პროგრესივ როკის იერარქია

პროგრესივ როკის იერარქია

როკ მუსიკის ნებისმიერი მიმართულებისაგან გამორჩევით, პროგრესივ როკმა ყველაზე უკეთ გამოხატა და განჭვრიტა მე-20 საუკუნის ევროპელი და ამერიკელი ახალგაზრდობის IQ.

რკინის ფარდის მიუხედავად, ტენდენცია საბჭოთა და კერძოდ ქართველ ახალგაზრდობაზეც გავრცელდა და დღესდღეობით აშკარაა ადამიანების მუსიკალური გემოვნების დეგრადაციის დონე იმ პერიოდთან შედარებით.

ამაზე ყველაზე უკეთ მეტყველებს ჩარტები, სადაც 1972 და 1973 წლებში Coldplay-ის ადგილი იან ანდერსონის Jethro Tull-ს ეკავა ოთხი ოცდაორწუთიანი (!) კომპოზიციით...

წინა სტატიაში პროგრესივ როკის სახელგანთქმულ წარმომადგენელთა შორის არ გვიხსენებია ეს ჯგუფი. ამის მიზეზი კი იან ანდერსონის მუსიკის მათგან გამორჩეულად განზე დგომაა.

თუკი Genesis, Yes, Emerson Lake And Palmer და King Crimson ერთმანეთს „ენათესავებოდნენ“ შემადგენლობებითაც, რადგან არაერთი შემთხვევა ყოფილა ერთი ჯგუფიდან მეორეში რომელიმე მუსიკოსის გადასვლისა, იან ანდერსონმა ჯადოსნური ფლეიტით თავდაყირა დააყენა როკ მუსიკალური სამყარო, რადგან გაიარა იმ ბეწვის ხიდზე, რომელმაც არ მოსპო როკ’ნ’როლის იდეა რეპერტუარში, თანაც უშუალოდ როკ’ნ’როლის შესრულების გარეშე...

პროგრესივ როკ ჯგუფებმა შეცვალეს ზოგადად როკის იდეა, რაც დიდწილად პროტესტის გრძნობას ემყარებოდა. ახალგაზრდა მუსიკოსებმა დიდი ყურადღება გაამახვილეს შუა საუკუნეების ევროპულ პოეზიაზე და რაინდულ თემატიკაზე. ხშირად ტექსტები პირქუში და ბუნდოვანი იყო და ემსახურებოდა უფრო ფრაზის - სიტყვათწყობის სილამაზეს და არა მაინცდამაინც აზრის გამოხატვას.

ასეთი ტექსტუალური მხარე, ორიგინალური მუსიკალური ექსპერიმენტებისა და თემების არაპროგნოზირებადი გადასვლების გამოძახილი იყო. ამგვარად, პროგრესივ როკის წამყვანი ჯგუფები ახალგაზრდებისთვის უშრეტი ფანტაზიისა და აქედან გამომდინარე თვითდამკვიდრების წყაროდ იქცნენ. გარდა ამისა, მათ საბოლოოდ ცხადყვეს, რომ როკ მუსიკა ჯეიმს ბრაუნის მსოფლმხედველობისგან განსხვავებით, თავიდან იწყება და არა ფეხებიდან.

როგორც ღრმა და რთული, ჟანრი ერთის მხრივ ვერ ასცდა სნობიზმის გამოვლინებებს როგორც მსმენელთა, ასევე შემსრულებელთა მხრიდან. აქედან გამომდინარე შემოქმედება ზოგჯერ თვითმიზნობრიობაშიც გადადიოდა, კარგავდა რა სიწრფელეს და საბოლოოდ გაზვიადებულ ქება-დიდებასთან ერთად, ჩარტებიდან განდევნასაც ექვემდებარებოდა.

მეორეს მხრივ კი ადამიანი ყველგან ადამიანია და კომერციულ მარწუხებს ვერც პროგრესივ - ლეგენდები გადაურჩნენ. პროგრესივ როკის კრიზისმა 2 წლით დაასწრო ჰარდ როკისას. 1975 წელს სხვადასხვა პერიოდით დაიშალნენ Yes, Emerson Lake And Palmer და King Crimson, ხოლო Genesis კი საბოლოოდ დატოვა პიტერ გებრიელმა.

მაგრამ პროგრესივ როკს გააჩნია უცნაური იერარქია, რომელსაც მისი „ჩრდილოვანი“ ჯგუფები საუკეთესოდ წარმოაჩენენ. მათთვის სულერთია ამა თუ იმ ეპოქის კომერციულ მოთხოვნებს მორგებული მუსიკალური ტენდენციები, არამედ მუშაობენ მხოლოდ საკუთარი გემოვნებით და ასე გრძელდება დღემდე.

„ხელოვნება ხელოვნებისთვის“ სამსახურში მყოფი ადამიანები, საკუთარი საქმის წრფელად განხორციელების შემთხვევაში არასოდეს დაკარგულან ხელოვნების ისტორიაში და იმასაც ვერ ვიტყვით, რომ ცხოვრებაში ისინი არ დაუფასებიათ.

საქართველოში, ასეთი ფენომენალური მოვლენა იყო მაგალითად მხატვარი ნიკო ფიროსმანაშვილი, პროგრესივ როკში კი სამაგალითოდ შეგვიძლია პიტერ ჰემილი მივიჩნიოთ - მუსიკოსი, რომელიც თავის Van Der Graaf Generator-თან ერთად, სათავეში ჩაუდგა ჟანრის „ჩრდილოვან“ - არაჰიტურ იერარქიას.

გაოცებას იწვევს მუსიკოსის შემართება, რომლის უკვე ნახევარსაუკუნოვანი დისკოგრაფია დაახლოებით ამავე ციფრით გამოხატულ სოლო თუ  Van Der Graaf Generator-ში ჩაწერილ ოფიციალურ ნაწარმოებს ითვლის.

მომღერალი, კომპოზიტორი და მულტიინსტრუმენტალისტი დიდი ვირტუოზი არასოდეს ყოფილა,  მაგრამ მისი გიტარის პარტიების აწყობა შესაძლოა უფრო რთული იყოს, ვიდრე ზოგიერთი ვირტუოზი „დალაგებული“ გიტარისტისა, ან კიდევ გაოცებას იწვევდეს პიტერ ჰემილის ხელში ინსტრუმენტის იქამდე გაუგონარი თვისებების გამოვლენა.

მაგალითად გიტარა ჩართულია კომპოზიცია The Door - ის საკონცერტო ვერსიის სრულ რიტმულ ვაკხანალიაში, სადაც თითოეული ინსტრუმენტი სხვადასხვა რიტმში უკრავს თანდათანობითი აჩქარების ფონზე, რაც საბოლოოდ მოწესრიგებული ქაოსის სანიმუშო  მაგალითად იქცევა.

Van Der Graaf Generator-გან განსხვავებით, პროგრესივ როკის „ჩრდილოვანი“ იერარქიის წარმომადგენელი მრავალი ჯგუფი ერთადერთი ალბომით შემოიფარგლა, ან კრიტიკის მხრიდან არდაფასების შემთხვევაში, მალევე დაიშალა.

ჰარდ როკისგან განსხვავებით, სადაც ამგვარი „ჩრდილოვანი“ ჯგუფების დაშლის მიზეზი ერთგვარი კუსტარულობა და უფრო ხშირად არასათანადო ნიჭი იყო, პროგრესივ როკმა შემოგვინახა არაერთი საინტერესო კოლექტივი, რომლის როგორც რეპერტუარის, ასევე ჩანაწერის ხარისხიც მაღალ დონეზეა შესრულებული და კუსტარულობაზე აქ არც შეიძლება რომ ვსაუბრობდეთ.

ერთ-ერთი ასეთი მაგალითია ტრიო Quatermass, რომელსაც იდეალური შემადგენლობით ერთადერთი ალბომი 1970 წელს აქვს ჩაწერილი. ალბომი მაინცდამაინც  კარგად ვერ გაიყიდა და მუსიკოსებმაც თავ-თავიანთი გზა ცალ-ცალკე გამონახეს შემდგომში.

პროგრესივ როკმა ფართო გავრცელება ჰპოვა იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში... მუსიკოსებს მოეხსნათ ენის „არაროკულობის“ კომპლექსი და საოპერო ხელოვნების მსგავსად, იტალიური ენა უკვე როკ სცენასაც ამშვენებდა ისეთი შესანიშნავი ჯგუფების რეპერტუარში, როგორიცაა Le Orne, PFM თუ Banco Del Mutuo Soccorso.

გერმანიაში პროგრესივ როკის იერარქიის ერთ-ერთი შტო ე.წ. კრაუტ როკის ეგიდით განვითარდა, ხოლო ინგლისში კი კიდევ ერთი - „ნახევრად ჩრდილოვანი“ მიმართულება ჩამოყალიბდა, რომელსაც მიმდინარეობის სტატუსი მიენიჭა კენტერბერის სცენის სახელწოდებით...

(გაგრძელება იქნება)