ბლუზი გზაჯვარედინზე (ნაწილი II)

ბლუზი გზაჯვარედინზე (ნაწილი II)

„გზაჯვარედინის ბლუზის“ ფესტივალი, კიდევ სხვა დატვირთვასაც ატარებს. მას თავიდანვე უნდა ეჩვენებინა, თუ როგორ შეკრა ცხოვრების სტილმა - „როდესაც კარგ ადამიანს არ ულხინს” -  ადამიანები მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, ამერიკით დაწყებული, თუნდაც ინდოეთით დამთავრებული.

და კიდევ... სულაც არ არის აუცილებელი, რომ მოცემულ მომენტში - 21-ე საუკუნეში, ბლუზმენი მაინცდამაინც გაჭირვებულად ცხოვრობდეს. მთავარია, რომ დაკარგული არ ჰქონდეს ალღო და ემსახურებოდეს მსმენელს წრფელი გულით, სრული შემართებით და წამით არ ავიწყდებოდეს, ჯონი ვინტერის ისტორიული სიტყვები...

გაივლის წლები და ფორუმის მონაწილეთა რიცხვი, სულ უფრო შემცირდება და რაოდენ ძვირფასი იქნება ის ბოლო ჩანაწერები, რომელთაც მსმენელს ეს ფესტივალები დაუტოვებენ.

მაგალითისათვის, სულ ცოტა ხნის წინათ, The Allman Brothers Band-მა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა დაშლის შესახებ. შარშან ჩატარებულ რიგით მეოთხე ფესტივალზე კი ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა, სწორედ ეს ჯგუფი იყო. რა თქმა უნდა, ერიკ კლაპტონი ამ ყველაფერს ძალიან კარგად ხვდება და იმიტომაც.

ჯგუფმა საოცარი შემართებით დაუკრა ძველისძველი „ჰიტები“ Whipping Post და Midnight Rider სადებიუტო ალბომიდან. პუბლიკის აპლოდისმენტებითაც კი ნათელი ეფინება იმ საოცარ გარემოს, რომელსაც აუდიო ჩანაწერი, ყოველგვარი დამატებითი ვიზუალური გამოსახულების გარეშე გვაწვდის.

რა დონის საკონცერტო ჯგუფია The Allman Brothers Band, ყველას კარგად მოეხსენება და წარმოვიდგინოთ ექვსეულის აღმაფრენა ერიკ კლაპტონთან ერთად, რომელიც თავის მხრივ დიდი ხნის წინ გარდაცვლილ დიუან ალმანთან თანამშრომლობას იხსენებს Derek & The Dominos-ში, რომლის ერთადერთი ორდისკიანი ალბომიც, დღემდე უძვირფასეს მოგონებად რჩება მისთვის.

კლაპტონმა ლეგენდარულ ამერიკულ ჯგუფთან ერთად, სცენაზე Why Does Love Got To Be So Sad გამოიტანა. თუკი Derek & The Dominos-ში ამ სიმღერაში მას პარტნიორობას დიუან ალმანი უწევდა, აქ მაესტროს გვერდში, უკვე უორენ ჰეინსსა და დერეკ ტრექსს ვხედავთ. ორივე მათგანი ის მუსიკოსია, რომელიც ბავშვობიდანვე ზეპირად შეისწავლიდა როგორც  The Allman Brothers Band-ს, ასევე ერიკ კლაპტონის ზემოთხსენებულ ორდისკიან ალბომს.

ეს სიმღერა ჯერ კიდევ სტუდიაში იქცა გიტარის იმ დროისათვის ახალი ეფექტების ფეიერვერკად და ამით ფაქტობრივად დაიჩრდილა კიდეც მისი შესანიშნავი ვოკალური მხარე. როგორ ჟღერს სიმღერა 43 წლის შემდეგ? დისკის ტრეკ ლისტზე თვალის გადავლების შემდეგ, მოლოდინს კიდევ ისიც ამძაფრებს, რომ მსმენელი მაინცდამაინც არასოდეს ყოფილა განებივრებული Why Does Love Got To Be So Sad-ის საკონცერტო ვერსიებით.

მოსმენისას კი ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ კლაპტონის შემოქმედებაში ერთ-ერთი „თინნეიჯერული“ სიმღერა, ათწლეულების განმავლობაში მეტი სიდარბაისლით შეიმოსა და გადმოსცა ამ ხნის განმავლობაში განცდილი მხიარულება, მელანქოლია თუ იუმორი, თითქოს სტუდიურთან შედარებით ნაკლებად ემოციურად, დაღვინებულად, მაგრამ სამაგიეროდ სიღრმისეულად...                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                         

რომ დავუფიქრდეთ, ზუსტად ეს გზა განვლო როკ’ნ’როლმა, რის ერთ-ერთ შესანიშნავ მაგალითსაც წარმოადგენს ეს სიმღერა. 

საერთოდ Derek & The Dominos პოპულარული თემაა კლაპტონის მიერ მოწყობილ ფესტივალებზე. შარშანდელი ფორუმი Why Does Love Got To Be So Sad-ის გარდა, ამ ალბომიდან ბლუზით Key To The Highway არის წარმოდგენილი.

აქ კლაპტონთან ერთად, სცენაზე კიტ რიჩარდსია, რომლის ჩახრენწილი ვოკალი, სიმღერას დამატებით ეშხსა და ალკოჰოლს სძენს. ქრონომეტრაჟი აქ სტუდიურთან შედარებით შემცირებულია, მაგრამ თუნდაც სოლოებით მიღებული ეფექტი, არაფრითაა ნაკლები Derek & The Dominos -ის ვერსიასთან შედარებით.

I Shall Be Released-ში ერიკ კლაპტონი სცენაზე დიდებულ კანადელ მუსიკოსთან, The Band-ის რობი რობერტსონთან ერთად ჩნდება. ბობ დილანის თემატიკა, რა თქმა უნდა ამ უკანასკნელისთვის უფრო ახლობელია, მაგრამ ბლუზით შეკრული და თანაც განსაკუთრებული წვდომით, სიმღერა განსაკუთრებით ლამაზდება.

ერიკ კლაპტონის თემატიკიდან, ფესტივალზე განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი სადებიუტო სოლო ალბომიდან Got To Get Better In A Little While . სიმღერა აქ უკიდეგანო იმპროვიზაციის არეალში ხვდება, 10 წუთს გრძელდება და იმდენად სულში ჩამწვდომია ძარღვიანი გიტარ სოლოები, რომ მსმენელს მუდმივად უკმარისობის გრძნობა ეუფლება - რა იქნება, რომ არ მთავრდებოდეს და სულ თავიდან არ მიწევდეს სიმღერის მოსმენაო.

კონცერტის ბოლოსკენ შესრულებული სიმღერა, თითქოს მთელი ორსაათიანი სცენური ენერგიითაა დამუხტული და გვამზადებს ფესტივალის ფინალური ნაწილისთვის, რომელშიც მსმენელი ჯერ Crossroads-ის, ხოლო შემდეგ კი Sunshine Of You Love-ის მარადიული ჰანგების ქვეშ ექცევა.

ჩვენ შარშანდელი ფესტივალის მონაწილეთა მცირე ნაწილს გავეცანით. თუკი თვალს გადავავლებთ Crossroads Guitar Festival-ის წლების განმავლობაში შემსრულებელთა სიას, ვნახავთ, რომ ზოგიერთი მათგანი უკვე აღარაა ცოცხალი.

ისტორიის კუთვნილებად იქცა უკვე 2007 წლის ფესტივალზე Derek trucks Band - თან ერთად ჯონი ვინტერის გამოსვლა ბობ დილანის მისთვის გამორჩეულ თემაში Highway 61 Revisited, რომელსაც ალბინოსი გიტარისტი ყოველთვის განსაკუთრებული ეშხით ასრულებდა კონცერტებზე.

ფესტივალების ხშირი სტუმრები იყვნენ ჰიუბერტ სამლინი და ჯეი ჯეი ქეილი.

ალბათ სიმბოლურია, რომ 2004 წლის სადებიუტო ფესტივალი, სწორედ ჯეი ჯეი ქეილის სიმღერით გაიხსნა. რამდენს ფიქრობდა ერიკ კლაპტონი პირველი სიმღერის თაობაზე და საბოლოოდ არჩევანი Cocaine-ზე გააკეთა...

არადა ფესტივალი ემსახურება ნარკოტიკებისგან ადამიანების განკურნებას. უბრალოდ, მედალს მეორე მხარეც აქვს და ამ შემთხვევაში გაცილებით დამაჯერებელი. კარგ მუსიკას არ ჭირდება დამატებითი სტიმულატორი და Cocaine-სა, თუ ამავე ფესტივალზე ჯონ მაკლაფლინის წარმოდგენილ Tones For Elvin Jones-ს, საკმარისი ძალა გააჩნია მსმენელის გულის დასაპყრობად.

და კიდევ... არ არის საჭირო ოზი ოსბორნის სიტყვების გამო თავის მოკვლა, გაუთავებელი ბოდვა Pink Floyd-ის მუსიკის ზებუნებრიობაზე და ზოგადად კერპთაყვანისმცემლობა.

სწორედ ამას მეტყველებს ერიკ კლაპტონის მოწყობილი ფესტივალები, რომლებზეც მუსიკოსები საოცარი უშუალობით მიმართავენ პუბლიკას და კონცერტზე მისული ნებისმიერი ადამიანი, ამ დღესასწაულის მონაწილედ გრძნობს თავს.

დროთა განმავლობაში Crossroads Guitar Festival სულ უფრო მეტად ბლუზ ფესტივალის ხასიათს იძენს და აქ ნაკლებად ეპატიჟებიან სხვადასხვა ჟანრის გამოჩენილ გიტარისტებს. მიზეზი? - როგორც ჩანს ჯონი ვინტერის ცნობილი სიტყვები ქვეცნობიერ გავლენას შემდგომშიც მოახდენენ მაესტროზე, რომელიც ღვთის შეწევნით კიდევ არაერთ ფესტივალს მოაწყობს ბლუზ გიტარული მუსიკის მოყვარულთათვის...