული და მელოდიური.
გიტარისტ ფილ ლის დაკვრაში პერიოდულად იგრძნობოდა ჯონ მაკლაფლინის გავლენა, მაგრამ ეს მეტ ხიბლს სძენდა ორიგინალური ნაწარმოებების კრებულს.
თვითმყოფადობას კი რეპერტუარს განუმეორებელი კენტერბერული ხელწერა ანიჭებდა. შეიძლება მსმენელი ჩანაწერის ხარისხმა არ დააკმაყოფილოს მაინცდამაინც, მაგრამ ამას გვერდს ვერ ავუვლით, რადგან ჯგუფის ისედაც მცირე ბიუჯეტი, არ იძლეოდა ძვირადღირებულ სტუდიებში მუშაობის შესაძლებლობას.
როგორც ვხედავთ, მდგომარეობა საკმაოდ ნაცნობია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მუსიკოსები ფარ–ხმალის დაყრას აპირებდნენ, ან პროფესიის შეცვლას. საბედნიეროდ ალბომი Gilgamesh გამოვიდა და ჯგუფი უკვე ამის შემდეგ დაიშალა.
მიზეზი კი სწორედ ჩვენს მიერ ხსენებული „მეორე ჯგუფი“ Natioanal Health გახლდათ, რომელიც ალენ გოუენმა Gilgamesh–ის პარალელურად დააარსა.
საბოლოოდ პიანისტმა National Health კვლავ დატოვა და Gilgamesh–ის იდეას დაუბრუნდა, რომლის ხელახალ ხორცშესხმაშიც უმნიშვნელოვანესი როლი კიდევ ერთმა კენტერბერელმა, წარსულში Soft Machine–ის ბას გიტარისტმა ჰიუ ჰოპერმა შეასრულა.
Gilgamesh–ის მეორე სტუდიური ნამუშევარი როკ სამყაროს 1978 წელს სახელწოდებით Another Fine Tune You’ve Got Me Into მოევლინა. 38 წუთიანი ჯაზ როკის ჰიმნი ისე ისმინება, რომ წამი არ ჩნდება ზედმეტი, ყალბი, დროის გასაყვანი.
ინსტრუმენტული თემები ერთიმეორეს ენაცვლება ულამაზესი საორგანო და გიტარ სოლოების ფონზე. ჰიუ ჰოპერის Soft Machine–ისეული სიმძაფრე აქ განეიტრალებულია ალენ გოუენის საოცრად მშვიდი მრავალფეროვნებით. მისი სოლოები იმდენად თვითმყოფადია, რამდენადაც სახელია უცნობი როკ მუსიკის მსმენელთა ფართო სპექტრისთვის.
ალბომის მცირე ტირაჟით გამოსვლა და ფაქტობრივად გაუჩინარება არასასურველმა პერიოდმაც განაპირობა. Gilgamesh–ის ტიპის ჯგუფისთვის ორადორი ალბომი ხომ ნამდვილი მისწრებაა.
ჯგუფს ფრიად საყურადღებო გამოუქვეყნებელი მასალაც დარჩა, რომელმაც თავი მოიყარა 2000 წელს გამოცემულ კომპაქტ დისკზე Arriving Twice.
ალენ გოუენი კი სამწუხაროდ 1981 წელს ლეიკემიით გარდაიცვალა.