ქრისტეშობის დღესასწაული ავღანეთში (ვიდეო)

ქრისტეშობის დღესასწაული ავღანეთში (ვიდეო)

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს ავღანეთში ქართველ სამხედროებთან ერთად შეხვდა.

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე 51-ე ბატალიონის პირად შემადგენლობას შობა საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა ბესო ხატიაშვილმა, ავღანეთში უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ჯონი ტატუნაშვილმა და  V ქვეითი ბრიგადის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა, მაიორმა როლანდ ძნელაძემ მიულოცეს.

გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები საშობაო ლიტურგიას, ქართველ სამხედროებთან ერთად, ბაზაზე მდებარე ქართულ სამლოცველოში დაესწრნენ. საზეიმო წირვა-ლოცვა 51-ე ბატალიონის კაპელანმა, დეკანოზმა გიორგი გაბლიშვილმა აღავლინა.

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ვიზიტისას, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ  51-ე ბატალიონის შტაბი დაათვალიერა და ბატალიონის სამუშაო გარემოს გაეცნო. ბატალიონის მეთაურმა ვიცე-პოლკოვნიკმა კობა გრიგოლიამ გენერალური შტაბის უფროსს ბატალიონის საქმიანობის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა.

ავღანეთში, 51-ე ბატალიონის სამხედროები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ამჟამად "მტკიცე მხარდაჭერის" ოპერაციაში მონაწილეობენ.