შსს-მ ქურდობის რამდენიმე ფაქტი გახსნა

შსს-მ ქურდობის რამდენიმე ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა 1996 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გიორგი ა. და 1994 წელს დაბადებული, წარსულში ძარცვისთვის ნასამართლევი, ამჟამად ასევე პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი სანდრო შ. ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა გიორგი ა. და სანდრო შ. გვიან ღამით, თბილისში, იპოლიტე ხვიჩიას N16-ში იმ დროს დააკავეს, როცა მათ სუვენირების მაღაზია გაქურდეს და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდნენ. პოლიციელებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ნაქურდალი ბიჟუტერია და 60 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი ა. და სანდრო შ. თბილისის სხვადასხვა რაიონში მდებარე თონეებსა და სასურსათო მაღაზიებს ქურდავდნენ, საიდანაც სხვადასხვა სასმელს, სიგარეტს და ფულს იპარავდნენ. ბრალდებულებმა ასევე მიმდინარე წლის 1 ნოემბერს თბილისში, ქართველიშვილის ქუჩაზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „გადაარჩინე სიცოცხლე“-ს ოფისის ფანჯარა ჩაამტვრიეს, აღნიშნული ოფისიდან სუპერმარკეტ „ჯა-ზუ“-ს საწყობში შეაღწიეს და ერთი ყუთი შოკოლადი წაიღეს. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).