„მოვითხოვ საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან, დადგეს იმ პროკურორების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ შანტაჟი წამოიწყეს“, - განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, ალექსი პეტიაშვილმა, რომლის განცხადებით, საზოგადოებისთვის დროულად უნდა გახდეს ცნობილი ისიც, თუ რატომ იმყოფებიან ამ დრომდე პატიმრობაში „სრულიად უდანაშაულო ადამიანები“.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავიდან ბოლომდე არის საქმის კურსში ამ საქმის არსის შესახებ. ის ასევე არის პასუხისმგებელი მთავარი პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებით, ამიტომ მოვითხოვ საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან, დადგეს პასუხისმგებლობა იმ პროკურორისა, რომლებმაც წამოიწყეს ეს შანტაჟი და დროზე გახდეს საზოგადოებისთვის ცნობილი, რატომ არიან, ჩემი ღრმა რწმენით, უდანაშაულო ადამიანები ამ დრომდე პატიმრობაში“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ჟურნალისტებს წარუდგინა საჯარო რეესტრიდან შესაბამისი ამონაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ „დელტა კომისა“ და შსს-ს შვილობილი კომპანია „დელტა ტვ“-ის გენერალური დირექტორი წინა ხელისუფლების დროს შსს-ში იმ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, რომელიც უკანონო მოსმენებს ახორციელებდა.
ნიშანდობლივია, რომ „დელტა კომის“ შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელ რიგებში არის ზურაბ კოტარია, რომელიც ვანო მერაბიშვილის შს მინისტრობის დროს ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. ალექსი პეტრიაშვილმა მედიას, სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორს მიმართა და სთხოვა, კოტარიას, როგორც წარსული, ისე ამჟამინდელი საქმიანობით დაინტერესდეს.
„შსს-ს ჯერ კიდევ არ მოუწოდებია ადვოკატებისგან მოთხოვნილი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა საფასურად ემსახურება „დელტა კომი“ შსს-ს. ჩვენი ინფორმაციით, „დელტა კომი“ მომსახურებაში, ყოველთვიურად, იღებდა ასეულ ათასობით ლარს. ძალიან სერიოზულ ეჭვს ბადებს ისიც, რომ ტენდერში „დელტა კომის“ მომსახურება და შეთავაზება იყო გაცილებით უფრო ძვირადღირებული, ვიდრე ეს შეთავაზება წარმოდგენილი იყო „სილქნეტისგან“, - აღნიშნა პეტრიაშვილმა.
ალექსი პეტრიაშვილის შეფასებით, მთელი ეს სქემა მიმართულია ირაკლი ალასანიას და „თავისუფალი დემოკრატების“ წინააღმდეგ. მისივე თქმით, ნაცვლად იმისა, რომ რეალურად შეიქმნას უსაფრთხო გარემო კომპანიებში, რომლებიც ემსახურება შსს-ს, ის ადამიანები მუშაობენ ხელმძღვანელ რგოლებში, რომლებიც წლების განმავლობაში აწარმოებდნენ უკანონო თვალთვალს. პეტრიაშვილის შეფასებით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დაგეგმილი ოპერაციის „მძევლების აყვანა“ ფარგლებში დააკავეს. პეტრიაშვილი თავდაცვის სამინისტროს საქმეზე არ გამორიცხავს მთავარი პროკურორის „თავის დადებას“.
„ის რაზეც ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა, ჩანს, რომ სრულად არ იყო ინფორმირებული. ივანიშვილი ამბობდა, რომ კომპანია უფასოდ ემსახურებოდა შსს-ს. ადვოკატებმა მოითხოვეს მასალა შსს-დან, თუ რას უხდიდა მომსახურებაში „დელტა კომს“ 2014 წელს. ეს არის ასეულობით ათასი ლარი. 2013 წლამდე მართლაც იყო მიზერულ, სიმბოლურ თანხაზე საუბარი. ახლა როგორც ვიცი, ასობით ათასობით ლარია თვეში.